დეხვირის აკლდამის შესახებ

ნინო სულავა, ვაჟა მამიაშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი X (55-B), გვ. 16-26

გამოქვეყნების თარიღი: აგვისტო, 2022

საკვანძო სიტყვები: ანტიკური ხანა, ადრე შუა საუკუნეები აკლდამა, ლეჩხუმი


Abstract

This article concerns the possible interpretation of a structure discovered on the territory of the Dekhviri open-air archaeological and ethnographical museum (northwest Georgia, Lekhumi region) as an antique-period sepulcher. The context of this structure is archaeological evidence found in the villages Dekhviri and Tskheta and their adjacent territory (I millennium BC, Antique and medieval material). In 2017, an archaeological team led by R. Isakadze and Sh. Buadze investigating the medieval period in the study area as part of the Lechkhumi (Tskheta-Dekhviri) archaeological expedition (directed by N. Sulava) investigated a stone structure. The excavators interpreted it as a church of the medieval period, but we propose that it is a Late Antique/ early medieval burial sepulcher. The nearby archaeological context supports the proposition that this sepulcher belonged a member of the local elite.

შესავალი

მთიანი კოლხეთის ნაწილი, ლეჩხუმი (დღევანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი) მდიდარია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ჯერ კიდევ, გასული საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა მცირე არქეოლოგიურმა გათხრებმაც კი ცხადყო ( Сахарова 1966; სახაროვა 1976ა; სახაროვა 1976ბ; სულავა 1988; სულავა1990; სულავა1989ბ; სულავა1996; სულავა2003; Sulawa2001ა; Sulawa 2001ბ; გაბიძაშვილი და სხვ.2004). როგორც მეცნიერები თვლიან, ლეჩხუმი კოლხური ბრინჯაოს კულტურის წარმოშობის ერთ-ერთი კერაა (Сахарова 1966 ), ხოლო შემდგომ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინცია, რომელიც ქართული წყაროების გარდა მოხსენიებულია ბერძნულ-ბიზანტიურ და სომხურ წყაროებში (პროკოპი კესარიელი 1965; თეოდოსი განგრელი1941; ბერძენიშვილი და სხვ. 1983:10, იქვე, დასახ. ლიტ.).
     ლეჩხუმიდან მომდინარე დიდი სამეცნიერო ღირებულების არქეოლოგიური მასალის 90% შემთხვევითი მონაპოვარია, რომლის მხოლოდ მცირედი ნაწილი ინახება ცაგერის ისტორიულ მუზეუმში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. რაოდენობრივად უფრო მეტი და ჩვენი ქვეყნისათვის თავისი ისტორიული ღირებულებით უმნიშვნელოვანესი კოლექციები კი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერმიტაჟშია (სანქტ-პეტერბურგი) დაცული – ბრინჯაოს არტეფაქტების ოთხი განძი, ოქროს ნივთების კოლექცია სოფ. უსახელოდან (სახაროვა 1976ა; სულავა 1989ბ ; სულავა1996).
     მიუხედავად დღემდე მცირემასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევებისა, ჩვენს ხელთა-რსებული აღმოჩენები (როგორც არქეოლოგიური გათხრებით, ასევე შემთხვევითი აღმო-ჩენებით მოპოვებული), უაღრესად მნიშვნელოვანი და დიდი სამეცნიერო ღირე¬ბულებისაა არამარტო ლეჩხუმისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის, რაზეც ჩვენ ნაშრომში მოტანილი ფაქტებიც მეტყველებს.

