ხელის როლი საზოგადოების განვითარების ისტორიის ჭრილში

გურამ ჩიქოვანი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი X (55-B), გვ. 16-26

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2024

საკვანძო სიტყვები: ხელი, მღვიმე, ხრამის ხეობა, ხვამლი


Abstract

Since the early Paleolithic, the human hand has played a vital role in survival – used for tool-making, food acquisition, and defense. As ealy humans adapted to changing climates, the development of society closely followed the evolution of manual skills and cognitive growth. From the Upper Paleolithic (ca. 45,000-40,000 years ago), archaeological finds and cave art reveal distinctions in the use of the right and left hands. The symbolic significance of the hand became more prominent with the rise of early civilizations in the 4th millennium BCE, seen in monumental art, pyramid reliefs, clay vessels, and religious rituals. Depictions of hands continued across cultures – in biblical texts, nomadic burials, and sacred practices – highlighting their enduring importance. Even today, despite technological advances, the hand remains central to human expression and interaction.

შესავალი

ნეოლითური ხელოვნური გორა ნამოსახლარი არუხლო I მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ნახიდურში, თბილისი-ბოლნისის გზატკეცილის 50-ე კმ-ზე, მარცხენა მხარეს, 900 მეტრზე. 0,25 ჰა ფართობისა და 6 მეტრი სიმაღლის ნამოსახლარი მოქცეულია სასოფლო – სამეურნეო სავარგულების რკალში და მარნეულის სწორ ველზე ყველა მხრიდან ჩანს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ძვ.წ-ის მე-6 ათასწლეულის გორა ნამოსახლარის არუხლო I-ის თიხის ჭურჭლის ერთი მცირე ჯგუფის ანთროპომორფულ გამოსახულებიან ნატეხებზე, კერძოდ კი მარჯვენა ხელზე.
ხელის როლი განსაკუთრებულია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. ხელს, როგორც ფიზიკური და გონებრივი შრომის შეუცვლელ მონაწილეს მარტო ლიტერატურულ ქართულში 500-ზე მეტი მოქმედება უკავშირდება. თიხის ჭურჭელზე გამოსახული მარჯვენა ხელის შედარებით ტიპოლოგიური ანალიზით შესაძლებელია თვალი გავადევნოთ ხელის მნიშვნელობას და სიმბოლოებს უფრო ადრე თუ არა, ზედა პალეოლითიდან დღემდე. ასეთი არტეფაქტები აღბეჭდილია მღვიმეთა ინტერიერში, ხოლო ძვ. წ. მე-11 – მე-9 ათასწლეულიდან მოყოლებული კი მონუმენტურ არქიტექტურულ ნაგებობათა კედლების მხატვრობასა და ნაკაწრ – კვეთილ ხელოვნებაში, ქანდაკებებში, სამარხებში, მცირე პლასტიკაში, ბიბლიაში, ქრისტიანულ და სხვა რელიგიათა მოძღვრებაში, სხვადასხვა წერილობით წყაროებსა და წეს – ჩვეულებაში.

არუხლო I-ზე ჩატარებული გათხრებისმოკლე მიმოხილვა

(Whitley 2011:21, 23). არუხლო I თავიდანვე გამოირჩეოდა არუხლოს ჯგუფის ოთხი ნამოსახლარიდან ზომითა დადაცულობით, ამიტომ სამართლიანად, სწორედ მას დაეთმო სხვებზე მეტი ყურადღება (ჩიქოვანი და სხვ. 2015: 17). არუხლო I წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში ძვ. წ მე-6 ათასწლეულიდან გავრცელებულიახლო აღმოსავლური ტიპის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გორა ნამოსახლარს. ძეგლს 1966-1985 წლებში თხრიდა ქვემო ქართლის (არუხლოს) არქეოლოგიური ექსპედიცია, ჯერ ტ. ჩუბინიშვილის, შემდგომ მისი მოწაფის, დ. გოგელიას ხელმძღვანელობით. არუხლო I-მა კვლავ მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება და 2005-2016 წლებში თხრიდა გერმანულ – ქართული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ს. ჰანზენის და გ. მირცხულავას ხელმძღვანელობით (ჰანზენი, მირცხულავა 2013: 100). არუხლო I-ის მსგავსი ნამოსახლარები განსხვავდებიან კავკასიაში შესწავლილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის სხვა ნამოსახლარებისაგან, ერთ ადგილზე უფრო მყარი, ხანგრძლივი ცხოვრებითა და კულტურულ – სამეურნეო განვითარების მაღალი დონით (Лисицина, Прищепенко 1977: 61-62). გორა ნამოსახლარების ეს ჯგუფი დანარჩენებისაგან გამოიყო რამდენიმე საერთო ნიშნით და აზერბაიჯანში პირველად გათხრილი ძეგლების მიხედვით სამეცნიერო ლიტერატურაში შევიდა ჯერ „შომუთეფეს“ (Нариманов 1966: 121-126), შემდეგ „შომუთეფე-შულავერის“ (Джавахишвили 1973: 69) და„ შულავერ – შომუ თეფეს კულტურის“ (კიღურაძე 1976: 105; Мунчаев 1982: 103) სახელწოდებით. უფრო მართებულად მიგვაჩნია ალ. ჯავახიშვილისეული „შომუთეფე – შულავერის კულტურის“ სახელდება (ჩიქოვანიდა სხვ. 2015: 76). ჩვენი განცხადების საფუძველზე, არუხლო I-ს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (03 07 2020 № 02/42).
როგორც აღვნიშნეთ,სხვა საკითხებთან ერთად სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ არუხლო I-ზე აღმოჩენილ და გამოქვეყნებულ ანთროპომორფულ გამოსახულებიან თიხის ჭურჭლის ნატეხებზე, კერძოდ მარჯვენა ხელზე (Hansen, Mirtskhulava 2012: 81, fig.117-119) (სურათი 1).

