კოლხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიურ კულტურათა კონტაქტები

ლერი ჯიბლაძე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი X (55-B), გვ. 47-63

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2022 წელი

საკვანძო სიტყვები: კოლხეთი, სამთავროს კულტურა, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა


Abstract

Pottery with so-called zoomorphic handles occurs in the Colchis, Central Transcaucasus and Shida Kartli (Samtavro) cultures in the same period; that is, in the early phase of the Late Bronze Age. It is supposed that this type of pottery came to Shida Kartli from the Samtskhe (Zveli kurgans) and Zemo Imereti (Modinakhe) regions, where the earliest examples are found. It is proposed that pottery with zoomorphic handles in Colchis can be associated with the appearance of the wave of Zanuri-language speakers.


შესავალი

ძველკოლხურ კულტურას აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურასთან, განსაკუთრებით მის შიდაქართლურ ვარიანტთან, საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები გააჩნია. მათი ურთიერთმიმართების საკითხებზე არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც ძირითად ეხება ლითონის ინვენტარს, იგი სპეციალური კვლევის საგანი არ გამხდარა (რამიშვილი1998:101-142).
წინამდებარე მცირე ფორმატის სტატიაში გვინდა შევეხოთ ამ ურთიერთობათა ზოგიერთ სეგმენტს, როგორიცაა კოლხეთის დაბლობის კერამიკულ წარმოებაში ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის წარმოშობა და მისი ურთიერთმიმართების გარკვევა აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაო – ადრერკინის ხანის კულტურების (ცენტრალურამიერკავკასიური, სამთავრული) ამ ვარიანტის ყურებთან. ისმის კითხვა? საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ რომელ არქეოლოგიურ კულტურაში ჩნდება პირველად ამ ტიპის ყურიანი თიხის ჭურჭელი; საინტერესოა მათი გავრცელების გზები და ზოგიერთი სახეობის ორნამენტის ერთმანეთთან თანხვედრები. მართალია ამ პრობლემებზე თავის დროზე გამოთქმულია გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ საკუთარ დამოკიდებულებასაც გაგიზიარებთ.


