არქეოლოგიური კომპლექსი ხადისწყლის ხეობაში

რევაზ კვირკვაია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი X (55-B), გვ. 47-58

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2022 წელი

საკვანძო სიტყვები: შუა საუკუნეები, ზუგიანი კოშკი, საკულტო ნაგებობა


Abstract

This paper deals with the results of archaeological investigations conducted in 2021 in the mountainous part of eastern Georgia, in Khadistskali valley. During this campaign, a medieval tower and associated stone structure were excavated. Towers with so-called rounded back walls were fortifications typical to the Mtiuleti region between the 5th and 10th centuries. The tower presented in this article should be attributed to the same period. Tentatively it was destroyed in 1394-1400 as a result of Tamerlane’s invasion of Georgia. The stone structure that is situated near the tower had a ritual function, as in this region, sanctuaries are normally located near towers.

ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

ტოპონიმი “ხადა” ბევრჯერაა ნახსენები ისტორიულ წყაროებში. იგი ყოველთვის იმ ტერიტორიაზე მოიაზრებოდა, რომელიც დღეს “მთიულეთის” სახელითაა ცნობილი. ისტორიული მთიულეთი ძირითადად ორი თემისაგან, ხადისა და ცხვატისაგან შედგებოდა1. ხადა მდებარეობდა მდ. თეთრი არაგვის სათავეებიდან ქვეშეთამდე, ხოლო ცხვატი მის სამხრეთით, ქვეშეთიდან ფასანაურამდე. ხადის ძველი სახელწოდება, როგორც ჩანს, “წილკანი” უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში (ჟამთააღმწერელი, ვახუშტი) ნახსენებ “ციკარეს” და “ციკარას” უნდა უკავშირდებოდეს; ეს უკანასკნელნი კი ხადის ხეობის ბოლო სოფლის, “წკერეს” სახელს (გვასალია და სხვ. 1983:5). მცხეთის მახლობლად მდებარე სოფელ წილკანს კი ალბათ მთიდან ჩამოსახლებულმა ხალხმა უწოდა თავისი სოფლის სახელი.
მდ. ხადისწყალი მდ. თეთრი არაგვის მარცხენა შენაკადია, რომელიც მას სოფელ ბედონთან ერთვის, მის ორივე მხარეს არის სოფლები და ნასოფლარები. ხეობა ადამიანს უძველეს დროში აუთვისებია, რასაც იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტები ადასტურებენ.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, ხეობის გაზიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაოების დროს სოფელ როსტიანების მიდამოებში გამოვლინდა ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენა (რამიშვილი და სხვ. 2004:96-97). 2020 წელს სვიანა-როსტიანის მიდამოებში ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შესწავლილ იქნა ენეოლითის, ადრებრინჯაოს, შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები (გოგოჭური და სხვ. 2021:43-48). უფრო ადრე კი ხეობაში შემთხვევით აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის ნივთების, მათ შორის კოლხური ცულის შემცველი განძი 2 (გვასალია და სხვ. 1983:5).
ისტორიულ წყაროებში ხადა არაერთხელაა ნახსენები. ეს მხარე საქართველოს ისტორიის მთელს მანძილზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. წყაროში -“მოქცევაი ქართლისაი,” შატბერდულ ნუსხაში, რომელიც X საუკუნეში შეიქმნა, ვკითხულობთ, რომ წმ. ნინო “დადგა წობენს და მოუწოდა მთიულთა და ჭართალელთა და ფხოველთა და წილკნელთა და უქადაგა სარწმუნოება ქრისტესი.” ანალოგიურად გადმოსცემს ამ ფაქტს ლეონტი მროველიც (ლეონტი მროველი ისტორიულ წყაროებში ხადა არაერთხელაა ნახსენები. ეს მხარე საქართველოს ისტორიის მთელს მანძილზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. წყაროში -“მოქცევაი ქართლისაი,” შატბერდულ ნუსხაში, რომელიც X საუკუნეში შეიქმნა, ვკითხულობთ, რომ წმ. ნინო “დადგა წობენს და მოუწოდა მთიულთა და ჭართალელთა და ფხოველთა და წილკნელთა და უქადაგა სარწმუნოება ქრისტესი.” ანალოგიურად გადმოსცემს ამ ფაქტს ლეონტი მროველიც (ლეონტი მროველი 1987:106).
XIII საუკუნეში, თამარის მეფობისას მოხდა დიდოელთა და ფხოველთა აჯანყება მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ივანე მხარგრძელმა სასტიკად ჩაახშო. მის ლაშქარში დვალებთან, ცხვატელებთან, ცხრაზმელებთან, ჭართლელებთან, ერწო-თიანელებთან ერთად ხადელებიც იბრძოდნენ. სწორედ ხადიდან გადავიდა ფხოვში მხარგრძელი, რომელიც “აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წვერი მთისა და წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა.“ როგორც ჩანს, ეს მარშრუტი შეიარაღებული ლაშქრისათვის მაშინ საკმაოდ რთულად გასავლელი ყოფილა.
