დმანისის ქვედაპალეოლითური ინდუსტრიის ზოგიერთი ნედლეულის თავისებურებები. ტიპოლოგიური და ექსპერიმენტულ-ტექნოლოგიური კვლევების შედეგები

დავით ჟვანია, რუსუდან ჩაგელიშვილი, თეონა შელია,

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. ნომერი X (55-B), გვ..1-16

გამოიცა: 2022 აგვისტო

საკვანძო სიტყვები: პალეოლითის ტექნოლოგიები, ექსპერიმენტი, დმანისი


Abstract

This article describes a first attempt to study the technologies of the Dmanisi Paleolithic industry. To reconstruct the complete technological process, a distribution map of the raw material used by the Dmanisi hominids was created, then raw materials for our experimental study were collected from the same places as were used by Paleolithic hominins. The article discusses the results of the experimental technological studies using amphibolite and tan tuff as a raw material. The original archaeological artifacts are compared with the experimental industry made with the same raw material. Both industries were created by applying the hard hammer techniques

შესავალი

დმანისი, ადამიანის ევოლუციის და განსახლების პროცესების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილსაპოვებელს წარმოადგენს. იგი თავის თანადროულ ძეგლებს შორის გამოირჩევა ჰომინინების ნაშთების, ქვის იარაღის, ინდუსტრიაში გამოყენებული ნედლეულის, ფლორის და ფაუნის სიმდიდრით. აგრეთვე, ნამარხების დაცულობის ხარისხით და ჰომინინების ინდივიდების ასაკის ფართო დიაპაზონით. ამავე დროს, დმანისის ქვედაპალეოლითურ სადგომზე აღმოჩენილი ჰომინინების (homo ergaster) ნაშთები უძველესია მსოფლიოში (1,78 მლნ.წ.), თუ არ ჩავთვლით აფრიკას, საიდანაც მოხდა ჰომინინების განსახლება დანარჩენ კონტინენტებზე. ძეგლის ასაკი არართხელაა განსაზღვრული აბსოლუტური დათარიღების მეთოდებით (40Ar/39Ar და K/Ar), რასაც პალეომაგნეტიზმის მონაცემები (ოლდუვაის სუბქრონის დასასრული) და შედარებითი პალეონტოლოგიური დათარიღების შედეგებიც ადასტურებს (Gabunia et al. 2001:158-70).                            ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დმანისში ჰომინინების ახალაღმოჩენილი ნამარხ ნაშთებთან დაკავშირებით, არაერთი ნაშრომი გამოქვეყნდა ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებში. ინტერდისციპლინური კვლევების ერთ-ერთი მიმართულება, ცხადია, იყო ქვის ინდუსტრიის შესწავლაც, რაც მუდმივად იყო დმანისის პალეოლითური სადგომის მულტიდისციპლინური კვლევების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქამდე ჩატარებულ საკმაოდ მრავალრიცხოვან და ნაყოფიერ კვლევებში დმანისის ინდუსტრია შეისწავლებოდა მხოლოდ ტიპოლოგიური თვალსაზრისით, რაც ქვედაპალეოლითური ინდუსტრიის სრულად გასაგებად არაა საკმარისი. წარმოდგენილი სტატია დმანისის ინდუსტრიის კვლევაში ტექნოლოგიურ-ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენების პირველი მცდელობაა. მისი მიზანია შეივსოს არსებული წარმოდგენები დმანისის ინდუსტრიაზე და მის შემქმნელ ჰომინინების ქვის დამუშავების ტექნოლოგიაზე.

Dmanisi_map_1 ________________ სურათი 1. დმანისის მიდამოების ფიზიკური რუკა. მუქი ცისფერი ხაზებით დატანილია ნედლეულის გამოსავლების გამოვლენის და აღრიცხვის მიზნით შესწავლილ მდინარეთა ხეობები

