სტატიაში აღწერილია თრიალეთის პეტროგლიფების ექსპერიმენტული კვლევა, რომელიც საქართველოში კლდის ხელოვნების ექსპერიმენტული მეთოდით შესწავლის პირველი მცდელობაა. წარმოდგენილი კვლევა აერთიანებს კლდის ხელოვნებას, ექსპერიმენტულ არქეოლოგიასა და ტრასოლოგიას, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ პეტროგლიფების კაწვრის ტექნიკები, ამოსაკაწრად განკუთვნილი ნედლეული, ნაკაწრების გასაკეთებლად საჭირო დრო და ქვის იარაღებზე დარჩენილი სამუშაო კვალის ტიპი.
კვლევის ფარგლებში გაკეთდა 22 ექსპერიმენტული პეტროგლიფი, რისთვისაც გამოვიყენეთ კაჟისა და ობსიდიანის სხვადასხვა ზომა-წონის იარაღი და ორი განსხვავებული კაწვრის ტექნიკა (კაწვრა ერთი და ორი მიმართულებით). ექსპერიმენტული ნაკაწრების გაკეთების შემდეგ, ჩატარდა ქვის იარაღების ტრასოლოგიური (ფუნქციური) ანალიზი, МБС-9 მიკროსკოპის გამოყენებით. სტატიაში წარმოდგენილია კვლევის შედეგები და ახსნილია, თუ რა განსხვავებაა კაჟისა და ობსიდიანის იარაღების გამოყენებით, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნაკაწრებს შორის; რა დრო სჭირდება ერთი ნაკაწრის მიღებას და რა კვალს ტოვებს იარაღზე მსგავსი პროცესი. ამასთან, მოცემულია ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც ექსპერიმენტის შედეგად გაგვიჩნდა, თრიალეთის პეტროგლიფების შესახებ.
სტატიაში განხილულია და გამოთქმულია ვარაუდები ,,დეხვირის ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის’’ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლის თაობაზე, რომელიც აკლდამად მივიჩნიეთ.
ამ ნაგებობის არქეოლოგიური კონტექსტია სოფელ დეხვირისა და ცხეთის მიდამოებში გამოვლენილი არქეოლოგიური კომპლექსები (ძვ.წ. I ათასწლეულის, ანტიკური ხანისა, შუა საუკუნეების მასალები).
2017 წელს ,,ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის’’ (ხელმძღვ. ნ. სულავა) შუა საუკუნეთა რაზმის (რ. ისაკაძე და შ. ბუაძე) მიერ გამოვლინდა ახალი არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც გამთხრელების მიერ იდენტიფიცირებულია როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია − „საყდარი“. ჩვენი ანალიზით, ეს ნაგებობა გვიანანტიკურ ან ადრეული შუა საუკუნეების დასაკრძალავ აკლდამას (კამერას) წარმოადგენდა.
ვფიქრობთ, აკლდამის ირგვლივ არსებული არქეოლოგიური კონტექსტი გვაძლევს უფლებას ცხეთა-დეხვირში აკლდამაში დაკრძალულად დაწინაურებული საზოგადოების წევრები მივიჩნიოთ.
2020 წელს სოფელ ნავდარაანთკარში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განაპირობა საცხოვრებელი ნაგებობის საძირკვლის მომზადების დროს გამოვლენილმა სამარხთა ჯგუფმა. არქეოლოგიური კვლევის შედეგად საკვლევ ტერიტორიაზე გამოვლინდა ქვაყუთისა და ორმოს ტიპის ცხრა სამარხი. სამარხეულ ინვენტარს შორის აღმოჩნდა სამკაულთა რამდენიმე ჯგუფი: მშვილდსაკინძი, საკინძი, ბეჭედი, გულსაკიდი და საყურე. ყველა მათგანი წარმოადგენდა ლითონის ნაკეთობას. გამოვლენილი სამარხები პარალელური მასალის საფუძვლეზე შეგვიძლია მივაკუთვნოთ, აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული გვიანანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის ქვაყუთისა და ორმოსამარხების ტიპის სამარხთა ჯგუფს.
სტატია ეხება 2021 წელს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ მდ. ხადისწყლის ხეობაში გათხრილ არქეოლოგიურ კომპლექსს: კოშკასა და ქვის ნაგებობას. ე.წ. ზურგიანი (უკანა მხარეს მომრგვალებული) კოშკები, რომლებიც საფორტიფიკაციო ნაგებობებს წარმოადგენდნენ, მთიულეთში V-X საუკუნეებში შენდებოდა და ასევე უნდა დათარიღდეს ჩვენს მიერ გათხრილი კოშკიც, რომელიც სავარაუდოდ თემურ-ლენგის ლაშქრობის დროს, 1394 ან 1400 წელს დაუნგრევიათ.
ქვის ნაგებობა, რომელიც კოშკიდან ძალზე ახლოს მდებარეობს, შესაძლოა საკულტო დანიშნულებისა ყოფილიყო, ვინაიდან ამ რეგიონში კოშკების სიახლოვეს სამლოცველოების არსებობის ტრადიცია არსებობდა.
კოლხურ, ცენტრალურ ამიერკავკასიულ და შიდა ქართლულ (სამთავრულ) კულტურებში ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი ჩნდება დაახლოებით სინქრონულ პერიოდში- გვიანბრინჯაოს საწყის ეტაპზე. ვარაუდობენ, რომ შიდა ქართლულ-სამთავრულ კულტურაში ამ ტიპის ჭურჭელი ვრცელდება სამცხიდან (ზველის ყორღანები) და ზემო იმერეთიდან (მოდინახე), სადაც მისი უადრესი ვარიანტები დასტურდება. სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტიპის ჭურჭლის გავრცელება უნდა უკავშირდებოდეს უძველესი ქართველური ეთნიკური ნაკადის ზანურენოვანი მოსახლეობის განფენას.
შიდა ქართლის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება დასავლეთ საქართველიოს, მძლავრად არის წარმოდგენილი კოლხური კულტურის ელემენტები. მაგ. სავარცხლისკბილისებური , პარკეტული ორნამენტით და შემკობის სხვა სახეებით მჭიდრო კონტაქტები შენიშნება აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაოს ხანის კულტურებთან.ასევე ლითონის ინვენტარით, განსაკუთრებით კოლხური ცულებით მჭიდრო კონტაქტები ვლინდება შიდა ქართლის რეგიონთან და ა.შ.