თიხის ჭურჭლის ზოომორფული ყურები

როგორც მოვიხსენიეთ, კოლხეთის დაბლობის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურის კერამიკულ წარმოებაში ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გამოჩენა და მისი წარმომავლობის დადგენა ყოველთვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა. სტრატიფიცირებული ნამოსახლარების (ქვალონის ნაოხვამუს I ფენა, ნოსირიმ III-ის პირველი ფენა, ჭალადიდის ზურგას ქვედა ფენა, ნამჭედურის VI ფენა, ფიჩორის ცენტრალური ბორცვის III ფენა, ყულევის IV ფენა, ერგეტას მამულიების დიხა-გუძუბას IV ფენა და სხვ.) მასალებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის უადრესი ნიმუშები ძველკოლხურ კერამიკულ წარმოებაში გვიანბრინჯაოს საწყის ეტაპზე ჩნდება (Куфтин 1950:ტაბ.60-1,2; მიქელაძე 1978:27, ტაბ. V-3, 62-171 ; გოგაძე 1982:54, ტაბ.38-1186; Микеладзе 2007: ტაბ. XXIX-7; პაპუაშვილი, ჯიბლაძე 2017:38). კოლხეთის დაბლობის ნასახლარებზე ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი თანმხლებ თიხის ნაწარმთან ერთად, უშუალოდ მოსდევს შუაბრინჯაოდან გვიანბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი საფეხურის მასალების შემცველ კულტურულ ფენებს.
კოლხეთის კერამიკულ წარმოებაში ზოომორფული ვარიანტის ყურები მორფოლოგიურად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან: ყურები გამოკვეთილი ან ნაკლებად შესამჩნევი გვერდითი შვერილებით. ამ ტიპის ყურებში, რომლებიც ძირითადად ახასიათებს ტოლჩის მაგვარ თიხის ჭურჭელს, რამდენიმე ნაირსახეობას გამოყოფენ (მიქელაძე 1974:55)1: ყურები – კოჭისებურად სტილიზებული შვერილებით2; ყურები შვერილებით, რომლებიც ყურის კორპუსთან ერთად ხარის პირისახის იმიტაციას ქმნიან (მიქელაძე 1974:55; ჯიბლაძე და სხვ. 2021:25)3; ყურები, რომელთა შვერილები დაცქვეტილი ყურების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ყურების ეს სახეობა ძველკოლხური I ეტაპის (ძვ.წ. XV-XI საუკუნეები) კერამიკისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ განაგრძობენ არსებობას ძველკოლხურ II ეტაპზეც (ძვ.წ. X-VII საუკუნეები). ძველკოლხურ II ეტაპზე არ გვხვდება კოჭისებურ შვერილიანი ყურები, მაგრამ დასტურდება რქისებურ შვერილიანი ნიმუშები, რომელთა ბოლოები გადაჭრილ ორკაპა ტოტებს მოგვაგონებს (მიქელაძე 1974:56). ასევე გვხვდება ლილვისებურად დაძერწილი ყურები. კოლხეთის სტრატიფიცირებული ძეგლების მასალებზე დაყრდნობით, ზოომორფული ყურების ეს სახეობა ძველკოლხური II ეტაპის კერამიკული ნაწარმის ერთ-ერთი წამყვანი და განმსაზღვრელი ნიმუშია.
ზოომორფული ყურებიდან საკმაოდ განსხვავებულია ის ნიმუშები, რომლებიც ხარისებური ცხოველის თავ-კისრის სქემატურ გამოსახულებას მოგვაგონებს. ზოგადად ისინი დასტურდება კოლხეთის წინაანტიკური ხანის მთელ რიგ ძეგლებზე. მათ შორის ნაოხვამუს, ნოსირი III-ის, დაბლაგომის (შუა ფენა), ტეხურისპირა ფლატის, ფიჩორის ცენტრალურ ბორცვზე და სხვა მთელ რიგ ნამოსახლარებზე.
ხშირად გვხვდება ზოომორფული ყურები, რომელთა ზურგი შემკულია სხვადასხვა სახის დეკორით: ყურის ზურგის ზედაპირზე ვერტიკალური და ჰორიზონტული რიგების სახე დატანილი სავარცხლისკბილისებური ორნამენტით (დასტურდება მათი სხვადასხვა ვარიაციების სახით გადმოცემა), ზოომორფული ყურების ზურგი გაფორმება წიწვოვანი ორნამენტის ვერტიკალური მწკრივების სახით (Куфтин 1950:ტაბ.48-7); გამოიყოფა ზოომორფული ყურების ისეთი ნიმუშებიც, რომელთა ღერო დაწახნაგებულია, ანდა ყურის ზურგის ქვედა ნაწილი დაფარულია ვიწრო ღარებით. ეს დეკორი ზოგჯერ ყურის ზურგზეც გადადის. ხანდახან კი ყურის ღეროს ქვედა ნაწილში, ჭურჭლის კორპუსზე მიერთებისას, შეიმჩნევა ერთმანეთში ჩასმული ნახევარრკალების რამდენიმე რიგი (ჯიბლაძე 2007:ტაბ.XXIX-7,12,13,14;LXXXVIII-8,13;C-6 ; ჯიბლაძე და სხვ. 2021:24).
ბუნებრივია, ჩნდება კითხვები კოლხეთის დაბლობის ზოომორფული ყურების წარმომავლობაზე. ისინი ძველკოლხური კერამიკის წიაღში წარმოქმნილად უნდა მივიჩნიოთ, თუ გარე სამყაროდან გავრცელებულად.
ცენტრალურ ამიერკავკასიაში თიხის ჭურჭელზე ზოომორფული ყურების გაჩენას გვიანბრინჯაოს ხანით ათარიღებენ (ფიცხელაური 2005:66). ამის საფუძველს იძლევა მთელი რიგი აღმოჩენები, როგორიცაა: ნაცარგორას ნამოსახლარის ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი, საციხურის გორას მსგავსი მასალა, ღრმაღელეს ყორღანებში გამოვლენილი ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი, ფლევის სამარხში აღმოჩენილი კერამიკა, ქობალას სამაროვნისა, გვიანბრინჯაოს ადრეული საფეხურის-მელიღელეს I-ის ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი და ა.შ (ფიცხელაური 2005:66, ტაბ. IX, XIII, CII, CVI, CVII, CXVII ; ფიცხელაური 1973:ტაბ. XXVIII, XXIX, XX ). როგორც აღნიშნავენ, ეს მასალები არ უკავშირდება ფოთლისებურპირიანი სატევრების კულტურას (შიდა ქართლური, სამთავრული) და მასზე არქაულია. აქედან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის კავშირები ცენტრალურამიერკავკასიურ კულტურასთან, რომელიც გვიანბრინჯაოს ადრეული საფეხურით არის დათარიღებული, უფრო ლოგიკურია (ფიცხელაური 2005:66)4.
არაერთმა მკვლევარმა გამოთქვა მოსაზრება ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის წარმომავლობაზე, არეალზე, დათარიღებაზე და ა.შ. რ. აბრამიშვილის აზრით, დიღმის ველზე (თრელის ნამოსახლარი და სამაროვანი) გვიანბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე ჩანს ლჭაშენ-წითელგორების (ცენტრალურამიერკავკასიური) კულტურა, ძვ.წ. XIV საუკუნის ბოლოს კი იჭრება ზოომორფულყურიანი არქეოლოგიური კულტურა (შიდა ქართლური, სამთავრული) (აბრამიშვილი 1978:158 ). მეცნიერის მოსაზრებით, აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაოს ხანის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გავრცელება სამხრეთიდან მომდინარე ნაკადებს უნდა უკავშირდებოდეს (Abramishbili, R. Abramishvili, M. 1995; ახვლედიანი 2012:277). ნ. ახვლედიანი იზიარებს რ. აბრამიშვილის მოსაზრებას, რომ შიდა ქართლში და თორში ამ ტიპის ყურიანი ჭურჭელი ვრცელდება სამცხიდან (ზველის ყორღანები) და ზემო იმერეთიდან (მოდინახეს სამარხები) (ახვლედიანი 2012:282).
ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი რკინის ფართო ათვისების ხანის სამთავრული კულტურის მთავარი განმსაზღვრელი მასალაა, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად ფართოდ იყო გავრცელებული შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე5. თავის დროზე ანალოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, რომ აღმოსავლურქართული გვიანბრინჯაოს ხანის კულტურა კერამიკული მასალების მიხედვით ორგანულად იყო დაკავშირებული დასავლურ – ქართული კულტურის წრის ძეგლებთან (გობეჯიშვილი 1951:252).
რქისებურშვერილიანი (ორქიმიანი) ყურიანი ტოლჩები და ქვაბქოთნები გვხვდება ხოვლეს ნამოსახლარის VIII -VII ჰორიზონტებზე (მუსხელიშვილი1978:9, ტაბ. I-274-61, ტაბ. III-307-2-61, ტაბ. IX-23,63-9,269-61, ტაბ. XII-2381). საინტერესოა, რომ ამ ძეგლის VII ჰორიზონტზე ასევე წარმოდგენილია ყური, რომლის ღეროს ზედა ნაწილი არის უნაგირისებურად მსუბუქად ჩაზნექილი და იქმნება ე.წ. მუხლისებური შემაღლება (მუსხელიშვილი 1978:ტაბ.IX-263-20 ). ყურების ეს სახეობა ასევე დამახასიათებელია გვიანბრინჯაოს ხანის კოლხური კერამიკის ადრეული ეტაპის ძეგლებისათვის, რომელიც თითქმის ამავე პერიოდით თარიღდება ხოვლეს VIII-VII ფენებიც (ძვ.წ. XV-XIV საუკუნეები) (მუსხელიშვილი 1978:64-65)6.
არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი შესაძლოა ვრცელდება მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორიიდან, სადაც მოჩანს მისი უადრესი საწყისები (ბარამიძე 2017:47)7.
ნ. ახვლედიანი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გავრცელებას სამხრეთიდან ვარაუდობს. ამის საბუთად მოჰყავს ის ფაქტი, რომ შუაბრინჯაოდან გვიანბრინჯაოზე გარდამავალი ხანის ორ პუნქტში (ზველის ყორღანები და მოდინახეს სამაროვანი) (Гамбашидзе, Квижинадзе 1982:47-53, ტაბ.XXIII-XXV ; ლომთაძე 2000:5-17,ტაბ.17) კანთაროსის ტიპის ჭურჭელთან ერთად გვხვდება უადრესი ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი. მასთან ერთად ისეთი ნივთები (პირამიდისებურთავიანი და თავხვია საკინძები)21 აღმოჩნდა, რომელთა ანატოლიური წარმომავლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს (ახვლედიანი 2012:280 )9. ნ. ახვლედიანი იზიარებს მოსაზრებას შიდა ქართლის ტერიტორიაზე გვიანბრინჯაოს საწყისი საფეხურიდან (ძვ.წ. XV საუკუნე) ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გავრცელებაზე. მართლაც, ზველის ყორღანებში აღმოჩენილია ძველკოლხური კულტურისათვის დამახასითებელი ტიპური ზოომორფული ყურიანი თიხის ჭურჭელი, რომელსაც კომპლექსურ მასალასთან ერთად ათარიღებენ შუაბრინჯაოს ხანის დასასრულით (შუაბრინჯაოდან გვიანბრინჯაოზე გარდამავალი ხანით) (Гамбашидзе, Квижинадзе 1982:48). ესენია რქისებურშვერილიანი და ფრინველისმკერდისებური ყურები, ზოგჯერ ვხდებით წიწვოვანი დეკორითა და კანელურებით გაფორმებულ კერამიკას, კონუსისებურძირიან თიხის ჭურჭელს და ა.შ (Гамбашидзе, Квижинадзе 1982:47-53, ტაბ. XXIII-22: XXV-7,8, 14, 18, 27,35,37)10. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამთავროს სამაროვანზე გამოყოფილ შუაბრინჯაოს ხანის სამი ჯგუფის სამარხებიდან ყველაზე გვიანდელში თავს იჩენს ფოთლისებური სატევრების კომპლექსებისათვის დამახასიათებელი ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი, პარკეტული ორნამენტი, ე.წ. დაკეცილზედაპირიანი ღრმა ჯამები და ა.შ (სადრაძე 1986:442; Садрадзе 1991:74 ).
ალ. რამიშვილის ვარაუდით, შიდა ქართლში ზოომორფული ყურები იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ შესაძლოა არ აღმოჩნდეს მართებული მათი ყოველთვის კოლხური კერამიკის გავლენით ახსნა (რამიშვილი 1998:164). ნ. ახვლედიანისა და ი. სულთანიშვილის უფრო გვიან გამოსულ ნაშრომში განვითარებულია მოსაზრება, რომ მდ. არაგვის დასავლეთით შავ ზღვამდე არსებობდა ზოომორფულყურიანი კერამიკის მატარებელი საზოგადოების კულტურულ-ისტორიული ერთობა, რომელიც შედგებოდა ორი არქეოლოგიური კულტურისაგან – კოლხური და სამთავრული, რაც ზოომორფულყურიანი კერამიკის გავრცელების რუკაზეც კარგად ჩანს (ახვლედიანი, სულთანიშვილი 2016:193 ). მის აღმოსავლეთით კი არსებობდა ლჭაშენ- წითელგორების (ცენტრალურამიერკავკასიური) ყორღანების მატარებელი საზოგადოების კულტურულ-ისტორიული ერთობა (ახვლედიანი, სულთანიშვილი 2016:193 ).
რაც შეეხება ძველკოლხურ ელემენტებს, ისინი ძვ.წ. XVI-XV საუკუნეებიდან დასტურდება მესხეთ-ჯავახეთში, სადაც ზველის ყორღანში დაფიქსირდა შვერილისებურყურიანი თიხის ჭურჭელი (Гамбашизе, Квижнадзе 1978:64, ტაბ.XXXV-18 ).
კოლხური კულტურის მძლავრ გავლენაზე ასევე უნდა მიუთითებდეს ბორნიღელესა და კვირაცხოველის სამაროვნების ქვედა ფენებში (ძვ.წ. XV-XIV საუკუნეები) აღმოჩენილი ტოლჩები და თხელი ბრინჯაოს ფირფიტებისაგან დამზადებული ფუყე კოლხური ცულები (ბორნიღელეს 52, 69, 100 სამარხები) (ღამბაშიძე 1999:15)11.
მესხეთ-ჯავახეთი გვიანბრინჯაოს საწყისი პერიოდიდან ერთდროულად ექცევა ცენტრალურამიერკავკასიურ, სამთავრულ და კოლხური კულტურის არეალში, სადაც ჭარბობს პირველი ორი კულტურა. მესხეთ-ჯავახეთში ძვ.წ. X-VII საუკუნეებში უფრო ძლიერდება კოლხური კულტურის ელემენტები (წუნდა, მოლითი, მზეთამზე) (Насидзе, Личели 1990:220 ). აქ კოლხურ კულტურას ორი მხრიდან შეეძლო შეღწევა. ბორჯომის ხეობით და ისტორიული ზემო აჭარიდან, რომელიც უშუალოდ ეკვროდა მესხეთს (ავალიშვილი, ძაძუა 1999:17)12.