ხელი ქართულ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ აზროვნებაში

სხვადასხვა ხალხის საქმიანობა – აზროვნების მსგავსად, ხელს ქართველურ ენებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ადამიანის სხეულის ნაწილებიდან, ხელს, მხოლოდ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მოხმობილი მაგალითებით 500-ზე მეტი მოქმედება უკავშირდება. ხელი კი ასეა განმარტებული – ხელი (ხელისა) – ადამიანის ზედა კიდურის ნაწილი მაჯიდან თითების ბოლომდე – მტევანი. მკლავის ზედა ნაწილი ნიდაყვამდე – მხრის თავი, ხოლო შუა ნაწილს ნიდაყვიდან ხელამდე წყრთა (ჩიქობავა 1964: 1372-1424). ხელს სხვა ქართველურ ენებში ჰქვია: მეგრულად – ხე, ლაზურად – ხე, სვანურად – ტუეტ, ში (ქურდაძე და სხვ. 2015: 237). ხელით ადამიანი უამრავ საქმეს აკეთებს. ის გონების ყველა ჩანაფიქრის აქტიური მონაწილეა. ხელი თითქოს „მოსაუბრე“ ორგანოა, რომლითაც გამოიხატება გრძნობის და მოქმედების ყველა ნიშანი. ხელით შეიძლება შენება, ნგრევა, კვლა, განკურნება, მოფერება, შედევრების შექმნა, ყოველგვარი ემოციის გამოხატვა ან დამალვა, ამიტომ ხელი უძველესი დროიდან, შემოქმედებითი გამოხატვის მთავარი სიმბოლო გახდა (Альбедил 2013). ხელის როლი ქართულ საზოგადოებრივ, სოციალურ და სახელმწიფოებივ საქმიანობისა და მართვის გამოხატვაში მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეხებით ხელის მრავალი მოქმედებიდან რიგ საინტერესო საკითხებს, რომლითაც ქართული განსხვავდება სხვა ხალხის სამეტყველო აზროვნებისაგან. მრავალთაგან აღვნიშნავთ ზოგიერთს: ხელოვნური – ყველაფერი ის, რაც ხელითაა გაკეთებული ან არაბუნებრივია; ხელოსანი – ერთი ან რამდენიმე საქმის მცოდნე პიროვნება; ხელოვანი – მუსიკოსი, მხატვარი, მსახიობი და ა.შ.; ხელოვნებათმცოდნე – ხელოვნების ამა თუ იმ დარგის მკვლევარი; ხელმეორედ, ხელახლა; ხელმოკლეობა – სიღარიბე; ხელმოჭერილი – ძუნწი; ხელის გამართვა – დახმარება; ხელის მომკიდე – მეჯვარე; ხელგარჯილი – შრომის მოყვარე; ხელადა – ხელიანი, სასუფრე ჭურჭელი; ხელდასხმა – კურთხევა და სხვა მრავალი (ჩიქობავა 1964:1372-1424; აბაშიძე 1987: 458-469).
თავისებურია ქართულ სამეტყველო აღქმაში ქვეყნის ტერიტორიული და მმართველობის ფორმის აღმნიშვნელი ტერმინები. სახელმწიფო – გარკვეულ ტერიტორიაზე შექმნილი სამეფო გვარის წარმომადგენლებიდან ან კონსტიტუციური, საყოველთაო არჩევნებით მართული ქვეყანა; ხელმწიფე – სამეფო გვარის უმაღლესი მმართველი პირი; ხელისუფლება – ადგილობრივი, რეგიონალური ან ცენტრალური მმართველობითი ორგანო. ხელთან დაკავშირებულია მხარეების აღმნიშვნელი მარჯვენა და მარცხენა. სხვადასხვა კონტინენტის უმრავლეს ხალხთა მსგავსად, ქართულ ცნობიერებაში, მარჯვენა ხელი მარცხენას საპირისპიროდ, სიმართლის, გამარჯვების და რიგი დადებითი გრძნობების გამოხატვის სიმბოლოა. ქართულში ურთიერთმისალმების აღმნიშვნელი ტერმინები, გამარჯობა – გაგიმარჯოს მომდინარეობს მარჯვენადან და ყოველდღიური წარმატებისა და გამარჯვების გამოხატვის მოწოდება – სურვილია. სადღეისოდ, მზარდი სამეცნიერო – ტექნიკური განვითარება ხელს არ უკარგავს თავის უცვლელ მნიშვნელობას, თუმცა ტექნიკური სიახლეები არამხოლოდ ადამიანს, არამედ ზოგიერთ შინაურ ცხოველსაც უმსუბუქებს ფიზიკურ დატვირთვას, რაც მისასალმელია.

ხელის როლი ფიზიკური და გონებრივი შრომის ადრეულ ეტაპზე. პალეოლითი და არქეოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბების პრობლემები