მონღოლების დროს, 1297 წელს, მეფე დავით VIII ყაზან ყაენმა ურდოში დაიბარა. იგი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და თავის მომხრეებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა, რასაც მთიულეთში მონღოლთა ლაშქრობა მოჰყვა. მონღოლებს ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველიც ეხმარებოდა. მეფე გამაგრდა ციკარეში, რომელიც “მტერთაგან შეუვალ იყო” (ჟამთააღმწერელი 1987:198). ხადის ხეობაშივე მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა და “მოსწყდა თათარი ურიცხვი, რამეთუ შემოსულ იყვნეს ვიწროსა გზასა” (ჟამთააღმწერელი 1987:199).
თემურ-ლენგმა ორგზის ილაშქრა არაგვის ხეობაში. პირველად, საქართველოში მისი მესამე ლაშქრობის დროს, 1394 წლის სექტემბერში. არაგვის ხეობის დამცველებმა, რომლებიც როგორც თემურ-ლენგის მემატიანე შარაფ-ად დინი აღწერს, “მაღალ მთებში და მიუვალ ციხეებში იყვნენ გამაგრებულნი”, მას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა თემურმა მაინც შეძლო მათი დამარცხება და დარბევა.
თემურ-ლენგის მეორე ლაშქრობა არაგვის ხეობაში 1400 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც მეფე გიორგი VII დასავლეთ საქართველოში გადავიდა. როგორც შარაფ-ად–დინი წერს, მათი ჯარისთვის მედგარი წინააღმდეგობა გაუწევია ხეობაში მცხოვრებ “მამაცსა და მკვირცხლ მეომრებს,” რომელთა შორის უთუოდ ხადელნიც იქნებოდნენ.
ხადა ნახსენებია გიორგი ბრწყინვალეს მთიულეთში მოგზაურობასთან დაკავშირებითაც. ამ მოგზაურობას და მთიულეთში არსებული ვითარების გაცნობას მოჰყვა შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სამართლებრივი დოკუმენტის შექმნა, რომელიც “ძეგლისდების” სახელითაა ცნობილი.
ვახუშტი ხადას დაბად მოიხსენიებს, რომელიც სავარაუდოდ სოფელ წკერეს სამხრეთით, ე.წ. “ბენიანთ ვაკეზე” მდებარეობდა 3. თუმცა მის ერთ-ერთ რუკაზე ხადად მონიშნულია არა მხოლოდ ერთი სოფელი, არამედ მდ. თეთრი არაგვის მარცხენა მხარის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია: “ღუდოს ხევის ჩრდილოთ, არაგვს გაღმა, არს დაბა ხადა, მაღალსა კლდესა ზედა, მოზღუდული კლდითვე, მის ჩრდილოთ არს ციკარა, ადგილი კლდოვანი და სამოც კოშკოვანი გარემოს და არს მუნ ეკლესია მცირე. ამ ციკარას დასავლით გარდავალს გზა ხევსა შინა, ხოლო ციკარის აღმოსავლეთით არს ნასახელევი მეფეთა, ნაშენი დიდი და ამის ქვეით იყოფის ციკარას წყალი ორად და მიერთვის არაგვს ხარხელს ზეით და ქვეით ჩრდილოდამ’’ (ვახუშტი ვახუშტი ხადას დაბად მოიხსენიებს, რომელიც სავარაუდოდ სოფელ წკერეს სამხრეთით, ე.წ. “ბენიანთ ვაკეზე” მდებარეობდა3. თუმცა მის ერთ-ერთ რუკაზე ხადად მონიშნულია არა მხოლოდ ერთი სოფელი, არამედ მდ. თეთრი არაგვის მარცხენა მხარის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია: “ღუდოს ხევის ჩრდილოთ, არაგვს გაღმა, არს დაბა ხადა, მაღალსა კლდესა ზედა, მოზღუდული კლდითვე, მის ჩრდილოთ არს ციკარა, ადგილი კლდოვანი და სამოც კოშკოვანი გარემოს და არს მუნ ეკლესია მცირე. ამ ციკარას დასავლით გარდავალს გზა ხევსა შინა, ხოლო ციკარის აღმოსავლეთით არს ნასახელევი მეფეთა, ნაშენი დიდი და ამის ქვეით იყოფის ციკარას წყალი ორად და მიერთვის არაგვს ხარხელს ზეით და ქვეით ჩრდილოდამ’’ (ვახუშტი1941). ეს აღწერილობა ზუსტად შეესაბამება ხადისწყლის ხეობას, რომელიც გამოირჩევა ციხე-კოშკების სიმრავლით და “სამოცი კოშკის ხეობასაც” უწოდებენ 4.
XIII საუკუნის ბოლოდან ხადა არაგვის საერისთავოს ნაწილია. 1743 წელს თეიმურაზ II არაგვის საერისთავო გააუქმა და მისი ტერიტორია საუფლისწულო მამულად გამოაცხადა, რომელსაც ერეკლე II ვაჟი, ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი განაგებდა. მას შემდეგ, რაც 1803 წელს იგი რუსეთში გადაასახლეს, არაგვის საერისთავოს ტერიტორია, და მათ შორის ხადაც, თბილისის გუბერნიის ანანურის მაზრის ფარგლებში მოექცა (გვასალია და სხვ. 1983:13). საბჭოთა პერიოდში ხადა დუშეთის და ყაზბეგის რაიონებში შედიოდა. დღეს მისი დიდი ნაწილი მცხეთა-თბილისის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო მცირე ნაწილი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.