დეხვირის აკლდამა და მისი არქეოლოგიურ-ისტორიული გარემო

სტატიაში განხილულია და გამოთქმულია ვარაუდები ლეჩხუმის ერთი კონკრეტული ძეგლის თაობაზე – აკლდამა, რომელიც აღმოჩენილია ,,დეხვირის ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის’’ ტერიტორიაზე. საქართველოში აღმოჩენილი აკლდამები ძირითადად ანტიკურ-ადრე შუა სუკუნეების პერიოდს განეკუთვნება (მცხეთა-მოგვთაკარი, ბაგინეთი, წილკანი, ძალისა, სიონი, ყოღოთო) და საზოგადეობის დაწინაურებული ფენის წარმომადგენლის განსასვენებული უნდა ყოფილიყო. სანამ აკლდამის თემას შევეხებით, აუცილებელია იმ არსებული არქეოლოგიურ-ისტორიული გარემოს მიმოხილვა, რომელიც გარს აკრავს შესასწავლ ძეგლს. ეს გარემო სოფელ დეხვირისა და ცხეთის მიდამოებში გამოვლენილი არქეოლოგიური კომპლექსებია, რომლებიც მოიცავს სამი დიდი პერიოდის – ძვ.წ. I ათასწლეულის, ანტიკური ხანისა (ძვ.წ. IV ს. – ახ.წ. IV ს.) და შუა საუკუნეების მასალებს. ასეთებია:
     1. კოლხური ნასახლარი (ძვ.წ. VIII-V სს-ის ცხეთის ნასახლარი ადგილ ყვავიქედას ფერდობზე), რომლის შესწავლა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებში. გაითხარა ერთი სათავსო, სადაც თანადროული კოლხური კერამიკის გარდა, რომელიც ათარიღებს ამ ნასახლარს, აღმოჩნდა ქვის უნიკალური ყალიბიც, რომლის ანალოგიც უცნობია. ყალიბში ჩამოისხმებოდა საინკრუსტაციო მეანდრისებური ფირფიტები, რომლებსაც იყენებდნენ ცნობილი კოლხური აბზინდების შესამკობად (სახაროვა 1976ბ:96-104 ; Sulawa 2001ბ:375; სულავა 2003; Sulava 2008:299-305; სახაროვა და სულავა 2014).
     2. სამაროვნები – ცხეთის სამაროვანი (ძვ.წ. IV – ახ.წ. IV სს), სადაც გასული საუკუნის 60-იან წლებში მხოლოდ 15 სამარხი გაითხარა (სახაროვა 1967 ; სულავა 1996;სულავა 2014), ხოლო 2015-2019 წწ გათხრებისას დაემატა 18 სამარხი. 2016 წელს, იქვე, ერთი კილომეტრის მოშორებით, ადგილზე – გვარინა, აღმოჩნდა იგივე ხანის ახალი სამაროვანი და იქვე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხის ნაშთიც (სულავა 2018, 2019 , 2020).

Dekhviri_museum ________________სურათი 1. დეხვირის ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი და აკლდამა.

Dekhviri_sepulcher _________________________________ სურათი 2. დეხვირის აკლდამა

3. შუა საუკუნეების ძეგლი, კერძოდ, დეხვირის ციხე, რომელიც სამი ციხე-კოშკის კომპლექსია. ამ მცირე მიმოხილვიდანაც ჩანს ამ ადგილის განსაკუთრებული მნიშვნელობა – ძვ.წ. I ათასწლე¬ულიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით.
     შესასწავლი ძეგლის – აკლდამის გარემოს აღწერილობას ასევე უნდა დაემატოს ამავე ტერი¬ტორიაზე, შემთხვევით, ზუსტი ადგილ-მდებარეობის მითითების გარეშე აღმოჩენილი ანტიკური ხანის მასალები: მონეტები (ორი ცალი, ოქროსი, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი); ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები (ბრინჯაოს – ზარაკები, საკიდი – ფრინველის გამოსახულება); კერამიკა (დოქები); სამკაული (სამაჯურები – ბრინჯაოს ზურგჩაზნექილი და თავბოლოგადადებული; მძივსამკაული – სარდიონის, ქალცედონის, ქარვის, მინის – გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე, პოლიქრომიული – სხვადასხვა ფერის თეთრზოლებიანი, კვირისტავის ფორმის, ოქროფენილი; საყურე – ვერცხლის, ყურძნის მტევნით შემკული; ბეჭედი – ოქროსი, მხრებაზიდული; ბეჭდის თვლები სარდიონის, წაკვეთილი რვაწახნაგა კონუსის ფორმის). ჩამოთვლილ ნივთთაგან აღსანიშნავია – ვერცხლის ყურძნის მტევნით შემკული საყურე, რომელიც მსგავსია ცხეთის სამაროვანზე, № 2 სამარხში აღმოჩენილი ოქროს საყურისა (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში (სულავა 1996:53, კატ. 126, სურ. 27);

Usakhelauri_medalion _________________________________ სურათი 3. უსახელაურის მედალიონი