მეთოდოლოგია

დმანისის პალეოლითური ინდუსტრიის დამზადებისას გამოყენებული ტექნოლოგიის დასადგენად ჩასატარებელი ექსპერიმენტული სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაგვე-თვალისწინებინა, რომ ოლდუვაურ ინდუსტრიებში იარაღის საბოლოო ფორმას განა-პირობებს არა იმდენად დამზადების ტექნოლოგია, რამდენადაც – ნედლი მასალა. სწორედ ნედლეულის მრავალფეროვნებასთან იყო დაკავშირებული დმანისის არტეფაქტების ირგვლივ სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა, სადაც ერთი მხრივ უკიდურესად პრიმიტიულ ფორმებთან ერთად, საკმაოდ ნატიფი ნივთებიც გვხდება. ნედლი მასალის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ქვედაპალეოლითურ ინდუსტრიებში, ბოლო ათწლეულებში ძალიან დამაჯერებელი ტექნოლოგიური კვლევები აქვთ ჩატარებული ნიკოლას ტოტს, მოჰამად სანუნის და სხვებს. მათი კვლევები აფრიკულ ძეგლებს ეფუძნება (Toth:1987: 763-787).
       დმანისის ინდუსტრიაში დადასტურებულია 50-მდე სხვადასხვა ნედლი მასალა. შედა-რებისთვის, დაახლოებით თანადროულ აფრიკულ ძეგლებზე ერთი, ორი, ან რამდენიმე ნედლეულისგან დამზადებული არტეფაქტები გვხვდება. შესაბამისად, იარაღის ფორმებიც დმანისში ბევრად უფრო მრავალფეროვანია და მთლიანობაში, ინდუსტრია უპრეცედენტოდ არაერთგვაროვანია. ეს დამატებით ართულებს მხოლოდ ტიპოლოგიური კვლევით, ექსპერიმენტების გარეშე, დმანისელი ჰომინინების ტექნოლოგიების და ქცევის გაგებას.
     ნედლეულის მოპოვება იარაღის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის პირველი ნაწილია. შესაბამისად, პალეოლითური ტექნოლოგიის რეკონსტრუქციისას შევაგროვეთ ნედლი მასალა იგივე გამოსავლებიდან, რომლითაც დმანისელი ჰომინინები სარგე-ბლობდნენ. ნედლეულის აკრეფის მიზნით ჩატარდა 5 ექსპედიცია მაშავერას, ფინეზაურის და მათი შენაკადების: ლოქჭანდარის, შავწყალას (ვარძაგარა, ყარასუ), ჩათახის ხეობებში. ექსპედიცია, პარალელურად, აგროვებდა ინფორმაციას და ადგენდა დმანისის ინდუსტრიაში გამოყენებული ნედლი მასალის გავრცელების რუკას (სურათი1). ექსპედიციების მიერ მასალა შეგროვდა ფინეზაურის ხეობაში, სოფელ პატარა დმანისთან ორ ადგილას (GPS – N 0444602; E 4575009; H-872 მ. და GPS – N 0474902; E 4495117; H-889 მ.); შავწყალას ხეობაში სოფელ მამიშლოსთან (GPS – N 0680321; E 0378024; H-913 მ.), სოფელ საფარლოსთან (GPS – N 0578394; E 0564282; H-874 მ.) და სოფელ ამამლოსთან (GPS – N 0650374; E 0577194; H-928 მ), ასევე შუა საუკუნეების ხანის დმანისის ციტადელის სამხრეთ ფერდზე. სულ შეგროვდა ნედლი მასალის 3,500-მდე ერთეული, რომელიც მხოლოდ ზომის მიხედვით შეირჩა. შეგროვებული მასალის ნედლეულის იდენტიფიკაცია ან შერჩევა არ მომხდარა.
      წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია მხოლოდ ორ ნედლ მასალაზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგები (64 ექსპერიმენტი. ნედლი მასალის შესახებ იხილეთ ქვემოთ). ამასთანავე, მოცემულია ორიგინალურ ინდუსტრიაში წარმოდგენილი იგივე ორი ნედლეულისგან დამზადებული არტეფაქტების ნაწილის (511 ც. მხოლოდ მეორე უბნიდან) ტიპოლოგიური შემადგენლობა. აღნიშნული ორივე კვლევის (ექსპერიმენტული ნიმუშები და არქეოლოგიური მასალა) მონაცემების საფუძველზე, სტატიაში გაკეთებულია შედარებითი ანალიზი. დმანისის არქეოლოგიური გათხრების 14 უბნიდან, მეორე, ყველაზე დიდ ფართობზე გათხრილი უბნის მასალა შეირჩა, რომელიც კატალოგიზირებულია.