არქეოლოგიური სამუშაოების დაწყების საფუძველი და წინაპირობები


2021 წელს დაიწყო ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა. მაგისტრალის საერთო სიგრძე 22,7 კილომეტრია და ორ საამშენებლო პაკეტად (ორ მონაკვეთად) იყოფა: 1) წკერე-კობი, (სიგრძე 10 კმ.) და 2) ქვეშეთი-წკერე (სიგრძე 12,7 კმ.). ეს უკანასკნელი მთლიანად ხადის ხეობაზე გადის. ახალმა გზამ უნდა განტვირთოს საავტომობილო მოძრაობა (განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილებისათვის) ე.წ. “სამხედრო გზის” მეტად რთულ კობი-გუდაურის მონაკვეთზე. პროექტი ხორციელდება “აზიის განვითარების ბანკისა” და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” ხელშეწყობით. მშენებლობას ახორციელებს ჩინური სამშენებლო კომპანია. “საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” ითვალისწინებს ახალმშენებლობათა ზონაში არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენას, შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში რესტავრაცია-კონსერვაციას. ამ მიზნით 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამშენებლო დერეფანში არსებული არქეოლოგიური ობიექტების გამოსავლენად ჩაატარა სადაზვერვო სამუშაოები, რის შედეგადაც დაფიქსირდა რამდენიმე ათეული არქეოლოგიური ობიექტი. 2021 წლის მაის-ივნისში სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ რამდენიმე მათგანზე განხორციელდა არქეოლოგიური გათხრები 5, მათ შორის ხადის ხეობის სოფელ ბენიან-ბეგონის ტერიტორიაზეც (პუნქტი 26), სადაც გაითხარა მეგალითური (ციკლოპური) კოშკი და ქვის ნაგებობა (სურათი 17,18) 6.

