From Akhuti over the Mountains of Khuti: The short historical, geographical and linguistical overview of one group of toponyms

Guram Chikovani

Moambe, Bulletine of the Georgian National Museum, XI (56-B): 1-17, 2023

Published: December, 2023

Keywords: Settlements,, mountains, warefare, religious


Abstract

The investigation of toponyms, historical and geographical place names, has significant scientific importance. Georgian toponyms are mentioned already from the turn of the II and I millennium BC in Assyrian, Greek, Roman and other foreign sources and from the 5th century AD in Georgian sources. Toponyms change based on factors such as migration, warfare or shifts in religious and political systems. Toponyms discussed in this article come from Georgia itself (Akhuti, Ukhuti, Shukhuti), Azerbaijan (Okhuti), Dagestan (Khuti), Turkey (Khuti, Shukhuti) and Saudi Arabia (Ukhudi). Some of these toponyms reflect changes of the kind mentioned above. In this article, legends and scholarly propositions associated with these toponyms are critically examined. .

შესავალი

ტოპონიმების-ისტორიული და გეოგრაფიული ადგილის სახელების შესწავლას დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. ტოპონიმებში შემონახულია გარკვეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ არეალში ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის მატერიალური და სულიერი კულტურის სხვადასხვა ნიშანი. თვით მზის სისტემისა და გალაქტიკის ხილულ და უხილავ სხეულებზეც გაფართოვდა „მიწიერ“ სახელთა არეალი. შესაბამისად ტოპონიმებს, ენათმეცნიერების გარდა, სწავლობენ ტექნიკური და ჰუმანიტარული დარგის რიგი სამეცნიერო დისციპლინების წარმომადგენლები, მათ შორის ისტორიკოსები, არქეოლოგები და ეთნოლოგები.

ტოპონიმიკაზე სხვადასხვა მკვლევართა საფუძვლიანი განმარტება არსებობს, თუმცა შესაძლებელია საკუთარი ვერსიაც გამოვთქვათ. ტოპონიმი არის მრავალფეროვანი ბუნებრივი, ხელოვნური ქმნილებისა და მოვლენის ამსახველი გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელსაც სწავლობს ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგი ტოპონიმიკა. ტოპონიმებს მეცნიერულის გარდა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ გაგვიჭირდებოდა ტოპონიმების გარეშე გზებსა და ბილიკებზე გადაადგილება. ტოპონიმები ზოგჯერ იცვლებიან ან გადასხვაფერდებიან გარკვეული ეთნიკურ ჯგუფთა გადაადგილებით, ომებით, რელიგიური და პოლიტიკურ სისტემათა ცვლილებით, რომელიც ინახება ზეპირსიტყვიერებასა და წერილობით ძეგლებში. ჩვენს მიერ განსახილველი ტოპონიმები მდებარეობენ საქართველოში (ახუთი, უხუთი, შუხუთი), აზერბაიჯანში (ოხუთი), დაღესტანში (ხუთი), თურქეთში ეთნონიმი ხუთი, ხუთის მთები), შუხუთი და შედარებით დაშორებულ საუდის არაბეთში (უხუდი). ჩამოთვლილ სახელმწიფოებში ცხოვრობს ენით, კულტურით და სარწმუნოებითაც განსხვავებული ხალხი, ამიტომ საინტერესოა ისტორიულ ჭრილში ამ ტოპონიმების განხილვა, რომელთა ნაწილმა თითქოს ერთმანეთი მოძებნა და მეტად საინტერესო წრე შეკრა, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი კვლევის მნიშვნელობას.

საქართველოში ტოპონიმთა შესწავლის მოკლე ისტორია

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ ტოპონიმთა გარკვეული ნაწილი ძვ.წ. მეორე-პირველი ათასწლეულის მიჯნიდან უკვე დაფიქსირებულია ასურულ-ურარტულ, ბერძნულ და სხვა უცხოურ წყაროებში (ასათიანი 1993:10-20; ჯოჯუა 1976:432-451), ხოლო ა.წ. მე-5 საუკუნიდან ქართლის ცხოვრებაში გაერთიანებულ მე-5-18 საუკუნეების ცნობილ და ზოგჯერ უცნობ ავტორთა ნაშრომებში (ღლონტი 1988:203-205). საქართველოში ტოპონიმთა აღნუსხვა-შესწავლის ფუძემდებლად აღიარებულია მე-18 საუკუნის მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი, რომელმაც დააფიქსირა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტოპონიმთა გარკვეული ნაწილი (ბაკურაძე 2000:61-73), თუმცა ტოპონიმის საეჭვო ეტიმოლოგია პირველად უცდია მე-11 საუკუნის ისტორიკოს ლეონტი მროველს, რომელიც ნაბუქოდონოსორის მიერ აყრილი ებრაელების ზანავში დასახლების გადმოცემისას, აღნიშნავს რომ მცხეთის მამასახლისს ისინი აქ დაუსახლებია ხარკით და ამის გამო აწ ხერკი ჰქვიაო (ქც I:16).

საქართველოში ტოპონიმიკის თეორიისა და ტოპონიმების შესწავლა ვითარდებოდა მსოფლიოში ენათმეცნიერების განვითარების ტენდენციების შესაბამისად. ჰუმანიტარული და კერძოდ ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგის ტოპონიმიკის სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიკო მარმა, ივანე ჯავახიშვილმა იოსებ ყიფშიძემ, სიმონ ჯანაშიამ, აკაკი შანიძემ, არნოლდ ჩიქობავამ, გიორგი მელიქიშვილმა და სხვებმა, რომელიც გააგრძელეს მათმა მოწაფეებმა და ახალი თაობის მრავალრიცხოვანმა წარმომადგენელმა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ტოპონიმთა სისტემური შესწავლა დაიწყო არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტოპონიმიკის განყოფილებაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ლაბორატორიასა (შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ცენტრი) და სხვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და უმაღლეს საუნივერსიტეტო სასწავლებლებში. ამ საქმეში მეცნიერებთან ერთად ჩართულია სტუდენტები, სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მაძიებლები. ტოპონიმიკის თეორიისა და ენათმეცნიერების სხვა საკითხებზე მიძღვნილი სპეციალური ნაშრომებიდან აღსანიშნავია ალექსანდრე ღლონტის (1988), ბესარიონ ჯორბენაძის (1986), ქეთევან გოდერძიშვილის (2012), ნინო გურგენიძის (2013) და სხვათა ნაშრომები. მოძიებული უამრავი რაოდენობის ტოპონიმების სრულყოფილი შესწავლის მიზნით ხდება მათი კლასიფიკაცია და დაჯგუფება საგნობრივი მიმართების მიხედვით (ჯორბენაძე 1986:19). უკვე გამოქვეყნებულია სხვადასხვა კრებულები ტოპონიმიკის და ონომასტიკის შესახებ (ერთელიშვილი (რედ.) 1976, ფოჩხუა, ჭინჭარაული (რედ.)1980; ჯოჯუა 1976 ; უთურგაიძე (რედ.) 1993; ძიძიგური (რედ.) 1987; აფრიდონიძე და სხვ.2003; ცხადაია (რედ.) 1998; 2004; 2007; 2010; 2011; 2013; 2015; ღლონტი 1971; 1975; 1981;1982; 1987; 1990; 1988; 1993; 1995; აფრიდონიძე (რედ.) 2017) და ცალკეულ ავტორთა სტატია-მონოგრაფიები, რომელთა ნაწილს შევეხებით თემასთან დაკავშირებით.