      ექსპერიმენტული იარაღები დამზადდა მაგარი ჩაქუჩის ტექნიკით. ოლდუვაურ ინდუსტრიებში ცნობილი ოთხიდან სამი ხერხით: ბიპოლარული ტექნიკით, სროლით და გრდემლზე ჩამორტყმით, იარაღების დამზადება ამ კვლევის განმავლობაში არ გვიცდია, რადგან არქეოლოგიურ მასალაზე დაკვირვების და ექსპერიმენტულ მასალასთან შედარების შედეგად თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ორიგინალურ ინდუსტრიაში, განსახილველი ორი ნედლეულისგან დამზადებულ ნივთებს შორის, ხსენებული სამი ტექნიკის გამოყენებით შექმნილი არტეფაქტები არ გვაქვს.                                                                                    ექსპერიმენტებში გამოყენებული ქვის ხელჩაქუჩებიც შეგროვდა იქვე, სადაც ნედლეული ექსპერიმენტებისთვის. სამუშაოების დაწყებამდე ხელჩაქუჩების პეტროგრაფიული იდენტიფიცირება არ ჩაგვიტარებია. ხელჩაქუჩები შეირჩა უკვე ნედლი მასალის ლაბორატორიაში დაბინავების შემდეგ, და უშუალოდ, თითოეული ექსპერიმენტის დაწყების წინ. შერჩევა ხდებოდა ზომის, ფორმის და წონის მიხედვით, ბირთვის შესაბამისად. ერთი და იგივე ხელჩაქუჩების გამოყენება ხდებოდა რამდენჯერმე.                                                                                  არსებობს მონაცემები ყველა ხელჩაქუჩის პარამეტრების შესახებ და, აგრეთვე, ფოტო-მასალა, სადაც ნაჩვენებია თითოეული ექსპერიმენტის შემდეგ ცვეთისა და დაზიანების დინამიკა.                                                                                                                                                              ექსპერიმენტებში გამოყენებული ნედლი მასალის იდენტიფიცირება ხდებოდა შესადარებელი გეოლოგიური კოლექციის და მისი პეტროგრაფიული კატალოგის მეშვეობით (შედგენილია რ. ჩაგელიშვილის მიერ, ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდში).                                                                                                                            ატკეცვა და გაპობა ხდებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ქვედაპალეოლითური ინდუსტრიების შემქმნელ ჰომინინებს არ გააჩნდათ უნარი, შეექმნათ წინასწარ ჩაფიქრებული ფორმები და ცდილობდნენ უმარტივესი გზით მიეღოთ ნებისმიერი მჭრელი პირი როგორც ნუკლეუსზე, ასევე − ანატკეცზე (Toth 1985:101-120).შესაბამისად, მაგარი ჩაქუჩის ტექნიკით ექსპერიმენტული არტეფაქტების დასამზადებლად, თანმიმდევრობით ხდებოდა ატკეცვა ქვარგვალის ან კაჭრის ყველაზე თხელ და ყველაზე მახვილი კუთხის მქონე კიდეზე, საიდანაც ყველაზე ადვილია ატკეცვა.
     ექსპერიმენტული მასალა სრულად არის დაფიქსირებული ფოტოსურათებზე, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრეისტორიული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში ექსპერიმენტულ ინდუსტრიასთან ერთად.
      ინდუსტრიების (როგორც ორიგინალური, ასევე ექსპერიმენტული), ტიპოლოგიური კვლევისას გამოყენებულია ნიკოლას ტოტის მიერ შემუშავებული კლასიფიკაცია ოლდუვაური ინდუსტრიებისთვის (Toth 1982). მისი მიხედვით გამოიყოფა მხოლოდ ნუკლეუსები, ანატკეცები და ანამტვრევები. ათწლეულების განმავლობაში მკვლევრები ცდილობდნენ ოლდუვაური იარაღების კლასიფიცირებას ფორმისა და ფუნქციის მიხედვით, როგორც ეს მიღებულია აშელის, მუსტიეს და სხვა, უფრო გვიანდელი პალეოლითური ეპოქების იარაღების შემთხვევაში. თუმცა, მეთოდიკა, რომელიც გამოიყენება აშელური, ან შუა და ზედაპალეოლითური იარაღების კლასიფიკაციისთვის, ოლდუვაური ინდუსტრიების შემთხვევაში გამოუსადეგარი აღმოჩნდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად (მაგალითისთვის იხილეთ (Leakey 1994), სხვადასხვა ძეგლებზე აღმოჩენილი იარაღებისთვის უნივერსალური დეტალური კლასიფიკაციის შექმნა ვერ მოხერხდა. უფრო ზუსტად, კლასიფიკაციების ავტორთა მიერ ერთი ძეგლის მასალის მიხედვით განსაზღვრული ტიპები არ შეესაბამებოდა სხვა ძეგლების ინდუსტრიებს. ტოტის და, შემდგომში, სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ტექნოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ოლდუვაურ ინდუსტრიებში არსებობს მხოლოდ ზემოხსენებული სამი ტიპის იარაღები, ხოლო განსხვავებები ფორმებში, ზომებში და ა. შ., განპირობებულია ნედლი მასალის თავისებურებებით – ისევე, როგორც დამზადების ტექნოლოგია. თუმცა, ტოტის კლასიფიკაციაში განსაზღვრულია ანატკეცების ექვსი სხვადასხვა ტიპი და მათი იდენტიფიცირება ხდება მხოლოდ დარტყმის მოედანსა და ზურგის მხარეზე კაჭრის კანის არსებობა-არარსებობის მიხედვით (Toth 1982).

