ზოგიერთი მოსაზრება ვარდისუბნის მრგვალი ეკლესიის შესახებ
გუნტრამ კოხიMoambe, Bulletine of the Georgian National Museum, XI (56-B): 1-17, 2023
Published: December, 2023
Keywords: როტონდა, დმანისი, ხუროთმოძღვრება
Abstract
Near the village of Vardisubani, southwest of Tbilisi, Georgia, lie the ruins of a church. It deserves special attention because of its shape, the “round with gallery” and the prominent position on a terrace above the river Mashavera. It is a copy of the “Anastasis Rotunda”, part of the Church of the Holy Sepulchre in Jerusalem, donated by Constantine the Great (constructed 326-335 AD). Twelve such copies from early Christian times are now known together. The fairly thick walls indicate that there must have been a barrel over the gallery and a stone dome over the center. There are no external indications for the dating. The pottery and the masonry, roughly hewn stone and mortar, not ‘emplekton’, can indicate that the church was built around 500 AD. The exceptional location suggests that it was a pilgrimage church, but only of local importance, and it was forgotten after it was destroyed in the middle of the 7th century by the Arabs.
შესავალი
სოფელ ვარდისუბნის მახლობლად, დმანისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზედ ციცაბო ფერდის პირას, რომელიც მდ. მაშავერის ღრმა ხეობისკენ ჩადის, ეკლესიის ნანგრევებია (სურათი 1,2)2. 1989 წელს ჩატარებული მოკლე ექსპედიციის შედეგად, ეკლესია იატაკის დონემდე იქნა გათხრილი. აღმოჩენილი კერამიკული მასალა მიეკუთვნება ახ.წ. მე-5 საუკუნიდან არაბების შემოსევამდე პერიოდს (მე-7 საუკუნის შუა ხანები) (Болквадзе 1990)3.
ეკლესია განსაკუთრებით საინტერესოა როგორც გამორჩეული თვალშისაცემი მდებარეობით, ასევე თავისი ფორმით – ეს არის წრიული ნაგებობა გარშემოსავლელით (სურათი 3) (ჩაჩხუნაშვილი 1992:69-74). იმ მნიშვნელობის წარმოსაჩენად, რომელიც მას არა მარტო ქართული, არამედ მთელი რომის იმპერიისა და გაქრისტიანებული პერიფერიული რეგიონების ადრექრისტიანული არქიტექტურისთვის ჰქონდა, ნაგებობა უფრო ფართო კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.
ადრექრისტიანულ რელიგიურ არქიტექტურას მთლიანობაში თუ გადავხედავთ, ადვილი შესამჩნევი იქნება, რომ ძირითადად გავრცელებულია შენობის ორი ტიპი, კერძოდ, ერთნავიანი გრძივი შენობები და მრავალნავიანი ბაზილიკები4. ეკლესიების ცენტრალიზებული ფორმები ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ მხრივ გამონაკლისია საქართველო და სომხეთი, სადაც ცენტრალურ ღერძზე განლაგებული ნაგებობები შედარებით ხშირია. ეს ამ რეგიონის გარკვეულ თავისებურებას წარმოადგენს (Plontke-Lüning 2007:255, 301-304; 2016: 160-175; 2018: 189-205). ამ კონტექსტში ვარდისუბნის წრიული შენობა გარშემოსავლელით უნიკალური შემთხვევაა.
___სურათი 1. ვარდისუბანი, აეროფოტოგადაღება ჩრდილო-დასავლეთიდან, უკანა პლანზე მაშავერას დაბლობი
_______________________სურათი 2. ვარისუბანი, მრგვალი ეკლესია. ხედი დასავლეთიდან
___________________________სურათი 3. ვარდისუბანი, ნახაზი (დასავლეთი მარჯვნივ)
აღდგომის მრგვალი ტაძრის ასლები
იმის შემდეგ, რაც კონსტანტინე დიდი ახ.წ. 324 წელს რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისმა დედამ, ელენემ 326-328 წლებში წმინდა მიწაზე იმოგზაურა. მას იმ ადგილების მონახულება სურდა, რომლებსაც ქრისტიანები იესოს ამქვეყნიურ ცხოვრებას ან ღმერთის გამოჩენას უკავშირებდნენ. მრავალ ასეთ ადგილას კონსტანტინეს ბრძანებით ეკლესიები იქნა აგებული, კერძოდ, ბაალბეკში, მამრეში, ბეთლემსა და, უპირველეს ყოვლისა, იერუსალიმში.ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იცოდნენ, სად იყო კლდეში ამოკვეთილი სამარხი, რომელშიც იესო სიკვდილის შემდეგ დაასაფლავეს და საიდანაც იგი აღდგა. ქრისტიანებისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ადგილას კონსტანტინეს ბრძანებით, დაახლოებით 326-335 წლებში, უზარმაზარი და თავისებურად უნიკალური ნაგებობა აშენდა (სურათი 4). კლდეში გამოკვეთილი სამარხის სამხრეთით აშენდა ხუთნავიანი ბაზილიკა შესასვლელით აღმოსავლეთის მხრიდან, იერუსალიმის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გამავალ მთავარ ღერძზე. ბაზილიკის აბსიდის დასავლეთით იყო ეზო და უზარმაზარი მრგვალი ნაგებობა გარშემოსავლელით, რომელიც იესოს საფლავს ერტყა გარს – „მაცხოვრის აღდგომის მრგვალი ტაძარი“ ან „საფლავის მრგვალი ტაძარი“ (სურათი 5, 6 )5.