თიხის ჭურჭლის სხვა ტიპის ორნამენტები

როგორც ცნობილია, გვიანბრინჯაოს ხანის საწყისი პერიოდის ძველი კოლხური კერამიკის წამყვანი დეკორია სავარცხლისკბილისებური ორნამენტი და მისი სხვადასხვა ვარიაციები ღარულ დეკორთან ერთად. ამ ტიპის ორნამენტს, რომელსაც კოლხური გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკის შემკობაში დომინანტი ადგილი უკავია და ერთ-ერთი დამათარიღებელი მნიშვნელობა გააჩნია. თავის დროზე შიდა ქართლის ტერიტორიაზე ამ ორნამენტის გამოჩენას კოლხური კულტურის გავლენას მიაწერდნენ (Куфтин 1949:62; ქორიძე 1955:155). გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარცხლისკბილისებური ორნამენტი აღმოსავლური და დასავლური ქართული კულტურის წრეების განმასხვავებელ ნიშნად უფრო გამოდგება, ვიდრე მჭიდრო კავშირების დასტურად (მუსხელიშვილი 1978:87). მართებული უნდა იყოს ის მოსაზრება, რომ აღმოსავლურ და დასავლურ ქართულ ბრინჯაოს ხანის კულტურებში ამ ტიპის ორნამენტის დატანის ხერხი ერთია, ხოლო ჭურჭელზე სივრცობრივი განაწილება აშკარად სხვადასხვაა. აღმოსავლეთ საქართველოში დატანილია ჰორიზონტულ სარტყლებად, დასავლეთ საქართველოში კი ვერტიკალურ და ირიბ სარტყლებად (მუსხელიშვილი 1978:87).
ე. გოგაძეს დასაშვებად მიაჩნია შუაბრინჯაოს ხანაში კოლხეთში გავრცელებული სავარცხლისკბილისებური ორნამენტიანი კერამიკის მომდინარეობა ევროპიდან და ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, სადაც მსგავის ტიპის კერამიკა ჯერ კიდევ ნეოლით-ენეოლითურ კულტურებში ჩნდება (გოგაძე 1972:57, 90-91). მისი აზრით, ეს მოვლენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამ რეგიონებს შორის კულტურულ გავლენებთან თუ მოსახლეობის მიგრაციასთან, რაც კოლხეთის დაბლობის კერამიკაშიც აისახა (ნაოხვამუ, დაბლაგომი, დიხა-გუძუბა, ნოსირი III და სხვა)13 .
ალ. რამიშვილმა შიდა ქართლის ტერიტორიაზე კოლხური კულტურის გავრცელების ფორმებზე და მის წამყვან ელემენტებზე საგანგებო კვლევა-ძიება ჩაატარა (რამიშვილი 1998:101-202). მკვლევარი თვლის, რომ კოლხეთისათვის დამახასიათებელი სავარცხლისკბილისებური ორნამენტიანი კერამიკა შუაბრინჯაოს ხანიდან აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. იგი საკმაოდ განსხვავდება კოლხეთის ამ სახის შემკობისაგან და არ გამოდგება ამ რეგიონებს შორის კულტურული ურთიერთობის მაგალითად (რამიშვილი 1998:163-164). თუმცა იქვე შენიშნავს, რომ როგორც არ არის მართებული სავარცხლისკბილისებური ორნამენტის ყოველთვის კოლხეთთან დაკავშირება, ასევე არ არის მართებული ამგვარი ორნამენტაციის საერთოდ გამორიცხვა კოლხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს (პირველ რიგში შიდა ქართლის) კულტურულ ურთიერთობათა სფეროდან (რამიშვილი 1998:163). მისი აღნიშვნით, ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში შიდა ქართლის ტერიტორიაზე ვრცელდება კოლხური კულტურის ელემენტები, რომელიც პირველ რიგში ჩანს ლითონის ინვენტარის მიხედვით, მაგრამ გამოხატულებას პოულობს კერამიკაშიც, განსაკუთრებით მის დასავლეთ რაიონებში14.
კ. ფიცხელაური უარყოფს სავარცხლისკბილისებური ორნამენტის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელებას. მას მიაჩნია, რომ ამ დეკორს ცენტრალური ამიერკავკასიის ტერიტორიაზე საწყისები ეძებნება ე.წ. თრიალეთური კულტურის გავრცელების ტერიტორიაზე ადრეულ შუაბრინჯაოს ხანაში, სადაც იგი მასიურად გვხვდება მთელ აღმოსავლეთ საქართველოში (ფიცხელაური 1973:157). ამდენად, შუაბრინჯაოს ხანაში აღმოსავლეთ საქართველოში დეკორის ეს სახე უფრო ადგილობრივი ტრადიციის გაგრძელებად მიაჩნიათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეწეროს გარეკულტურის ზეგავლენას (ფიცხელაური 1973:157).
უკანასკნელ პერიოდში კ. ფიცხელაურმა გააჟღერა ძალზე საინტერესო მოსაზრება, რომელიც შეიძლება ითქვას, არსებითად განსხვავდება სხვადასხვა მკვლევართა მიერ მანამდე გამოთქმული შეხედულებებისაგან. მეცნიერის აზრით, კოლხეთის ტერიტორიაზე შუაბრინჯაოს ხანაში თიხის ჭურჭელზე მწკრივებად განლაგებული ნაჭდევი წერტილოვანი ორნამენტის პირველი მასიური გამოჩენა, დამახასიათებელი ნიშანია სტეპური სამყაროს კულტურებისათვის, მათ შორის კატაკომბური კულტურისთვისაც. მისი აზრით, პროტოკოლხურ კერამიკაზე დატანილი კერამიკის რამდენიმე სახეობა ზუსტად იმეორებს კატაკომბური კულტურის ძირითად ნახაზს, რომელიც ადრე სრულიად უცნობი იყო ამ მხარის კულტურისათვის (ფიცხელაური 2014:84). ორნამენტის ეს სახე შეცვლილი ფორმით გვხვდება ტერამარების კულტურაში. ამიტომ კ. ფიცხელაურს დასაშვებად მიაჩნია პროტოკოლხურისა და ტერამარების კულტურების შესაძლო კავშირები კატაკომბურ კულტურასთან (ფიცხელაური 2014:84).
როგორც ვხედავთ, სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული სავარცხლისკბილისებური ორნამენტის წარმომავლობაზე. მართლაც დეკორის ეს სახე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დასტურდება ვიდრე კოლხეთის ტერიტორიაზე. კოლხეთის დაბლობის ნამოსახლარებზე შუადან გვიანბრინჯაოზე გარდამავალ ხანაში ჩნდება სავარცხლისკბილისებური ორნამენტის ადრეული ვარიაციები, თუმცა ადრებრინჯაოს ხანის მიწურულიდან (საკირე, ბეთლემი, საელიაოს კურზია, მაჭარის III ფენა) ვრცელდება მისი უმარტივესი სახეები – წერტილოვანი. კოლხეთის მთისწინა და მთიან რეგიონშიც ადრებრინჯაოს დასასრულიდან გვხვდება მარტივი სავარცხლისკბილისებური ანაბეჭდები (პალი, ახრა-კაპში, გუმისთა I). მიუხედავად იმისა, რომ ამ ორნამენტის წარმომავლობის გარკვევა გადაჭრით ძნელია, უფრო დასაშვებად მიგვაჩნია კოლხეთის დაბლობზე შუაბრინჯაოს ხანის დასასრულს სავარცხლისკბილისებური ორნამენტის შემოღწევა ვივარაუდოთ სამხრეთიდან, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული კულტურებთან კონტაქტების გზით, ვიდრე ვიგულისხმოთ პირუკუ პროცესები. ეგებ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სავარცხლისკბილისებური ორნამენტი ერთი საერთო წყაროდან იღებდეს სათავეს – ევროპული ნეოლით-ენეოლითური კულტურებიდან და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზიდან (გოგაძე 1972:79-93).
ძველკოლხური I ეტაპის ნამოსახლარების (დაახლოებით ძვ.წ. XV-X საუკუნეები) თიხის ჭურჭელზე გვხვდება პარკეტული ორნამენტი. ის წარმოდგენილია ჭალადიდის ზურგაზე (I ფენა), ნოსირი III-ზე (II-III ფენები), ნაოხვამუზე (I ფენა), ნამჭედურსა (V ფენა) და სხვა ძეგლებზე (Куфтин 1950:ტაბ.62-1,სურ.48-109 ; მიქელაძე1978:26-29; გოგაძე 1982:56; Микеладзе, Хахутаишвили 1985:18; ჯიბლაძე 1997:63). სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოში პარკეტული ორნამენტი ჩნდება გვიანბრინჯაოს საწყის ეტაპზე და არსებობას განაგრძობს მთელი ძველკოლხური I ეტაპის კერამიკის განვითარების განმავლობაში (ჯიბლაძე 1997:63). ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი პერიოდის შემდეგ კი ხმარებიდან გამოდის. შიდა ქართლში ასეთი სახის დეკორს მიიჩნევენ ფოთლისებური სატევრების თანმხლებ ელემენტად. არ გამორიცხავენ მის მომდინარეობას კიკლადების კუნძულებიდან (Куфтин 1950:230). კ. ფიცხელაური აღმოსავლეთ საქართველოში ამ ორნამენტის გაჩენას დასავლურ ქართული გვიანბრინჯაოს ხანის კულტურის გავლენას უკავშირებს. დ. მუსხელიშვილი ზოომორფულ და უნაგირისებურად ჩაზნექილ ყურებთან ერთად პარკეტული ორნამენტით ხედავს კოლხეთის კულტურულ-ეკონომიკურ კავშირურთიერთობებს შიდა ქართლთან (მუსხელიშვილი 1978:88, ტაბ. III-307,61, IX-2,363). ჩვენი აზრით, რადგან პარკეტულ ორნამენტს გენეტიკური ფესვები ეძებნება უფრო ადრეულ პროტოკოლხურ მასალებში, ორნამენტის კოლხური წარმომავლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
შიდა ქართლის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება დასავლეთ საქართველოს, მძლავრადაა წარმოდგენილი კოლხური კულტურის ელემენტები 15 . ეს მხარე დასავლურ ქართული გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურის რადიაციის ზონაში შედიოდა. დასაშვებად მიაჩნიათ კოლხური კულტურის გავრცელება მცხეთამდე (Куфтин 1944:330)16. შიდა ქართლი ის რეგიონია, სადაც ერთმანეთს ხვდება კოლხური და აღმოსავლურქართული გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურები17. ამ საკითხებზე არაერთ მკვლევარს აქვს გამოთქმული მოსაზრება (ს. ჯანაშია, გ. მელიქიშვილი, ბ. კუფტინი, ო. ჯაფარიძე, გ. გობეჯიშვილი, დ. ქორიძე, ტ. ჩუბინიშვილი, დ. მუსხელიშვილი, კ. ფიცხელაური, მ. ბარამიძე და სხვ.) (იხ.: Куфтин 1944:327; გობეჯიშვილი1951:247-268; ბარამიძე 1965:64 ; ჯაფარიძე 1991:218-219; ლორთქიფანიძე1999:49). ეს საკითხი საგანგებოდ შეისწავლა ალ. რამიშვილმა და შიდა ქართლის ტერიტორიაზე კოლხური კულტურის ელემენტების გავრცელებაზე შეადგინა რუკა, სადაც ძირითადად ლითონის ინვენტარის მიხედვით დაიტანა 68 პუნქტი (რამიშვილი 1998:142-202; რამიშვილი 1998b).
ზემო იმერეთის ტერიტორია, ძვ.წ. XI საუკუნეში ყალიბდება როგორ აღმოსავლურ და დასავლურ ქართული კულტურების შეხვედრების ზონად (მახარაძე, ლომთაძე 1997:23). ამ რეგიონის სამოსახლოდ ათვისება კოლხური კულტურის მატარებელი ტომებით, რომელთა ერთ-ერთი დამახასიათებელი და განმსაზღვრელი მასალაა ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი, ხდება ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში (მახარაძე, ლომთაძე 1997:26). ვარაუდობენ, რომ შიდა ქართლსა და კოლხეთის ბარის რაიონებს შორის კონტაქტები უნდა განხორციელებულიყო ყვირილას ხეობით (მახარაძე, ლომთაძე 1997:12). ამასთან ერთად ნაკლებად დასაშვებად მიაჩნიათ კონტაქტების დამყარება ყვირილას ხეობის გვერდის ავლით ჩრდილოეთიდან რიონისა და დიდი ლიახვის ხეობების მეშვეობით (მახარაძე, ლომთაძე 1997:12)8.
მ. ბარამიძის აზრით, კოლხური კულტურის ელემენტების რაოდენობრივი სიმრავლე შიდა ქართლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში (მესხეთის ტერიტორია) იძლევა ერთგვარ საფუძველს იმისა, რომ მათი გავრცელების ძირითად გზად მივიჩნიოთ აღნიშნული ტერიტორია. ასევე იგი არ გამორიცხავს კოლხური კულტურის გავრცელებაში გამოყენებული ყოფილიყო სურამის ქედზე არსებული გადასასვლელები (ბარამიძე 1965:64). ვფიქრობთ, საკვლევი რეგიონის შიდა ქართლთან ურთიერთობის დროს ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ მთიანი აჭარის მხარეც (ქედა, ხულო). მათ შორის ალბათ ერთგვარ შუალედურ რგოლს ასრულებდა მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორია, რომელიც შესაძლოა ამ გზით (ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობებით, გოდერძის უღელტეხილის გავლით) გვიანბრინჯაოს ხანის საწყისი ეტაპიდან განიცდიდა კოლხური კულტურის გავლენას. შემდეგ კი კოლხური კულტურის იმპულსები ვრცელდებოდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