ნედლეული

წინამდებარე კვლევისთვის შეირჩა ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ორი ნედლეული: ჩალისფერი ტუფი და ამფიბოლიტი.
     ჩალისფერი ტუფი. თხელშრეებრივი, წვრილნატეხოვანი ქანი. შედგენილობა − ანდეზიტდაციტური, სტრუქტურა − კრისტალოვიტროკლასტური. იგი შეიცავს კვარცის და პლაგიოკლაზის კრისტალთა ნატეხებს და ოდნავ მღვრიე დაციტური (მჟავე) შედგენილობის მინას (სურათი 4.1-2). ასაკი – ზედა ცარცი (ქვედა ტურონი). ჩალისფერი ტუფის ბუნებრივი გამოსავლები გავრცელებულია მდინარეების ფინეზაურისა და მაშავერის ხეობებში, ასევე შუა საუკუნეების ციტადელის სამხრეთ კალთის ძირას. წვრილმარცვლოვანი ქანი, ადვილად იტკიცება, იკეთებს კარგ მჭრელ პირს, რომელიც მეტ-ნაკლებად გამძლეა. შესადარებელი პეტროგრაფიული კოლექციის კატალოგის ნომერი − 1.1.
      დმანისის მეორე უბნის ინდუსტრიაში ამ ნედლეულისგან დამზადებული არტეფაქტების დაახლოებით მეხუთედი (22 %) მდინარის ხეობის ქვარგვალებისგანაა მიღებული. 457 ნივთიდან 111-ს მდინარის მიერ დამუშავებული კაჭრისთვის დამახასიათებელი მომრგვალებული და წიბოებგადალესილი ფორმები აღენიშნება შერჩენილ კაჭრის ქერქზე. აგრეთვე, შერჩენილი ქერქის მიხედვით, 20-მდე არტეფაქტზე შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მდინარეული წარმოშობის ქვებისგან (ალუვიური მასალისაგან) არაა დამზადებული. ეს არტეფაქტები დამზადებულია ტუფის იმ შრეებიდან აღებული ნედლი მასალით, რომლებიც შუა საუკუნეების დმანისის ციტადელის ქვეშ გვხვდება. დანარჩენი 300-ზე მეტი ნივთის შემთხვევაში, კაჭრის კანის არარსებობის, ან არაინფორმატიულობის გამო ვერ ხერხდება ნედლეულის (ჩალისფერი ტუფი) წარმომავლობის დადგენა.
      ამავდროულად, მდინარე ფინეზაურის ხეობაში შემთხვევით შერჩეულ ნედლეულში დაახლოებით 3,500 ქვიდან, მხოლოდ 13 ცალი აღმოჩნდა ჩალისფერი ტუფი.

Dmanisi_petrography სურათი 2. 1-2 ჩალისფერი ტუფის გამჭვირვალე ანათალის მიკროფოტო გამავალ შუქში (PPL), x40 და ჯვარედინა შუქში (XPL), ×40; 3-4 ამფიბოლიტის გამჭვირვალე ანათალის მიკროფოტო გამავალ შუქში (PPL), x40 (3) და ჯვარედინა შუქში (XPL), x40