ცენტრალური სივრცის თავზე აღმართული იყო ქვის გუმბათი. ბაზილიკა ქრისტიანობის მიმართ მტრულად განწყობილი ფატიმიდი მბრძანებლის, ალ-ჰაკიმის ბატონობის დროს, 1009 წელს, მნიშვნელოვანწილად დაინგრა და შემდეგ სრულად აღარ აღდგენილა. საფლავის თავზე არსებული როტონდა თავისი მძლავრი კედლებით ნგრევას ნაწილობრივ გადაურჩა. მისი აღდგენა 1030 წლიდან დაიწყეს. სამუშაოების დასრულება შესაძლებელი გახდა 1048 წელს კონსტანტინე IX მონომახის (მეფობდა 1042-1055 წლებში) დახმარებით. ჯვაროსნების ბატონობის პერიოდში, 1160-70 წლებში, როტონდას აღმოსავლეთის მხარეს, ე.ი. კონსტანტინეს დროინდელი ბაზილიკის ერთი ნაწილის თავზე, რომანული სტილის დიდი ეკლესია მიაშენეს. როტონდა შემდეგ მრავალჯერ იქნა რესტავრირებული, მაგრამ პირველადი ფორმა დღემდე შენარჩუნდა, კერძოდ, „წრიული ნაგებობა გარშემოსავლელით“ (სურათი 7).
ადრექრისტიანული ეპოქის აღდგომის მრგვალი ტაძრის ძალიან ცოტა ასლია შემორჩენილი. შუა საუკუნეებსა და მე-15 საუკუნის შემდგომ პერიოდში კი მისი შედარებით მრავალრიცხოვანი ასლები აშენდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში6. აქ მოკლედ დავასახელებთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ვარდისუბნის ეკლესიის გააზრებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
აღდგომის მრგვალი ტაძრის ყველაზე ადრეული ასლი არის კონსტანტინას (გარდაიცვალა ახ. წ. 354 წელს), კონსტანტინე დიდის ქალიშვილის, მავზოლეუმი, დღეს წმინდა კონსტანცას ეკლესია, რომელიც აშენდა დაახლოებით 340-345 წლებში (სურათი 8, 9, 10). ის ადრექრისტიანული არქიტექტურის განსაკუთრებით შთამბეჭდავ ნიმუშს წარმოადგენს (Rasch & Arbeiter 2007; Brandenburg 2013:76-91)7.
დაახლოებით 400 წელს ან ცოტა უფრო გვიან, კონსტანტინეპოლში აშენდა მრგვალი ნაგებობა გარშემოსავლელით, რომელიც, როგორც ჩანს, წმინდა კარპოსის და პაპილოსის სახელობის იყო (Müller-Wiener 1977:186; Beygo 2009:19-24)დაახლოებით 400 წელს ან ცოტა უფრო გვიან, კონსტანტინეპოლში აშენდა მრგვალი ნაგებობა გარშემოსავლელით, რომელიც, როგორც ჩანს, წმინდა კარპოსის და პაპილოსის სახელობის იყო (Müller-Wiener 1977:186 ; Beygo 2009:19-24 )8.იქ რელიკვიებიც უნდა ყოფილიყო. შემორჩა ნაგებობის უზარმაზარი მიწისქვეშა სტრუქტურა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარშემოსავლელის თავზე, სავარაუდოდ, იყო ცილინდრული თაღი, ხოლო ცენტრალური ნაწილის თავზე – ქვის გუმბათი.
შუა საუკუნეების პერიოდის გადმოცემის მიხედვით, ბოლონიის ეპისკოპოს პეტრონიუსს (ეპისკოპოსი იყო 431-450 წლებში) იერუსალიმში წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ აღდგომის მრგვალი ტაძრის მიხედვით ქრისტეს საფლავის ეკლესია უნდა აეშენებინა (Ousterhout 1981:311–321). თუმცა, Santo Sepolcro-ს დღევანდელი შენობა მხოლოდ 1141 წლის შემდგომ წლებში უნდა იყოს აგებული და მე-15 საუკუნის შემდეგ საგრძნობლად განახლებული.