ასევე, ოქროს მხრებაზიდული ბეჭედი, რომლის შესახებაც ,,მცხეთა’’ I-ის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასპარუკ პიტიახშის სამარხში მოპოვებული ბეჭდის მსგავსია ცაგერის მუზეუმში დაცული ბეჭედი სოფ. უსახელოში აღმოჩენილი კომპლექსიდან (აფაქიძე და სხვ. 1955:203-204 ). ცაგერის ისტორიულ მუზეუმში სოფ. უსახელოდან კომპლექსის სახით შემოსული ნივთები უცნობია. აღნიშნული ბეჭედი მუზეუმში მოხვდა 1938 წელს და აღმოჩენილია ცხეთაში მიწის სამუშაოების დროს (სულავა 1996:53,კატ.№ 127).
     ამგვარად, ლეჩხუმის ამ ცნობილი სოფლის, დეხვირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობაზე მიგვითითებს ჩამოთვლილი არქეოლოგიური კომპლექსის (გვიანბრინჯაო-რკინის ხანის ნასახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი, შუა საუკუნეების დეხვირის ციხეები) არსებობა, რაც იმის დადასტურებაა, რომ ამ ადგილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ძვ.წ. I ათასწლეულიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით ანუ ფაქტობრივად, ამ რეგიონს, რომელიც შუა საუკუნეებში მაკონტროლებელ გზაჯვარედინზე მდებარეობდა, განსაკუთრებული მდგო-მარეობა ეკავა მრავალი საუკუნის განმავლობაში.
     ყვავიქედას ნასახლარის გათხრებისას აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების მიხედვით დასტურდება, რომ აქ დამჯდარი მიწათმოქმედი-მესაქონლე მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელიც მეტალურგიასთანაც იყო დაკავშირებული, ამაზე აქ აღმოჩენილი ქვის უნიკალური ყალიბიც მიგვითითებს. განვითარებულ მეტალურგიაზე მეტყველებს ასევე აქვე შემთხვევით აღმოჩენილი და ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ზოდი და ბრინჯაოს ნაკეთობები – კოლხური ცული, თავხვია და ბოთლისებური საკინძი, ლაგამი (სულავა და სხვ. 2012).
     ყვავიქედას ნასახლარის სიახლოვეს, კერძო მოსახლის ეზოში, აღმოჩნდა ბრინჯაოს ხარის მცირე ზომის სკულპტურა. ანალოგიური სკულპტურები დამახასიათებელია კოლხური ბრინჯაოს კულტურის სამაროვნებისათვის (იშვიათად განძებისათვის) და აქაც სამაროვნის არსებობას გვავარაუდებინებს (სულავა და კოპალიანი 2012; სულავა 2013).
     ყვავიქედას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე კი სოფელ ცხეთაში და ადგილ გვარინაზე შესწავლილი ანტიკური ხანის სამარხების მასალა (ფიბულები, მძივსამკაული, კერამიკა) მიუთითებს რეგიონის გარესამყაროსთან ფართო ურთიერთობაზე. როგორც ნასახლარზე, ასევე სამაროვანზე გამოვლენილი მასალა (საინკრუსტაციო მასალის ჩამოსასხმელი ყალიბი, ფიბულები, სამკაული, მძივსამკაული, კერამიკა) მნიშვნელოვანია არამარტო ქართული არქეოლოგიისათვის, არამედ მთელი კავკასიის, შავიზღვისპირეთისა და მედიტერანული არქეოლოგიისათვის. წყაროებში ასახული დეხვირის ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, უპირველეს ყოვლისა, მისი მდებარეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. იგი აკონტროლებდა მდ. ცხენისწყლის ხეობიდან მდ. ლაჯანურის ხეობაში მიმავალ გზებს. აქედან კარგად ჩანს ცაგერის ქვაბული და ლაჯანურის ხეობა, ანუ ლეჩხუმის ორი პროვინციის (,,ქუეყნის’’), ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ორი ხეობის, ,,გადაღმა ლეჩხუმისა’’ და ,,გადმოღმა ლეჩხუმის’’ უდიდესი ნაწილი. დეხვირის ციხის მფლობელის თვალსაწიერში იქნებოდა მოქცეული სამეგრელოსკენ, სვანეთისა და რაჭისაკენ მიმავალი გზებიც. დეხვირის ციხის ვახუშტი ბაგრატიონისეული აღწერაც ამას ადასტურებს: ,,ლეჩხუმის საშუალსა, ცხენი¬სწყლის ზეით კლდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა (ანუ ლეჩხუმისა – ნ. ს.), რამეთუ რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არიან სრულიად’’ / „ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა, რამეთუ, რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არიან სრულიად“ (ვახუშტი 1941;ბერძენიშვილი და სხვ. 1983:37,66; გამყრელიძე და სხვ. 2013:178-179).