ცნობილია, რომ არქეოლოგიური გათხრების მონაცემებით, აფრიკისა და ევრაზიის კონტინენტზე ადამიანთა უძველესი წინაპრების ნაკვალევი 2 მილიონზე მეტ წელს ითვლის. ევრაზიაში ქვედა პალეოლითური აღმოჩენებიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოში, დმანისში, 1.8 – 1.7 მილიონი წლით დათარიღებულ ჰომინიდების თავის ქალებს, ქვის იარაღებს და აფრიკული სავანისთვის დამახასიათებელ ფლორასა და ფაუნას. (Ниорадзе, Ниорадзе 2008: 89-92). ასეთ ხანგრძლივ დროში, ცვალებადი ბუნებრივი გარემოს პირობებში, ადამიანთა წინაპრებმა თანამოძმე მაიმუნებთან, მტაცებელ და ბალახისმჭამელ ცხოველებთან თანაცხოვრებაში მეტადრთული გზა გამოიარეს, რაც მეტნაკლებად ასახულია სხვადასხვა ხანის არქეოლოგიურ ძეგლებში. პირველყოფილი ადამიანის ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი გამოგონება იყო ცეცხლის დანთება და კერა, როგორც მათი გამათბობელი, მტაცებლებისგან დამცველი. წმინდა ცეცხლი და კერა გახდა კოლექტივის გამაერთიანებელი და თანდათან მრავალი სიახლისა და წარმატების მომტანი (Борисковский 2015). თანდათან, თანამედროვე ადამიანთა წინაპრებმა, ბუნებრივი გარემოს ყველა სიკეთე და სიმდიდრე, შრომის, სანადირო და საბრძოლო იარაღების გაუმჯობესებით, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და გაბატონდნენ დანარჩენ ცოცხალ არსებებზე.
ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ითამაშა Homo Erecctus – მა, წელში გამართულმა სახეობამ, რომელიც ზედა კიდურებზე ხელის და ხელსაქმის ფუნქციის მინიჭებით გონებრივად განვითარდა, გააუმჯობესა შრომისა და სანადირო იარაღები, გამრავლდა და ახალ – ახალი ადგილები აითვისა. დაახლოებით 500,000 წლის შემდგომ, Homo Erecctus – ის სხვადასხვა პოპულაციებიდან განსაკუთრებით გამოირჩნენ ჯერ ნეანდერტალელები და შემდგომ თანამედროვე ადამიანთა უშუალო წინაპრები კრომანიონელები, რომლებმაც 45 – 35 ათასი წლიდან აითვისეს არამხოლოდ ევრაზიის ზომიერი სარტყელი, არამედ ზედაპალეოლითში გამყინვარებასაც გაუძლეს. ევრაზიაში გათხრილია “კრომანიონელების” რიგი ღია სადგომები, საცხოვრისის რამდენიმე ტიპით. ერთ-ერთია წრიული (6 დმ) ცენტრში კერით და მეორე 6 მ სიგანისა და 30 მეტრამდე სიგრძის, ცენტრში კერათა რიგით. ისინი ნადირობდნენ მამონტებზე, ბიზონენბზე და სხვა ჩლიქოსან ცხოველებზე, რომელთა ძვლებს, ეშვებს და ტყავს იყენებდნენ საცხოვრისების მოსაწყობად, ტანსაცმლად, იარაღებისა და სხვადასხვა ნაკეთობების დასამზადებლად (Рогачев, Минкевич 1984: 198-202).
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ უკვე შუა პალეოლითიდან Homo sapiens -ს, დანაწევრებულ, მარტივ მეტყველებასთან ერთად ჰქონდა შეხედულება მამა და დედა ღმერთზე, ზოგიერთი რიცხვისა და ნიშნების საკრალურ მნიშვნელობაზე, დაკრძალვის რიტუალზე, ხელოვნების მარტივ ფორმებზე და ა.შ. (Зильберман 2017). სწორედ პირველყოფილი ადამიანების ხელით შესრულებული ზოომორფული და ანთროპომორფული ნახატები, მცირენაკეთობები და სხვადასხვა მარტივი კომპოზიციები უფრო ადრეც, მაგრამ განსაკუთრებით ზედა პალეოლითიდან ჩანს მღვიმეთა კედლებზე, თიხატკეპნილ იატაკებზე, ღია სადგომებსა დასამარხებში, რომლებშიც იკითხება მათი შეხედულება გარემომცველ ბუნებასა და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ზედა პალეოლითელები დახელოვნდნენ არამხოლოდ მყარი საგნებით ნატიფი, ზოომორფული კონტურების მოხაზვაში, არამედ წითელი, შავი და გარდამავალი ფერებით უნაკლო მხატვრობაში. მათ მღვიმეთა კედლებზე, ცხოველებთან კომპოზიციაში ან ცალკე, არა მხოლოდ საღებავიანი ხელების გაშლილთითებიანი ანაბეჭდები და კონტურებშემოვლებული ანაბეჭდები დაგვიტოვეს, არამედ საღებავიან მილაკზე პირით შებერვა – შესხურებული ანაბეჭდებიც. ხარისხიანი საღებავების დასამზადებლად ისინი იყენებდნენ ოქრას, ხოლო შავი საღებავის მისაღებად ურევდნენ მარგანეცს, რომლის ნატეხებს ფშვნიდნენ ქვის ფილებზე, ძვლებზე ან მამონტის ბეჭზე (ნაპოვნია პერ ნონ პერში). საღებავში ასევე ურევდნენ ცხოველის ქონს, ძვლის ტვინს და წყალს (Збигнев 2004: 13-31).
სამწუხაროდ, ცალკეულ პალეოანთროპოლოგთა ენთუზმიაზმითvაღმოჩენილი ასეთი მაღალი დონის პირველი მხატვრული ნიმუშები, მათი სიძველისადმი უნდობლობის გამო მე-19 ს-ის ევროპის მეცნიერთა აკადემიურმაvსაზოგადოებამ არ მიიღო, ამიტომ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა „ისტორიამდელი ადამიანების” შემოქმედებითი უნარის აღიარებას.
მე-19 საუკუნეში ძირითადად ჩამოყალიბდა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგები და მათ შორის არქეოლოგიაც. მანამდე, ანტიკური ისტორიის ქრონოლოგიის გააზრებაში სხვებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა დიდმა ინგლისელმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა, ასტრონომმა და თეოლოგმა ისააკ ნიუტონმა (1643-1727წწ). ნიუტონი თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, ისტორიის საკითხებზე გულმოდგინედ მუშაობდა და ჩანაწერებს აგროვებდა, რომელთა მოკლე შინაარსი 1717 წელს გაუგზავნა პრინცესა კაროლინას. ეს ჩანაწერი 1725 წელს ნიუტონის დაუკითხავად გამოქვეყნდა ფრანგულ ენაზე. ამის გამო, ნიუტონის ნათესავებმა მოკლე დროში შეძლეს ნიუტონის ჩანაწერების შეგროვება, დამუშავება და 1728 წელს ჯ. კონიუგტმა და მ. ფოლკსმა გამოაქვეყნეს სათაურით „The Chronology of Ancient Kingdoms Amended (უძველესი სამეფოების შესწორებული ქრონოლოგია)“ (Schilt 2019), სადაც მოცემულია საბერძნეთის, ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის, მიდიის, სპარსეთის და სხვა ძველი ერების ისტორიის ქრონოლოგიის ახლებური გააზრების ცდა და მათ შორის, არგონავტების ლაშქრობასა და ტროას ომზე. ნიუტონის ნაშრომს დღემდე გარკვეული გამოხმაურება აქვს.
რაც შეეხება უშუალოდ არქეოლოგიას, ცნობილია რომ, სიძველეებისადმი ყურადღებას იჩენდა ჯერ კიდევ ბაბილონის მეფე ნაბონიდი (ძვ.წ. 558-538 წწ), რომელიც თურმე ძველი სასახლეებისა და ტაძრების საძირკვლებს თხრიდა (Белявский1971). უფრო მოგვიანოდ, ტერმინი არქეოლოგია პირველად დაამკვიდრა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა (დაახლოებით ძვ.წ. 428/27, 424/23 – 348/47 წწ), რომელშიც გულისხმობდა წარსულის ყველა მოვლენის ასახვას. ტერმინ არქეოლოგიაში, სხვებთან ერთად, მსგავს აზრს დებდნენ დიოდორე სიცილიელი, დიონისე ჰალიკარნასელი და იოსებ ფლავიუსი, რომლებმაც აღწერეს მოვლენები ტროას ომამდე, რომაული – ფინიკიურ ომებამდე, იუდეის არქეოლოგია და ა.შ.