დასკვნა

ამრიგად, თუ შევაჯამებთ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს შემდეგ სურათს დავინახავთ – ჩვენი აზრითაც შიდა ქართლის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში, მძლავრადაა წარმოდგენილი კოლხური კულტურის ელემენტები, რომელიც წარმოქმნილი უნდა იყოს ამ ორი მოსაზღვრე რეგიონის მოსახლეობის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის შედეგად. ყოველივე ეს კი უპირატესად აისახა ლითონის ინვენტარში და შემდეგ თიხის ნაწარმში. როგორც ჩანს, ეს კავშირურთიერთობები განსაკუთრებით ძლიერდება ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან კოლხეთში ეს სახელმწიფოს წარმოქმნის წინა პერიოდია. მთელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხდება ძველი კოლხური კულტურის მატარებელი უძველესი ქართველური ეთნიკური კულტურული ნაკადის, მეგრულ-ზანურენოვანი მოსახლეობის განფენა და კოლხიზაცია. ამ დროს მატულობს ძველკოლხური კულტურიდან მომდინარე გავლენები. ბუნებრივია, ეს კარგად იკვეთება მომიჯნავე რეგიონში შიდა ქართლის ტერიტორიაზეც, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. სამცხის ტერიტორიაზე დამოწმებული ზანური ენობრივი დანაშრევები, რომელიც ტოპონიმიკაში მჟღავნდება (ღამბაშიძე 1975:63) სხვა მონაცემებთან ერთად, შესაძლოა ასახავდეს კოლხური კულტურის მატარებელი ტომების მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ ზოომორფუყურიანი თიხის ჭურჭელი თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში ჩნდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაოს ხანის კულტურებში (დაახლოებით ძვ.წ. XV-XIV საუკუნეები). შემდეგ კი, უფრო მოგვიანო პერიოდში კოლხეთში მასობრივად ვრცელდება სხვადასხვა ვარიანტის ზოომორფული ყურები. ვეთანხმებით იმ არქეოლოგების მოსაზრებას, რომლებიც ზოომორფული ყურების უძველეს საწყისებს ხედავენ მესხეთში, ზველის ყორღანებში აღმოჩენილი უძველესი ნიმუშების სახით. იქნებ უფრო მისაღები იყოს იმ მკვლევართა მოსაზრება (რ. აბრამიშვილი), რომლებიც გვიანბრინჯაოს ადრეულ ეტაპზე შიდა ქართლში ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გავრცელებას ვარაუდობენ სამცხიდან და ზემო იმერეთიდან 18. ამ შემთხვევაში, ძნელი სათქმელია რამდენად გამოდგება ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის საწყისების მოძიება ანატოლიის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი მონაცემებით (მხედველობაში გვაქვს კოლხეთის მომიჯნავე სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლია, ასევე მისი ცენტრალური ნაწილი) ამ ტიპის ყურიანი ჭურჭელი არ დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ ზველის ყორღანებში ზოომორფულყურიანი ტიპის თიხის ჭურჭელთან ერთად გვხვდება, ანატოლიური წარმომავლობის პირამიდისებურთავიანი და თავხვია საკინძები. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რამაც მკვლევრებს ავარაუდებინა ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის საწყისების მოძიება ანატოლიის ტერიტორიაზე19. დიდი ალბათობით გარკვეულ ეტაპზე კოლხეთიდანაც უნდა ვიგულისხმოთ (ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრული) ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გავრცელება შიდა ქართლის ტერიტორიაზე. უფრო ნაკლებად მისაღები გვეჩვენება ეს პირუკუ პროცესები იყოს 20. როგორც მოვიხსენიეთ, კოლხეთში ამ ტიპის ყურიანი ჭურჭელი, განსაკუთრებით გვიან ბრინჯაოს საწყის საფეხურზე ხშირად შემკულია სავარცხლისკბილისებური ორნამენტით. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ორივე რეგიონში გავრცელებულ ზოომორფულყურიან თიხის ჭურჭელს ერთმანეთის დამოუკიდებლად თავისი წარმოშობისა და განვითარების გზა ჰქონოდა. რაც შეეხება სავარცხლისკბილისებური ორნამენტის წარმომავლობას, შესაძლოა გავიზიაროთ ე. გოგაძის მოსაზრება და დაუშვათ მისი მომდინარეობა ევროპული ნეოლით – ენეოლითური კულტურებიდან და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზიდან (გოგაძე 1972:79-93).

შენიშვნები


1. წინაანტიკური ხანის ზოომორფულ ყურებში გამოყოფენ: 1 – წაკვეთილშვერილიანს – სამი ქვეტიპით; 2 – ლილვოვანდაძერწილს – ოთხი ქვეტიპით; 3 – სარტყელდაძერწილს; 4 -მახვილშვერილიანს სამი ვარიანტით; 5 – ცხოველთა სკუპლტურული გამოსახულებით შემკულს ოთხი ქვეტიპიანს; 6 -კოპისებრი, ღილისებრი დაბოლოებიანს (ინაური 1987:140-142).

2. ასეთი ტიპის ყურიანი ტოლჩები ძირითადად გვხვდება ნაოხვამუს ნამოსახლარის ქვედა და შუა ფენებში (Куфтин 1950:სურ. 48-94, 145, სურ. 49-ა-9, ტაბ.60-1).

3. ცხინვალის ნაცარგორას II ფენაში დასტურდება ცხოველის თავის სტილიზებული გამოსახულების მსგავსი ზოომორფული ყური, რომელიც მოგვაგონებს ნაოხვამუს ნამოსახლარზე მოპოვებულ მსგავს ყურებს (გობეჯიშვილი 1951:247). გ. გობეჯიშვილი ნაცარგორას II ფენას ათარიღებს მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისით, ხოლო III ფენას კი ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულითა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საფეხურით (გობეჯიშვილი 1951:269). ზოომორფულყურიანი ჭურჭელი ასევე წარმოდგენილია ცხინვალის №2 აგურის ქარხნის ტერიტორიაზე (რამიშვილი 1998:ტაბ. XXI-1-9).

4. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ცენტრალურ- ამიერკავკასიურისა (ლჭაშენ-წითელგორები) და შიდაქართლური (სამთავრული) კულტურების ურთიერთმიმართების საკითხებს არაერთი მკვლევარი შეეხო. ზოგი ამ კულტურების ყველაზე ადრეულ, პრობლემურ და სადაო საკითხებს შორის აღიარებს ქრონოლოგიური სხვაობის არსებობას (კ. ფიცხელაური, ალ. რამიშვილი), ნაწილი კი ცენტრალურამიერკავკასიურსა (ლჭაშენ-წითელგორულ) და ფოთლისებური სატევრების შემცველ შიდაქართლურ კულტურებს შორის ვარაუდობს თანაარსებობა – სინქრონულობას (რ. აბრამიშვილი), ანდა ეპიზოდურ თანაარსებობას (ვ. სადრაძე). ასევე ფიქრობენ, რომ მათ შორის არსებობდა განსხვავება არა ქრონოლოგიური, არამედ კულტურულ-რეგიონული თვალსაზრისით (ნ. ახვლედიანი) (აბრამიშვილი 1978:66-85; ფიცხელაური 1973:123-207 ; რამიშვილი 1998:16 ; რამიშვილი 2004:152-182 ; სადრაძე 1986:441-444 ; სადრაძე 2002:246; ახვლედიანი 2012:275-288 ; ახვლედიანი, სულთანიშვილი 2016:191-223 და სხვ).

5. სამთავრული კულტურის ძეგლზე, თრელის სამაროვნის XIII-XII საუკუნეების სამარხებში გვხვდება ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი (აბრამიშვილი 1978:88-89,109,121,123; ნახ. 45-469,471,476; ნახ.46-510,511; ნახ. 66-659; ნახ. 75-718 ). ამ ტიპის ყურიანი სითხის შესანახი თიხის ვერძები წარმოდგენილია ასევე თრელის №24 სამარხში (ახვლედიანი 1999: 61-62, ტაბ. LLXVIII-100,LXIX-101). ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი საკმაოდ ადრე ჩანს გავრცელებული ქვემო ქართლში (ალგეთის ხეობის სამაროვნები) და თრიალეთში ბეშთაშენის სამაროვანზე (ახვლედიანი 2012:282).

6. ძველი კოლხური კულტურის საწყისი პერიოდის მასალებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს წაღვლის სამაროვანზე შუიდან გვიანბრინჯაოზე გარდამავალი ხანის №91 სამარხში გამოვლენილი სავარცხლისკბილისებური ორნამენტით შემკული ფრინველის მკერდისებურყურიანი ტოლჩა (რამიშვილი 2004:131, ტაბ. XXIII-463).

7. გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სხდომებზე რ. აბრამიშვილმა ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის აღმოსავლეთიდან დასავლეთით გავრცელებაზე თავის პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. მ. ბარამიძის აღნიშვნით, ამ მოსაზრებას იზიარებდა ბ. ჩოლოყაშვილიც. მიუხედავად რიგი პრინციპული განსხვავებისა მათი მოსაზრება ძირითადად ერთმანეთს ემთხვეოდა (ბარამიძე 2017:47).

