სტატიაში აღწერილია თრიალეთის პეტროგლიფების ექსპერიმენტული კვლევა, რომელიც საქართველოში კლდის ხელოვნების ექსპერიმენტული მეთოდით შესწავლის პირველი მცდელობაა. წარმოდგენილი კვლევა აერთიანებს კლდის ხელოვნებას, ექსპერიმენტულ არქეოლოგიასა და ტრასოლოგიას, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ პეტროგლიფების კაწვრის ტექნიკები, ამოსაკაწრად განკუთვნილი ნედლეული, ნაკაწრების გასაკეთებლად საჭირო დრო და ქვის იარაღებზე დარჩენილი სამუშაო კვალის ტიპი.
კვლევის ფარგლებში გაკეთდა 22 ექსპერიმენტული პეტროგლიფი, რისთვისაც გამოვიყენეთ კაჟისა და ობსიდიანის სხვადასხვა ზომა-წონის იარაღი და ორი განსხვავებული კაწვრის ტექნიკა (კაწვრა ერთი და ორი მიმართულებით). ექსპერიმენტული ნაკაწრების გაკეთების შემდეგ, ჩატარდა ქვის იარაღების ტრასოლოგიური (ფუნქციური) ანალიზი, МБС-9 მიკროსკოპის გამოყენებით. სტატიაში წარმოდგენილია კვლევის შედეგები და ახსნილია, თუ რა განსხვავებაა კაჟისა და ობსიდიანის იარაღების გამოყენებით, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნაკაწრებს შორის; რა დრო სჭირდება ერთი ნაკაწრის მიღებას და რა კვალს ტოვებს იარაღზე მსგავსი პროცესი. ამასთან, მოცემულია ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც ექსპერიმენტის შედეგად გაგვიჩნდა, თრიალეთის პეტროგლიფების შესახებ.
სტატიაში განხილულია საკითხი, თუ როგორ აისახა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანებში ნომადური, ე.წ. სკვითური არქეოლოგიური კულტურა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ნაშრომის პირველი ნაწილი ეთმობა წერილობითი წყაროების ინფორმაციას შესაბამის პერიოდში ქართლის ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიული პროცესების შესახებ – კერძოდ, ეს არის ლეონტი მროველის „გამოსლვა ხაზართა“ („ქართლის ცხოვრება“). მეორე ნაწილი ეხება ამავე ქრონოლოგიურ დიაპაზონში მოქცეულ იმ არქეოლოგიურ ძეგლებს, რომლებიც როგორც დაკრძალვის წესით, ისე იქ დადასტურებული არტეფაქტებით უკავშირდება უცხო ეთნიკურ ელემენტს. ასევე, დასმულია საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში სადისკუსიო ძეგლების, თრელის №16 და №24 სამარხების, კულტურული კუთვნილების შესახებ.
ნაშრომი შეეხება საბეჭდავს, რომელიც ეკუთვნოდა აფხაზეთის მთავარ სეფერბეი შარვაშიძეს. საბეჭდავი ვერცხლისგანაა დამზადებული, პირი ბრტყელი აქვს, ხოლო ზურგი-კონუსური. კონუსის მწვერვალზე დარჩილულია ვერცხლისავე სახელური, რომელიც უკანა ფეხებით ყალყზე შემდგარი ლომის ფიგურას წარმოადგენს. საბეჭდავის პირი კუთხეებმოკვეთილი მართკუთხედია, რომლის ბრტყელ ზედაპირზე ნეგატივურად ამოკვეთილია სამსტრიქონიანი ქართული (მხედრული) წარწერა (ლეგენდა): ,,შარვაშიძე სეფერბეი” (ტაბ. I/3). მთავარ გიორგი (საფარბეი) შარვაშიძის ქართულენოვანი ვერცხლის საბეჭდავი მნიშვნელოვანია იმით, რომ ეკუთვნოდა იმ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელმაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთა. ირკვევა, რომ XIX ს. დასაწყისშიც – აფხაზეთის ხელისუფალნი ქართულ ენას იყენებდნენ არა მხოლოდ გარე დიპლომატიური ურთიერთობისას, არამედ სამთავროს შიდა საქმის წარმოებაშიც, რადგან ისინი ქართული ენის გამოყენებაში ხედავდნენ საკუთარი სუვერენობის დამადასტურებელ ფაქტს და ქართულ სამყაროსთან განუყოფელ კავშირს. საბეჭდავის ყოველმხრივი შესწავლა გარკვეულ შთაბეჭდილებას გვიქმნის XIX ს. დასაწყისის საქართველოს (აფხაზეთის) პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ისტორიულ და კულტურულ ვითარებაზე.