ეკლესია Santo Stefano Rotondo რომში (აშენდა ახ.წ. 468-483 წლებში) წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელზეა აგებული. უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანის რელიკვიები ამ ეკლესიაში არასოდეს ყოფილა (Brandenburg 2000; 2013:216-233)9. თავდაპირველად Santo Stefano Rotondo-ს შუა წრიული სივრცის თავზე გუმბათი ჰქონდა, რომელიც თიხის მილებისგან შედგებოდა. მოგვიანებით გუმბათი ჩამოიქცა. დაუდგენელია ჩამოქცევის ზუსტი თარიღი.
სურათი 4. იერუსალიმი, მაცხოვრის საფლავის ეკლესია. კონსტანტინეს დროინდელი მთელი კომპლექსის (შევსებული) გეგმა (აღმოსავლეთი, მარჯვნივ)
სურათი 5. იერუსალიმი, კონსტანტინეს დროინდელი მაცხოვრის აღდგომის მრგვალი ტაძრის (შევსებული) გეგმა
თავდაპირველი ფუნქციის არავითარი მინიშნება არაა ,,მრგვალი გარშემოსავლელიანი” ეკლესიების ტიპის სხვა ექვს ეკლესიაში, რომლებიც ადრექრისტიანულ ხანას ეკუთვნის და რომელთა მხოლოდ პატარა ნანგრევებია შემორჩენილი (პელუზიუმი, ეგვიპტე; სკითოპოლისი – ბეთ შეანი, Palaestina Secunda-ს დედაქალაქი; აპამეია, ჩრდილო-დასავლეთი სირია; ,,ახალი კათედრალი“ ბორსაში, პროვინცია არაბიას დედაქალაქი; კონიუჰი, ჩრდილოეთი მაკედონია; პერუჯა – შუა საუკუნეებში აშენებული მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია).
ადრექრისტიანული ხანის ამ ,,მრგვალ, გარშემოსავლელიან” მცირერიცხოვან ეკლესიების ჯგუფს, რომლებიც იერუსალიმის აღდგომის მრგვალი ტაძრის ასლებს წარმოადგენს, ეკუთვნის ვარდისუბნის ეკლესიის ნაშთებიც. მთელ მცირე აზიაში, ე.ი. ბიზანტიის იმპერიის შუაგულში, ისევე როგორც სომხეთში, მსგავსი ტიპის ეკლესია არ არის დაფიქსირებული.
ვარდისუბანში არ იყო გამოყენებული ცალკე მდგომი ბოძები. როგორც ჩანს, მათთვის მასალა ძნელი საშოვნელი იყო. ამგვარად, გარშემოსავლელი და შუა წრიული სივრცე სქელი კედლებითაა გაყოფილი, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე გასასვლელი აქვს (სურათი 3). კედლების სისქე იმაზე მეტყველებს, რომ გარშემოსავლელს ჰქონდა ცილინდრული თაღი, ხოლო ცენტრალური ნაწილის თავზე აღმართული იყო გუმბათის ყელი გუმბათით.
სურათი 6. იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის მრგვალი ტაძრის ინტერიერი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (1680 წლის გრავიურა)
სურათი 7. იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის მრგვალი ტაძრის მაკეტი, ჩრდილოეთიდან (მარცხნივ ბაზილიკის დასავლეთის ნაწილი)
იმპერატორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილების მოსანახულებლად დიდი რაოდენობით პილიგრიმებმა დაიწყეს პალესტინაში ჩასვლა. ზოგიერთმა მათგანმა სამგზავრო ჩანაწერები გააკეთა, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივაა დღემდე შემონახული10. მართალია ეკლესიები და სხვა ნაგებობები ამ ჩანაწერებში დაწვრილებით არაა აღწერილი, მაგრამ დროდადრო გვხვდება მინიშნებები, რომლებიც მნიშვნელოვანია შენობების გაგებისა და მათი რეკონსტრუქციისთვის.