ახუთის თემი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ქალაქ ჩხოროწყუს აღმოსავლეთით, მდ. ზანასა და ოწყარეს ხეობაში. ახუთის დასავლეთი საზღვარია ქვედა ჩხოროწყუსა და ლესიჭინეს თემი, ჩრდილოეთით ქალაქი ჩხოროწყუ და ნაკიანი, აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით კი ლესიჭინეს და სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს თემი. ახუთი შედგება მონგირის და ახუთის უბნისაგან. ახუთი ზღვის დონიდან 180 მეტრზე მდებარეობს. 1859-60 წლების კამერალური აღწერით ახუთი, ლეგერსამე, სავეკუო ცალკე სოფლებადაა დასახელებული. ახუთს ადრე საღებო-სამღებრო ერქვა. ოდიშ-ლეჩხუმის დავით დადიანისეული დაყოფით ახუთი, სავეკუო და ლეგერსამე ჯვრის მაზრაში, ხოლო 1886 წლის კომლობრივი აღწერით ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წელს ჩხოროწყუს რაიონის შექმნა დროებითად ჩაითვალა და გადაწყვიტეს მომავალში ზუგდიდისა და სენაკის მაზრის გაერთიანების შედეგად ეწოდოს ახუთის რაიონი. მაგრამ 1930 წელს გამოქვეყნებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კვლავ ჩხოროწყუს რაიონი დარჩა (ცხადაია 2008:15-17).


ახუთის სახელის წარმოშობას ხალხური თქმულების ერთი ვარიანტით ხუთი ძმა ჯაიანს ტყეში გზა არევიათ, მერე ხუთივეს ერთმანეთი რომ უპოვიათ, აქ ტყე გაუკაფავთ და დასახლებულან. მეორე ვარიანტით ჯაიანების გვარიდან ვინმე ახუ, თავისი დიდი ოჯახით აქ დასახლებულა და ამიტომ შეურქმევიათ ახუს თი, ახუთი (ელიავა და სხვ. 1983:45). მესამე ვარიანტით ახუთი ნიშნავს „თავში მოვიწროებულ დახშულ ვიწრობს, მთებით გარშემორტყმულ ჩავარდნილ ტაფობს“ (ქობალია 2010:54). ამ მოსაზრებას იმოწმებს ვ. შენგელია (2013:207-210) და დ. შავიანიძე (2015:321-328). ო. სოსელიას მიხედვით ჯაიანები მე-15 საუკუნიდან წინაურდებიან, მათი გვარის უხუცესი ყოფილა ცოტნე ჯაიანი. ჩიქვანთა საგვარეულოს გადადიანებიდან ჯაიანები მე-18 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაქვეითებულან. ბ. ჯაიანის „ძველი ამბები“-ს ჩანაწერის მიხედვით შაქარა ჯაიანი მოუკლავთ და სწორედ მისი ძის ხუთი ვაჟი დასახლებულა ახუთის ტერიტორიაზე (სოსელია 1973:295). ამავე ჩანაწერით ხუთმა ძმა ჯაიანმა ხონის გზით აქ მოაღწია და მონანიების მიზნით ააგეს „ა ხუთი ჯაიანის ეკლესია“ (კვირტია 2019:330-331). 1621 წელს შესრულებულ აფხაზეთის საკათალიკოსო გამოსავალი მოსაკრებლების დავთრის მიხედვით, ჯაიანები ჩანან აფხაზეთში სოფელ ჭალაში (ჭლოუ, ოჩამჩირე) (დოლიძე 1970:434). კ. ოკუჯავას აზრით ჭალაში ნახსენები ტოპონიმი ნიჯაიანო უნდა იყოს ნაჯაიანო. მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე აფხაზეთის მთებიდან მოწოლილი ხალხის ჯგუფის გამო მერაბ ჯაიანი მიმართავს კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაასახლოს მისი ოჯახი ჯიქთუბანში (სამტრედია) (ოკუჯავა 2007:166).

უხუთი, იმერუხუთისა და უხუთის თემის ცენტრს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში 23-ე კმ-ზე, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდ. კვინისწყლის (რიონის სისტემა) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. უხუთი დაფიქსირებულია იმერეთის ტოპონიმთა ჩამონათვალში (აფრიდონიძე და სხვ. 2003:14).

შუხუთი მდებარეობს გურიის მხარეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 3-5 კმ-ის მანძილზე, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. სოფელს სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მონაკვეთი ორ უბნად – ზედა და ქვედა შუხუთად ყოფს. შუხუთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ნიგოითი, დასავლეთით ლაშისღელე, სამხრეთით აცანა და ჩრდილოეთით სახნავ-სათესი ფართობები. 2014 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2100 ადამიანი. შუხუთი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. ახ.წ. მე-4-6 საუკუნიდან დაწყებული შემორჩენილია ციხე-ქალაქის, მთავარანგელოზის ეკლესიის და თერმული ტიპის აბანოს ნანგრევები, მოზაიკური იატაკის ნაშთებით და თიხის მილების რთული გაყვანილობით (Закарая, Леквинадзе 1966:120-135). შუხუთის ციხე შედიოდა მე-4-6 საუკუნის ეგრისის სამხრეთ-დასავლეთი თავდაცვითი, სასიმაგრო და სასიგნალო ციხე-სიმაგრეთა სისტემაში, რომელსაც ზოგიერთ სხვა ციხესთან ერთად გვიან შუასაუკუნეებამდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა (მურღულია 2012:45,75-76). შუხუთი წერილობით პირველად მოიხსენიება 1708 წლიდან. 1855 წელს რუსეთ-თურქეთის ყირიმის ომის დროს აქ მოხდა „შუხუთფერდის“ ბრძოლა (მეგრელიძე 1974; ბურჭულაძე 1960).

ოხუთი (აზერბაიჯანულად: Oxud, კირილიცით: Охут). სოფელი ოხუთი მდებარეობს აზერბაიჯანში, კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდ. ქიშჩაის ნაპირზე, ქალაქ შაქის რაიონში, სოფელ გიშის სამხრეთით 6 კმ-ზე. ლ. ჭილაშვილს ოხუთი მეგრულ ტოპონიმად მიაჩნდა. ამიტომ საჭიროა შედარებით ფართო ისტორიულ ჭრილში განვიხილოთ.