8. შუაბრინჯაოს ხანაში ყვირილას ხეობა მოქცეულია იმ კულტურის წრეში, რომელსაც ეკუთვნის ნული, ქვასათალი, წაღვლი, აწყურის სამარხიც. საინტერესოა, რომ მოდინახეს შუაბრინჯაოს ხანის №7 სამარხში სხვა მასალასთან ერთად აღმოჩენილია ორყურა ფრინველისმკერდისებურყურიანი თიხის ჭურჭელი, რომელიც მოგვაგონებს კოლხეთის დაბლობის მასალებს (ლომთაძე 2002:5-15, სურ.12-1).

9. ნ. ახვლედიანმა ჩვენთან პირად საუბარში გამოთქვა ვარაუდი ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის მცირე აზიურ წარმომავლობაზე. მისი აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე ზოომორფული ყურები ვრცელდება ორი გზით. პირველი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე; მეორე კი მესხეთის გზით. ფიქრობენ, რომ ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის სამხრეთულ წარმომავლობას მხარს უნდა უჭერდეს ზოგიერთი მკვლევრის მიერ (ბ. კუფტინი, რ. აბრამიშვილი, თ. მიქელაძე) გამოთქმული მოსაზრება, რომ ამიერკავკასიური ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის შემცველი კომპლექსები გენეტიკურ კავშირში არ არიან ადგილობრივ არქეოლოგიურ კულტურებთან (ახვლედიანი 2012:280). საინტერესოა რა პროცენტული შეფარდება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კოლხეთში, სამცხესა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ზოომორფულყურიან თიხის ჭურჭლებს.

10. თრიალეთური კულტურის წრეში მოქცეულ ზველის ყორღანში აღმოჩნდა შუაბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის მძლავრი ფენა, სადაც წარმოდგენილი სხვადასხვა ნაწარმი მიგვანიშნებს სატომთაშორისო ურთიერთობებზე კოლხეთის დაბლობის, შიდა ქართლის, სომხეთის, ხეთურ-მცირე აზიურ, ეგეოსური სამყაროს თანადროულ მასალებთან (ღამბაშიძე ო, ღამბაშიძე ი. 1987:37). გამოითქვა მოსაზრება, რომ კოლხეთის უძველესი კერამიკის ზოგიერთი ფორმები ნასესხები უნდა იყოს სამცხე-ჯავახეთში დადასტურებული შუაბრინჯაოს ხანის სამეთუნეო საწარმოო ტრადიციებიდან (ღამბაშიძე ო. ღამბაშიძე ი. 1987:37 ) აქვე შევნიშნავთ, რომ ო. ღამაშიძის აღნიშვნით, სამცხის ტერიტორიაზე დამოწმებულია ზანური ენობრივი დანაშრევები, რომელიც მხოლოდ ტოპონიმიკაში მჟღავნდება (ღამბაშიძე 1975:63).

11. ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ბორჯომის ხეობა (მხედველობაში აქვთ რველის, ჩითახევის, კვირაცხოველისა და ბორნიღელეს სამაროვნების რკინის ფართო ათვისების ხანის მასალები) წარმოადგენდა ცენტრალურამიერკავკასიური, სამთავრული და კოლხური კულტურების შეხვედრებისა და თანაარსებობის ზონას. თუმცა, უჭირთ იმის განსაზღვრა რომელი კულტურა იყო დომინანტი და რომელი დაქვემდებარებული (კვირკვაია 2009:21).

12. აღმოსავლურ და დასავლურ ქართულ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიურ კულტურებს შორის უძველეს პერიოდში შესაძლოა ურთიერთკავშირები მიმდინარეობდა ხარაგაულის რკინის ჯვარზე არსებული გადასასვლელით. როგორც აღნიშნავენ, აქ რამდენიმე გამავალი გზა არსებობდა, როგორიცაა: ხიდარი, ფარცხნალი და დიდვაკი (ბუაჩიძე 2019a:80). ხიდარიდან მიემართებოდა უმოკლესი სატრანზიტო გზა სამხრეთ საქართველოსკენ (ბორჯომის ხეობა, აწყური, ახალციხე) (ბუაჩიძე 2019b:81).

13. არაერთი მკვლევარი შეეხო ძველკოლხური კულტურის კავშირებს ჩრდილო იტალიაში, მდ. პოს ხეობაში გავრცელებულ ტერამარების კულტურასთან, ასევე სარდინია-დუნაისპირეთისა და ალპების აღმოსავლეთით მდებარე ზოგიერთი რაიონის მასალებთან (Куфтин 1950:165-166; 222, სურ. 56; Микеладзе 1990:21; Микеладзе 1994:70; ბარამიძე 1998:85; ჯიბლაძე 1997:115-116; ფიცხელაური 2012:84; ფიცხელაური 2014:84 ). ჯ. აფაქიძის აზრით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველკოლხური კულტურის ნამოსახლარების კერამიკული მასალების კავშირები (ყურებისა და ორნამენტაციის ზოგიერთი სახეობით) ჩრდილო იტალიაში (მდ. პოს ხეობა) გავრცელებულ ტერამარების კულტურასთან. მისი ვარაუდით, ძველკოლხური I ეტაპის კერამიკა, ასევე ახლოს დგას ეგეოსის, დუნაის აუზის თიხის ნაწარმთან (აფაქიძე 2003:49-62, ტაბ. III,IV,V ). აღნიშნულ რეგიონებთან კავშირები ასევე შეიმჩნევა ბრინჯაოს ნაკეთობების მიხედვით (ზარნაკები, საკინძები, სატევარი, ფიბულები) (აფაქიძე 2003:49; სულავა 2011 ). როგორც ჯ.აფაქიძეს, ასევე ნ. სულავას დასაშვებად მიაჩნიათ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კავშირები კოლხეთთან შავი ზღვის გავლით. ფიქრობენ, რომ ეს კავშირები არ უნდა განხორციელებულიყო მაინცდამაინც შავი ზღვის გავლით და მისი მიმდინარეობისას არ გამორიცხავენ სახმელეთო გზის გამოყენებასაც (ფიცხელაური 2012:84).

14. შიდა ქართლის ტერიტორიაზე კოლხური კულტურის გავრცელებაზე და მისი ურთიერთობის საკითხებზე აღმოსავლურ ქართლულ გვიანბრინჯაოს ხანის კულტურებთან, ასევე ცალკეულ მეცნიერთა გამოთქმულ მოსაზრებებზე დეტალურად იხილეთ (რამიშვილი 1998:101-142 ).

15. XX საუკუნის 90-იან წლებში ხაშურის ნაცარგორას სამაროვანზე გაითხარა 500-ზე მეტი სამარხი, სადაც წინაანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა 12 ბრინჯაოს კოლხური არტეფაქტი (რამიშვილი 2001:156-159).

16. შიდა ქართლიდან დასავლეთ საქართველოში ძველთაგანვე რამდენიმე გადასასვლელი გზა არსებობდა. ერთი ქვიშხეთ-ციხისძირით გადიოდა, მეორე სურამიდან იწყებოდა და განშტოვდებოდა ორი მიმართულებით: ფონა-წიფა და დაუყვებოდა მდ. ჩხერიმელას ხეობას; მესამე განშტოება კი მიემართებოდა რიკოთის უღელტეხილით და ძირულას ხეობას მიუყვებოდა (ტაბატაძე 1979:709-710; ბუაჩიძე 2019:85). სამივე მიმართულება საბოლოოდ შორაპანში იყრიდა თავს. ქართლიდან იმერეთში არსებობდა სხვა გადასასვლელებიც. ერთი ფრონეს ხეობის აყოლებით პერანგას მთის გადავლით ჩადიოდა ყვირილას ხეობაში, მეორე გადიოდა ჯვარით და კორტოხითი და ორი განშტოებით მიემართებოდა საჩხერესა და სვირისაკენ და ჩადიოდა ქუთაისში (ბუაჩიძე 2019:85). მესამე დედაბერას გადასასვლელის გზა მონასტერ ულუმბას ჩაუვლიდა და შოროპანში მიდიოდა ღოდორა-ლიჩ-ამაშუკეთზე ჩავლით. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი გზა შესაძლოა გამოეყენებინათ უცხოელ დამპყრობლებს (თურქი-სელჯუკები, თემურ-ლენგი) დასავლეთ საქართველოში ლაშქრობისას (ტაბატაძე 1979:710). ხომ არ იყო შესაძლებელი ზოგიერთი გადასასვლელის გამოყენება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიურ კულტურების შორის კონტაქტების დასამყარებლად?