ბერძნებისაგან განსხვავებით, ლათინები სიძველეების აღსანიშნავად “antiquitets” ხმარობდნენ, რომელიც შუა საუკუნეებში დამკვიდრდა კიდეც არქეოლოგიის ნაცვლად. თუმცა „antiquitets” უკვე იყენებდნენ დარგობრივად – სახელმწიფო, სასამართლო, ისტორიული, მხატვრული სიძველეების ასასახად. რომსა და სხვა ქვეყნებში შეიქმნა სიძველის მოყვარულთა საზოგადოება „ანტიკვარიუსი“.
1787 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტიან გოტლიდ ჰაინემ კვლავ გააცოცხლა ტერმინი არქეოლოგია, გულისხმობდა რა მასში კლასიკური ხელოვნების ძეგლებს და წაიკითხა ლექცია „სიძველეთა ხელოვნების არქეოლოგია, უპირატესად ბერძენ და რომაელთა“. პირველყოფილი არქეოლოგიის პიონერები კი გახდნენ გეოლოგები, ბიოლოგები, პალეოანთროპოლოგები, არქეოლოგები, იურისტები და ა.შ. მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთში შეიქმნა წარწერების, არქიტექტურის, მხატვრობის და სკუპლტურის აკადემიები. 1733 წელს საფრანგეთს მიბაძა ინგლისმა. 1807 წელს დანიაში შეიქმნა ეროვნულ სიძველეთა შევსებისა და დაცვის სამეფო კომიტეტი. კოპენჰაგენის მუზეუმის დირექტორმა, არქეოლოგმა კრისტიან იურგენ ტომსენმა (1788-1865) კი, შეკრებილი ნივთები დაუთარიღებლად, დამზადების მიხედვით, ქვის, ბრინჯაოს და რკინის მასალებად დაახარისხა. 1836 წელს ტომსენმა დაწერა წიგნი „ჩრდილოეთის სიძველეთა გზამკვლევი“. შემდეგ კ. ტომსენის ამ დაყოფას უფრო სრული სახე მისცა ვორსომ (ლორთქიფანიძე 1979:6-11).
მე-19 ს-ში დაიხვეწა არქეოლოგიურ ხანათა აღმნიშვნელი ტერმინოლოგიაც. ბიოლოგმა, ანთროპოლოგმა და არქეოლოგმა ჯონ ლუბოკმა, ნაშრომში „წინაისტორიული ხანა“(1865 წ) დაამკვიდრა ტერმინები პალეოლითი და ნეოლითი (Lubbock 1872: 4-5). უნგრელმა არქეოლოგმა ფ. პულსკიმ, 1876 წელს სპილენძ – ქვის ხანას უწოდა ხალკოლითი, 1881 წელს კი, ბრიტანელმა ჯონ ევანსმა, სპილენძის ხანა (Copper Age), ხოლო 1884 წელს იტალიელმა გაეტანო კიერიჩიმ ენეოლითი. დღეს სხვადასხვა ქვეყნებში სამივე ტერმინი გამოიყენება ერთი ცნების სინონიმად (Медный век). პალეოლითსა და ნეოლითს შორის არსებული დროისა და კულტურის სივრცის აღსანიშნად, მე- 19 ს-ის 70-იან წლებში, შვედმა მეცნიერმა ტორელმა შემოიღო ტერმინი მეზოლითი, თუმცა მკვლევართა ნაწილი ეპიპალეოლითს, პროტონეოლითსა და მიოლითსაც უწოდებდა (Монгайт 1973: 172).
მე-19 საუკუნის 30-ანი წლებიდან პირენეიზე, ქვის ხანის პირველი ნივთებისა და ადამიანთა წინაპრების ნამარხი ჩონჩხის აღმოჩენებმა, ინფორმაციის არარსებობისა და უნდობლობის გამო, მეცნიერთა აკადემიური წრის ყურადღება ვერ დაიმსახურა. მეცნიერთა ნაწილისათვის მე-19 საუკუნის მეორე ნახვარი იყო საოცარი მონდომებისა და ასევე იმედგაცრუებისა და გულგატეხილობის წლები. ი. პერტის, ჩ. დარვინის, ჩ. ლაილეის შრომებს „ისტორიამდელი ადამიანის“ არსებობისა და უნარების შესახებ მტკიცებას თითქოს ხორცი შეასხა იურისტმა და ანთროპოლოგმა ე. ლარტემ, როცა 1860 წელს საფრანგეთში მასას კონცხზე (არიეჟი) მეოთხეულ ფენაში დათვის თავის გამოსახულებიანი ირმის რქა, ხოლო 1863-1864 წლებში კი მეცენატ გ. კრისტისთან ერთად ლეზ ეიზის მხარის (დორდონი) მღვიმეებში კედლის მხატვრობა და ლა მადლენის მღვიმეში გრძელბეწვიანი მამონტის გამოსახულებიანი ეშვი იპოვა. საფრანგეთის აკადემიურმა წრეებმა მაინც არ დაიჯერეს აღმოჩენის სიძველე (Lartet, Christy 1864: 233-267). ასეთივე ბედი ეწია ესპანეთში, სანტანდერთან 1868 წელს მონადირე მოდესტ კუბილასის მიერ აღმოჩენილ ალტამირას მღვიმეს. გრაფ მარსელინო სანს დე საუტუოლამ, თავის სამფლობელოში შემავალი მღვიმე მოინახულა 1876 წელს. მან 1879 წელს 276 მეტრი სიგრძის მღვიმის შესასვლელში მცირე გათხრებით სოლუტრეს (17,000 წელი) და მადლენის ხანის (14,000 წელი) მასალები აღმოაჩინა. მისმა 8 წლის შვილმა მარიამ კი, მღვიმის შესავლელთან, გვერდითა გალერეის კედელზე ბიზონის გამოსახულებები იპოვა. საუტუოლამ, გეოლოგ ხ. ვილანოვასთან ერთად, აკადემიურ წრეში მეცნიერული ნაშრომი წარადგინა, მაგრამ მოწინააღმდეგებმა, არქეოლოგ ემილ კარტაიაკის თაოსნობით, არ დაიჯერეს მისი ნამდვილობა და ის მეცნიერების წინააღმდეგ მიმართულ შემოქმედებად მონათლეს (Девлет 2004). დაახლოებით მსგავსი ბედი გაიზიარა გერმანელმა მასწავლებელმა იოჰან კარლ ფულროტმა. მან 1856 წელს, ყოფილ ჰენსკლიპის, იგივე გეშტაინის ხეობაში, რომელსაც მე-19 საუკუნის დასაწყისში თეოლოგ იოჰან ნეანდერის საპატივცემულოდ დარქმეულ ნეანდერის კირქვიან და ტყიან ხეობაში, მდ. დიუსელის ნაპირზე, ფელდჰოფერის მღვიმის შესასვლელის 60 სმ სიღრმის თიხნარში მუშების მიერ ნაპოვნი 16 ძვალი ადამიანთა უძველეს წინაპარს მიაკუთვნა. რადგან ი. ფულროტს ადგილის ზუსტი კოორდინატები არ დაუტოვებია, ძეგლი 2017-2020 წლებში ხელახლა აღმოაჩინა და შეისწავლა რ. შმიტცმა და ი. ტისენმა. 1858 წელს ი. ფულროტის მონაპოვარი აღწერა და გამოაქვენა ჰერმან შააფჰაუზენმა, რომელიც ინგლისელმა გეოლოგმა უილიამ კინგმა 1864 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში Homo neanderthalensis სახელით მონათლა. ი. ფულროტი კი, 1877 წელს ისე გარდაიცვალა, რომ მისმა აღმოჩენამ აღიარება ვერ ჰპოვა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა პათანატომიის ფუძემდებელმა, ანთროპოლოგმა და არქეოლოგმა რუდოლფ ვირხოვმა (Вишняцкий 2010:6-10). სხვათა შორის, რ. ვირხოვი არქეოლოგიის დიდი მოყვარული იყო, მეგობრობდა ჰ. შლიმანთან და არაერთხელ იყო ტროას გათხრებში. რ. ვირხოვს მიეწერება არქეოლოგიური გათხრების აღწერის მეთოდის, კერძოდ თითოეული მონაპოვრის ზუსტი ტოპოგრაფიული ფიქსაციის შემუშავება (Клеин 2010).
მოკლედ, 1830-ანი წლებიდან 1902 წლამდე ასეთი ბედი გაიზირა ქვის ხანის ყველა ძეგლმა თუ ცალკეულმა მონაპოვარმა. 1902 წელს ე. კარტაიაკმა მოულოდნელად მონანიების წერილი გამოაქვეყნა, რაც უკვე გარდაცვლილი საუტუოლას აღმოჩენის აღიარება და ბოდიში იყო. უფრო ამაღელვებელი გამოდგა 1902 წლის შემოდგომის ერთ დღეს ალტამირას მღვიმის შესასვლელთან, მარიასთან ერთად ე. კარტაიაკისა და ა. ბრეილის მიერ საუტუოლას მიმართ მონანიებისა და პატივის ერთად გამოხატვა (კიკნაძე 1977:37-38).
