მასალები ძვ.წ. მე-6 – პირველი საუკუნეების კოლხეთის ონომასტიკისათვის

დიმიტრი ახვლედიანი, მაია ჩარკვიანი, სულხან ხარაბაძე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. ნომერი XI (57-B), გვ.95-110

სტატიის მიღების თარიღი: მაისი, 2025 წელი

სტატიის გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2025 წელი

საკვანძო სიტყვები: კოლხეთი, ონომასტიკა, ნუმიზმატიკა, კრამიტი, ამფორა


Abstract

This work aims to collect and analyze the onomastic evidence from Colchis dating from the 6th to the 1st centuries BC. This evidence was discovered within the historical territory of Colchis and/or is connected to its history. The materials of interest to us are reflected in narrative sources, numismatic, glyptic, and ceramic artifacts (tiles, amphorae, and tableware).
Currently available onomastic material from Colchis during the specified period is as follows:
6th century BC – ΥΡΜΗΚΟΣ, graffiti, Pichvnari.
5th century BC – ΜΗΤΟΣ, graffiti, Itkhvisi.
First half of 4th century BC – ΟΤΩΙΟΣ, graffiti, ΔΙΟΝΥΣΙΟΣΛΕΩΔΑΜΑΝΤΟΣ, graffiti, Pichvnari.
Second half of 4th –first half of 3rd century BC – ΔΕΔΑΤΟΣ(finger-ring); ΗΡΑΚΛΕΙΔΟΥ (roof tile stamps), ΜΗΛΑΒΗC, ΟΡΑΖΟ, ΧΟΡCΙΠ, ΜΗΝΟ, ΕΡΜΩ, ΧΙΤΙC, Χ—–ΧΑ, (roof tile stamps), Vani.
Second half of 3rd–first half of 2nd century BC – ΤΙΜΑΡΧΟΣ, amphora stamp, ΒΑΣΙΛΕΩΣ ΑΚΟΥ, coin, (Trabzon, village of Kinchkha (Khoni municipality)). Second half of 2nd – first half of 1st century BC – Saulaces (NH, XXXIII, 52) exact dating unclear; coin? (Generally, Colkhis and Vani); ΦΙΝΤΙΔΟΣ, graffiti; ΑΡCANC, gate inscription, Vani.
Mid-1st century BC – ’Αρίσταρχος (App. Mithr. 114) coin; ’Ολθάκης (App. Mithr. 117).

***

ჩვენი ნაშრომის მიზანია თავი მოვუყაროთ ძვ.წ. მე-6 – პირველი საუკუნეების კოლხეთის ონომასტიკის ძეგლებს, რომლებიც ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზეა გამოვლენილი, ან ამ რეგიონის ისტორიასთანაა დაკავშირებული. ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი, ამ ხასიათის წყაროები სრულად თავმოყრილია თ. ყაუხჩიშვილის ნაშრომში (Каухчишвили 1975), ამიტომ მათ არ შევეხებით. ჩვენთვის საინტერესო მასალები ასახულია ნარატიულ წყაროებში, ნუმიზმატიკურ, გლიპტიკურ და კერამიკულ (კრამიტი, ამფორა, სუფრის ჭურჭელი) არტეფაქტებზე.

ნარატიული წყაროები. ამ სახის წყაროებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აპიანეს თხზულება: „მითრიდატეს ომების ისტორია“, სადაც კოლხეთის (თუ კოლხების) მმართველი არისტარქოსი – ’Αρίσταρχος (Αpp. Mithr. 114) და კოლხი სკეპტუხოსი ოლთაკესი ‛Οκóλχων σκηπτοῦχος ’Ολθάκης (Αpp. Mithr. 117) არიან მოხსენებულნი. არისტარქოსი პომპეუსმა კოლხეთში დააყენა მმართველად, ხოლო სკეპტუხოსი ოლთაკესი მონაწილეობას იღებდა პომპეუსის მიერ, რომში გამართულ ტრიუმფში. აპიანეს ტექსტიდან ნათლად ჩანს რომ ორივე პირი ძვ.წ. პირველი საუკუნის შუა წლების მოღვაწენი იყვნენ. არისტარქეს სახელით მოჭრილ მონეტაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.

მეორე ნარატიული წყარო, რომელიც კოლხურ ონომასტიკას შეეხება არის პლინიუსის „ბუნების ისტორია“. პლინიუსის ცნობის მიხედვით კოლხეთს განაგებდა აეტის ჩამომავალი საულაკესი – Saulaces (NH, XXXIII, 52). პლინიუსის მონაცემები, აპიანესგან განსხვავებით, მეტად ბუნდოვანია, განსაკუთრებით მისი მეფობის დროის გადმოცემისას და უფრო მეტად ლეგენდარული ხასიათისაა. მიუხედავად ამისა მკვლევართა ნაწილს, იგი სავსებით რეალურ პირად მიაჩნიათ.

გ. მელიქიშვილი ამ სახელს სკვითურ-სარმატულ სამყაროს უკავშირებს და ადარებს ოსურ სახელს Sauläg (Меликишвил 1959: 472, დამ. 339). საულაკესის და მასთან დაკავშირებული მონეტების შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი (ნაშრომში არ გვაქვს განხილული სტრაბონის მონაცემები).