     ხალხური გადმოცემის თანახმად წმ. მაქსიმე აღმსარებელი (წმიდანთა ცხოვრება 2001) თავდაპირველად დეხვირის ციხეში მოსულა, ხოლო მეზობელ სოფ. ჩხუტელში მისი სახელობის მამათა მონასტერი არსებობდა.
     როგორც ვნახეთ, დეხვირის შესახებ პირველ წერილობით ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბაგრატიონი. ამ ცნობის შინაარსით უნდა ვივარაუდოთ, რომ ისტორიული წყარო აქ განვი-თარებული ან გვიანი შუა საუკუნის ციხის არსებობაზე მიგვანიშნებს. ამასთან საფი-ქრებელია, რომ დეხვირში ვახუშტის აღწერის დროს არ არსებობდა ხილულად შემო-ნახული, რამდენადმე გამორჩეული საკულტო ან საერო ნაგებობა; წინააღმდეგ შემთხვე-ვაში ვახუშტი ბაგრატიონი, თუკი მისი აღწერების მეთოდიკას გავითვალისწინებთ, უთუოდ მოი¬ხსენიებდა მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ სხვა, მოქმედ თუ მიტოვებულ ობიექტებსაც კი.
     2021 წელს ლეჩხუმში ,,დეხვირის ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის’’ მონახულებამ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს საკვლევი ობიექტი – აკლდამა, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა და გვაფიქრებინა, რომ საინტერესო და კონტრასტული რელი¬ეფი, რომელიც დეხვირის არქეოლოგიურ არეალზეა წარმოდგენილი, თითქმის დანა¬მდვილებით მეტყველებს მიწის საფარქვეშ სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვან ძეგლთა კომპლექსების არსებობაზე (სურათი 1,2).
     ამგვარად, ამჯერად ჩვენი კვლევის საგანია და ყურადღება გვინდა გავამახვილოთ 2017 წელს ,,ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის’’ (ხელმძღვ. ნ. სულავა) შუა საუკუნეების მკვლევარი ჯგუფის (არქეოლოგიურ კვლევებს წარმართავდნენ როლანდ ისაკაძე და შალვა ბუაძე) მიერ გამოვლენილ ახალ არქეოლოგიურ ობიექტზე, კერძოდ კი, მისი ფუნქციის იდენტიფიკაციის საკითხზე. აღნიშნულ სეზონში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმში, დეხვირის გორაზე, სადაც არქეოლოგებმა კულტურული მემკვიდრეობის სხვა ნაშთებთან ერთად გამოავლინეს საინტერესო ნაგებობა, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია − „საყდარი“ (ისაკაძე და ბუაძე 2016 ; ბუაძე და ისაკაძე 2018:144-147). ეს გახლავთ გორის სამხრეთი კალთის ძირში, №11 საცდელი თხრილი მეშვეობით გამოვლენილი, ქვის ნათალი კვადრებითა და დუღაბით აშენებული ნაგებობა ორსაფეხურიანი ცოკოლით (ზომები – 3.8მ × 4.8მ).
     ჩვენი დაკვირვებითა და ანალიზით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ძეგლის გამთხრელი არქეოლოგების მოსაზრების მიუხედავად გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს ნაგებობა, თავდაპირველად მაინც, არა ქრისტიანულ ტაძარს, არამედ გვიანანტიკურ ან ადრეული შუა საუკუნეების დასაკრძალავ აკლდამას (კამერას) წარმოადგენდა. ჩვენი ვარაუდის არგუმენტები ასეთია:
