წიგნის რეცენზია

სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან

ქრისტინე შავლაყაძე • ნინო ქობალია • თინა კახელიშვილი • მაია კუბლაშვილი • ანა სახვაძე

61 გვერდი (99 ტაბულა), ISBN-978-9941-9754-2-4, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი


რეცენზიის ავტორი: ნინო ახვლედიანი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. ნომერი X (55-B), გვ.43-47

გამოქვეყნების თარიღი: სექტებერი, 2022 წელი


საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა მკვლევართა მიერ (ქ. შავლაყაძე, ნ. ქობალია, თ. კახელიშვილი, მ. კუბლაშვილი, ა. სახვაძე) სამეცნიერო კვლევითი პროექტისთვის შერჩეულია სამთავრო-თრიალეთის ფონდში დაცული სარდიონის მძივ-სამკაული. ასეთი არჩევანი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამთავროს სამაროვანი მოიცავს დიდ ქრონოლოგიურ დიაპაზონს ქრონოლოგიური წყვეტილის გარეშე, რაც შესაძლებლობას იძლევა თვალი გაედევნოს გარკვეული ტიპის ნივთების წარმოშობასა თუ განვითარებას (გვ. 9,14). აქვე მითითებულია, რომ სამთავროს სარდიონის მძივების უმრავლესობა არ არის გამოქვეყნებული (გვ.9). ამჟამად, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კატალოგით ეს ხარვეზი შევსებულია.
კატალოგის სახით წარმოდგენილ ნაშრომში თავმოყრილია სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი და ძვ.წ. XVII – ახ.წ. VIII საუკუნეებით დათარიღებული ძეგლებიდან მომდინარე სარდიონის ნაწარმი (მძივები და საკიდები). ნაშრომის წინასიტყვაობასა და შესავალ ნაწილში მიმოხილულია სამთავროს სამაროვნის გათხრების ისტორია (გვ.9-10); რამდენიმე ფრაზით შეფასებულია გ. ლემლეინის ნაშრომი, რომელიც ავტორმა მიუძღვნა სამთავროს სამაროვნის სარდიონის მძივებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩატარებული კვლევის შედეგებით არ დასტურდება ლემლეინის თვალსაზრისი სამთავროს ძეგლებზე აღმოჩენილი სარდიონის მძივების უმეტესობის იმპორტის თაობაზე (გვ.10).
საგულისხმოა, რომ მკვლევართა ჯგუფი არ შემოიფარგლა მხოლოდ სამთავროს სამაროვანზე მოპოვებული მასალით და საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებული სარდიონის მძივების შემცველი სხვადასხვა პერიოდის ძეგლების მოკლე განხილვით წარმოადგინა სარდიონის მძივ-სამკაულის გამოყენების ისტორია (გვ.13-14).
შთამბეჭდავია, ჯგუფის მიერ, მინერალოგ რუსუდან მეტრეველთან ერთად, სამთავროს სარდიონის მძივებზე ჩატარებული მოცულობითი სამუშაო. შერჩეული 104 ნიმუშის ინტე-რდისციპლინური კვლევა ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიისა და გეომორფოლოგიის დეპარტამენტში (გვ.10). აღნიშნული სამუშაოს ფარგლე-ბში განსაზღვრულია მინერალის სავარაუდო წარმოშობის არეალი, დადგენილია ეგზო-ტიკური და ადგილობრივი ტიპები. ნაშრომში სარდიონის მინერალოგიური ანალიზი და მძივების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები დაწვრილებითი კვლევის სახით არის მოწოდებული (გვ.21-32), რაც მომავალში უთუოდ დაეხმარება ამ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს. კვლევას თან ერთვის საქართველოსა და მის სამხრეთით მომიჯნავე ჩრდილოეთ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სარდიონის მადანგამოვლინებების რუკა (გვ.22, სურ.1).
მძივებისა და საკიდების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია შედგენილია ჰ. ბექის ნაშრომზე დაყრდნობით (გვ.23-24). კვლევის შედეგად გამოყოფილია სამთავროს სარდიონის მძივების 23 და საკიდების 12 ტიპი. ტიპოლოგიური კლასიფიკაციისთვის საჭირო ყველა მონაცემის გათვალისწინებით, აქცენტი გამახვილებულია ნივთის ფორმა-მოყვანილობაზე.