      დმანისის კოლექციაში ამჟამად უკვე იდენტიფიცირებულ ნედლეულს შორის (პირველი უბანი, მეორე უბანი, M1, M2, M3, M4, M5 (ნაწილობრივ), M6 (ნაწილობრივ). სულ − 6,460 ნივთი), ჩალისფერი ტუფი ყველაზე ხშირად გამოყენებული ნედლეულია (1175 ნივთი). მეორე ადგილს მწვანე ტუფი იკავებს (620 ცალი), რომელიც შედგენილობის და თვისებების მიხედვით ძალიან ჰგავს ჩალისფერ ტუფს (სურათი 4.1).
     ამფიბოლიტი. მუქი ნაცრისფერი, ერთგვაროვანი ქანი, ფიქლებრივი ტექსტურით. სტრუქტურა გრანონემატობლასტური. იგი შედგება რქატყუარისა (ამფიბოლი) და პლაგიოკლაზის კრისტალთა მარცვლებისაგან. ზოგჯერ გვხვდება მხოლოდ ამფიბოლიანი სახესხვაობები. მეორადი მინერალები − ქლორიტი, ეპიდოტი და კალციტი. აქცესორებიდან გვხვდება მადნეული მინერალები და სფენი (სურათი 4.3-6); ასაკი – ქვედა პალეოზოური; ამფიბოლიტის ბუნებრივი გამოსავლები გვხვდება ლოქის კრისტალური მასივსა და მდინარე ლოქ-ჭანდარის ხეობაში (მდინარე ფინეზაურის მარჯვენა შენაკადი) (სურათი 4); საშუალომარცვლოვანი ქანია, ძნელად იტკიცება, ძალიან მტკიცეა და იკეთებს კარგ მჭრელ პირს, საკმაოდ გამძლეა. შესადარებელი პეტროგრაფიული კოლექციის კატალოგის ნომერი – 11.3.

Dmanisi_Experiment N887

სურათი 3. 887-ე ექსპერიმენტის დროს ბუნებრივი ზადის გამო მ იღებული ანამტვრევი, რომელიც გავს ანტკეცს

      დმანისის კოლექციაში ამჟამად უკვე იდენტიფიცირებულ ნედლეულს შორის ამფიბოლიტი გამოყენების სიხშირის მიხედვით მეათე ნედლეულია (113 ნივთი).
      ჩალისფერ ტუფსა და ამფიბოლიტს შორის არის თვალსაჩინო განსხვავებები წარმომავლობის, ზომების, ხელმისაწვდომობის, ატკეცვის თავისებურებების, სიმტკიცის და მარცვლოვანების მიხედვით. ორივე ნედლეული გვხვდება მდინარე ფინეზაურის ხეობაში. ჩალისფერი ტუფი მოიპოვება მდინარე მაშავერაშიც და მდინარეებისგან მოშორებითაც – ძეგლიდან დაახლოებით იგივე მანძილზე, რამდენიცაა ძეგლიდან მდინარეებამდე. ორივე ნედლეული ადვილად ხელმისაწვდომი იყო, განსაკუთრებით, ჩალისფერი ტუფი, რომელიც სადგომის გარშემო თითქმის ყველგან დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა.
     როგორც ტუფის, ისე ამფიბოლიტის კაჭრები, ზომის და მასის მიხედვით, მდინარე ფინეზაურის ხეობაში, სხვადასხვანაირი გვხვდება (მაშავერას ხეობიდან ტუფი, ამ კვლევისთვის, არ შეგვიგროვებია). მთლიანობაში, ამფიბოლიტის დიდი კაჭრები ცოტა უფრო მეტი შეგრო-ვდა, ვიდრე ტუფის. თუმცა, ციტადელის ფერდზე აკრეფილ ტუფის მასალაში კიდევ უფრო დიდი კაჭრები შეგროვდა (დანართი, ცხრილები 1 და 2 ).
      ტუფი ადვილად იტკიცება. თუ ნუკლეუსს ბუნებრივი დეფექტი აქვს, მის ადგილზე ადვილად ტყდება და ხშირად, ასეთი ანამტვრევი გავს ანატკეცს, რომელსაც ამ ნედლეულის შემთხვევაში ძლიერი დარტყმის დროს დიდი ბურცობი უჩნდება. ამავე დროს, სხვა მორფოლოგიური ნიშნები ხშირად, არაა მკაფიოდ გამოხატული. მსგავსი მორფოლოგია აქვს ზემოხსენებულ ანამტვრევებსაც, რამაც შესაძლოა ტიპოლოგიური კვლევისას შეცდომაში შეგვიყვანოს. საილუსტრაციოდ გამოდგება 887-ე ექსპერიმენტის დროს მიღებული ანამტვრევი (იხილეთ სურათი 3). მჭრელი პირები ბასრი გამოდის, თუმცა ისეთი მტკიცე არაა, როგორც ამფიბოლიტის, რომელიც ძნელად იტკიცება. იგი მკვრივი და მძიმე ხელჩაქუჩებით მუშაობას მოითხოვს და ძალიან მტკიცე მჭრელ პირებს იკეთებს, რომლებიც საკმაოდ ბასრია. ამფიბოლიტის კაჭრებში ხშირია ბუნებრივი დეფექტი შიდა ბზარის სახით. ხელჩაქუჩით დარტყმისას ასეთი კაჭრები არ იტკიცება და ბზარზე სკდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთ ანამტვრევებსაც ხშირად კარგი მჭრელი პირი გამოსდის.