კოშკი

მეგალითური (ციკლოპური) კოშკი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შესწავლილი, მდებარეობს, სოფელ ბენიანიდან დაახლოებით 1 კმ. ხოლო სოფელ გომურნიდან 400-500 მ. მანძილზე, ქვეშეთი-წკერეს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მისგან დაახლოებით 100 მ. დაშორებით (GPS: N 42 27.694; E 44 31. 782). ამ ადგილას, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა “ნაცვლიანს” უწოდებს, წარსულში პური და ქერი ითესებოდა, ამჟამად კი მხოლოდ სათიბად იყენებენ.
მუშაობის დაწყებისას კოშკის მხოლოდ ერთი, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი ჩანდა, დანარჩენი მხარე კი მიწით და ბალახით იყო დაფარული. ჰუმუსის მოხსნის შემდეგ გამოიკვეთა დიდრონი ქვებით, დუღაბის გარეშე ნაშენი ნაგებობა. მხოლოდ ერთგან, ჩრდილო-დასავლეთ მხარეს დაფიქსირდა რამდენიმე კირქვა, რაც დამახასიათებელია ზურგიანი კოშკებისათვის. შემორჩენილია კოშკის მხოლოდ ქვედა ნაწილი, ე.წ. “ყრუ” სართული, ძირითადი ნაწილი კი დაშლილ-დანგრეულია. ნაშალი ქვები მრავლად ეყარა როგორც კოშკის გარე პერიმეტრზე, ისე უშუალოდ კოშკთან და კოშკში. კოშკის გაწმენდის შემდეგ მივიღეთ შემდეგი სურათი: ყველაზე უკეთ შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთის კედელი: 13 დიდი ქვა, რომელთა საშუალო ზომებია 50×70 სმ. კედლის სიგრძეა 457 სმ, სისქე დასავლეთ ნაწილში 82 სმ, აღმოსავლეთ ნაწილში 96-100 სმ. სიმაღლე შუა ადგილას 168 სმ, სიმაღლე დასავლეთ მხარეს 164 სმ; სისქე დასავლეთ ნაწილში 82 სმ, აღმოსავლეთ ნაწილში 96-110 სმ. (სურათი 1,2).
ჩრდილო-დასავლეთ კედელიც ცუდადაა შემორჩენილი. აქაც ქვების მხოლოდ ერთი რიგი დაფიქსირდა, რომლის სიგრძე 567 სმ.-ია. კედლის სიმაღლე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 50 სმ.-ს აღწევს, შუა ნაწილში 67 სმ.-ს, დასავლეთ ნაწილში 82-83 სმ.-ს (სურათი 3,4). ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელი შედარებით უკეთაა დაცული: ქვების წყობა შემორჩენილია სამ-ოთხ რიგად. ჩრდილოეთ მხარეს კედელი დაშენებულია გეოლოგიურ ქანზე – ორ დიდ ლოდზე. როგორც სხვა კედლები ესეც მშრალი წყობითაა ნაგები. კედლის სიგრძე 400 სმ.-ია, ჩრდილო-დასავლეთ კედელიც ცუდადაა შემორჩენილი. აქაც ქვების მხოლოდ ერთი რიგი დაფიქსირდა, რომლის სიგრძე 567 სმ.-ია. კედლის სიმაღლე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 0,5 მ.-ს აღწევს, შუა ნაწილში 67 სმ.-ს, დასავლეთ ნაწილში 82-83 სმ.-ს).
ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელი შედარებით უკეთაა დაცული: ქვების წყობა შემორჩენილია სამ-ოთხ რიგად. ჩრდილოეთ მხარეს კედელი დაშენებულია გეოლოგიურ ქანზე – ორ დიდ ლოდზე. როგორც სხვა კედლები ესეც მშრალი წყობითაა ნაგები. კედლის სიგრძე 400 სმ.-ია, სისქე 160 სმ, სიმაღლე 150-165 სმ.. ყრუ სართული საგანგებოდაა ამოვსებული სხვადასხვა ზომის ქვებით (სურათი 5). კოშკში და მის სიახლოვეს, მრავლად აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის როგორც სახიანი (ძირები, პირ-ყელი, გვერდები), ისე უსახო ფრაგმენტები. ზოგი ნატეხი ორნამენტირებულია (სურათი 6). კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს აღმოჩნდა ქვის ორი საბრძოლო ბირთვი, რომელთაგან ერთი შედარებით დიდია, მეორე კი მომცრო (სურათი 7). როგორც ჩანს, კოშკზე საბრძოლო მანქანებითაც მიუტანიათ იერიში.
კოშკი მიეკუთვნება ე.წ. “ზურგიან“ კოშკთა ტიპს (სურათი 17). ამ ტიპის კოშკები მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, განსაკუთრებით კი არაგვის ხეობაში. ხადა ამ მხრივაც განსაკუთრებით გამოირჩევა და ტყუილად როდი უწოდებენ “სამოცი კოშკის ხეობას.” ზურგიანი კოშკები ძირითადად X საუკუნემდეა აგებული, მომდევნო ხანაში ამ ტიპის კოშკებს იშვიათად აშენებდნენ და ისინი სწორკუთხა კოშკებმა ჩაანაცვლეს (გვასალია, და სხვ. 1983:13). ზურგიანი კოშკები სიმაღლეში თანდათან ვიწროვდება. ქვედა სართული ჩვეულებრივ ყრუ სართულია და მიწით ან ქვებითაა ამოვსებული. შესასვლელი, როგორც წესი, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზეა დატანებული და იქამდე ასვლა მხოლოდ მისადგმელი კიბით თუ იქნებოდა შესაძლებელი. სქელი კედლების გამო კოშკის შიდა სივრცე ძალზე ვიწრო და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ამიტომ ისინი ძირითადად საგუშაგო კოშკების ფუნქციას ასრულებდნენ, რაზეც მათი განლაგებაც მეტყველებს: ისე არიან განლაგებულნი, რომ მთელს ხეობას სრულად აკონტროლებდნენ. კარი და სარკმლები ყოველთვის კოშკების ბრტყელ მხარესაა დატანებული. ზურგი უმეტესად მთისკენაა მიქცეული, რაც კოშკს ზვავებისა და ქვების ცვენისაგან იცავდა (თუმცა ჩვენს მიერ გათხრილი კოშკისგან მთა საკმაოდ შორსაა და ეს საშიშროება ნაკლებად ემუქრებოდა), ხოლო “ბრტყელი” მხარე ყოველთვის ხეობას გაჰყურებს.