17. შიდა ქართლის მასალების მიხედვით მჭიდრო ურთიერთობა ჩანს დასავლეთ საქართველოს მასალებთან, განსაკუთრებით ბრინჯაოს იარაღების მიხედვით, რომელიც ფიქრობენ შემოტანილი უნდა იყოს კოლხური კულტურიდან. ასევე კონტაქტები შეინიშნება ცხინვალის ნაცარგორას კერამიკული მასალების მიხედვით (ტეხილხაზოვანი ორნამენტი, სავარცხლისკბილისებური ორნამენტი) (ბარამიძე 1965:64). შედარებით მცირე რაოდენობითაა შესული კოლხურ კულტურაში მასალები აღმოსავლეთ საქართველოდან (აღმოსავლურ კავკასიური ცული, ამ ფორმის საკიდები (ბრილი), შუბისპირები (ლეჩხუმი, ბრილი), ფოთლისებური სატევრისპირები და ა.შ. (ბარამიძე 1965:64-65).

18. ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი მასობრივად ვრცელდება ზემო იმერეთში ძველკოლხურ II პერიოდში. ისინი მრავლადაა წარმოდგენილი მოდინახეს ნამოსახლარზე (II ფენა), სოფ. ნავარძეთში, კალვათაში, რგანში, საბადურის გორაზე, გორაძირში, ითხვისის ჩილათას ბორცვზე (III, IV,V ფენა), მოდინახეს გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვანზე და სხვ. (ნადირაძე 1975:16-17; მახარაძე, ლომთაძე 2004:13 ; ქემერთელიძე 2002:25; გაგოშიძე და სხვ. 2004: 103,104,108-110). აქვე შევნიშნავთ, რომ მოდინახეს შუაბრინჯაოს ხანის დასასრულის №7 სამარხში ფრინველის მკერდისებური ორყურა ქოთნის მიხედვით, შეხების წერტილები ვლინდება კოლხურ კულტურასთან. ასეთი ტიპის ყურიანი ჭურჭელი გვხვდება მოდინახეს გვიანბრინჯაოს ხანის სამარხებშიც (ლომთაძე 2002:12-1; ლომთაძე 2004: 68-1,22,71—27,28,72-31).

19. დასავლეთ ანატოლიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის აღმოჩენის ბეიჯესულთანის V კულტურულ ფენაში, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1900-1750 წლებით. (Lloyd and Mellaart 1955).

20. ვფიქრობთ, ძველკოლხურ კულტურაში ზოომორფული ყურების შემდგომი განვითარება ჩანს ფართოხვრელიანი მუხლისებური, ან უფრო მეტად ქიმისებურშვერილიანი ყურისაგან, რომელსაც ზედა ნაწილში ვერტიკალური ბრტყელი შვერილი გააჩნია. ნოსირის II ფენაში ისახება წყვილი მორჩისებური შვერილი და იქმნება უნაგირისებურად ჩაზნექილი ადგილი, რასაც ცერა თითის მისაბჯენი დანიშნულება უნდა ქონოდა (გოგაძე 1982:54,ტაბ.38-1186 ). აქვე შევნიშნავთ, რომ შიდა ქართლის რეგიონისათვის დამახასიათებელი ერთმანეთში ჩასმული და გადაბმული ჰორიზონტალურად დატანილი სპირალური ხვიები კოლხეთში ჩნდება წინაანტიკურ ხანაში (ნაოხვამუს ზედა ფენა, ფიჩორის წინანტიკური ხანის ნამოსახლარები) (Куфтин 1950:ტაბ.46-4,57-3, სურ. 48-81). ამ ორი რეგიონის მასალებს ერთმანეთთან ასევე აახლოებს ნაპრიალები ზოლიანი და წიწვოვანი ორნამენტიანი კერამიკა.

21. თავხვია საკინძების შესახებ იხილეთ – სახაროვა, სულავა 2010:140-154 .


ლიტერატურა


აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე, გ., 1955 . “მცხეთა”, არქეოლოგიური კვლეევა-ძიების შედეგები. არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით. ტ. I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

აფხაზავა, ნ., 1979. ადრეული შუასაუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს ნივთიერი კულტურა, არქეოლოგიური ქრონოლოგიის საკითხები სამკაულის მიხედვით. თბილისი: მეცნიერება.

აფაქიძე ჯ. 2003. კოლხური კულტურის საგარეო კავშირები ნამოსახლარების კერამიკული მასალების მიხედვით და მათი მნიშვნელობა აბსოლუტური ქრონოლოგიის კვლევისათვის, ძიებანი 3:49-62.

აბრამიშვილი რ. 1978 . თრელის შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი, თბილისის არქეოლოგიური ძეგლები I. თბილისი: მეცნიერება.

ავალიშვილი გ; ძაძუა ჯ. 1999 . ქართველ ტომთა ურთიერთობა გარე სამყაროსთან ბრინჯაოს ხანაში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ახვლედიანი ნ. 1999 .რკინის ფართო ათვისების ძეგლები თბილისიდან (თრელის ნამოსახლარი და სამაროვანი). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხელნაწერი. თბილისი: არქეოლოგიის კვლევის ცენტრი.

ახვლედიანი ნ. 2012 . „სამხრეთ კავკასიის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის პრობლემის შესწავლის საკითხისათვის“. საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 275-288.

ახვლედიანი ნ., სულთანიშვილი ი. 2016 . „აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაო ადრერკინის ხანის ძეგლთა ქრონოლოგიის საკითხები (სასირეთის განძი).“ ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში 23:191-223.

ბარამიძე მ. 1965 . „კასპის სამაროვანი“, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, IV: 31-66.

ბარამიძე მ. 1998 . აღმოსავლეთ შავიზღისპირეთი ძვ. წ. II – I ათასწლეულის პირველ ნახევარში (ძირითადი პრობლემები). სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი: არქეოლოგიის კვლევის ცენტრი.

ბარამიძე მ. 2017 . ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში. თბილისი.

ბუაჩიძე ზ. 2019ა . „რკინის ჯვარი“, ხარაგაულის ქრონიკები, ქუთაისი, 79-82.

ბუაჩიძე ზ. 2019ბ . „ლიხის ქედის გადასასვლელები“, ხარაგაულის ქრონიკები. ქუთაისი, 84-87.

გაგოშიძე ი ., მახარაძე გ., ქორიძე ე., გოგიბერიძე ნ. 2004. „ითხვისის ნამოსახლარი“.არქეოლოგიური ჟურნალი III: 73-113.

გობეჯიშვილი გ. 1951 . სტალინირის ნაცარგორა, მიმომხილველი, II, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 239-276.

გოგაძე ე. 1972 . თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი. თბილისი.

გოგაძე ე. 1982 . კოლხეთის ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა. თბილისი.

ინაური გ. 1987 . „წინარეანტიკური ხანის კოლხური თიხის ჭურჭლის ზოომორფულ ყურთა ძირითადი ტიპები და ფორმის ტექნიკური განვითარების ეტაპები“. მაცნე – ისტორიის,არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 4:138-154.

კვირკვაია რ. 2009 . ბორჯომის ხეობა რკინის ფართო ათვისების ხანაში (ძვ.წ. VIII-VII საუკუნეები). ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის მაცნე, თბილისი: ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ლომთაძე გ. 2000 . „მოდინახეს შუაბრინჯაოს ხანის სამარხები“. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ჟურნალი, I:5-17.

ლომთაძე გ. 2002 . „მოდინახეს შუაბრინჯაოს ხანის სამარხები“. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ჟურნალი, II:5-15.

ლომთაძე გ. 2004 . „მოდინახეს გვიანბრინჯაოს ხანის სამარხები“ საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ჟურნალი, III:48-72.

ლორთქიფანიძე ოთ. 1999 . ოქრომრავალი კოლხეთი, სამეგრელო, თბილისი-ზუგდიდი.