Dmanisi_Amphibolite ________________სურათი 4. ამფიბოლიტი. ლოქ-ჭანდარის ხეობა

ექსპერიმენტული ინდუსტრია და სტატისტიკური მონაცემების შედარება არქეოლოგიური მასალის სტატისტიკასთან

ჩალისფერი ტუფის (ნომერი შესადარებელი კოლექციის კატალოგში − 1.1) ქვებით ჩატარდა 32 ექსპერიმენტი. აქედან 13 ნიმუში მდინარე ფინეზაურის ხეობაში აკრეფილი ქვარგვალი იყო (ნუკლეუსებად გამოყენებული ყველაზე დიდი ქვარგვალების მაქსიმალური ზომები იყო: 15×11 სმ., მასა −779 გრ. და 12×10 სმ., წონა − 934 გრ. ყველაზე პატარის სიგრძე − 6 სმ., მასა − 47 გრ.), ხოლო 19 ნიმუში − დმანისის ციტადელის ქვეშ გაშიშვლებული ზედა ცარცული ასაკის ტუფის გამოსავლის გარშემო აკრეფილი მასალაა. აქ ჩალისფერი ტუფის კუთხოვანი ბლოკები გვხვდება. მათ შორის, ბევრად უფრო დიდებიც, ვიდრე მდინარე ფინეზაურის ხეობაში შევაგროვეთ. ყველაზე დიდი ბლოკების მასა 1000-დან 4660 გრ-მდე მერყეობს. გვხვდება 4483 გრ., 2582 გრ. და ა. შ. ყველაზე პატარის სიგრძეა 6 სმ., მასა − 47 გრ. (დანართი, ცხრილი 1 ). მასალა დამუშავდა მაგარი ჩაქუჩის ტექნიკით. ანატკეცების მისაღებად მდინარეული და არამდინარეული წარმოშობის ჩალისფერი ტუფი ერთნაირად მოსახერხებელია. მცირე განსხვავება ისაა, რომ არამდინარეულ ბლოკებს უფრო ხშირად აქვს კარგი, მახვილი კუთხეები, საიდანაც ადვილია ატკეცვა(სურათი 5)
     