Koshki_SW_wall _________________________სურათი 1,2. კოშკი, სამხრეთ-დასავლეთ კედელი

Koshki_NW_wall _________________________სურათი 3,4. კოშკი, ჩრდილო-დასავლეთი კედელი.

Koshki_kru _________________________სურათი 5. კოშკი, ქვებით ამოვსებული „ყრუ“ სართული

Koshki_ceramica _________________________სურათი 6. კოშკის სიახლოვეს აღმოჩენილი კერამიკა

Koshki_birtvi _________________________სურათი 7. კოშკთან აღმოჩენილი ქვის საბრძოლო ბირთვები

ნაგებობა

კოშის სამხრეთ-აღმოსავლეთით 260 სმ. მანძილზე აღმოჩნდა ქვის ნაგებობა (GPS: N 42 27.683; E 44 31. 793) (სურათი 17,18). სამუშაოების დაწყებამდე ჩანდა მხოლოდ მისი დასავლეთის კედლის ორი დიდი ქვა. გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ეს კედელი საკმაოდ მაღალია (210- 215 სმ.), მშრალი წყობითაა ნაგები და გამოყენებულია დიდრონი, საგანგებოდ დამუშავებული ქვები (სურათი 8). ერთ მხარეს კედელი დაშენებულია უზარმაზარ ქვის ლოდზე (ბუნებრივ ქანზე) და შემორჩენილია ქვების 3-4 რიგი. ერთ-ერთი ქვის სიმაღლე 84, ხოლო სიგანე 80 სმ-ია. კედლის ძირში გამოვლინდა ნახშიროვანი ფენა. სათავსოს სხვა კედლები დასავლეთის კედლის გარე პირისაგან განსხვავებით შედარებით მომცრო, მაგრამ საგანგებოდ დამუშავებული, ან დაუმუშავებელი, მაგრამ საგანგებოდ შერჩეული ქვებითაა ნაგები. დუღაბი არც აქაა გამოყენებული. კედლები ყველა მხარეს ერთნაირად არაა შემორჩენილი.
კარგადაა შემორჩენილი სათავსოს შიდა კედლის დასავლეთი მხარე. შენარჩუნებულია ქვების 3-6 ვერტიკალური რიგი, რომელსაც „კეტავს“ ერთი დიდი ქვა, რომლის სიმაღლე 84, სიგანე კი 80 სმ-ია. კედელი ნაგებია დამუშავებული, და დაუმუშავებელი, მაგრამ საგანგებოდ შერჩეული საშუალო ზომის ქვებით, დუღაბის გარეშე (სურათი 8,9,10). სათავსოს ჩრდილოეთი კედელი მორღვეულია. შესაძლოა ის კოშკიდან გადმოცვენილ დიდ ქვებს დაენგრია (სურათი 11). ჩრდილო-დასავლეთ მხარეს შემორჩენილია მოწითალო ფერის საგანგებოდ დამუშავებული (დაკუთხული) ქვა, რომელიც ე.წ. კუთხის ქვა უნდა იყოს.
სამხრეთი კედელიც მეტ-ნაკლებად კარგადაა შემორჩენილი და დაკუთხული ან საგანგებოდ შერჩეული ქვებითაა ნაგები. კედლის სიმაღლე საშუალოდ 50-57 სმ-ია, საერთო სიგრძე 260 სმ. შუა ნაწილში დაფიქსირდა ღიობი. ვინაიდან ამ ადგილას კედლიდან გადმოცვენილი ქვები არ დადასტურდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ეს კარის ღიობი ყოფილიყო (სურათი 12). ჩრდილოეთ კედელი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, ამ მხარეს თვალსაჩინოა 6-7 დიდი ზომის ქვა.