მე-19 საუკუნეში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ შაქის სახანო პროვინციად გადაკეთდა. მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან რუსულ წყაროებში ოხუთი უფრო ხშირად მოხსენებულია როგორც „Охут“ (Кавказский календарь 1856:343). 1848-1859 წლებში ოხუთი შედიოდა შაქის გუბერნიის გიუნეთის მაჰალაში, შემდე კი გარდაიქმნა ბაქოს, ხოლო 1867 წლიდან ელიზავეტაპოლის გუბერნიად. 1880 წელს კოხმუხთან ერთად შეიქმნა ოხუთის სასოფლო საბჭო, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აერთიანებდა ხუთ სოფელს (ოხუთი, ყარაბულაღი, გიში, ბალტალა, კაინარი). 1930 წლიდან ოხუთი შედიოდა ნუხის რაიონში, რომელიც 1969 წელს გადაკეთდა შაქის რაიონად. 1961 წლიდან ოხუთის სასოფლო საბჭოში შედიოდა ოხუთი, კოხმუხი, ბალტალი, გიში, ხოლო 1977 წლიდან კი შაქის რაიონის შემადგენლობაში მხოლოდ ოხუთი და კოხმუხი დარჩა. 2009 წლის აზერბაიჯანის საყოველთაო აღწერით ოხუთში ცხოვრობდა 4825 მოსახლე. ჩამოთვლილი პუნქტები წარმოადგენენ ყოფილი ჰერეთის აღმოსავლეთ ნაწილს (საინგილო). საინგილო დღევანდელი კახის, ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებით საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს წარმოადგენდა და 1921 წელს ამიერკავკასიის გასაბჭოების შემდეგ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფალთა შეთანხმებით 3984 მ² ფართობი აზერბაიჯანის საზღვრებში აღმოჩნდა. ტერმინი ინგილო მიჩნეულია მე-19 საუკუნეში წარმოშობილად და ერთ-ერთი ვარიანტით ახალ რჯულშეცვლილს ნიშნავს, როცა ქართველთა ნაწილმა იძულებით რჯული შეიცვალა.

იბერიისა და ალბანეთის პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ურთიერთობის შესახებ მრავალი სამეცნიერო ნაშრომი არსებობს, მაგრამ მათგან გამოვყოფდით მიტროპოლიტ ა. ჯაფარიძის მონოგრაფიას, სადაც პლინიუსის მიხედვით მათ შორის ანტიკურ დროში საზღვარი გადიოდა მდ. ალიჯანჩაიზე ანუ ოკაზანზე გიშისწყლამდე. (ჯაფარიძე 2022:114). შემდგომ მათ შორის საზღვარი იცვლებოდა პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით. მე-11 საუკუნის 20-იან წლებში კახთა მეფემ კვირიკე III ჰერეთი დაიბრუნა და კახთა და რანთა სამეფოდ ჩამოყალიბდა. მე-15 საუკუნიდან ერთიანი საქართველოს დაშლისა და ირანის დაპყრობითი ომების შემდეგ, ჰერეთში ჩამოყალიბადა ალის სასულთნო და მარტო კახეთი დარჩა. ჰერეთი სხვადასხვა სახელებით არის ცნობილი. ქართულში ჰერეთ-რანის, არაბულ წყაროებში მოხსნებულია შაქის, სომხურში – ალუან-გვანკის, ბიზანტიურში ალუანის სახელით. მე-18 საუკუნის შემდგომ საინგილოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული კუთვნილება საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობამ გადაწყვიტა.

კახეთისა და მიმდებარე საინგილოს ტერიტორიების მაგალითზე ლ. ჭილაშვილმა გაანალიზა მთისა და ბარის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურულ-იდეოლოგიური საკითხები. მისი აზრით ეს ურთიერთობა სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი გრძელდებოდა ადრე ბრინჯაოს ხანიდან ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე. ქრისტიანობის საბაბით ბარის მთაზე ძლიერი პოლიტიკური და კულტურულ გავლენით მთისწინეთსა და ხევებში აღმოცენებული ქალაქები და მსხვილი დასახლებები საეკლესიო მისიონერულ ცენტრებად იქცნენ. ასეთები იყვნენ ნათლისმცემელი, ნეკრესი, გავაზი, არეში, ლაკვისტი, მაჭი, ბოსტან ქალაქი, რუსთავი, კაკი, გიში. მეორე ეტაპზე ამიერკავკასიისა და მთის მნიშვნელოვანი ნაწილი ძლიერი ქართული ფეოდალური მონარქიის შემადგენლობაში შედიოდა ან ყმადნაფიცი იყო (ჭილაშვილი 1980:14-28). ავტორი ასევე იმოწმებს დაღესტნელი მკვლევარის აზრსაც, რომლის მიხედვით აქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგად ქართულმა სახელმწიფომ მთის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურად აითვისა და ქართული კულტურა და დამწერლობა გაავრცელა (Атаев 1963:196-214). მთისა და ბარის ურთიერთობის მესამე ეტაპი ემთხვევა ჯერ ირანის და შემდგომ რუსეთის აგრესიულ, დაპყრობით პოლიტიკას, რომლის შედეგად მთის გარკვეული ნაწილი გადაემტერა ქართლ-კახეთის ბარს. ამიტომ ბელაქნის, კატეხის, მუხახის, ქურმუხის ხეობებში საჭირო გახდა ახალი გამაგრებების აშენება და გასასვლელების ჩაკეტვა. ასეთ ვითარებაში ზოგი ძველი ცენტრი დასუსტდა და ახალი დაწინაურდა, მაგალითად გრემი (ჭილაშვილი 1980:33-40).

არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ ადრე შუასაუკუნეებში გაღმა კახეთის მთისწინეთში ყალიბდებიან სარწყავი სისტემით უზრუნველყოფილი, საეკლესიო ეპარქიებზე მიბმული სამიწათმოქმედო ერთეულები. აქ ასეთი სიახლეები ჩანს მე-4-6 საუკუნეებიდან ინწობა-მაჭის, ბელაქანის, კატეხის, მუხახის, ქურმუხის და გიშის ხევებში, სადაც დადასტურებულია მნიშვნელოვანი ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები (Чубинашвили 1959:226; ჭილაშვილი1980:94-96). აქედან ყველაზე ცნობილია გიშის ეკლესია. დღეს უკვე ალბანური კულტურის ძეგლად გამოცხადებული გიშის ეკლესიის მოკლე ისტორია ასეთია. სომხური ვერსიით პირველი საუკუნეებიდან გიშის ქრისტიანული ეკლესიის დაარსება წმინდა ელისეს მიეწერება, შედეგ აქ უმოღვაწია მესროპ მაშტოცს (Каганкатватци 1861:7). ვახუშტის მიხედვით „გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა და ეკლესია დიდი გუმბათიანი, იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი ელისენის, წუქეთისა, შაკიხისა…“ (ქც IV:539). სპეციალისტები გიშის მშენებლობა-აღდგენის ორ ეტაპს გამოყოფენ. მე-6-11 საუკუნეში ქართულს და მე-19 საუკუნეში სომხურს. ხახანაშვილის ცნობით მე-19 საუკუნეში ეკლესიის გუმბათი სომხებს გადაუკეთებიათ და თავიანთ სალოცავად გაუხდიათ (Хаханов 1897:30). მე-7 საუკუნეში ქართლის მეფე არჩილის მიერ შედგენილი რიგითობის სიით გიშის ეპისკოპოსისთვის გამოყოფილი იყო მე-13-ე ადგილი (ჭიჭინაძე, ელ-სტატია). „განგება დარბაზობისა“-ს მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთა შორის გიშელი რიგით 35-ე იყო (მუსხელიშვილი 1978:173).