1903 წელს გაბრიელ დე მორტილიე თავის გამოქვეყნებულ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ქვის ხანის ამდენი ნიმუშების მოპოვების შემდეგ, სამეცნიერო საზოგადოების ურწმუნო ნაწილმა ფაქტი აღიარა. მე-20 საუკუნის 10-ანი წლები გახდა ქვის ხანის ახალი ძეგლების, მხატვრული ნიმუშების ძიებისა და შესაბამისად, ქვის ხანის არქეოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბების დრო. პალეოანთროპოლოგებმა, მოწინააღმდეგე ბანაკიდან გადმობარგებული ე. კარტაიაკის აქტიური მონაწილეობით, 1906 წლისთვის 21 მღვიმე აღმოაჩინეს. 2010 წლისათვის ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ფრანკო – კანტაბრიის რეგიონში აღმოჩენილ ზედა პალეოლითის მხატვრობის შემცველ მღვიმეთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. მარტო კანტაბრიაში, უკვე აღმოჩენილია 6500 კარსტული მღვიმე. ალტამირას და სხვა მღვიმეების დათვალირების შემდეგ თურმე პაბლო პიკასომ წამოიძახა: „ალტამირას შემდეგ ყველაფერი კლებულობს“ (Пешерное искусство 2014). ანრი ბრეილმა კი თქვა: „ალტამირა თუ მღვიმეთა მხატვრობის დედაქალაქია, მაშინ ლასკო მისი ვერსალია.“ მათ ასევე სიქსტეს კაპელასაც ადარებენ (Наскальная живопись пешер Альтамира и Ласко).
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კიდევ ორ სადავო საკითხს გაეცა დადებითი პასუხი. მეცნიერთა ერთმა ნაწილმა ჩრდილოეთ ესპანეთსა და სამხრეთ საფრანგეთში აღმოჩენილი ქვის ხანის მღვიმური ხელოვნება მხოლოდ ფრანკო-კანტაბრიულ მოვლენად გამოაცხადა, მაგრამ ევრაზიის სხვა ადგილებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში მეზინის, მეჟირჩის, რუსეთში ევროპულ ნაწილში მოხატულობის ნიმუშებიანი შულგანის (კაპის) მღვიმის, ორნამენტიანი ძვლის, ეშვის და მცირე ქანდაკებებით გამორჩეული კოსტენკის სადგომების, გაგარინოს, სუნგირის (Рогачев, Минкевич 1984), ხოლო აზიურში მალტას, აფონტოვა გორა II-ის, კოკორევო I-ის (Абрамова 1984:338,342-343) აღმოჩენამ ეს მოსაზრებაც გაფანტა. დღესდღეობით ზედა პალეოლითის მხატვრულ ელემენტიანი თუ სადა ძეგლები მეტნაკლებად ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი, მათ შორის ამერიკაში, რომელთაგან აღსანიშნავია „ხელების მღვიმე“ არგენტინაში), სადაც დახატულია ნადირობის სცენები და მოზრდილი ბიჭების მარცხენა მტევნები. 1999 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიანი ძეგლი დათარიღებულია 13,000-9500 წლით (Девлет и др. 2016:10-20) (სურათი 3:3). ინდონეზიაში კი, კუნძულ სულავესისა და კალიმანტანის მღვიმეებში აღმოჩენილი კედლის სხვადასხვა მხატვრობიდან აღსანიშნავია 45,000 წლით დათარიღებული მღვიმე ლეანგ ტიმპუსენგსა და ბორნეოში ხელის ტრაფარეტისა და ლეანგ ტედონგნგეში წითელი საღებავით შესრულებული გარეული ღორის კუდს ზემოთ ხელის ორი მტევნის გამოსახულება (Handwerk 2021 სურათი 2:2, სურათი 3, სურათი 4: 2). აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიუჟეტი აღმოჩენილია ევროპის ზოგიერთ მღვიმეში და მათ შორის პეშ მერლში ორგარეულ ცხენთან ერთად (Столяр 1985: 64, 39) (სურათი 4: 1).
სადღეისოდ,პირენეის მღვიმეების – მალტრავიესოს, არდალესის, ლა პასიეგას არაფიგულარული მხატვრობის გათვალიწინებით ყველაზე ადრეული თარიღია 64,000 წელი, ხოლო ზედა პალეოლითური მღვიმური მხატვრობის უმრავლესობა თარიღდება45,000 წელს ქვემოთ (Наскальная живопись пешер Альтамира и Ласко; Зинченко).
დღეს განსაკუთრებით ღირებულია ცალკეულ მღვიმეთა მხატვრობის დაზიანებისაგან დაცვა, ამიტომ მნახველთათვის გაკეთდა ალტამირას და ლასკოს სრული მაკეტები. იუნესკოს გადაწყვეტილებით, ლასკოს 1979 წელს, ალტამირას 1985 წელს, ხოლო ბასკეთის კიდევ 17 მღვიმეს 2008 წელს მიენიჭა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი (Cave of Altamira and Paleolithic Cave Art of Norten Spain).
კავკასიის სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში შესწავლილია გვიან პალეოლითისა და მომდევნო ხანების ქვაზე და სხვადასხვა ნაგებობებზე ამოკაწრული პეტროგლიფები, მათ შორის კომპოზიციებში, ხელის მტევნის ნიმუშები (Зильберман 2020). მათგან პირველ რიგში აღსანიშნავია აზერბაიჯანში, კლდეზე ნაკაწრი ზოომორფული და ანთროპომორფული პეტროგლიფებით გამორჩეული გობუსტანის ტერიტორია. გობუსტანი 2007 წლიდან ფლობს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს (Фараджева 2015: 50-63).
თავისებურია საქართველოში არსებული პეტროგლიფებისა და მხატვრული ნიმუშების კვლევა. როგორც ჩანს, 1870 – 1880-იან წლებში ევროპის მღვიმეების კედლებზე მხატვრობის ძველი ნიმუშების აღმოჩენამ ჩვენთანაც ჰპოვა გამოხმაურება. დაცულია მე-19 საუკუნის ბოლოს არქეოლოგ ა. იოაკიმოვის წერილი წალკასთან ხრამის ხეობის მღვიმეების კედლებზე მის მიერ აღმოჩენილი ამოკაწრული ნადირობის სცენების შესახებ. თითქმის საუკუნის შემდეგ, 1976 წელს, პატარა ხრამის ხეობაში (ამჟამად ავდრისხევი) დადასტურდა კლდეზე ცალკეულ კერებად და ჯგუფებად ამოკაწრული გარეულ ცხოველთა, ფრინველთა და მშვილდ – ისრით შეიარაღებულ მონადირეთა 100-მდე გამოსახულება. ფაუნიდან აღსანიშნავია ირმები, ცხენები, აქლემები, თევზები, გველები და ა. შ. არქეოლოგიური მასალების მიხედვით, პეტროგლიფების უადრესი ნიმუშები დათარიღებულია მეზოლითით (გაბუნია, ვეკუა 1980: 12-13) (სურათი 6: 2). აქ ცრუ კანიონისებურ მე-4 ტერასაზე კიდევ გამოვლინდა პეტროგლიფების ახალი ჯგუფი (გაბუნია და სხვ. 2020: 13-23). შესაძლებელია, ხრამის პეტროგლიფები გამოხატავდეს სახვით მაგიას, რომელიც სავარაუდოდ წარმოიქმნება რელიგიური რიტუალებიდან (იზორია, კლდიაშვილი 2020: 107). დასავლეთ საქართველოში შესწავლილი მღვიმეებიდან ლიტერატურაში მითითებულია იმერეთში მდებარე მღვიმევი, სადაც კულტურულ ფენაში ზედა პალეოლითურ მასალებთან ერთად აღმოჩნდა ქვის ფილაზე ნაკაწრი კომპოზიცია, ხოლო კიდევ ოთხი კი მე-5 ფარდულის იატაკზე. მართალია მათი სიუჟეტური მიმართება არ იკითხება, მაგრამ უდავოდ ზედა პალეოლითს ეკუთვნიან (Бадер 1984: 278). ახალი აღმოჩენებიდან საყურადღებოა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე უნდოს მღვიმეთა სისტემიდან N1 მღვიმის კედელზე შუა პალეოლითის ხანის გაშლილი და ხელებზე აწული კაცუნას ნაკაწრი გამოსახულება, რომლის შესწავლა ჯერ კიდევ გრძელდება (თუშაბრამიშვილი 2021: 40-47).
ზემოთ მოხმობილიპალეოლითის შემდგომი ხანის ძეგლებიდან საინტერესოა ლეჩხუმში, 1750 მეტრ სიმაღლეზე მდებარე წითელი ოქრით შესრულებულ ნახატებიანი ხვამლის ციხე – ქვაბული სავარაუდოდ ცხენებზე ამხედრებული ადამიანებით (გოგუაძე 2013: 22) (სურათი 6:1). სამხრეთ – აღმოსავლეთ საქართველოში, უახლესი აღმოჩენებიდან აღსანიშნავია წითელი ოქრით მოხატული ზოომორფულ, გეომეტრულ და ანთროპომორფულ გამოსახულებიანი კლდე დამირგაია (Losaberidze, Eloshvili 2020: 99-102).