ნაგებობის იატაკი მოკირწყლულია ბრტყელი ქვებით, რომელიც მის ყველა ნაწილში ერთნაირად არაა შემორჩენილი. სულ დაფიქსირდა იატაკის 25 ფილა (სურათი 14). ნაგებობის სიგრძე ჩრდილოეთ მხარეს უდრის 6,7 მ.-ს, სამხრეთ მხარეს 683 სმ.-ს, აღმოსავლეთ კედლის სიგრძე 66 სმ.-ია (სურათი 13), დასავლეთის კედლის სისქე შუა ადგილას 150 მ.-მდე აღწევს. ნაგებობის შიდა სივრცის ფართობი დაახლოებით 36, 7 კვ.მ.-ია.
ნაგებობის გარეთა კედელს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მიშენებული ქონია კიდევ ერთი კედელი, რომელიც ხევისკენ ეშვება და ხრამის პირას წყდება. კედელი ნაგებია საშუალო ზომის დამუშავებული ქვებით, შემორჩენილია მათი მხოლოდ ორი-სამი რიგი (სურათი 15). რა დანიშნულება ჰქონდა ამ კედელს ძნელი სათქმელია, ვინაიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით ვრცელდება და არსად არ უხვევს. კედლის სიგრძე 547 სმ.-ია; სიგანე 110-140 სმ.
ნაგებობის შიგნით და გარე პერიმეტრზე მრავლად აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის როგორც სახიანი (პირ-ყელი, ყური, ძირი), ისე უსახური ფრაგმენტები. ბევრი მათგანი ორნამენტირებულია (სურათი 16). ძნელი სათქმელია რა დანიშნულება ჰქონდა ამ სათავსოს. საცხოვრებელი სახლების იატაკს მთაში ქვებით არ კირწყლავდნენ. ქვის ფილებით მოკირწყლული იატაკი მხოლოდ საკულტო ნაგებობებს ან საქონლის სადგომებს ჰქონდათ.
ხადის არქიტექტურულ ძეგლებს შორის საკულტო ნაგებობებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მათ შორის არის ეკლესიები, რომლებიც საფორტიფიკაციო ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს ქმნიან, მაგ. ცეცხლიჯვრის ეკლესია, ქოროღოს ღვთისმშობელი, წკერეს კვირაცხოველი და სხვა. ამ ეკლესიებისათვის დამახასიათებელია უაფსიდო, სწორკუთხა საკურთხეველი (გვასალია და სხვ. 1983:17). ამ ნიშნებით ჩვენს მიერ გათხრილი ნაგებობა ამ ტიპის ეკლესიებს წააგავს. დამხრობაც თითქმის აღმოსავლეთ-დასავლეთზეა ოდნავი გადახრით. საქონლის სადგომისთვის კი არა გვგონია ასეთი მყარი მეგალითური ნაგებობა აეგოთ. გარდა ამისა, სამხრეთის კედლის ის ღიობი, რომელიც ჩვენ კარი გვგონია (სურათი 18), საქონლის ბაგისთვის ძალზე ვიწროა და თუ ის მაინც იყო საქონლის სადგომი, შედარებით მოგვიანოდ უნდა იყოს აშენებული, იმ დროს, როცა კოშკი უკვე აღარ ფუნქციონირებდა. სხვაგვარად მათი ასე ახლოს ყოფნა ძნელი ასახსნელია.

Structure_W_wall _________________________სურათი 8,9. ნაგებობა, დასავლეთი კედელი

Nageboba_W_wall სურათი 10. ნაგებობა, დასავლეთი კედელი _____________________სურათი 11. ნაგებობა, ჩრდილოეთი კედელი.