მახარაძე გ., ლომთაძე გ. 1997 . „კოლხური კულტურის გავრცელება ყვირილის ხეობაში“,საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები, II:9-29.

მიქელაძე თ. 1974 . ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან, თბილისი: მეცნიერება.

მიქელაძე თ. 1978 . არქეოლოგიური კვლევა-ძიება რიონის ქვემო წელზე. თბილისი: მეცნიერება.

მუსხელიშვილი დ. 1978 . ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა. თბილისი: მეცნიერება.

ნადირაძე ჯ. 1975 . ყვირილას ხეობის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

პაპუაშვილი ნ., ჯიბლაძე ლ. 2017 . ყულავის ნამოსახლარები (ძვ.წ.II ათასწლეულის შუა ხანები). დაიბეჭდა წიგნში: რ.პაპუაშვილი; გ.ჩიტაია; ი.პაპუაშვილი ყულევი (არქეოლოგია,ისტორია). თბილისი, 36-40.

რამიშვილი ალ. 1998a . შიდა ქართლის ბრინჯაოს ხანის ფინალური სტადიების არქეოლოგიური პრობლემები, სადოქტორო დისერტაცია, ხელნაწერი. თბილისი: არქეოლოგიის კვლევის ცენტრი.

რამიშვილი ალ. 1998b . შიდა ქართლის ბრინჯაოს ხანის ფინალური სტადიების არქეოლოგიური პრობლემები, სადოქტორო ავტორეფერატი. თბილისი: არქეოლოგიის კვლევის ცენტრი.

რამიშვილი ალ 2001 . კოლხურ და შიდა ქართლული კულტურების ურთიერთობების საკითხები ნაცარგორის სამაროვნის მიხედვით. კავკასია ნეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიის საკითხები. ძიებანი, დამატება, 6:156-170.

რამიშვილი ალ. 2003 . გრავირებული კოლხურ ცულებიანი სამარხი სოფ.ნაცარგორადან, ძიებანი 3:41-48.

რამიშვილი ალ. 2004 . ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი წაღვლში, ხაშურის ექსპედიციის შრომები 1, დამატებანი 7.

სადრაძე ვ. 1986 . ცენტრალურამიერკავკასიური და შიდაქართლური ბრინჯაოს კულტურების ურთიერთობის საკითხები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 123, 2:441-444.

სადრაძე ვ. 2002 . მცხეთისა და მისი შემოგარენის ძვ. წ. II-I ათასწლეულის პირველი ნახევრის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი: მეცნიერება.

სახაროვა, ლ., სულავა, ნ. 2010 . „საქართველოში გავრცელებული თავხვია საკინძების შესახებ“. ძიებანი, 19:140-154.

სულავა, ნ. 2011 . კავკასიის ფიბულები. თბილისი: მწიგნობარი.

ტაბატაძე კ. 1979 . ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ XIV- XV საუკუნეთა მიჯნაზე. საქართველოს ისტორიის ნარკვევები (რედ. ზ. ანჩაბაძე, ვ. გუჩუა), ტ. III, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 670-716.

ფიცხელაური კ. 1973 . აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები(ძვ.წ. XV-VIII სს.). თბილისი: მეცნიერება.

ფიცხელაური კ. 2014 . სამხრეთ კავკასია და ჩრდილო სტეპური სამყარო შუა ბრინჯაოს ხანაში, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 2: 83-96.

ფიცხელაური კ. 2005 . ცენტრალურამიერკავკასიური არქეოლოგიური კულტურა ძვ.წ. XIV-XIII სს. თბილისი.

ფიცხელაური, კ. 2012 . „სამხრეთ კავკასია, წინა აზია, ჩრდილო შავიზღვისპირეთი და ევროპა ენეოლით-ბრინჯაოს ხანაში-არქეოლოგიურ კულტურათა კონტაქტების დინამიკა.“ (რედ. გ. ნარიმანიშვილი) საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები. თბილისი, 64-88.

ქემერტელიძე ნ. 2002 . „მოდინახეს წინაანტიკური ხანის ნამოსახლარი“. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ჟურნალი, II: 25-28.

ქორიძე დ. 1955. თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, ნაწილი I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ღამბაშიძე ო.1975 . „რველის სამაროვანი“, ძეგლის მეგობარი, 39:58-63.

ღამბაშიძე ოთ., ღამბაშიძე ი. 1987 . „ახალი არქეოლოგიური მასალები სამცხე-ჯავახეთიდან“, ძეგლის მეგობარი, 4:36-43.

ღამბაშიძე ი. 1999 . სამცხე ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში (ბორჯომის არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით). ავტორეფერატი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი: არქელოგიის კვლევის ცენტრი.

ჯაფარიძე ოთ. 1991 . საქართველოს არქეოლოგია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჯიბლაძე ლ. 1997 . კოლხეთის დაბლობის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების სტრატიგრაფია, ქრონოლოგია, პერიოდიზაცია (ფიჩორის ნამოსახლარის ცენტრალური ბორცვის მიხედვით). თბილისი.

ჯიბლაძე ლ. 2007 . კოლხეთის დაბლობის ძვ.წ. III-II ათასწლეულების ნამოსახლარები, თბილისი.

ჯიბლაძე ლ., მურვანიძე ბ., ჩუბინიშვილი ნ. 2021 . გულეიკარის ნამოსახლარი http://dspace.nplg.gov.ge/handle/ 1234/329790

ჯიბლაძე ლ. 2021 . დასავლეთ საქართველოს ენეოლით, ბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური კულტურების კონტაქტები გარე სამყაროს სინქრონული პერიოდის კულტურებთან (ზოგადი მიმოხილვა), ონლაინ არქეოლოგია, 19: 46-69.

Гамбашидзе О., „Квижинадзе К.1982 . Работы Месхет-Джавахеткой ахеологической экседиции за 1976 1979 гг.“ Ареологические исследования на новостроойках Грузии стр. 57-64.

Гамбашидзе О., Квижинадзе К. 1981 . „Работы Месхет-Джавахеткой ахеологической экседиции“. Полевые археологические исследования в 1978 г. Тбилиси, стр.57-64.

Куфтин Б. 1944 . „К вопросу о древнейших корнях Грузинской культуры на Кавказе по данным археологии“, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XII-B:291-416.

Куфтин Б. 1949 . Археологическая маршрутная экспедиция 1945 года в Юго-Осетию и Имеретию. Тбилиси: Изд. Акад. Наук ГрузСС.

Куфтин Б. 1950 . Материалы к археологии Колхиды, том. II. Тбилиси: Техника да шрома.

Микеладзе Т., Хахутаишвили Д. 1985 . Древне Колхидское поселение Намчедури, Памятники Юго Западной Грузии, вып. XIV. Тбилиси: Мецниереба.

Микеладзе Т. 1990 . К археологии Колхиды (эпоха средней и поздней бронзы-раннего железа). Тбилиси: АН ГССР,

Микеладзе Т. 1994 . „Протоколхская культура“. (Отв. Ред. К.Х. Кушнарева, В.И. Марковин) Археология эпохи бронзы Кавказа и Средней Азии, Москва: Наука, 67-74.

Садрадзе В. 1991 . Мцхета в XV-XIII вв. до н. э. : (Вопросы хронологии и периодизации памятников шида картли). Тбилиси: Мецниереба.

Насидзе Г., Личели В. 1990 . „Об ареале Колхидской культуры“.(Ред. О. Д. Лордкипанидзе) Материалы V Международного сомпозиума по древней истории Причерноморья VII – V вв. до н. э.: письменные источники и археология (проблема реальности)”, Вани, 1987. Тбилиси: Центр археологических исследований АН ГССР.

Abramishvili R; und M. 1995 . „Archeologische Denkmäler in Tbilisi“, Unterwegs zum goldenen Vlies: archäologische. Funde aus Georgien. Saarbriicken: Museum fiir Vor-und Friihgeschichte. Sur le theios aoidos de John Boardman. Etudes et Travaux, 12,110-15.

Lloyd S., Mellaart J. 1955. „Beycesultan Excavations Second Preliminary Report“, Anatolian studies. 1955 Dec; 6:101-35.