___________________________სურათი 8. რომი, წმ. კონსტანცა (შევსებული) გეგმა
___________________________სურათი 9. რომი, წმ. კონსტანცა. ინტერიერი, ხედი შესასვლელიდან (გრავიურა)
___________________________სურათი 10. რომი, წმ. კონსტანცა: ხედი ჩრდილოეთის მხრიდან
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეპისკოპოს არკულფის ჩანაწერები, რომელიც წარმოშობით გალიიდან (საფრანგეთი) იყო. მან დაახლოებით 680 წელს, ე.ი. მუსლიმანი არაბების მიერ წმინდა მიწის დაპყრობიდან 40 წლის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოიარა ადრექრისტიანული ადგილები წინა აზიის პროვინციებში. უკანა გზაზე მისი გემი ზღვაზე ძლიერმა ქარიშხლებმა შოტლანდიის დასავლეთით, შიდა ჰიბრიდების პატარა კუნძულ იონაზე გარიყა, სადაც იონას სააბატოს მონასტერი მდებარეობდა. მისმა წინამძღვარმა, ადომნანუსმა, ხანგრძლივი დროით შეიფარა არკულფი, რომელმაც წინამძღვარს დაწვრილებით უამბო თავისი მოგზაურობის შესახებ. ადომნანუსმა ამ მონაყოლის საფუძველეზე შეადგინა წიგნი – de locis sanctis libri tres (,,სამი წიგნი წმინდა ადგილების შესახებ“)11. ჩანაწერების ორიგინალი დაკარგულია, მაგრამ შემორჩენილია შუა საუკუნეების ოთხი ასლი. საილუსტრაციოდ არკულფმა ცვილის დაფებზე ოთხი ეკლესიის გეგმა დახაზა, რომლებიც ადომნანუსმა პერგამენტზე გადაიტანა. ესენია: ჯვრის ფორმის ეკლესია იაკობის ჭასთან შხემში (ნეაპოლისი – ნაბლუსი); სიონის ეკლესია; ამაღლების როტონდა და ქრისტეს საფლავის ეკლესია იერუსალიმში. გეგმაზე არაა მოცემული დიდი ბაზილიკა. ბაზილიკის ტიპი ცნობილი იყო და გეგმაზე ის უბრალოდ მართკუთხედითაა აღნიშნული, მაშინ როდესაც basilica constantiniana, ე.ი. ,,კონსტანტინეს ბაზილიკა”, შეტანილია (სურათი 11).
სურათი 11. იერუსალიმი, ქრისტეს საფლავის ეკლესია: გეგმის შუა საუკუნეების კოპიო, რომელიც დაამზადა პილიგრიმმა არკულფმა თავისი მოგზაურობის შემდეგ 680 წელს.
არკულფისთვის აღდგომის მრგვალი ტაძარი სხვა ტაძრებისგან გამოირჩეოდა არა მხოლოდ როგორც განსაკუთრებული წმინდა ადგილი, არამედ თავისი ფორმითაც. ადომნანუსის ჩანაწერებში ის რამდენიმე დეტალით არის გამოსახული, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება. უნდა ითქვას, რომ ტაძრების მსგავსი ჩანახატები სხვა პილიგრიმებსაც უნდა ჩამოეტანათ, მაგრამ ისინი ჩვენამდე არ შემოინახა.
ევროპაში აღდგომის ტაძრის შედარებით გვიანდელი პერიოდის რამდენიმე ასლი არსებობს:
პირველ რიგში აღსანიშნავია კარგად შემონახული, თავდაპირველად სამების, ხოლო მოგვიანებით წმინდა დონატუსის სახელობის ეკლესია ქ. ზადარში (ხორვატია), რომელიც 801-814 წლებშია აშენებული (Marasovic 2017:207-209, 428, 430).
წმინდა მიქაელის ეკლესია ფულდაში (გერმანია). ფულდის მონასტრის აკლდამა აშენებულია 820-22 წლებში, ხოლო მისი ზედა ნაწილი თავიდან იქნა ამოყვანილი მე-11 საუკუნის დასაწყისში (Griesbach-Maisant et al. 1992:142).
წმინდა მავრიკიუსის სახელობის პატარა ზომის როტონდა ეპისკოპოსმა კონრადმა 960 წელს კონსტანცის (გერმანია) საკათედრო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ააშენა, როგორც მაცხოვრის აღდგომის მრგვალი ტაძრის ასლი (Mietke 1991).
პადერბორნის ეკლესია (გერმანია), მაცხოვრის აღდგომის მრგვალი ტაძრის ასლი, ეპისკოპოსმა მაინვერკ ფონ პადერბორნმა (ეპისკოპოსი 1009-1036 წლებში) ღვთისმშობლის, წმინდა პეტრესა და ანდრიას სახელზე ააშენა. მან 1033 წელს წმინდა მიწაზე გააგზავნა აბატი ვინო ფონ ჰელმარსჰაუზენი, რომელმაც ტაძრების ანაზომები და ჩანახატები გააკეთა12
ქ. ნევი-სენტ-სეპულკრში (საფრანგეთი) ადგილობრივმა ფეოდალმა ედ რუმ, დეოლის ციხე-სიმაგრის მფლობელმა, 1026-1028 წლებში წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ აღდგომის მრგვალი ტაძრის ასლი – სენტ-ეტიენის ბაზილიკა ააგო 13.