მარჯვენა და მარცხენა პალეოლითიდან დღემდე

ზემოთ მოხმობილი ზედა პალეოლითური მღვიმური კედლების კაწვრით და საღებავით შესრულებული ზოომორფული და ანთოპომორფული ფიგურებისა და დაკრძალვის წეს – ჩვეულებების მიხედვით შესაძლებელია თვალი გავადევნოთ მომდევნო ხანებიდან უფრო სრულყოფილ და დღემდენაწილობრივ შემორჩენილ ნეანდერტალ – კრომანიონელთა შეხედულებებს ბუნებაზე, ბუნების ძალებზე, პლანეტების მოძრაობაზე, დღე – ღამეზე, კალენდარზე, მარჯვენა – მარცხენაზედა განსაკუთრებით ხელების მნიშვნელობაზე. დღეს უკვე მრავალი ძეგლი და არტეფაქტია წამოწეული საკითხის განსახილველად, რომელთა გარშემო რიგი ფუნდამენტური კვლევები არსებობს. კაცობრიობას, განვითარების ხაგრძლივ გზაზე, ყოველთვის ჰყავდა განსაკუთებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ტექნიკურ – შემოქმედებით სიახლეებს. ზედა პალეოლითში და უფრო ადრეც, ერთ-ერთი ასეთი სიახლე იყო ძვლების, ეშვების, მღვიმის კედლების გრავირება – მხატვრობა, ზოომორფული და ანთროპომორფული ქანდაკებების კეთება და ა.შ.
მხატვრობის წარმოშობას ალბათ შემთხვევითი, მაგრამ თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნების საფუძველი ედო, „თითების თამაშიდან“ ავტორის პერსონალურობის გამომჟღავნებით (Luquet 1926: 145). შედგომ თანდათან შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებულ პერსონალთა ხელების გაწაფვით და კედლებზე საღებავით ხატვით სხვადასხვა ზოომორფულ და ანთროპომორფულ ფიგურათა სილუეტების გამოყვანით დამთავრდა. მკვლევარები ასევე განიხილავენ დათვების მიერ მღვიმის კედლებზე ფრჩხილების გასაბასრებლად დატოვებული ე.წ. „მაკარონების“ თემას, რომლებსაც ადამიანებიც ბაძავდნენ, თუმცა მკვლევართა ნაწილი ამ ხაზებსა და ზოომორფულ ფიგურებს შორის რაიმე სერიოზულ კავშირს ვერ ხედავს (Столяр 1985: 47-54).
პალეოლითის მკვლევარები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ხელის მტევნის ანაბეჭდების ხელოვნებას, რომლებსაც ყოფენ პოზიტივად და ნეგატივად. პოზიტივად ითვლება საღებავიანი ხელის გულის მხარის აღბეჭდვა კედლებზე, ხოლო ნეგატივად, უფრო რთული, გაშლილი ხელის მტევნის კონტურის შემოხაზვა საღებავით. ჯერ კიდევ 1902-1907 წლებში ე. კარტაიაკმა და ა. ბრეილმა ხელის მტევნის ანაბეჭდები დაადასტურეს ალტამირაში,გარგასში, კასტილიოში (Cartailhac, Breuil 1910: 143). შემდგომ, როგორც აღვნიშნეთ, მღვიმეებში ხელის ანაბეჭდთა აღმოჩენის რიცხვი სხვადასხვა კონტინენტზე თანდათან გაიზარდა.
მკვლევართა აზრით, კრომანიონელები ოსტატურად შემოხაზავდნენ ტრაფარეტად გამოყენებულ მარცხენა ხელს მარჯვენათი. ხელების გამოსახვის რაოდენობით გამოირჩევიან ცალკეული მღვიმეები; გარგასი – 200, ელ კასტილიო – 50, ტიბირანი, პეშ მერლი- 10-10 და ა. შ. სადღეისოდ ასეთი მღვიმეების რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს (Столяр 1985: 56). ხელების ანაბეჭდების შინაარსის გახსნას მრავალი მეცნიერი შეეხო, თუმცა საკითხი ისევ საკამათოა. მოკლედ, კამათია ზედა პალეოლითის მხატვრული ხელოვნების წარმოშობა – განვითარებაში ხელის ტრაფარეტის როლზე. ცალკეულ მღვიმეებში ხელის (ხელების) მტევანი აღბეჭდილია ცალკე ან ცხოველთა კომპოზიციასთან ერთად, ასევე გვხვდება ხელის პატარა მტევნები, რომელშიც ზოგიერთი მკვლევარი მოზარდთა ინიციაციას ხედავს (Кастере 1975: 88), ზოგი ქალების ხელებს, ხოლო ნაკლულ ფალანგებიან ხელებში მოკაკვულს (Leroi-Gourhan 1964: 102), რომელთა მაგალითებად მოვიხმეთ ხელის ტრაფარეტები ა. სტოლიარის მონოგრაფიიდან ალტამირას (ასლი), კასტილიოს და გარგასის მღვიმედან (Столяр 1985: 58,59,62) (სურათი 2: 1,3,4, სურათი 3: 1,2).
კომპოზიციურ ნახატებში, ზრდასრულის ხელი მიჩნეულია კრომანიონელის ძალის სიმბოლოდ ცხოველთა სამყაროზე. მღვიმეებში ზოომორფულ ნახატებთან შედარებით, ხელის ანაბეჭდის ადრეულობას, სხვებთან ერთად, მხარს უჭერდა გ. ლუქე (Luquet1926: 147-152). ა. გუშჩინი ამტკიცებდა ფრანკო – კანტაბრიული ხელების ადრეულობას და დიდ როლს პალეოლითური შემოქმედების წარმოშობაში (Гущин 1937: 42-43, 78-79). ლ. ნუჟიეს ხელის ტრაფარეტები არ მიაჩნდა პალეოლითური ადრეული ზოომორფული ხელოვნების წანამძღვრად და მას ხელოვნებადაც არ თვლიდა (Nougier 1966: 78-80). ა. ოკლადნიკოვს „ხელი“ ჯერ კიდევ არ მიაჩნდა ხელოვნებად (Окладников 1967: 38). საერთო შეფასებით, ხელების ტრაფარეტებსა და ზოომორფული გამოსახულებების ხაზობრივ – ანიმალისტურ მოხაზულობებს შორის ნაკლებიკავშირია. პირიქით, ხელების ტრაფარეტული აღბეჭდვა მიჩნეულია ზოომორფული მხატვრობის გავლენად. სავარაუდოდ, მღვიმეთა კედლებზე, თუ თიხაზე ხელის ტრაფარეტების აღბეჭდვის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ნადირობამ, მოკლული ცხოველის გატყავება – დანაწილებისას ხელების სისხლში გასვრამ, შეწვა – გატრუსვისას ხელების გამურვამ და ა.შ., რომელმაც თანდათან რიტუალური სახე მიიღო (Столяр 1985: 60-69).