ლ. ჭილაშვილი ადრე შუასაუკუნეებიდან მოყოლებული მიმოიხილავს ჰერეთ-საინგილოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას და დაწვრილებით განიხილავს იქ არსებულ ტოპონიმებს. ასეთებად მიიჩნევს ჩრდილოეთ კავკასიური და ქართულისთვის დამახასიათებელ ხი დაბოლოებიან და უდავოდ ქართულ ტოპონიმებს ნასოფლარ ზანას და საკენს კაკის რაიონში, აზნაურის ჩრდილოეთით ადგილ ჩოჩხალუს, დადიანის მთას, წერეთლის ტახტს, ვაშლოვანს, ხოლო ლეკითი, ლაქითი და ლექართის მოშველიებით არ გამორიცხავდა აქ ადრე ზანური-მეგრული ფენის არსებობას. ოხუთი ლ. ჭილაშვილს მეგრულ ტოპონიმად მიაჩნდა, გამოყოფდა რა -ს ქართულ სა-ს დარ წინსართად. ამ მოსაზრებას ამაგრებდა ტოპონიმებით ა-ხუთი, შუ-ხუთი და ლანჩ-ხუთი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ტოპონიმ ოხუთის მეგრულობას, მაგრამ ვერ დავეთანხმებით ავტორს მოხმობილი პარალელებიდან ასე დამაჯერებლად წინსართების გამოყოფაში. ამასთანავე საყურადღებოა ავტორის მოსაზრება ღვთაება კოპალადან ალბანური კაბალას წარმომავლობის შესახებ (ჭილაშვილი 1980:24-27,197,201-202). ტოპონიმ ოხუთის ქართულობის ჭილაშვილისეულ მოსაზრებასთან ერთად ჩვენ შევეხებით გ. გეიბულაევისა და ა. ომარაშვილის მონოგრაფიებს, რომლებშიც ძვ.წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევრიდან მოყოლებული განხილულია ალბანეთ-აზერბაიჯანისა და ჰერეთ-სანგილოს ისტორია-ონომასტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. სამწუხაროდ გ. გეიბულაევის აზერბაიჯანის ისტორია-ტოპონიმიკისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში ოხუთი საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმულ ცალკეულ ტენდენციურ შეფასებებს ამჯერად არ განვიხილავთ (Гейбулаев 1986). ა. ომარაშვილი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ჰერეთ-საინგილოს ისტორია-ტოპონიმიკაზე, თუმცა სამწუხაროდ სხვა ტოპონიმების გვერდით ოხუთი მე-19 საუკუნემდე არ ჩანს. ავტორი ოხუთზე სავარაუდოდ იმეორებს ლ. ჭილაშვილის მოსაზრებას და პარალელებად იგივე მაგალითები მოჰყავს (ომარაშვილი 2017:232).

ხუთი (რუსულად Хуты, ან Хути, ლაკურად Ххут). სოფელი ხუთი მდებარეობს დაღესტნის რესპუბლიკაში, ლაკის რაიონში, ხურინის სოფლის საბჭოს შემადგენლობაში, ყაზიყუმუყის ყოისუს, მდინარე ხუტრალნეხის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ყუმუხიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1750 მ. სიმაღლეზე. ხუთის სოფლის საბჭო ჩამოყალიბდა 1921 წელს ყაზიყუმუყის ოლქის მუღარის ნაწილში. 1922 წლიდან იგი ლაკის ოლქში შედიოდა, რომელიც გაუქმდა 1928 წელს. 1973 წლიდან ხუთი შედის ხურინის სოფლის საბჭოში. ხუთი ნიშნავს მეხუთე სოფელს ყუმუყიდან. გადმოცემით მე 9-10 საუკუნეებში ისლამის გავრცელებისას აული დაუარსებია იემენელ არაბებს (Булатгаджиевна 2008).

ხუთი, ხუთის მთები მდებარეობს ისტორიული დიდ სომხეთის ტურიბერანის პროვინციაში, თანამედროვე თურქეთში, ბითლისის ჩრდილო-დასავლეთით. ხუთი მთაგორიანი, ტყიანი ძნელად შესაღწევი ტერიტორია, სადაც ცხოვრობდა უხეშ, გაუგებარ ენაზე მოსაუბრე, მრისხანე ზნის, დაუმორჩილებელი და თავისუფლების მოყვარე ხალხი. ასეთი ხასიათის გამო მათ ეძახდნენ ხუთებს, რომელთა სახელი მთებზეც გადავიდა. ხუთ ნიშნავს წინაღობას, დაბრკოლებას, დაბრკოლების ლოდს (Мелик-Оганджанян 2006:66). ტერიტორია ბაგრატ ბაგრატუნის მეფობის დროს (826-851 წლები) შედიოდა ტარონის სათავადოში. 851 წელს ბაგრატის ძმისშვილის ოვნანან ხუთელის მეთაურობით აჯანყდნენ არაბთა ხალიფის ნაცვლის ჰუსეინ იბნ მუჰამედის წინააღმდეგ, რომელიც შეიპყრეს და მოკლეს. სომხური ენის კლასიფიკაციით ჯერ კიდევ სტეფანოს სივნიელმა გამოყო ქორჩაული, ტაიური, ხუთის, მეოთხე სომხური, სპერის, სიუნის და არცახის დიალექტები (Мелик-Оганджанян 2006).

შუხუთი (Şuhut ოტომან-თურქულად شهود Şuhūd). ჩვენი აზრით თურქული ჰ ქართულად ხ-თი უნდა გადმოიცეს. ქალაქი შუხუთი მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში აფიონყარაჰისარის პროვინციაში, ზღვის დონიდან 1151 მეტრზე. შუხუთის რაიონი (თურქ. ილჩე), რაიონული ცენტრის გარდა შედგება ექვსი საქალაქო და 31 სასოფლო დასახლებისაგან, რომლის ფართობია 983 კმ²-ია. 2000 წლის აღწერით შუხუთის რაიონის 39.421 მოსახლიდან 12.625 ცხოვრობს ქალაქ შუხუთში.

ძვ.წ. მეორე-პირველი ათასწლეულის მიჯნიდან დღევანდელ შუხუთის ადგილზე იყო ქალაქური დასახლება Synnada, რომელსაც ბერძნულ-რომაული ეპოქიდან ახსენებენ პლატონი, პლინიუსი, ციცერონი. აღსანიშნავია რომ შუხუთის ჩრდილო დასავლეთით, 29 კმ-ში მდებარეობს აფიონყარაჰისის პროვინცია. იგი ცნობილი იყო იისფერ ლაქიანი და ძარღვებიანი თეთრი მარმარილოს კარიერებით, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენებოდა ბერძნულ-რომაულ სამშენებლო არქიტექტურაში იმპერატორების ავგუსტუსის, ტრაიანეს, ადრიანეს ზეობის დროს სვეტების, კედლებისა და იატაკის მოპირკეთებაში. მარმარილოს ეს ჯიში ცნობილი იყო Domician lapis სახელით. იმპერატორების სახელზე მოჭრილ მონეტებზე ყაყაჩოს გამოსახულება მიანიშნებს აქ ოპიუმის ფართო წარმოებაზე. დღევანდელი აფიონყარაჰისარს წერილობითი წყაროებით ხეთების სამეფოს შემადგენლობაში Hapanuva, ბიზანტიელთა მმართველობაში Akroion, ხოლო 710 წლიდან ბიზანტიელების არაბებზე გამარჯვების აღსანიშნად Nikopolis-გამარჯვების ქალაქი დაერქვა. შემდეგ ვითარება შეიცვალა და 1071 წლიდან ბიზანტიელებზე ოსმალების გამარჯვების შემდეგ ჯერ Karahisar, ხოლო 2004 წლიდან თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით შემოკლებული აფიონის ნაცვლად დაერქვა Afyonkarahisar, რაც ოპიუმის შავ ციხეს ნიშნავს (Eyice 1973:303-307).