Dmanisi_tuff ____________სურათი 5. ჩალისფერი ტუფი დმანისის ციტადელის მიმდებარედ

32-დან 8 ქვა ცაციის მიერაა დამუშავებული (შოთა ურუმაშვილი – ორი ქვარგვალი მდინარიდან (N1531 და N 1605) და გიორგი მამარდაშვილი − ექვსი ქვა ციტადელის ძირიდან (N 704, N 705, N 706, N 883, N 884, N 887). პირველი მათგანი სტუდენტია და ჰქონდა ქვის იარაღების დამზადების მცირე გამოცდილება, ხოლო მეორე არაა ქვის ხანის სპეციალისტი და თითქმის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა.
      გამოყენებულ იქნა 16 ხელჩაქუჩი: H17, H1 (6-ჯერ), H20 (3-ჯერ), H32(2-ჯერ), H22, H16(4-ჯერ), H31, H30, H9(2-ჯერ), H6, H10, H25, H13, H12, H14, H15 (დანართი, ცხრილი 3 ). ამათგან, H 30 (1080 გრ., 13×9 სმ., დიორიტი (ნომერი შესადარებელი კოლექციის კატალოგში − 8,2)), N 887 ექსპერიმენტის (4483 გრ. წონის ბლოკი ზომებით 24×15 სმ. ამტვრევდა გ. მამარდაშვილი) დროს პირველივე დარტყმისას შუაზე გატყდა და ვერ გატეხა პოტენციური ნუკლეუსი.
      ორიგინალურ ინდუსტრიაში მეორე უბნიდან ჩალისფერი ტუფის 457 ნივთი გვაქვს. აქედან 92 ნუკლეუსია, 63 ანატკეცი და 302 ანამტვრევი. ნუკლეუსებს შორის რამდენიმეს მხოლოდ ერთი ნეგატივი აქვს.
საბოლოოდ ნუკლეუსები მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველაზე დიდის ზომები (უკვე დამუშავებულის) არის 15×8 სმ., ხოლო ყველაზე პატარის – 6×4 სმ.
      ორიგინალურ ინდუსტრიაში მეორე უბნიდან ჩალისფერი ტუფის 457 ნივთი გვაქვს. აქედან 92 ნუკლეუსია, 63 ანატკეცი და 302 ანამტვრევი. ნუკლეუსებს შორის რამდენიმეს მხოლოდ ერთი ნეგატივი აქვს.
      ანატკეცები, ნ. ტოტის (1982) ტიპოლოგიის მიხედვით, ასე ნაწილდება:
 –  პირველადები (დარტყმის მოედანიც და ზურგის მხარეც კაჭარითაა დაფარული. ნ. ტოტის
    ტიპოლოგიის მიხედვით, N 1 ტიპის ანატკეცები) – 8 ც.
 –  ფუძე კაჭრის კანიანი და ზურგის მხარე − ნაწილობრივ კაჭრის კანიანი (N 2 ტიპის
    ანატკეცები) − 21 ც. ამათგან ერთ-ერთს (დმ.59/58: III 21) ფუძე დაზიანებული აქვს და
    შესაძლოა, N 5 ტიპის ანატკეცი იყოს, რაც საერთო სურათს არ ცვლის.
 –  კაჭრის კანით მხოლოდ ფუძეზე (N 3 ტიპის ანატკეცები) – 0
 –  კაჭრის კანით მხოლოდ ზურგის მხარეზე (N 4 ტიპის ანატკეცები) − 1 ც.
 –  ნაწილობრივ კაჭრის კანიანი მხოლოდ ზურგის მხარეზე (N 5 ტიპის ანატკეცები) 26 ც.
 –  კაჭრის კანის გარეშე (N 6 ტიპის ანატკეცები) − 7 ც.
ამფიბოლიტის (ნომერი შესადარებელი კოლექციის კატალოგში –11.3) ქვარგვალებზე ჩატარდა 32 ექსპერიმენტი. ნუკლეუსები დამუშავდა მაგარი ჩაქუჩის ტექნიკით. ყველაზე დიდი ნუკლეუსის მაქსიმალური სიგრძე იყო 20 სმ., წონა − 982 გრ. ყველაზე პატარის სიგრძე − 11 სმ., წონა − 220 გრ. (იხილეთ <დანართი, ცხრილი 2).
     32-დან 3 ქვა (N 1534, N 1552, N 1564) ცაციის მიერაა დამუშავებული (შოთა ურუმაშვილი).
      გამოყენებულ იქნა 13 ხელჩაქუჩი: (H7, H10 (2-ჯერ), H18, H16 (ოთხჯერ), H20 (ხუთჯერ), H32(8-ჯერ), H5, H15 (3-ჯერ), H26, H19, H9 (3-ჯერ), H12, H11 (დანართი, ცხრილი 4). ამათგან, H 11-მა (1474 გრ., 14×11 სმ.) მსხვილნატეხოვანი ჩალისფერი ტუფი (ნომერი შესადარებელი კოლექციის კატალოგში –1,5) №1552 ექსპერიმენტის (738 გრ. წონის კაჭარი, ზომებით 11x 11სმ. ამტვრევდა შ. ურუმაშვილი) დროს მესამე დარტყმისას თავად გაიკეთა ანატკეცი და ვერ გატეხა პოტენციური ნუკლეუსი.
      საბოლოოდ ნუკლეუსები მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველაზე დიდის ზომები (უკვე დამუშავებულის) არის 9×7 სმ., ხოლო ყველაზე პატარის − 6×5 სმ.
      ორიგინალურ ინდუსტრიაში მეორე უბნიდან ამფიბოლიტის 54 ნივთი გვაქვს. აქედან 28 ნუკლეუსია, ექვსი ანატკეცი და 20 ანამტვრევი. ანატკეცებს შორის 2ც. N 2 ტიპისაა. თითო-თითო − N 1, 3, 4 და 5 ტიპის. ანატკეცების სიმცირის გამო ექსპერიმენტულ ინდუსტრიასთან სტატისტიკური შედარება აზრს მოკლებულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორიგინალურ ინდუსტრიაში ნუკლეუსების მაღალი ინდექსი აშკარა შეუსაბამობაშია ექსპერიმენტულ ინდუსტრიაში გამოვლენილ სურათთან, სადაც საშუალოდ, ერთი ნუკლეუსიდან დაახლოებით 30 ანატკეცი და ანამტვრევი გამოდის (თანაც, აქ არაა გათვალისწინებული ძალიან მცირე ზომის, ე. წ. ქერცლისებური ანატკეცები).
      ამ შეუსაბამობის პასუხი, შესაძლოა, ტაფონომიაშია საძებნელი. თუმცა, შესაძლოა სხვა ახსნაც არსებობდეს. კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ ამფიბოლიტის კარგი მჭრელი პირის მქონე ანატკეცები ჰომინინების მიერ რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას გამოიყენებოდა და ხშირად გადაადგილდებოდა.