ხელის როლის გახსნაში მეტი სიცხადე შეიტანა ნეოლითისა და შედგომ ძვ.წ. მე-4 ათასწლეულიდან ადრეული სახელმწიფოების პიქტოგრაფიულ – წერილობითმა და მონუმენტურმა ხელოვნებამ, კედლის მხატვრობამ, ბიბლიამ, რელიგიურმა რწმენა – წარმოდგენებმა და სხვადასხვა ხალხის ყოფით კულტურაში დაცულმა ჩვევებმა. 1995 წლიდან ჯერ კლაუს შმიდტის, ხოლო 2014 წლიდან ლი კლერის სენსაციური გათხრებით ირკვევა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნეოლითური სოფლის, ჩათალ ჰუიუქისა და სხვა ცნობილი ნამოსახლარების უწინ, ძვ.წ. მე-10 – მე-8 ათასწლეულებში, თურქეთის მესოპოტამიურ ნაწილში თურმე არსებობდა გამიზნულად ამოთხრილ მიწისქვაბულებში ფლეთილი ქვებით ნაგები ჯერ წრიული და შემდგომ ოთხკუთხა ფორმის გობექლი თეფეს საკულტო კომპლექსები, სადაც აღმართული იყო 5 მეტრის სიმაღლისა და 8 ტონის თლილი ქვები და სტელები ცხოველთა, ფრინველთა და ადამიანის ხელების გამოსახულებით. ძვ.წ. მე-8 ათასწლეულის შემდგომ ისინი გაურკვეველი მიზეზით შეგნებულად მიწით ამოუვსიათდა საყოფაცხოვრებო – სამეურნეო ფართობებად უქცევიათ. 2018 წლიდან გობექლი თეფე შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში აღმოჩენილია გობექლი თეფეს მსგავსი სხვა კომპლექსები – ნევალი ჩორი, ქამზან თეფე, კარაჰან თეფე და სხვა (Гебеклитепе-древнейший храмв мире/Турция. 4.) (სურათი 5: 1). ჯერჯერობით ამოუხსნელი კულტურული ტრადიციის თუ სხვა ნიშნების თვალსაზრისით საინტერესოა გობექლი თეფეს, შუმერისა და მექსიკის სხვადასხვა ხანის სტელებზე ე.წ. “ხელჩანთების” გამოსახვა (ИскусстваТайна сумки богов.) (სურათი 5: 1). ნეოლითიდან ეკონომიკის, კულტურის და სოციალური ურთიერთობის განვითარება – გართულებასთან ერთად იზრდება მარჯვენა – მარცხენა ხელის ფუნქცია და სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლების, გამარჯვება – დამარცხების და პიროვნების თუ საზოგადოების სხვადასხვა გრძნობისა და განწყობის გამოხატვასთან. როგორც აღვნიშნეთ, ძვ.წ. მე-4 ათაწლეულიდან შუმერისა და ეგვიპტის ადრეული სახელმწიფოებიდან მოყოლებული, კედლის მხატვრობაში, მონუმენტურ ხელოვნებაში თუ მწერლობაში დაცულია რწმენა – წარმოდგენებიდან აღებული ხელის მნიშვნელობათა სიმბოლოები, რომელთა უმეტესი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. დასტურად შეგვიძლია ქრონოლოგიურად წარმოვადგინოთ ცალკეული მაგალითები. ძვ.წ. მე-7 – მე-6 ათასწლეულიდან, თიხისაგან ნაძერწ ანთოპომორფულ ფიგურებთან ერთად ჩნდება ადამიანის სილუეტით მოხატული კერამიკა. საცხოვრებელი თუ რიტუალური ნაგებობებიდან აღსანიშნავია ჩათალ ჰუიუკის შენობის კედელზე ხელის 2 მტევნის ნახატი (Neolithic Site of Çatalhöyük. 1992-2022) (სურათი 5: 2). ნეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლებში მრავლადაა ძალაუფლების სიმბოლო კვერთხისთავი, რომელიც დაკავშირებულია ხელთან. ხელზე გამახვილებული სიმბოლოები განსაკუთრებით ბევრია ძველი ეგვიპტის არქეოლოგიაში, რომელთაგან სანიმუშოდ მოვიხმობთ მზის ღმერთების ატონის, რას, სააქაო-საიქიო ცხოვრების თანმხლები ღმერთის კას და სამართლიანობის ქალღმერთის გამოსახულებას და შუმერულ ხელოვნებაში (Божественные силы и боги Древнего Египта; Скляров 2017: 17) (სურათი 7: 1-3, სურათი8: 1, სურ. 82,3).
ბიბლიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მარჯვენა ხელს დამხარეს. მრავალთაგან დავიმოწმებთ ერთს; „ხელი მოჰკიდა ორივეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე – ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს და მიიყვანა მასთან. გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ეს ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო… იოსებს ეს არ მოწონა“ (ბიბლია, ძველი აღთქმა 2021. დაბ. 13, 14, 17).
ცნობილია, რომ გავრცელებული იყო მოკლულ მტერზე მარჯვენა ხელის მოჭრა. ეგვიპტეში ჰიქსოსების დროის სამეფო დარბაზის ნანგრევების გვერდით ორ ორმოში ნახეს ჩონჩხები მარჯვენა ხელის გარეშე, მეორე ორში კი 14 მარჯვენა ხელი (Божественные силы и боги Древнего Египта).
ბერძნული წყაროების ცნობით, სკვითურ სამყაროში მიღებული იყო დამარცხებულ მტერზე მარჯვენა ხელის მოჭრა (Геродот 2002 – 2006: 59.IV.62). ძვ.წ. პირვწლი ათასწლეულიდან სტეპური, მომთაბარე ხალხების მიცვალებულათათვის დადგმულ სამარხეულ ქანდაკებებში ხშირად ხაზი გასმულია ხელების პოზაზე ან მარჯვენა ხელში ჭურჭლის დაჭერაზე (Кубарев, Кубарев 2013: 7) (სურათი 9: 1). ზოგჯერ, ქართულ ქრისტიანულ საფლავის ქვებზე გამოკვეთილია გარდაცვლილის გულმკერდზე ხელებდაკრეფილი ფიგურა, რომლის მაგალითია ბოლნისში, ფოლადაურის ხეობაში მე-17 საუკუნის საფლავის ქვა (კვაჭატაძე 2020: 154) (სურათი 9: 2). ქრიტიანულ მოძღვრებაში ლოცვის დროს კანონიკურია მისი შესრულება მარჯვენა ხელით და მარჯვნივ, ხოლო ეკლესიების კედლებზე ფრესკულ მხატვრობაში ყურადღება გამახვილებულია მარჯვენა ხელზე. ზოგიერთ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე, მაგალითად სვანეთში ლამარიას სახელობის ეკლესიის გარე კედელზე ამოკაწრულია მარჯვენა ხელის ტრაფარეტები (დიღმელაშვილი 2021) (სურათი 9: 3). ბუდისტურ მოძღვრებაში განსაკუთრებულია ხელის მდგომარეობა – მუდრა (Альбедил 2013), ხოლო მუსულმანურ შიფატიმას და ჰუსეინის მარჯვენა ხელის ამულეტი (Родионов 1988: 2). დღეს ყველა კონტინენტის ხალხის ყოველდღიურ ცნობიერებაში ხელების, ფეხების, თვალების სიმბოლოებს, მარჯვენა – მარცხენა მხარესთან, აღმოსავლეთ და დასავლეთთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

გამოყენებული ლიტერატურა


აბაშიძე, ირ. (რედ.) 1987. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11. თბილისი: მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

ბიბლია, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა 2021. საქართველოს საპატრიარქო. თბილისი: პალიტრა.