დასკვნით ნაწილში მოკლედ არის შეჯამებული ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც: სამთავროს სარდიონის მძივებისა და საკიდების უმრავლესობა ადგილობრივი ნედლეულით დამზადებულ ნაწარმს წარმოადგენს (გვ.28); დამზადების ტექნოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, დადგენილია ელინისტური და გვიანანტიკური პერიოდის სამარხებში აღმოჩენილი დეკორირებული სარდიონის მძივების იმპორტულობა (გვ.27); ავტორთა მიერ სამთავროს სარდიონის მძივების პარალელური მასალისა და მათი წარმოების ცენტრების ძიება სცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს ფართო ტერიტორიას – საქართველოს სამხრეთით მდებარე მეზობელი ქვეყნებიდან ინდოეთამდე (გვ.27-31). გამოთქმულია მოსაზრება, რომ სამთავროს დეკორირებული მძივები, შესაძლოა, ირანის გავლით ინდოეთიდან შემოჰქონდათ (გვ. 28).
სამეცნიერო ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილია ბიბლიოგრაფია, რომელიც წარმოდგენილ ნაშრომში შედგენილია ყველაზე მოსახერხებელი პრინციპით – ერთიანი ანბანური სია შესაბამისი ნუმერაციით (1-92).
ნაშრომის სხვადასხვა ასპექტის დადებითად შეფასებასთან ერთად, თავს უფლებას მივცემ ახალგაზრდებს რამდენიმე რჩევა გავუზიარო:
• ნაშრომის დასაწყისშივე სამუშაო ჯგუფის მიერ მკაფიოდ არის განსაზღვრული პროექტის მიზანი – სამთავროს სამაროვნის სარდიონის მძივებისა და საკიდების ტიპოლოგიური და ქრონოლოგიური კლასიფიკაცია და კატალოგის შედგენა (გვ.9).
ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ ბიბლიოგრაფიაში ვერ ვხედავთ საგანგებოდ სამთავროს სამაროვნის ქრონოლოგიის საკითხებზე შექმნილ ფუნდამენტურ ნაშრომებს, კერძოდ, რ. აბრამიშვილის, ალ. კალანდაძის, გ. ლომთათიძის, კ. ფიცხელაურის, ტ. ჩუბინიშვილის შრომებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სამთავროს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლების ქრონოლოგია-პერიოდიზაციის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ბიბლიოგრაფიაში შეტანილი ალ. კალანდაძის ნაშრომი (გვ. 57. 3) გამოყენებულია მხოლოდ სამთავროს № 243 სამარხში დაკრძალული პირის სოციალური კუთვნილების განსაზღვრისათვის (გვ. 28).
• ავტორთა ჯგუფმა საკვლევი პერიოდი, ძვ.წ. XVII – ახ.წ.VIII საუკუნეები, ექვს მონაკვეთად დაყო:
_______I პერიოდი – შუაბრინჯაოს ხანა – ძვ.წ. XVII-XVI საუკუნეები
_______II პერიოდი – გვიანბრინჯაოს ხანა – ძვ.წ. XV-X საუკუნეები
_______III პერიოდი – რკინის ხანა – ძვ.წ. IX-VI საუკუნეები და ასე შემდეგ… (გვ.15).
თითოეული პერიოდი მოქცეულია გარკვეულ ქრონოლოგიურ საზღვრებში, თუმცა ამ ქრონოლოგიური დანაწევრების ავტორი არსად არის მითითებული. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქრონოლოგია-პერიოდიზაცია შემუშავებულია თავად ნაშრომის ავტორთა მიერ, უთუოდ უნდა იყოს მოცემული მეცნიერული საფუძველი, რომლის ბაზაზეც მოხდა მათ მიერ სამთავროს არქეოლოგიური ძეგლების ცალკეული ჯგუფების გამოყოფა და ამ ჯგუფებისთვის ქრონოლოგიური საზღვრების დადგენა. ასეთი სამუშაოს ჩატარებისა და წარმოჩენის გარეშე, მკითხველისთვის მიწოდებული დასკვნები დამაჯერებლობას მოკლებულია. მოცემულ პერიოდიზაციას მოსდევს განმარტება იმის თაობაზე, რომ მძივებისა და საკიდების ქრონოლოგიური ჯგუფების გამოყოფა უკვე დათარიღებული