     1. გათხრების ანგარიშში ვკითხულობთ − ,,ინტერიერში აღმოსავლეთის კედელი სწორხაზოვანია. მცირე ზომებიდან გამომდინარე საკურთხეველი გამოყოფილი არ არის და არც კანკელის მოწყობის კვალი ჩანს’’. საქართველოში ცნობილია მცირე ზომის დარბაზული ეკლესიები, რომელთა აღმოსავლეთ ნაწილები ბოლოვდება სწორკუთხოვანი საკურთხე¬ვლებით, მაგალითად: შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. კარბის განაპირა მხარეს მდებარეობს წმ. მარინეს ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი ბოლოვდება სწორკუთხა საკურთხევლით. მის მოსაწყობად გარკვეული გრძივი ნიშნულიდან ჩრდი¬ლოეთის და სამხრეთის კედლები 20 სმ-ის სიგანის მხრებით სქელდება, რაც აღმოსავლეთ კიდეში მართკუთხა გეგმარების ფართო ნიშას ქმნის (დვალი (რედ.) 1990:75). მსგავსი გეგმარების დარბაზული ეკლესიები აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონშიც გვხვდება. მათ რამდენადმე პრიმიტიული აღნაგობის, საყოველთაოდ გავრცელებული აფსიდური ფო¬რმი¬სგან განსხვავებული, მაგრამ მაინც სავსებით კანონიკური გეგმარების საკურთხევლები გააჩნიათ.
     მართკუთხა საკურთხევლიანი ბაზილიკები თუ დარბაზული ეკლესიები საკმაოდ გავრცე-ლებული ყოფილა IV-V საუკუნეების (ბახტაძე და სხვ. 2020:48-50 ) ჩრდილო-დასავლეთ სირიაში; სპონტანურად ადრებიზანტიული სამყაროს სხვა ქვეყნებშიც გვხვდება (მათ შორის საქართველოშიც). როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანულ მოძღვრებაში, საეკლესიო არქი¬ტექტურული ნორმებით საკურთხეველი ტაძრის საკრალური სივრცეა. ის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადი სივრცისგან მკაფიოდ გამოყოფილი, ამაღლებული ადგილია, სამსხვე¬რპლოა, რომელიც განკუთვნილია საიდუმლო წესების შესასრულებლად. ამიტომ ზოგადად ქრისტიანულ სამყაროშიც კი, თითქმის წარმოუდგენელია დეხვირში გამოვლენილი ნაგე¬ბობის მსგავსი აღნაგობის ეკლესია, სადაც რაიმე განმაცალკევებელი, ვერტიკალური თუ ჰორიზონტული ნიშნულიანი არქიტექტურული დეტალიც კი არ არსებობდეს ძირითადი სივრცის (ნაოსის) და საკურთხევლის გამყოფ ზღვრად; ამ თვალსაზრისით, გამონაკლისია გვიანი შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურის სრული დეკადანსის ამსახველი, მეტად უმწეო სამშენებლო ტექნიკით ნაგები რამდენიმე სასოფლო სამლოცველო.
     2. ასევე, არქეოლოგიური ანგარიშის მიხედვით საინტერესოა არტეფაქტების აღმოჩენის ადგილი − „ეკლესიის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლის ფასადებზე მილექილ ნგრევის ფენასა და ინტერიერში აღმოჩენილი არტეფაქტებიდან შედარებით ზუსტად თარი¬ღდება ყავისფერი კონცენტრული ხაზებით შემკული, თეთრ ანგობზე ყვითლად მოჭიქული გვიანბიზანტიური ჯამის ორი ფრაგმენტი. ამ ფენას ზემოდან აზის დაძრული ფენა, რომელშიც დაახლოებით იმავე პერიოდის მოუჭიქავი კერამიკა და ფაიფურის ფრაგმე¬ნტი აღმოჩნდა“. მოცემული სურათიდან კარგად ჩანს, რომ კერამიკა ძირითადად ნაგებობის გარე პერიმეტრზეა მიკვლეული, რომელიც თავისუფლად შეიძლება ბორცვიდან ჩამოშლილ კულტურულ ფენიდან მოხვედრილიყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ნაგებობის ფუნქ¬ცი¬ო¬ნირების პერიოდთან. ამდენად, ნაგებობის თარიღის განსასაზღვრად ეს მასალა შეიძლება არც გამოდგეს.
     3. როგორც გამთხრელი-არქეოლოგები აღნიშნავენ – „ეკლესიის აღმოსავლეთით გორის სამხრეთ–აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის ფერდობების გზისპირა ჭრილებში სამ ადგილზე ფიქსირებულია თირში შეჭრილი და ნგრევის ფენითა და მიწით შევსებული სხვადა¬სხვა ზომის სამი სივრცე. ეკლესიის გათხრების გამოცდილების გათვალისწინებით ამ სივრცეებში ანალოგიური წესით მოწყობილი სხვა დანიშნულების ნაგებობების არსებობაა სავარაუდო“. ეს ფაქტიც გვიძლიერებს იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ამ ფართობებზე შეიძლება საქმე გვაქვს გამორჩეული, მაღალი იერარქიის პირების ნეკრო¬პოლთან. შესაძლოა მომავალი კვლევებით ამ სივრცეებში სხვა, მსგავსი ტიპის ნაგებობებიც გამოვლინდეს მეტნაკლებად კარგად შემორჩენილი არქიტექტურით და თანადროული არტეფაქტებით.