დასკვნა

ორივე ნედლეულის შემთხვევაში მაგარი ჩაქუჩის ტექნიკით დამზადებული ექსპერი-მენტული ინდუსტრია თვალსაჩინო მსგავსებას ამჟღავნებს არქეოლოგიურ მასალასთან, როგორც ანატკეცების ზოგადი მორფოლოგიის, ასევე ტიპების მიხედვით. ორიგინალურ ინდუსტრიაში არსებული ყველა არტეფაქტი, რომელიც წინამდებარე ნაშრომშია შესწავლილი, მაგარი ჩაქუჩის ტექნიკითაა დამზადებული. ორივე ნედლეულის შემთხვევაში, ანატკეცების და ანამტვრევების რაოდენობა და პროპორციული მიმართება ნუკლეუსებთან ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ორიგინალურ ინდუსტრიაში. ამასთანავე, ექსპერიმენტული ნუკლეუსები მუშავდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ მანამ, სანამ ადვილი დასამუშავებელი იყო ყველაზე პრიმიტიული ტექნიკით. დისპროპორციის მიზეზი შესაძლოა იყოს ანატკეცების ხშირი გამოყენება და ჰომინინების მიერ მათი გადაადგილება. არტეფაქტები რომ ადგილზე მზადდებოდა, ამას არქეო-ლოგიურ მასალაში წვრილი და ქერცლისებური ანატკეცებისა და ანამტვრევების დიდი რაოდენობაც ადასტურებს. ექსპერიმენტების შედეგადაც დიდი რაოდენობით ფუნქცი-ურად გამოუსადეგარი ანამტვრევები დაგროვდა, რომელიც ასევე მრავლად გვხვდება პალეოლითურ ფენებში.
      კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ექსპერიმენტულ-ტექნოლოგიური კვლევების გაგრძელება დმანისის სხვა ნედლეულის გამოყენებითაც უნდა მოხდეს, რაც უფრო მეტი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს.

შენიშვნა

ნედლეულის შეგროვებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით გოჩა კილაძეს, შოთა ურუმაშვილს, დავით ოქრიაშვილს და დენის გონობოლინს.

ლიტერატურა

Gabunia, L., Antόn, S.C., Lordkipanidze, D., Vekua, A., Justus, A., & Swisher III, C.C., 2001. „Dmanisi and _________ Dispersal”, Evolutionary Anthropology 10:158-170.
Leakey, M.D., 1994. Olduvai Gorge Volume 5: Excavation in Beds III, IV, and the Masek Beds, 1968- _________1971.(With D. Roe), Cambridge: Cambridge University Press.
Nioradze, M., Lumley, H., Barsky, D., Cauche, D, Celiberti, V., Notter, O., Biddittu, I., Kiladze, G. & _________ Zhvania, D., 2000. „Les industries lithiques archaiques du site de Dmanisi, Georgie. _________ Comparaisons avec les industries archaiques de l’Afrique de l’Est et de l’Europe méridionale”. _________Volume des résumés des communications du Colloque international sur les premiers habitants _________de l’Europe, Tautavel, 94–95.
Toth, N., 1982. The Stone Technologies of Early Hominids at Koobi Fora, Kenya: An Experimental _________ Approach, Ph.D. Thesis. University of California, Berkeley.
Toth, N., 1985. „The Oldowan reassessed: a close look at early stone artefacts“, Journal of Archaeological _________ Science,12: 101–120.
Toth, N., 1987. „Behavioral inferences from early stone artifact assemblages: an experimental model“. __________ Journal of Human Evolution, 16:763–787.

დანართი

ცხრილი 1 ჩალისფერი ტუფი (1,1)

Table_1 ცხრილი 2 ამფიბოლიტი (11,3)

Table_2 ცხრილი 3 ჩალისფერი ტუფის იარაღის დასამზადებლად გამოყენებული 16 ხელჩაქუჩი

Table_3 Tცხრილი 4 ამფიბოლიტის იარაღის დასამზადებლად გამოყენებული 13 ხელჩაქუჩი

Table_4