კომპლექსების მიხედვით განისაზღვრა. გამოუქვეყნებელი და დაუთარიღებელი სამარხები კი კომპლე-ქსში შემავალი ინვენტარის მიხედვით დათარიღდა (გვ.15). თუმცა არც ამ შემთხვევაშია მითითებული ავტორი, რომლის მიერაც მოხდა ცალკეული კომპლექსების დათარიღება. მკითხველისთვის გაურკვეველი რჩება კატალოგურ ნაწილში თითოეული სამარხისთვის მინიჭებული თარიღებიდან რომელია ნაშრომის ავტორთა მიერ შემუშავებული და რომელი სხვისი ავტორობით. იმის გათვალისწინებით, რომ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლების ქრონოლოგია-პერიოდიზაციისა და დათარიღების საკითხებზე არსებობს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული და რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები, ავტორები თავიდანვე მკაფიოდ უნდა განმარტავდნენ, რომელი ავტორის მიერ შექმნილ ქრონო-ლოგიურ სისტემას თუ ცალკეული კომპლექსისთვის მიღებულ თარიღებს ეყრდნობიან. განსხვავებულია მომდევნო პერიოდების (ელინისტური, გვიანანტიკური, ადრექრისტიანული ხანის) ქრონოლოგია-პერიოდიზაციის საკითხი, სადაც ასეთი მითითების საჭიროება ყოველთვის არ არის.
• ნაშრომში წარმოდგენილი სამთავროს ძეგლების პერიოდიზაციის მიხედვით, II პერიოდი – გვიანბრინჯაოს ხანა განსაზღვრულია ძვ.წ. XV-X საუკუნეებით. მომდევნო, III პერიოდი – რკინის ხანა კი ძვ.წ. IX-VI საუკუნეებით (გვ.15). ამასთან ერთად, დასკვნით ნაწილში ლაპარაკია ადრერკინის ხანის ცენტრალური კოლხეთის ძეგლებზე (გვ.29).
თუ სამთავროს სამაროვანზე გვიანბრინჯაოს ხანა სრულდება ძვ.წ. X საუკუნით და IX საუკუნიდან იწყება რკინის ხანა – სად, ქრონოლოგიის რა ფარგლებში უნდა მოვიაზროთ ადრერკინის ხანა. ან აქ არის უზუსტობა (სამთავროს ქრონოლოგია-პერიოდიზაციაში), ან უნდა ვიფიქროთ, რომ ადრერკინის ხანა გაიარა კოლხეთის მოსახლეობამ და აღმოსავლეთ საქართველომ განვითარების ამ ეტაპს გვერდი აუარა.
ქრონოლოგია-პერიოდიზაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე და უზუსტობების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე სიტყვით შევჩერდები ტერმინებზე: „ადრერკინის ხანა“, „რკინის ფართო ათვისების ხანა“, „რკინის ხანა“.
ტერმინი „ადრერკინის ხანა“ თავის თავში მოიცავს ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალ ხანასაც და რკინის ფართო ათვისების ხანასაც. რკინის ფართო ათვისების ხანით გამოიყოფა რკინის მეტალურგიის წინსვლის ამსახველი პერიოდი, რომელიც, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ადრერკინის ხანაა, რადგან რკინა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და ის არ არის გაბატონებული. ძვ.წ. VI საუკუნიდან, როცა რკინა საბოლოოდ დევნის ბრინჯაოს როგორც იარაღის დასამზადებელ მასალას, დგება საკუთრივ რკინის ხანა, რომელიც გრძელდება დღემდე.
ქ. ტომსენის მიერ შემოთავაზებული და დღესაც მოდიფიცირებული სახით მოქმედი, კაცობრიობის ისტორიის დაყოფა ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანებად სწორედ იმ პრინციპს ეყრდნობა, თუ ისტორიის რომელ პერიოდში რა მასალით მზადდება მატერიალური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი – სამეურნეო იარაღი.
______________________ . . .
რჩევების სახით გამოყოფილი პრინციპული მნიშვნელობის საკითხები, იმედია, ახალგაზრდებს დაეხმარება წარმატებულ სამეცნიერო მუშაობაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნებული მასალა მოწოდებულია მაღალი ხარისხის ფოტოებით, რაც ნაშრომის კიდევ ერთ ღირსებად უნდა ჩაითვალოს.