კრუკენბურგის ეკლესია ჰელმარსჰაუზენთან (გერმანია) პადერბორნის ეპისკოპოსმა ჰენრიხ II ფონ ვერლმა (ეპისკოპოსი 1084-1127 წლებში) იოანე ნათლისმცემლის სახელზე ააშენა. ეს ტაძარი, რომელიც აღდგომის მრგვალი ტაძრის ასლს წარმოადგენდა, ეპისკოპოსმა წმინდა მიწაზე მოგზაურობის სანაცვლოდ ააგო, რომელსაც იგი აპირებდა, მაგრამ ვერ განახორციელა.
პატარა ეკლესია ძალიან უჩვეულო გეგმითა და პროფილით დრიუგელტეში (ვესტფალენი, გერმანია), რომელიც წმინდა საფლავის სახელზე იყო ნაკურთხი და ვინმე გრაფ ჰაინრიხ ფონ არნსბერგის (1145-1195 წლები) მიერ იყო შეწირული (Hollstein 1972:95-101). იგი პასუხისმგებელი იყო თავისი ძმის მკვლელობაზე და, როგორც ჩანს, დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, ეს ეკლესია იერუსალიმში მოსალოცად გამგზავრების ნაცვლად დაახლოებით 1172 წელს ააშენა.
წმინდა საფლავის სახელობის პატარა ეკლესია ვაილბურგში ლანზე. პატარა ზომის რვაკუთხა ნაგებობა გარშემოსავლელით (თარიღდება 1505 წლით) ნასაუ-საარბრიუკენის გრაფმა, იოჰან ლუდვიგ I-მა (მბრძანებლობდა 1490-1545 წლებში) წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ ააშენა (1495-96 წლები) (Lehmann 1994:802).
დასკვნა
ვარდისუბნის ეკლესიისთვის აღდგომის როტონდის რამდენიმე ასლის ეს ზოგადი მიმოხილვა შემდეგს ავლენს:– ის არის აღდგომის მრგვალი ტაძრის, იერუსალიმის წმინდა საფლავის ეკლესიის ნაწილის, პატარა ასლი.
– ის ეკუთვნის შედარებით მცირერიცხოვან ასლებს, რომლებიც ადრექრისტიანულ ეპოქაში აშენდა.
– არკულფის ესკიზების შემცველი ჩანაწერები გვიჩვენებს, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო გადატანილი არქიტექტურული გეგმების ჩანახატები. უნდა არსებულიყო ასევე არქიტექტურული გეგმის ჩანახატები ტექსტის გარეშე, როგორც ეს აბატ ვინო ფონ ჰელმერსჰაუზენის შემთხვევაში იყო.
– ეკლესიის ამშენებელი შეიძლებოდა თვითონ ყოფილიყო ნამყოფი წმინდა მიწაზე და ენახა მაცხოვრის საფლავის ეკლესია, როგორც კონსტანცის ეპისკოპოსი კონრადი (950 წელი), ეუდე რუ (1026-28 წლები) და ასევე ნასაუ-საარბრიუკენის გრაფი იოჰან ლუდვიგ I (1495-96 წლები).
– შეიძლება ეკლესიის ქტიტორმა ვინმე გააგზავნა წმინდა მიწაზე წმინდა საფლავის ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების ან მხოლოდ აღდგომის მრგვალი ტაძრის გეგმის გასაკეთებლად. ამას ადასტურებს ეპისკოპოსი მაინვერკ ფონ პადერბორნი, რომლის დავალებითაც აბატმა ვინო ფონ ჰელმერსჰაუზენმა წმინდა მიწაზე 1033 წელს იმოგზაურა.
– ვარდისუბნის ეკლესია წმინდა მიწის მოლოცვის სანაცვლოდაც შეიძლება იყოს შეწირული. ასე ააშენებინა, მაგალითად, პადერბორნის ეპისკოპომა ჰაინრიხ II ფონ ვერლმა კრუკენბურგის ეკლესია ჰელმერსჰაუზენთან (აკურთხეს 1126 წელს). ასევე გრაფმა ჰაინრიხ I ფონ არნსბერგმა შესწირა წმინდა საფლავის პატარა ეკლესია დრიუგელტეში (დაახლოებით 1172 წელს).
– აღდგომის მრგვალი ტაძრის მრავალი ასლის შემთხვევაში ცნობილია, რომ ისინი არ იყო აშენებული ქრისტესთან დაკავშირებული რელიკვიებისთვის, უპირველეს ყოვლისა წმინდა ჯვრის ნაწილების შესანახად.