გაბუნია, მ., ვეკუა, ა. 1980. პატარა ხრამის პეტროგლიფები. თბილისი: მეცნიერება.

გაბუნია, მ., ჯაყელი, ნ., აღაპიშვილი, თ. 2020. „კლდის პრეისტორიული ნახატები თრიალეთიდან,“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია (54-B): 13-23.

გოგუაძე, დ. 2013. საქართველოს პეტროგლიფების დიდი კატალოგი. თბილისი: თამარიონი 2000.

დიღმელაშვილი, ქ. 2021. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტი. პირადი არქივი.

თუშაბრამიშვილი, ნ. 2021. „უნდო კლდის მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი და ნეანდერტალელი მონადირეების დროებითი სადგომი,“ ონლაინ არქეოლოგია 19.

იზორია, მ., კლდიაშვილი, ა. 2020. „თრიალეთის პეტროგლიფების სემანტიკა,“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, 17–18 ნოემბერი.

კვაჭატაძე, ე. 2020. „ეპისკოპოს პართენოზ ხარჭაშნელის საფლავის ფილა,“ ACADEMIA 8-9.

კიკნაძე, თ. 1977. იდუმალი სამყაროს ბილიკებით. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

კიღურაძე, თ. 1976. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია. თბილისი: მეცნიერება.

ლორთქიფანიძე, ო. 1979. არქეოლოგია და თანამედროვეობა. თბილისი: მეცნიერება.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 1987. თბილისი: საქართველოს განსახკომის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი.

ქურდაძე, რ., შონია, დ., თანდილავა, ლ., ნიჟარაძე, ლ. 2015. ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონი. თბილისი: პეტიტი.

ჩიქობავა, ა. (რედ.) 1964. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. VIII. თბილისი: მეცნიერება.

ჩიქოვანი, გ., აბულაძე, ჯ., ჟვანია, დ. 2015. ქვემო ქართლის (არუხლოს) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შესწავლილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარები (1966–1988). თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ჰანზენი, ს., მირცხულავა, გ. 2013. ადრესამიწათმოქმედო კულტურა სამხრეთ კავკასიაში. თბილისი: გერმანიის არქეოლოგიური მუზეუმი.

Handwerk, B. 2021. 45,000-Year-Old Pig Painting in Indonesia May Be Oldest Known Animal Art. Smithsonian Magazine.

Handwerk, B. 2018. World’s Oldest Known Figurative Paintings Discovered in Borneo Cave. Smithsonian Magazine.

Hansen, S., Mirtskhulava, G. 2012. The Neolithic Settlement of Aruchlo. Berlin: Dietrich Reimer Verlag.

Cartailhac, E., Breuil, A. 1910. Les peintures et gravures murales des cavernes pyrénéennes. Paris.

Schilt, C. J. 2019. Of manuscripts and men: the editorial history of Isaac Newton’s Chronology.

Lartet, E., Christy, H. 1864. Sur des figures d’animaux… Revue Archéologique, Paris.

Leroi-Gourhan, A. 1964. Les religions de la préhistoire. Paris.

Lubbock, J. 1872. Pre-Historic Times. London.

Luquet, G. 1926. L’art et la religion des Hommes fossiles. Paris.

Nouguer, L. 1966. L’art prähistorique. Paris.

Losaberidze, L., Eloshvili, M. 2020. Preliminary report of Damirgaya rock art site. Rock Art Research, 37.1.

Абрамова, З. 1984. Поздный палеолит Азиатской части СССР. Москва: Наука.

Альбедил, М. 2013. „Ты держишь мир простертой длани.“ Теория моды, №27.

Бадер, Н. 1984. Поздний палеолит Кавказа. Москва: Наука.

Белявский, В. 1971. Вавилон легендарный. Москва: Мысль.

Борисковский, П. 2015. Освоение огня.

Вишняцкий, Л. 2010. История несостоявшегося человечества. Санкт-Петербург: Нестор.

Геродот. 2002–2006. История. Перевод Шишова.

Гущин, А. 1937. Происхождение искусства. Москва.

Девлет, Е. 2004. Альтамира. Природа N12.

Девлет, Е., Остирова, Е., Фахри, А. 2016. Изображения рук в наскальном искусстве Америки.

Джавахишвили, А. 1973. Строительное дело… Тбилиси.

Збигнев, Х. 2004. Варвар в саду.

Зильберман, М. 2017. Некоторые культовые представления эпохи палеолита.

Зильберман, М. 2020. Интерпретация сакрального содержания петроглифов Кавказа.

Кастере, Н. 1975. Полвека под землей. Москва.

Клеин, Л. 2010. Рудольф Вирхов и влияние наук.

Кубарев, В., Кубарев, Г. 2013. Каменные изваяния древних тюрок Южной Сибири.

Лисицина, Г., Пришепенко, Л. 1977. Палеоэтноботанические находки Кавказа.

Монгайт, А. 1973. Археология Западной Европы. Москва.

Мунчаев, Р. 1982. Энеолит СССР. Москва: Наука.

Нариманов, И. Г. 1966. Древнейшая земледельческая культура Закавказья.

Ниорадзе, М., Ниорадзе, Г. 2008. Ранний палеолит Грузии.

Окладников, А. 1967. Утро искусства. Ленинград.

Рогачев, А., Минкевич, М. 1984. Поздный палеолит Русской равнины. Москва.

Родионов, М. 1988. Голубая бусина на медной ладони.

Столяр, А. 1985. Происхождение изобразительного искусства. Москва.

Фараджева, М. 2015. Гобустан. Российская археология №4.

ინტერნეტ რესურსები


Cave of Altamira and Paleolithic Cave Art of Northern Spain. © UNESCO World Heritage Centre. https://whc.unesco.org/en/list/310/


Die Kleine Feldhofer Grotte im Neandertal. https://www.praehistorische-archaeologie.de/wissen/die-steinzeit/mittelpalaeolithikum/kleine-feldhofer-grotte/


Neolithic Site of Çatalhöyük. 1992–2022. © UNESCO World Heritage Centre. https://whc.unesco.org/en/list/1405/


Божественные силы и боги Древнего Египта (таблица). История и культура древних цивилизаций. © 2013–2024. https://civilica.ru


В древнем дворце нашли склад отрубленных рук. 13.VIII.2012. https://mirfactor.com


Гебекли Тепе — древнейший храм в мире / Турция. 04.02.2021. Елена. https://motohorek.life/2021/02/gobekli-tepe/


Зинченко, С. Монументальное искусство палеолита… https://magisteria.ru/prehistoric-art/monumental-paleolithic-art


Тайна сумки богов: загадка исчезнувших цивилизаций. https://kulturologia.ru/blogs/100417/34120/


История первая. Троглодит из грота Фельдгофер. 2001–2021. http://historic.ru/books/item/f00/s00/z0000151/st001.shtml


История Шумеров. © Русская историческая библиотека. https://rushist.com/index.php/ancient-east/2719-istoriya-shumerov


Медный век. Википедия, свободная энциклопедия. 10.XI.2024. https://ru.wikipedia.org


Наскальная живопись. 05.09.2021. Cave painting. https://wikibrief.ru


Наскальная живопись пещер Альтамира и Ласко. 13.03.2016. https://iskustvoed.ru


Пещерное искусство — доисторическое и современное. https://arcobaleno-ru.livejournal.com


Скляров, А. 2017. Предметы богов и их копии. Лаборатория альтернативной истории. https://lah.ru/pb-text/


Становление археологии как науки в Европе в XVIII–XIX веках. https://privetsdudent.com