გადმოცემით დღევანდელი შუხუთის ადგილზე ძვ.წ. 1180 წელს Synnada ტროას ომის მონაწილე ფრიგიელმა აკამასმა დააარსა. რომაულ ეპოქაში ეს ადგილი მარმარილოს კარიერების წარმოებით დაწინაურებული, გამაგრებული ქალაქი იყო. ბოლოს ანატოლიასა და ბიზანტიაზე ოსმალეთის საბოლოო გაბატონების შემდგომ დაიწყო ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ისლამიზაცია, ქალაქებისა და დასახლებების სახელების თურქულ ლექსიკაზე მორგება ან გადარქმევა. ვარაუდობენ, რომ 1219 წლის მოვლენებთან დაკავშირებით Synnada-ს შუხუთი დაერქვა ცენტრალური აზიის სამხრეთიდან ადრე დაძრული თურქმანული მომთაბარე მეცხვარეების ერთ-ერთი შტოს აკინის ტომის ჯარისკაცის შეიხ ომარ ეფენდი შუჰუდის სახელის მიხედვით (Mitchell 2015).
მთა უხუდი (არაბულად: جَبَل أُحُد, ლათინურად: Jabal Uḥud). წმინდა მთა საუდის არაბეთში, ქალაქ მედინიდან ჩრდილოეთით 5 კმ-ში, ზღვის დონიდან 1077 მეტრზე მდებარეობს. დღეს უხუდის მთა შედის ქალაქის მონახაზში და პირველ რიგში ცნობილია იმით, რომ აქ მთისწინა ხეობაში 625 წლის 23 მარტს გაიმართა მეორე ბრძოლა წინასწარმეტყველ მუჰამედის მიმდევარ მედინას მუსულმანებსა და ყურაიშ მექელებს შორის აბუ სუფიან იბნ ჰარბის ხელმძღვანელობით. მექელებს, წინა 624 წელს ბადრის ბრძოლაში მარცხის გამო, სურდათ რევანში. მუსულმანები რიცხობრივად მეტნი იყვნენ, თავიდან უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მათმა ნაწილმა იჩქარა და დამარცხდნენ. მუჰამედი დაიჭრა, მისი 70 თანამებრძოლი და ბიძა ჰამზა იბნ აბ ალ მუთალიბი ბრძოლის ველზე დაეცა. გამარჯვებულებმა არ სდიეს დამარცხებულებს, დაბრუნდნენ მექაში და თავიანთი პირველი და უკანასკნელი გამარჯვება გამოაცხადეს. ამ ბრძოლას მუჰამედის მიმდევრებში თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს სპეციალურად შექმნილი უხუდის რაიონი ისლამის მიმდევრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ უხუდის მეჩეთთან ერთად არის უხუდის ბრძოლის 70 წამებულთა მემორიალური სასაფლაო, რომელთა სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი ჩამოდის და ასევე იმართება შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში. არაბულ სამყაროში სახელ უხუდს სხვადასხვა სპორტული გუნდი ატარებს. მთის სახელწოდებაზე, რომელსაც ამ ბრძოლამდე ანქადი ერქვა, სამი თქმულება არსებობს: 1. უხუდი არაბულად ნიშნავს „ერთს“და მიუთითებს ალაჰის ერთიანობაზე; 2. თავისი გეოლოგიური აგებულებით, სხვადასხვა წიაღისეულის სიმდიდრითა და დანარჩენი მთებისგან განცალკევებულობით აღნიშნავს მთის უნიკალურობას; 3. მთაზე ცხოვრობდა ვინმე ბუმბერაზი უხუდი (იხილეთ ვებ-გვერდი: https://thepilgrim.co/mount-uhud/).