St. Costanza რომში იყო კონსტანტინას, კონსტანტინე დიდის ქალიშვილის, მავზოლეუმი. St. Stefano Rotondo რომში იყო აგებული წმინდა სტაფანეს, პირველი წამებულის, სახელზე, რომლის წმინდა ნაწილები 415 წელს ნაპოვნი იქნა ირუსალიმში. კონსტანტინოპოლში მრგვალი ტაძარი ეძღვნებოდა წმინდა კარპოსსა და პაპილოსს, რომელშიც, როგორც ჩანს, ინახებოდა წმინდანების რელიკვიები. მრგვალი ტაძარი გარშემოსავლელით ზადარში ნაკურთხი იყო თავდაპირველად სამების სახელზე, ანექსი კონსტანცის კათედრალთან – წმინდა მავრიკიოსის, ეკლესია პადერბორნში – მარიამ ღვთისმშობლისა და ასევე მოციქულების – პეტრესა და ანდრიას სახელზე. ეკლესია ჰელმერსჰაუზენში იოანე ნათლისმცემელის (პროდრომოსი) სახელობის იყო. წმ. მიქაელის სახელობის ეკლესია ფულდაში განსაზღვრული იყო ქტიტორისა და იქაური მონასტრის მონაზვნების დასაკრძალ ეკლესიად. ეკლესია პერუჯაში შუა საუკუნეებიდან იყო ნაკურთხი მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე. ეკლესიები ბოლონიაში, კონსტანცში, დრიუგელტესა და ვაილბურგში სრულიად შეგნებულად იყო შეწირული აღდგომის მრგვალი ტაძრის ასლებად.
ვარდისუბანი არ უნდა ყოფილიყო აშენებული როგორც სამრევლო ეკლესია და არც როგორც საეპისკოპოსო ეკლესია. ის იდგა პლატოს შვერილზე, რომელიც სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – ციცაბო ფერდობებით იყო შემოსაზღვრული და მდ. მაშავერას გადაჰყურებდა. მას მისადგომი მხოლოდ დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. დაბლობის გადაღმა ფერდობზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ნაწილი, საიდანაც ეკლესიის დანახვა შორიდან შეიძლებოდა. ეს გზა მკაფიოდ ჩანს დღესაც ვეგეტაციის დახმარებით. მეორე გზა გადიოდა პლატოზე ეკლესიის დასავლეთით.
ვარდისუბნის ამ განსაკუთრებული მდებარეობის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკლესიაში ქრისტიანებისთვის რამე თაყვანსაცემი ნივთი ინახებოდა, რომლის სანახავადაც პილიგრიმები მოდიოდნენ. ეს ნივთი შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც კავშირში ქრისტესთან ან რომელიმე ცნობილ წმინდანთან. სავარაუდოდ, ამ მიზნით იქნა აღმართული აღდგომის მრგვალი ტაძრის პატარა ასლი. პარალელებად შეიძლება მოვიყვანოთ სვეტიცხოველი, სადაც თქმულების თანახმად ქრისტეს კვართი ინახება; ასევე მანგლისის სიონი, სადაც ინახება ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილი – სამსჭვალი (ან რამდენიმე სამსჭვალი და ფერხთა ფიცარი); გეღარდის მონსტერი (სომხეთი), სადაც ლეგენდის მიხედვით ლონგინოზის შუბის წვერის ნაწილს სცემდნენ თაყვანს; ვასლი (დასავლეთ სომხეთი, დღევანდელი თურქეთი), სადაც ინახებოდა სამსჭვალი, რომლითაც იყო დამაგრებული ტიტულუსი ქრისტეს ჯვარზე.
თუ ყველა ამ მაგალითს გავითვალისწინებთ, საკმაოდ რთულია გადაჭრით იმის თქმა, თუ ვისი სახელობის იყო ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია და რა თავდაპირველი ფუნქცია ჰქონდა მას. შესაძლებელია, რომ ეკლესიაში ქრისტესთან დაკავშირებული რელიკვიები ინახებოდა. ასევე შესაძლებელია, რომ ის წმინდანების რელიკვიების შესანახად აშენდა. ბოლოს, ასევე დასაშვებია ვარაუდი, რომ ეკლესია აღდგომის მრგვალი ტაძრის სიმბოლოდ ან ვინმე წმინდანის მოსახსენიებლად, ე.ი. რელიკვიების არსებობის გარეშე, ყოფილიყო აგებული.
ვარდისუბნის ეკლესია, როგორც ასლი იერუსალიმის აღდგომის მრგვალი ტაძრისა, წარმოადგენს ადრექრისტანული არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რომის იმპერიასა და მის გაქრისტიანებულ მეზობელ ქვეყნებში. ის ასევე ,,პილიგრიმების ეკლესიის“ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგნეს.