შემაჯამებელი მოსაზრებები

ზემომოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, აგრეთვე, სხვა აკლდამებთან შედარების საფუძველზე (მცხეთის აკლდამა, აკლდამები ხორნაბუჯის მიდამოებში (მათიაშვილი 2016:4-7; სინაურიძე 1968:47-58), შესაძლოა, საქმე გვქონდეს ფრიად მნიშვნელოვან აღმოჩენასთან.
     ამ აღმოჩენას კიდევ უფრო უმყარებს საფუძველს ზემოთ მოტანილი არქეოლოგიური მონაცემები, როგორც განათხარი, ასევე შემთხვევით აღმოჩენილი, რომელთა მიხედვითაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. IV – ახ.წ. IV სს-ის ცხეთის სამაროვანზე დაკრძალული ინდივიდები საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურად დაწინაურებულ ფენას წარმო¬ადგენდა. ამაზე მეტყველებს დასაკრძალავი ინვენტარი (ოქროსა და ვერცხლის მტევნისებური საყურე, ოქროს ბეჭედი და სარდიონის ბეჭდის თვლები, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ოქროს მინაბაძები, იმპორტული ფიბულების და მძივ-სამკაულის დიდი ასორტიმენტი, ბრინჯაოს აბზინდები, რკინის იარაღი) რაც შეეხება მათ ნასახლარს, იგი ჯერ არ არის აღმოჩენილი, თუმცა სადღაც აქვე, სიახლოვეს უნდა ვივარაუდოთ; გასათვალისწინებელია ის მანძილები, რომლითაც დეხვირის აკლდამის ტერიტორია დაშორებულია ცხეთისა და გვარინას ნასახლა¬რებისაგან და სამაროვნებისაგან, სულ რაღაც ორი-სამი კმ-ით.
     კვლევის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა იმ მოსაზრების გამყარების შესაძლებლობაც, რომელიც გამოთქმული იყო ადრე, ერმიტაჟში დაცული ოქროს ნივთების კოლექციის კვლევისას (სულავა 1989ბ; სულავა 1996: 68-78), კონკრეტულად კი ,,უსახელოს მედალიონთან’’ დაკავშირებით (სურათი 3). იგი 1911 წელს მოხვდა სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში და თავისი უნიკალურობის გამო მაშინვე მიიქცია მრავალი მეცნიერის ყურადღება. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ინტალიო არაჩვეულებრივი ტექნიკითაა შესრულებული – ნახევარსფეროსებურ ოქროსფერ ციტრინზე, რომლის ამობურცული მხარე მოქცეულია მედალიონის ფასადზე, უკანა ბრტყელ მხარეზე კი, რომელიც მოქცეულია ქვევით, შესრულებულია კვეთა, რომელიც თავის მხრივ მოპი¬რკეთებულია ოქროს ფურცლით – ფოლგით; იქმნება ერთგვარი ჰოლოგრამის ეფექტი. ამგვარი ტექნიკით შესრულებული ჭრილა ქვები, ჯერ-ჯერობით მხოლოდ საქართველოდან არის ცნობილი (ლუციუს ვერუსი – ციხისძირიდან და აქტეონი – არმაზისხევიდან (სულავა 1996:70, იქვე, მით. ლიტ.). ჭრილაქვა ჩასმულია ოქროს მედალიონში, რომელიც თვლებით, წნული ორნამენტითა და ცვარათია შემკული. ანალოგიური ნივთები ხელისუფლების ინსიგნიად მიიჩნევა, და როგორც ადრე გამოითქვა ვარაუდი – “გვიანანტიკური ხანის ლეჩხუ¬მში შეიძლება დავინახოთ ის მცირე პოლიტიკური ერთეული, რომელიც გახდა საფუ¬ძველი ლეჩხუმ-თაკვერის საერისთაოს ჩამოყალიბებისა, რასაც ასე დაჟინებით იხსენიებს ,,ქართლის ცხოვრება“ (სულავა 1996: 68-78).
     სოფელ უსახელოსთან და სტატიაში წარმოადგენილ აკლდმასთან დაკავშირებით საინტე-რესოა ერთი გარემოება, რაც გარკვეული ვარაუდის საფუძველს იძელვა. კერძოდ, სოფელი უსახელო მდებარეობს მდ. ლაჯანურის ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს და დეხვი¬რიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული; უსახელოში დეხვირიდან თავი¬სუფლად შეიძლება გადასვლა რამდენიმე გზით, ფაქტობრივად ეს ორივე სოფელი შეიძლება ერთ კულტურულ-სოციალურ ერთეულად მოვიაზროთ, მით უმეტეს, რომ ცხეთა-დეხვირის ანალოგიური ანტიკური ხანის კულტურული ფენების არსებობა უსახელოშიც ჩანს (სულავა 1996:65-68); თუ სოფელ უსახელოში ანალოგიური არქეოლოგიური ვითარება არ დადასტურდა, რაც სახეზეა დეხვირის ტერიტორიაზე (იგულისხმება აკლდამა, სამაროვანი, ციხეთა ნაშთები), ჩნდება ცდუნება ვივარაუდოთ, რომ უსახელოს ოქროს ნივთების კოლექცია დეხვირის აკლდამაში დაკრძალულთა კუთვნილებად მივიჩნიოთ, რაც მძარცვე¬ლების ხელში მოხვე¬დრის შედეგად აღმოჩნდა ერმიტაჟში. ამ ვარაუდის დადა¬სტურების შემთხვევაში კიდევ უფრო მყარდება ის მოსაზრება, რომ, „გვიანანტიკური ხანის ლეჩხუმში შეიძლება დავინახოთ ის მცირე პოლიტიკური ერთეული, რომელიც გახდა საფუძველი ლეჩხუმ-თაკვერის საერისთაოს ჩამოყალიბებისა“ (სულავა 1996:68-78).
     თუ აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა გაგრძელდება, რისი აუცილებლო¬ბაც სახეზეა, და ჩვენი მოსაზრების დამადასტურებელი ახალი აღმოჩენები გვექნება, ეს იქნება არამარტო დეხვრის მხარისა და ლეჩხუმისათვის არამდე მთელი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც დიდ სიახლესა და ახალ გარემოებებს შესძენს საქართველოს არქეოლოგიურ კვლევებს და გააღრმავებს ინტერესს ლეჩხუმის მიმართ.