Nageboba_S_Wall სურათი 12. ნაგებობა, სამხრეთი კედელი ______________________სურათი 13. ნაგებობა, აღმოსავლეთი კედელი

Nageboba_Iataki სურათი 14.ნაგებობა, მოკირწყლული იატაკი _______________სურათი 15. ნაგებობის უკანა კედელზე მიშენებული კედელი.

Nageboba_Ceramic _________________________ სურათი 16. ნაგებობაში და მის გარე პერიმეტრზე აღმოჩენილი კერამიკა

თარიღი

რაც შეეხება კომპლექსის თარიღს: სპეციალისტები თვლიან, რომ ზურგიანი კოშკების აბსოლუტური უმრავლესობა X საუკუნემდეა აგებული, თუმცა არის გვიანდელი ზურგიანი კოშკებიც 7. მასალა, რომელიც კოშკის შიდა და გარე პერიმეტრზე მოვიპოვეთ, მხოლოდ განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებისაა (XIV-XVIII საუკუნეები), რაც აღძრავს ეჭვს, რომ კოშკიც ამ პერიოდშია აგებული. თუმცა ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ ის თითქმის საძირკვლამდეა დარღვეული, რაც გვიანდელი ძეგლისათვის ნაკლებ სავარაუდოა.
კოშკთან ქვის საბრძოლო ბირთვების აღმოჩენა, იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ის თემურ-ლენგის ლაშქრობის დროს იყო დანგრეული, ვინაიდან ქვისსატყორცნ საბრძოლო მანქანებს მონღოლები არ იცნობდნენ, თემურ-ლენგი კი აქტიურად იყენებდა.
კოშკთან ქვის საბრძოლო ბირთვების აღმოჩენა, იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ის თემურ-ლენგის ლაშქრობის დროს იყო დანგრეული, ვინაიდან ქვისსატყორცნ საბრძოლო მანქანებს მონღოლები არ იცნობდნენ, თემურ-ლენგი კი აქტიურად იყენებდა.

Koshki ______________________________ სურათი 17. კოშკი (გრაფიკა)

Nageboba ____________________________ სურათი 18. ნაგებობა (გრაფიკა)

შენიშვნები


1.ზოგჯერ მთიულეთად გუდამაყარი, ხანდო და ჭართალიც იხსენიებოდა.

2. ამ კოლექციის ადგილსამყოფელი უცნობია.

3. ამ ადგილს ადგილობრივები „ხადის მინდორს“ და „ხადის კარსაც“ უწოდებენ. აქ მდებარეობს ხადის მთავარი სალოცავი „მთავარმოწამე“. აქვეა ჩვენს მიერ შესწავლილი არქეოლოგიური ობიექტიც.

4. დღეს ამ კოშკებიდან ზოგი კარგადაა შემონახული, ზოგი საგრძნობლად დაზიანებულია, ზოგი კი საძირკვლამდეა დარღვეული.

5. პროექტის ხელმძღვანელები: კ. ფიცხელაური და ზ. კვიციანი.

6.არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ: რ. კვირკვაია, ო. ბენაშვილი, დ. ტურიაშვილი, თ. ფიცხელაური, თ. ვაშაკიძე; ასევე, ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი.

7. XVII საუკუნის შემდეგ ზურგიან კოშკებს აღარ აშენებდნენ.

წყაროები


ლეონტი მროველი, ცხოვრება მეფეთა, რ. სირაძე (რედ.). მე-V-X საუკუნეთა მწერლობა, 1987. თბილისი: ნაკადული.

ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძე (რედ.) ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები VI, 1987. თბილისი: მეცნიერება.

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის (რედ.) 1941, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ლიტერატურა


გვასალია ჯ., გიორგაძე მ., ჭურღულია ლ. ხადის ხეობა. თბილისი. 1983.

გოგოჭური გ., ღამბაშიძე ი., მურვანიძე ბ., ოთხვანი ნ. “მთიულეთისა და ხევსურეთის 2020 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიში”. 2020 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. თბ. 2021. გვ. 43-49.

რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ჩიქოვანი გ., ღლონტი მ, წითლანაძე ლ., ბუჩუკური ა., რობაქიძე ც., მინდორაშვილი დ., რჩეულიშვილი გ., ლომიძე ც., ჩიხლაძე ვ., მარგველაშვილი მ., წიკლაური ივ., წიკლაური ჯ., გამეხარდაშვილი მ. “აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია”. საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1989-1992 წლებში. თბ. 2004, გვ. 95-103.