დისკუსია

ჩვენ შევეცადეთ მოკლედ გადმოგვეცა თითოეული განხილული ტოპონიმის გარშემო არსებული ცნობები და მკვლევართა შეხედულებები, რაც გაადვილებს მათ შორის არსებული საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფას. განხილული ტოპონიმებიდან სამი: ახუთი, შუხუთი და უხუთი სამეგრელო, გურია, იმერეთის რეგიონში მდებარეობს და მოქცეულია უფრო ადრეული კოლხური კულტურის არეალში. საქართველოში მოძიებულ – შესწავლილი ათიათასობით ტოპონიმიდან მათ ანალოგი არ ეძებნებათ და არათუ მათ წარმომავლობაზე, არამედ მაწარმოებელ ბოლოსართებზეც ერთიანი აზრი არ არსებობს. ამიტომ სასურველია თვალი გადავავლოთ ამ საკითხზე მკვლევართა მოსაზრებებს. ა. შანიძეს ეთ ბოლოსართი, ით ვარიანტთან ერთად (სა თავსართის გაძლიერებით) გეოგრაფიულ, საზოგადო, ტომობრივ-ეთნიკურ, მხარეების და „საიქიო“ სახელების მაწარმოებელ ყველაზე გავრცელებულ ბოლოსართად მიაჩნდა (შანიძე 1980:138-139 . ეთ-ის მეგრულ ვარიანტად ათ მიიჩნია ჰ. ფენრიხმა და ზ. სარჯველაძემ (ფენრიხი, სარჯველაძე 2000:12). ი. ყიფშიძე თი-ს გამოყოფდა ოჯახის, სახლის, გვარის, მეთაურის კუთვნილების აღმნიშვნელ ბოლოსართად (ყიფშიძე 1994:124-125,136-137). თანხმოვნიან ბოლოსართის წარმოქმნასა და დანიშნულებაზე აზრი გამოთქვეს მ. ბროსემ, ნ. მარმა, ვ. დონდუამ, ვ. თოფურიამ და საერთო შეხედულებით ეთ და მისი ვარიანტები ით, ოთ, უთ გეოგრაფიულ სახელთა უძველესი მაწარმოებელია და თავიდან გამოხატავდნენ მრავლობითის კრებითობას (ზურაბიშვილი 1961:144). ს. ჯანაშიას ათი, ეთი, ითი, ოთი, უთი დაბოლოებებში ძირეულად მიაჩნდა და მეგრულ თი-სთან აკავშირებდა, ხოლო თა წარმოადგენდა მრავლობითი რიცხვის ნათესაობითი ბრუნვის დაბოლოებას (ჯანაშია 1959:152). ზ. ჭუმბურიძის აზრით ტოპონიმში თეკლათი გამოიყოფა არა თი, არამედ მრავლობითობის ნიშანი , რომელიც განსხვავებულად შეიძლება დაფიქსირდეს ეთ და მისი ვარიანტების სუფიქსებით (ჭუმბურიძე 1987:414-415). სათანადო მაგალითებით მსგავსი აზრია გატარებული მ. ბერიძის მიერ (1992:61). სპეციალისტთა ერთ ჯგუფს ათ მიაჩნია ეთ-ის ზანურ შესატყვისად და ერთი რიგის გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებლად (ქირია და სხვ. 2015:190; კეკუა 2021:235), ხოლო ტოპონიმებში ბობოყვა-თ-ი, ბობო-თ-ი, შუხუ-თ-ი, ათ, ოთ, უთ სუფიქსების გამოყოფა პრობლემურად (ჯორბენაძე და სხვ. 1988:183). რ. ძნელაძის აზრით, ადრე ი. მეგრელაძის მიერ მოძიებულ ათ ბოლოსართიანი ტოპონიმები (Мегреладзе 1938:68-72) ცალ-ცალკეა განსახილველი, თუმცა უმეტესობა ანთროპონიმებია. გურიაში ეთ ბოლოსართიანი ტოპონიმები 90-მდეა, გვარ-სახელებში ზემო აჭარაშიც გვხვდება. ათ ბოლოსართიანი ტოპონიმები გურიაში 70-მდეა, იმერეთში ამდენივე, ხოლო ეთ ბოლოსართიანი იმერეთში ორჯერ მეტია. რ. ძნელაძის დასკვნით ოთ/უთ სართიანი ტოპონიმებიდან გურიაში ფოლოთი (საძოვარი) მდებარეობს ჩოხატაურში, ქაქუთი ოზურგეთში, ხოლო ჯოხოთი/ჯუხუთი (სახნავი), ზრუგუთი, შუხუთი, ლანჩხუთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. გურიაში ეთ, ათ, ით, ოთ, უთ დაბოლოებიანი ადგილის სახელებში ძირითადი მაწარმოებელი უნდა იყოს და უმეტესობა უკავშირდება მეგრულ -ს (ძნელაძე 2005:72-76). ნ. ახვლედიანის ძიებით აჭარაში ეთ/ათ ბოლოსართიანი ტოპონიმები მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. (ახვლედიანი 2021:193-194). ამავე საკითხზე მსჯელობისას ი. კეკელია (2012:27), რომელსაც ეთანხმება ნ. სულავა (2016:61), ტოპონიმში თეკლათი გამოყოფს თი ბოლოკიდურს. ოთ, უთ დაბოლოებიან ტოპონიმებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ ფოთი დამოწმებულია 1616-1639 წლების ცნობებში (დოლიძე 1970:500). ხოლო ფუთი ნიკორწმინდის მე-11 საუკუნის სიგელითა, და მე-8 და მე-12 საუკუნის სომეხი და სირიელი ისტორიკოსის ღევონდისა და მიქელ ასურის შრომებში მოტანილი ცნობით არის ეგრისის დედაქალაქი (ჯავახიშვილი 1983:51-52). ს. კეკუა ამასთან კავშირში მიუთითებს სეხნია ტოპონიმს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ ფუთს (2021:212). მიტროპოლიტ ა. ჯაფარიძის აზრით ღევონდის მიერ ნახსენებ ფუთში იგულისხმება ტრაპეზუნტის დასავლეთით მდებარე ზღვისპირა ქალაქი ფადისა (ფათისა) ფათი, სადაც ლაზ-მეგრელები ცხოვრობდნენ (ჯაფარიძე 2017). ფუთის მდებარეობაზე განსხვავებული აზრის არსებობის მიუხედავად, მე-8 საუკუნე შესაძლოა უთ დაბოლოებიანი ტოპონიმის დაფიქსირების ყველაზე ძველი ცნობა იყოს. აღსანიშნავია, რომ სხვა ავტორებისაგან განსხვავებით, გურიის სოფლის სახელ შუხუთის ეტიმოლოგია სცადა მ. ჩუხუამ. მისი აზრით შუხუ-თ-ის ამოსავალია საერთო ქართველური “სუხუ”, ქართული სოხვი-ჭლაკვი, უთავო ხახვი, ზანური შუხუ, რომელთაც ეხმიანება საერთო სინდური სუახ და აბაზური შუხჳ (სტაფილო) (ჩუხუა 2017:349). ახუთის შინაარსთან მიმართებაში საინტერესოა ხობის მუნიციპალიტეტის ბულიწყუს თემის საკრებულოს სოფ. საკვიკვინიოში მაღლობის ფერდობიანი ტერიტორია ჯახუთი, რომელიც ხალხური ეტიმოლოგიით თითქოს ხუთ ხეს ნიშნავს (ჯა ხუთი), მაგრამ უფრო სარწმუნოა პ. ცხადაიას მოსაზრება მისი პირსახელისადმი ჯახუ + თი კუთვნილების შესახებ. სახელი ჯახუ საკმაოდ აქტიური ჩანს ახალ ხიბულის საკრებულოს სოფ. ზუბში და საადამიოში გამდინარე ჯახუშ ღალ (ღელე) და ჯახუშ ღალიშ წყურგილის სახით (ცხადაია 2007:39,51,86). ტოპონიმ ახუთ-უხუთის ეტიმოლოგიის ძიებაში შეიძლება გამოდგეს აფხაზური სიტყვა ა-ხუთა, რომელიც წილს, ხვედრს ნიშნავს. “უარა უხუთა არბან”?- შენი წილი რომელია? (ჯანაშია 1954).

საკითხთან მიმართებაში საინტერესოა ორიოდე მაგალითი მასმედიიდანაც. სოფელ ვედიკარის (მარტვილი) ჩაის საბჭოთა მეურნეობის ბრიგადირს მუხუთი დარციმელიას მიენიჭა მესამე ხარისხის შრომის დიდების ორდენი (გაზეთი კომუნისტი 15.03.1981:3).ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის გაჭიანურებულ მშენებლობაზე აზრი გამოუთქვამს თურქეთის პარლამენტის ოპოზიციური პარტიის წევრს ენსარ ოხუთს (ბაქრაძე 2013). ოხუთი მუსლიმანურ სამყაროში გავრცელებული გვარი ჩანს. დაღესტნის აულ ხუთის რიცხვითი სახელი დამოუკიდებლად ეხმიანება ახუთზე თქმულების პირველ ვარიანტს. ეთნონიმისა და მთის სახელი ხუთ/ხუთების შესატყვისად მიგვაჩნია ქართული ზმნა ხუთვა, რომელიც განმარტებულია ჰაერის, სხეულის (მუხლის) და სიძუნწის (ჯამაგირს ხუთავს) აღსანიშნად (ჩიქობავა 1964:1518). თურქული ქალაქის შუხუთ/შუხუდის სავარაუდო მნიშვნელობა განმარტებულია, როგორც მზრუნველი, გამომძიებელი, გაბედული (Suhut-Afyonkarahisar valiligi…), თუმცა ომარ ეფენდის წოდების მიხედვით (შეიხ), როგორც ჩანს ოსმალურ ჯარში ის იყო ისლამის მაღალი რანგის სასულიერო, მისაბაძი პირი. ამასთანავე არაბულად შაჰიდ/შაჰედ, მრავლობითში შუჰადა, მდედრობითი შაჰიდა ნიშნავს მოწმეებს და ისლამურ რელიგიაში მოწამესაც (არაბულად: شهيد, šahīd). სუფიური მოძღვრებით კი სულის ოთხი მდგომარეობიდან შუჰუდი ეწოდება მეოთხე უმაღლეს-რეალიზებულ სიყვარულს (Инайят Хан 2016).