შენიშვნები:
1. ვარდისუბნის ეკლესია უფრო ვრცლად განხილულია სტატიაში – Ataç, N. & Koch, G. 2023: 9-33. წარმოდგენილი ნაშრომი ამ სტატიის მოკლე ვერსიაა, რომლის ქართულ ენაზე გამოქვეყნების იდეა მომაწოდა პროფ. დავით ლორთქიფანიძემ. სტატია ქართულ ენაზე თარგმნა დოქტორმა ეკატერინე გამყრელიძემ.
2. მადლობა მინდა გადავუხადო დოქტორ ნინო ლორთქიფანიძეს, რომელმაც საქართველოში ვარდისუბნის და სხვა ძეგლების ნახვის საშუალება მომცა. ასევე მადლობას ვუხდი ეკლესიის გამთხრელს, დოქტორ გივი ბოლქვაძეს ზეპირი განმარტებებისთვის, დისკუსიისა და ეკლესიის გეგმის მოწოდებისთვის (არქიტექორი ლ. ლომიძე); დოქტორ ჯიმშერ ჩხვიმიანს მითითებებისა და ადგილზე დისკუსიისთვის, ასევე ეკლესიის აეროფოტოგადაღებისთვის.
3. ვარდისუბნის ეკლესიის შიდა დიამეტრი 12,20 მ-ია; ცენტრალური სივრცის დიამეტრი დაახლოებით 6,20 მ-ს შეადგენს.
4. ადრექრისტიანულ რელიგიური არქიტექტურის შესახებ ზოგადად იხილეთ: Krautheimer 1986.
5. აღდგომის მრგვალი ტაძარის შიდა დიამეტრი დაახლოებით 34 მ-ია; ცენტრალური სივრცის დიამეტრი დაახლოებით 22 მ-ს შეადგენს.
6. იერუსალიმის ქრისტეს საფლავთან და მის ასლებთან დაკავშირებით იხილეთ: Dalmann1922; Krautheimer 1988: 142-197; Untermann 1989; Krüger2000; Piva 2000:96–117; Kelley 2019.
7. წინდა კონსტანცას ეკლესიის შიდა დიამეტრი დაახლოებით 23 მეტრია; ცენტრალური სივრცის დიამეტრი დაახლოებით 11,50 მეტრს შეადგენს.
8. წინდა კარპოსის და პაპილოსის სახელობის ეკლესიის შიდა დიამეტრი დაახლოებით 16 მეტრია; ცენტრალური სივრცის დიამეტრი – დაახლოებით 9 მეტრი. მის თავზე დგას წმინდა მენასის მე-19 საუკუნის დასაწყისის ეკლესია.
9. რომის Santo Stefano Rotondo-ს შიდა დიამეტრი გარშემოსავლელით დაახლოებით 66 მეტრია; შიდა, დიამეტრი დაახლოებით 32,70 მეტრს შეადგენს; ცენტრალური სივრცის დიამეტრი დაახლოებით 23,40 მეტრია.
10. პილიგრიმების ჩანაწერებთან დაკავშირებით იხილეთ: Wilkinson2002; Donner 2003; Wilkinson 1981; Röwekamp 2018.
11. ნაშრომი დაწერილია არკულფის სახელით, რომელმაც წმინდა მიწაზე იმოგზაურა და კუნძულ იონაზე ამის შესახებ მოჰყვა. ამ აღწერილობის ავტორად ასევე ითვლება ადომნარუსი (ან ადამნანუსი), რომელმაც მონაყოლი ჩაიწერა.
12. წყაროებში დასახელებულია აბატი ვინო, „qui mensuras ecclesiae et sepulchri de Jerusalem apportavit“ („რომელმაც ჩამოიტანა იერუსალიმის ეკლესიისა და საფლავის ანაზომები“).
13. მე-12 საუკუნის ქრონიკაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ეკლესია ad formam S. Sepulcri Yerosolymae („იერუსალიმის წმინდა საფლავის ეკლესიის მიხედვით“) იქნა აშენებული (Bryant 2004:171-207).
გამოყენებული ლიტერატურა:
ჩაჩხუნაშვილი, ც. 1992. „ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია“, ძეგლის მეგობარი, 1: 69-74.
Болквадзе, Г. 1990. Раннесредневековые археологические памятники в верховье реки Машавера. თბილისი: არქეოლოგიის კვლევის ცენტრი.
Atac, N. & Koch, G. 2023. Die Kirche in Wardisubani/Georgien – eine Kopie der Anastasis-Rotunde in Jerusalem. Mitteilungen zur christlichen Archäologie, 29: 9-33.
Brandenburg, H. 2000. Santo Stefano Rotondo in Roma. 137 Funzione urbanistica, tipologia architettonica, liturgia ed allestimento liturgico, MNIR 59: 27-54.
Brandenburg, H. 2013. Die frühchristlichen Kirchen Roms vom 4. bis zum 7. Jahrhundert. Regensburg: Schnell und Steiner.