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

წყაროები:

აგათია სქოლასტიკოსი, ს.ყაუფჩიშვილი (რედ.) გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი II:23-187, 1936. თბილისი:ტიფლისის უნივერისიტეტის გამოცემლობა
აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია, ალ. გამყრელიძე და ს. ყაუფჩიშვილი (რედ).1959 თბილისი : საბჭოთა საქართველო.

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის (რედ.)1941,თბილისი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

თეოდოსი განგრელი, ს.ყაუფჩიშვილი (რედ.) გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი I:38-57, 1941. თბილისი:მეცნიერება

პროკოპი კეისარიელი, ს.ყაუფჩიშვილი (რედ.) გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები
საქართველოს შესახებ, ტომი II:43-97, 1965. თბილისი: მეცნიერება


ლიტერატურა:


აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე, გ. 1955. მცხეთა, არქეოლოგიური კვლეევა-ძიების შედეგები. არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ.განათხარის მიხედვით. ტ. I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ბახტაძე ნ., მამიაშვილი ვ., გაბეხაძე ბ., ჩხვიმიანი ჯ. 2020. ნაქალაქარ ნეკრესის უძველესი ქრისტიანული ტაძრები. თბილისი. 48-50.
ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურულია ლ. 1983. ლეჩხუმი. თბილისი: მეცნიერება.

ბუაძე შ., ისაკაძე რ., ჩიკოიძე, მ. 2018. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) ექსპედიციის შუა საუკუნეების რაზმის მიერ 2018 წელს დეხვირის ციხეზე ჩატარებულის არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. თბილისი: საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

გაბიძაშვილი გ., სახაროვა, ლ., სულავა, ნ. 2004. „ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევა-ძიების შედეგები (1989-1991 წწ.)“, საქართველოს არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი 1989-1992 წლებში. 121-123.