დასკვნა

ჩვენს მიერ ასეთ ფართო არეალში განხილულ საინტერესო ტოპონიმებზე მეტ- ნაკლებად გარკვეული აზრია გამოთქმული, მაგრამ მათი ნაწილის შინაარსი მაინც ბუნდოვანია. სამწუხაროდ განხილულ ტოპონიმების ეტიმოლოგიაზე არც ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი მოსაზრება და ამჯერად მხოლოდ გარკვეული მინიშნებებით დავკმაყოფილდით. გარკვეული ფონეტიკური მსგავსების მიუხედავად, განხილული ტოპონიმების შესწავლა ცალ-ცალკე უნდა გაგრძელდეს და შესაძლოა რომელიმე მათგანს შორის გარკვეული შესატყვისობა დადგინდეს.


ლიტერატურა:


ასათიანი შ. 1993. სტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ონომასტიკა ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში. გ.პაიჭაძე (რედ.), საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება.

აფრიდონიძე, შ. ჯოჯუა, ვ., კემულარია, მ. 2003 . საქართველოს ტოპონიმია, ტ. III. ქვემო იმერეთი. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აფრიდონიძე, შ. (რედ) 2017 . ქართველური ონომასტიკა, ტ.VIII. თბილისი: უნივერსალი.

ახვლედიანი, ნ. 2021. (რედ) 2017. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტოპონიმია. რ. მალაყმაძე (რედ.) შრომები XV. გვ.193-214. ბათუმი: შოთა რუსთავერლის სახლემწიტო უნივერსიტეტი.

ბალასანიანი, მ. 2016 . სამცხე-ჯავახეთის ტოპონიმია და მისი მიმდებარე ტერიტორია სომხეთის ტოპონიმიის ხუთტომეულის“ მიხედვით. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ნაშრომი ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.

ბაქრაძე, ე. 2013 . მუდმივი გაურკვევლობა ბაქო-თბილისი-ყარსზე.https://for.ge/index.php/view/22290/mudmivi-gaurkvevloba-baqo-Tbilisi-yarsze.html

ბაკურაძე, დ. 2000. ვახუშტ ბატონიშვილთან დადასტურებული ტოპონიმები დღევანდელი მონაცემების მიხედვით. ქართველური მემკვიდრეობა IV. ქუთაისი

ბედოშვილი, გ. 2002. ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი ტ. I, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ბედოშვილი, გ. 2013. ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი.

ბერიძე, მ. 1992. ჯავახეთი (ტოპონიმიური ანალიზი). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ბერძენიშვილი, 2010. ბერძენიშვილი, 2010. საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში (საქართველოს ისტორიული ტოპონიმიკის კორპუსი). ტ. II. თბილისი: უნივერსალი.

ბუაჩიძე ზ. 2019ბ . „ლიხის ქედის გადასასვლელები“, ხარაგაულის ქრონიკები. ქუთაისი, 84-87.

ბურჭულაძე, ე. 1960. ყირიმის ომი და საქართველო. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

გამყრელიძე, გ. მინდორაშვილი დ. ბრაგვაძე ზ. კვაჭაძე მ. 2013. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

გეგეშიძე, მ. 1987. ჰოდრონიმული წარმოშობის ქართული ტოპონიმები, შ.ძიძიგური (რედ.)ონომასტიკა I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტი.

გოდერძიშვილი, თ. 2012. ქართველური ანთროპონიმიკის ძირითადი საკითხები. თბილისი: უნივერსალი.

გურგენიძე, ნ. 2013. ოიკონიმია როგორც ტოპონიმიის სახეობა და მისი სტრუქტურა სემანტიკის თავისებურებანი ფრანგულ და ქართულ ენებში. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტი ევროპეისტიკის დეპარტამენტი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია.

დოლიძე, ი. (რედ.) 1970. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 3. (საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.) თბილისი: მეცნიერება.

ელიავა, გ. ფარულავა, გ. შენგელია., გ. 1983.. ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი. თბილისი: ხელოვნება

ელიავა, გ. 2022. სამეგრელო ტოპონიმიკური ატლასი. თბილისი: არტანუჯი.

ერთელიშვილი, ფ. (რედ). 1976. ტოპონიმიკა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ვაჭარაძე, ა, კლდიაშვილი, გ. 2021 . საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში. https://idfi.ge/ge/soviet_totalitarian_toponymy_in_georgia.

ზურაბიშვილი, თ. 1961. ტოპონიმიკის შესწავლისათვის, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები. ტ. II. თბილისი:მეცნიერება.

კეკუა, ს. 2021. ოდიშ-აფხაზეთის ონომასტიკა ისტორიულ-საეკლესიო საბუთების მიხედვით. თბილისი: უნივერსალი.

კეკელია, ი., ოდიშარია, დ. 2012. . სენაკის რაიონის დასახლებული პუნქტების სახელწოდებები. ქუთაისი: ფაზისის საერო კადემია.

კომუნისტი – გაზეთი. 15 მარტი,1981.

კვირტია, მ. 2019. გაზეთი ილორი, 12 თბერვალი, #444(503):11.

მეგრელიძე, შ. 1974. საქართველო აღმოსავლეთის ომებში : (ქართველი და რუსი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის. თბილისი: მეცნიერება.

მურღულია, ნ. 2012. ეგრისის სამეფოს გამაგრების სისტემა IV-VI საუკუნეებში (არქეოლოგოური მასალებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით). საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ფაკულტეტი სადისერტაციო ნაშრომი არქეოლოგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.

მუსხელიშვილი, დ. 1978. გიშის ეკლესია. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. III, ირ. აბაშიძე (რედ.) თბილისი: მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

ოკუჯავა, კ. 2007. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია XVII საუკუნეში. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე. ჯ. გამახარია (რედ). თბილისი: ინტელექტი.

ომარაშვილი, ა. 2017. საინგილოს ონომასტიკა. თბილისი: საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა.

სოსელია, ო. 1973.. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოცილურ-პოლიტიკურ ისტორიიდან (სათავადოები). თბილისი:მეცნიერება.