Beygo, A. 2009. Karpos & Papylos Martyrium in Istanbul, in: Ç. Özkan Aygün (eds.), SOMA 2007. Oxford: Archaeopress.
Bryant, S. 2004. La collégiale Saint-Étienne de Neuvy-Saint Sépulchre (Indre). Une étude de la rotonde et de la nef, 43(1): 171-207.
Dalmann, G. 1922. Das Grab Christi in Deutschland, Leipzig: Dieterichs.
Donner, H. 2003. Pilgerfahrt ins Heilige Land. Die ältesten Berichte christlicher Palästinapilger (4. – 7. Jh.), Stuttgart: Katholisches Bibelwerk.
Griesbach -Maisant, D., Reith,M., U.A. 1992. Kulturdenkmäler in Hessen: Stadt Fulda / hrsg. Vom Landesamt für Denkmalpflege Hessen(Denkmaltopographie Bundesrepublik Deutschland), Bd 125. Vieweg.
Hollstein, E. 1972. „Jahrringchronologie der Baumlade von Drüggelte“, in Lobbedey, U. (ed.), Westfalen 50: 95-101.
Kelley, J.L. 2019. The Church of the Holy Sepulchre in Text and Archaeology, Oxford: Archeopress.
Krautheimer 1986. Early Christian and Byzantine Architecture. (contributor – . Čurčić ) Fourth edition, New Haven, CT: Yale University Press.
Krautheimer 1988. Ausgewählte Aufsätze zur europäischen Kunstgeschichte, Köln : DuMont-Buchverl.
Krüger, J. 2000. Die Grabeskirche zu Jerusalem. Geschichte – Gestalt – Bedeutung, Regensburg: Schnell & Steiner.
Lehmann, F. 1994. Kulturdenkmäler in Hessen: Landkreis Limburg-Weilburg (Mengerskirchen bis Weinbach), Volume 2. Thesis.
Marasovic , T. 2017. Dalmatia Praeromana. Early Medieval Architecture in Dalmatia, 1st Synthesis, Split: književni krug.
Mietke, G. 1991. Die Bautätigkeit Bischof Meinwerks von Paderborn und die frühchristliche und byzantinische Architektur, Paderborn: Verlag Ferdinand Schöningh.
Ousterhout, R.G. 1981. „The Church of Santo Stefano: A “Jerusalem” in Bologna“, Gesta 20, 2:311–321.
Müller-Wiener, W. 1977. Bildlexikon zur Topographie Istanbuls, Tübingen: Wasmuth.
Piva, P. 2000. Die „Kopien“ der Grabeskirche im romanischen Abendland. Überlegungen zu einer problematischen Beziehung, in: R. Cassanelli, R. (ed.), Die Zeit der Kreuzzüge. Geschichte und Kunst, Stuttgart.
Plontke-Lüning, A. 2007. Frühchristliche Architektur in Kaukasien. Die Entwicklung des christlichen Sakralbaus in Lazika, Iberien, Armenien, Albanien und den Grenzregionen vom 4. bis zum 7. Jh., Denkschr. Wien: Austrian Academy of Sciences Press.
Plontke-Lüning, A. 2016. Early Christian Churches in Caucasian Albania, in: I. Foletti, I, & Thuno, E. (eds.), The Medieval South Caucasus: Artistic Cultures of Albania, Armenia and Georgia, Convivium supplimentum, Brno: Brepols. 2016, 160-1755.
Plontke-Lüning, A. 2018. Culture and Art in the Gogarene in the 5th and 6th Centuries. Iberians and Armenians in Dialog, in M. Bacci, M., Kaffenberger, T. & Studer-Karlen, M. (eds.), Cultural Interactions in Medieval Georgia, Wiesbaden: Reichert Ludwig Verlag.
Rasch, J.J., Arbeiter, A. 2007. Das Mausoleum der Constantina in Rom. Verlag Philipp Von Zabern, Mainz Am Rhein.
Röwekamp, G. (ed.) 2017. Egeria, Itinerarium – Reisebericht. Mit Auszügen aus Petrus Diaconus:De Locis Sanctis – Die heiligen Stätten, Freiburg; Verlag Herder.
Röwekamp, G. (ed.) 2018. Egeria – Itinerarium: Der antike Reiseführer durch das Heilige Land, Freiburg. Verlag Herder.
Untermann, M. 1989. Der Zentralbau im Mittelalter. Form, Funktion, Verbreitung, Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft.
Wilkinson, J. 1981 Egeria’s Travels to the Holy Land, Jerusalem: Ariel Pub. House; Warminster, England: Aris & Phillips.
Wilkinson, J. 2002. Jerusalem Pilgrims before the Crusades, Warminster Warminster: Aris & Phillips; 2nd edition.