გამყრელიძე გ., მინდორაშვილი, დ., ბრაგვაძე, ზ., კვაჭაძე, მ. 2013. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ისაკაძე რ., ბუაძე შ. 2016. ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) ექსპედიციის შუასაუკუნეთა რაზმის მიერ 2016 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში. ხელნაბეჭდი.

ლეთოდიანი დ. 2003. ძიებანი. თბილისი: არტანუჯი.

მათიაშვილი ნ. 2016. მცხეთის აკლდამა. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

სახაროვა ლ. 1966. გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურა ცხენისწყლის ხეობაში. ისტორიის. მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებელი დისერტაცია. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი.

სახაროვა ლ. 1967. „ანტიკური ხანის სამარხები“, საბჭოთა ხელოვნება, 9:79-80.

სახაროვა ლ. 1976ა. ბრინჯაოს განძები ლეჩხუმიდან. თბილისი: მეცნიერება.

სახაროვა ლ. 1976ბ. „ლეჩხუმის 1970-71 წწ. არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები“.მაცნე 3:96-104.

†სახაროვა ლ., სულავა ნ. 2014. „ცხეთის ნასახლარი (ლეჩხუმის 1970-71 წწ არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები).“ (რედ. ნ. სულავა) ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები I: 67-87.

სინაურიძე მ., 1968. „ქიზიყის 1938-1939 წწ. არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები“. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXV-B:47-58.

სულავა ნ. 1988., „ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ლეჩხუმიდან (სოფელი უსახელო)“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, 2:109-116.

სულავა ნ. 1989ა., „ფიბულები ცხეთის ანტიკური ხანის სამაროვნიდან“. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტომ.133, 2: 441-444.

სულავა ნ. 1989ბ. „ანტიკური ხანის სამკაულები ლეჩხუმიდან,“ საბჭოთა ხელოვნება, 5: 51-58.

სულავა ნ. 1990. ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები მთიანი კოლხეთიდან (ლეჩხუმი). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებელი დისერტაცია. თბილისი: არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.

სულავა ნ. 1996. მთიანი კოლხეთი ანტიკურ ხანაში. თბილისი: მეცნიერება.

სულავა ნ. 2003. „ლეჩხუმში აღმოჩენილი მცირე ზომის ყალიბის შესახებ“, ძიებანი, 10: 31-35.

სულავა ნ., კოპალიანი ნ. 2012. „ცაგერის ისტორიული მუზეუმის ახალი ექსპონატი.“ 2012. გაზეთი – ლეჩხუმი, 7:14.

სულავა ნ. აღაპიშვილი თ., კოპალიანი ნ., ქორიძე ი., პატარიძე მ., ბაქრაძე ი., ჩაგელიშვილი რ., მამარდაშვილი გ. 2012. ცაგერის ისტორიული მუზეუმი. ალბომი. თბილისი.

სულავა ნ. 2013. „ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ლეჩხუმიდან – ბრინჯაოს ხარი.“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე IV:49-13.

სულავა ნ. 2014. ცხეთის სამაროვანი. ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები, I. თბილისი. 87-97.

სულავა ნ. 2018. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2017 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2017 წელს
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილისი. 232-238.

სულავა ნ. 2019. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილისი. 246-250.

სულავა ნ. 2020. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილისი. 350-354.

დვალი, თ. (რედ),1990. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V.თბილისი:საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. 75.

Сахарова Л.С. 1966. Позднебронзовая культура ущелья реки Цхенисцкали. Автореф. диссерт. к.и.н. Тбилиси: Институт истории, Академии наук Грузинской ССР.

Sulawa N. 2001ა. „Letschchumi – eine bedeutendste frühe Metallurgie – Region in der Kolchis“. GEORGIEN, Schätze aus dem Land des goldenen Vlies. Gambaschidze/A. Hauptmann/R. Slotta/U. Yalçin (Hrsg.). Bochum. 186-187. „Gussform.“ GEORGIEN, „Schätze aus dem Land des goldenen Vlies“. Gambaschidze/A. Hauptmann/R. Slotta/U. Yalçin (Hrsg.). Bochum. 375.

Sulava, N. 2008. „On a small mould discovered in mountainous Colchis“. Ancient mining in Turkey and the Eastern Mediterranean (AMITEM). Ankara. 299-305.