სულავა, ნ. 2016 . სენაკის მუნიციპალიტეტის ტოპონიმია (სტრუქტურულ-სემანტიკური და ფონეტიკური ანალიზი. სადოქტორო დისერტაცია. თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

უთურგაიძე, თ. (რედ.) 1993.. ტოპონიმიკური კრებული. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ფენრიხი, ჰ. სარჯველაძე ზ. 2000. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ფოჩხუა, ბ., ჭიჭარაული ალ. 1980. ტოპონიმიკა, ტ. II. ძიძიგური, შ. (საერთო რედ.).თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ქართლის ცხოვრება ტ. I. ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ლეონტი მროველი. ს. ყაუხჩიშვილის (რედ.) 1955. თბილისი: სახელგამი.

ქართლის ცხოვრება ტ. IV. ვახუშტი ბაგრატიონი აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ს. ყაუხჩიშვილი (რედ.)1973. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ქირია, ჭ. 2015. „ლაზურ-მეგრული გრამატიკა: მორფოლოგია, ტომი I. თბილისი: მერიდიანი.

ქობალია, ა. 2010. „მეგრული ლექსიკონი. თბილისი: არტანუჯი.

ღლონტი, ალ. 1988. „ქართული ლექსიკოლოგიის საფუძვლები. თბილისი: განათლება.

ღლონტი, ალ. 1975. „მცხეთის ტოპონიმიკა, წიგნი II. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ღლონტი, ალ. 1981. „ლაგოდეხის ტოპონიმიკა, წიგნი III. თბილისი: განათლება.

ღლონტი, ალ. 1982. „ქიზიყის ტოპონიმიკა, წიგნი IV. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ღლონტი, ალ. 1987. „აწყურიდან ტაშისკარამდის, ტოპონიმიკური ძიებანი, წიგნი 5. თბილისი: განათლება.

ღლონტი, ალ. 1993. „ტოპონიმიკა, სუფსა-ნატანების ხეობები. წიგნი 8. თბილისი: განათლება.

ღლონტი, ალ. 1995. „ტოპონიმიკა, წიგნი 9. სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისათვის. თბილისი: განათლება.

ღლონტი, ალ. 1990. „თავახდილეთის ტოპონიმია, ტოპონიმიკური ძიებანი, წიგნი 6. თბილისი: განათლება.

ყიფშიძე, ი. 1994. რჩეული თხზულებანი, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჩიქობავა, ა. 1964. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ტ. VIII. თბილისი: მეცნიერებათა აკადემია.

შავიანიძე, დ. 2015. „სამეგრელოს ონომასტიკა. თბილისი: უნივერსალი.

შალვაშვილი, ლ. 1987. „კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებული ახალი ტოპონიმები.თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა..

შანიძე, ა. 1980. „თხზულებანი, ტ. III. თბილისი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

შენგელია, ვ. 2013. „რამდენიმე მეგრული ტოპონიმის შესახებ. ახალციხე: ახალციხის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჩუხუა, მ. 2017. „ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი. თბილისი: საარი.

ცეცხლაძე, ნ. 2000. „შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია. ბათუმი: აჭარა.

ცეცხლაძე, ნ. 2000. „შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია. ბათუმი: აჭარა.

ცხადაია, პ. 1998. „ქართველური ონომასტიკა, ტ. I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ცხადაია, პ. 2007. „სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი III. თბილისი: უნივერსალი.

ცხადაია, პ. 1987. „საქართველოს სსრ ტოპონიმია, ტ. I ზემო იმერეთი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ცხადაია, პ. 2004. „ქართველური ონომასტიკა, ტ.II. თბილისი: უნივერსალი.

ცხადაია, პ. 2007. „ქართველური ონომასტიკა, ტ.III. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ცხადაია, პ. 2008. სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი : IV ჩხოროწყუს რაიონი. თბილისი: უნივერსალი.

ცხადაია, პ. 2010. ქართველური ონომასტიკა, ტ.IV. თბილისი: უნივერსალი.

ცხადაია, პ. 2011. ქართველური ონომასტიკა, ტ.V. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ცხადაია, პ. 2013. ქართველური ონომასტიკა, ტ.VI. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ცხადაია, პ. 2015. ქართველური ონომასტიკა, კრ. 7.თბილისი: უნივერსალი.

ძიძიგური, შ. (რედ.) 1987. ონომასტიკა I. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტი.

ძნელაძე, რ. 2005. გურული დიალექტის ტოპონიმური სისტემა. თბილისი: უნივერსალი.

ჭიჭინაძე, ი . გიშის ეკლესია. გიშის ეკლესია. სტატია გამოქვეყნებულია საქართველოს სამეფო კლუბის საიტზე. https://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=43&id=382.

ჭილაშვილი, ლ. 1980. კახეთის ქალაქები. თბილისი: მეცნიერება.

ჭუმბურიძე, ზ. 1987. დედაენა ქართული. <თბილისი: ნაკადული.

ჯავახიშვილი, ივ. 1983. ქართველი ერის ისტორია. ტ. II. IV გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.

ჯანაშია, ბ. 1954. აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: აკადემია.

ჯანაშია, ს. 1959. თა/თ სუფიქსის ეტიმოლოგიისათვის. თბილისი: აკადემია.

ჯაფარიძე, ა. 2017. ფოთი (ფათესი) ღევონდის ცნობით.

ჯაფარიძე, ა. 2022. ალბანეთი, ალბანეთის საკათალიკოსო და საქართველოს ეკლესიისიურისდიქცია კახეთსა და ჰერეთში. თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს მანგლის-თეთრიწყაროს ეპარქია.

ჯორბენაძე, ბ. 1986. ტოპონიმთა კლასიფიკაციისათვის იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება. XXV:28.

ჯორბენაძე, ბ1988. ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება.

ჯოჯუა, ვ. 1976. ქართული ტოპონიმები ბერძნულ წყაროებში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Eyice, S. 1973. “La Fontaine et les Citernes Byzantines de la Citadelle D’Afyon Karahisari.” Dumbarton Oaks Papers.

Mitchell, S. 2015 . Synnada. In Oxford Research Encyclopedia of Classics.

Атаев, Д. 1963. Нагорный Дагестан в раннем средневековье. Махачкала.

Гейбулаев, Г. 1986. Топонимика Азербайджана Баку: Элм.

Булатгаджиевна, А. А. 2008. Административно-территориальное устройство Дагестанской области (республики) – конец XIX – 30-е годы XX в.: опыт, проблемы. Автореферат диссертации на соискание ученой степени кандидата исторических наук. Махачкала

Инайят Хан, Х. 2016. любовь, человеческая и божественная.

Каганкатватци, М. 1861. История Агван Моисея Каганкатваци, писателя Х века. С. Петербург: тип. Акад. Наук.

Кавказский календарь на 1856 год. Тифлис: Канцелярия Кавказского Наместника.

Мегреладзе, И. 1938 . Лазский и мегрелбский в гурийском. Москва: Академия Наук СССР.

Мелик-Оганджанян, К. 2006. Армянская народная эпическая поэзия. Ереван : Ван Арьян.

Хаханов, Ал. 1897. Экспедиция на Кавказ в 1892 1893 и 95 гг. Материалы Археологии Кавказа. VII.

Чубинашвили, Г. 1959. Архитектура Кахетии. Тбилиси : Академия наук.

Закарая, П., Леквинадзе, В. 1966. Археологические раскопки в Шухути. მაცნე 1:120-135