მონეტები. 1. ოქროს სტატერი – 8,45 გ., ზომა – 17/18 მმ. ავერსზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის თავი ამონის რქით, პროფილში მარჯვნივ, რევერსზე – ტახტზე მჯდომარე ათენა, პროფილში მარცხნივ. მარცხენა ხელით ეყრდნობა ტახტის სახელურს, რომლის უკანაც გამოსახულია ფარი. წინ გაწვდილ მარჯვენა ხელში უკავია ქალღმერთი ნიკე – ხელში დაფნის გვირგვინით. ათენას ქვემოთ – სამთითა, რომლის ტარი შემკულია დელფინის ორი გამოსახულებით. ათენას წინ გაკეთებულია წარწერა ΑΚΟΥ, უკან ΒΑΣΙΛΕΩΣ. ეს მონეტა წარმოადგენს ლისიმაქეს სტატერის მინაბაძს (Дундуа 1987: 73,74). სადღეისოდ ეს მონეტა ორი ეგზემპლარით არის წარმოდგენილი. თავდაპირველად იგი შემთხვევით აღმოჩნდა ტრაპიზონთან (თურქეთი) 1865 წელს და ინახება პარიზში. მხოლოდ ამ მონეტის აღმოჩენის პირობებში მკვლევარები მას ბოსფორის სამეფოს კუთვნილად მიიჩნევდნენ და სახელს თრაკიულად, სკვითურად, ან სარმატულად ხსნიდნენ (Капанадзе 1948: 150-155). საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი მონეტის აღმოჩენის შემდეგ (ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. კინჩხი, 1923 წ.) მკვლევარებმა იგი ქართული ნუმიზმატიკის ძეგლად მიიჩნიეს (Шелов 1956: 184), თუმცა ეს საკითხი მასალის სიმცირის გამო ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. გ. დუნდუას აზრით, მონეტა მოჭრილია ძვ.წ. მე-2 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლებში (Дундуа 1987: 89). წარწერა გაკეთებული მონეტაზე შეიძლება წაკითხულ იქნას შემდეგნაირად: ΒΑΣΙΛΕΩΣ ΑΚΟΥ. ამ სახელს სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვაგვარად კითხულობს: მკვლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საკუთარი სახელი შემოკლებით არის წარმოდგენილი – მაგ. ს. ჟებელიოვის აზრით, ეს სახელი შემოკლებულია და სრულად იკითხება Βασιλέως [Σαυμ]άκου, ანუ ეკუთვნის იმ პიროვნებას, რომელმაც ძვ.წ. მე-2 საუკუნის ბოლოს ბოსფორის სამეფოში მოაწყო აჯანყება, მოკლა მეფე პერისადე, თვითონ გამეფდა და მოჭრა მონეტა (Жебелёв 1938: 66, 67). ლ. ხარკოს აზრით, ეს მონეტა კოლხეთშია მოჭრილი, მაგრამ წარწერას აღადგენს, როგორც ΒΑΣΙΛΕΩΣ [ΛΙΣΙΜ]ΑΧΟΥ. “Κ”-ს კითხულობს როგორც “Χ”-ს და ამ მონეტას ლისიმაქეს აკუთვნებს (Харко 1948: 133-141). ა. ნემიროვსკის მიაჩნია, რომ ფორმა ΑΚΟΥ წარმოადგენს არა სრული სახელის ΑΚΟΣ-ის, ან ΑΚΗΣ-ის ნათესაობით ბრუნვას, არამედ პოლიბიოსთან (Polyb. XXV, 2) მოხსენებულ ’Ακυσίλοχος-ის საწყის ნაწილს, რომელიც ავტორის აზრით, კოლხეთის მეფე და ძვ.წ. 179 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო. თუმცა ტექსტის მიხედვით არ ჩანს არც აკუსილოხეს ტიტული, არც რომელი ქვეყნის მმართველი იყო ის (Немировский 1980: 154). იგივე აზრს იზიარებს თ. თოდუაც (Тодуа 1990: 40-42). მკვლევართა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მონეტაზე გამოსახული საკუთარი სახელი სრულად არის დაწერილი. ვ. შკორპილს მიაჩნია, რომ ეს სახელი ქალისაა – ’Ακίς (Шкорпил 1909: 25-27).

გ. დუნდუას მოსაზრებით, ნათესაობით ბრუნვაში მდგომი ΒΑΣΙΛΕΩΣ ΑΚΟΥ, სახელობითში უნდა ყოფილიყო ΑΚΟΣ, ან ΑΚΗΣ (Дундуа 1987: 97, 98). დ. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეს სახელი შემორჩენილია დასავლეთ საქართველოს ონომასტიკაში, უმეტესად სამეგრელოსა და აფხაზეთში (კაპანაძე 1969: 34; Капанадзе 1948: 152).
2. ზემოთ მოყვანილი გვქონდა პლინიუსის ნაშრომში ნახსენები საკუთარი სახელი საულაკესი. ამ სახელს ზოგიერთი მკვლევარი ძირითადად კოლხეთის ტერიტორიაზე გამოვლენილ მონეტებს უკავშირებს (Голенко 1951: 199; Дундуа 1987: 102-105). სადღეისოდ აღმოჩენილია ასეთი 8 ცალი მონეტა, რომლებსაც გ. დუნდუა სამ ტიპად ჰყოფს: პირველ ტიპს განეკუთვნება 4 მონეტა, რომლებიც მოჭრილია დაბალი ხარისხის ვერცხლისაგან. მათ ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი, სხივებიანი გვირგვინით, პროფილში მარჯნივ; რევერსზე – ხარის თავი მარჯნივ, გაურკვეველი მონოგრამით, მის წინ. ზემოთ – წარწერა – ΒΑΣΙ…ქვემოთ – ΣΑΥΛ… მათგან 1 ცალი ინახება ბერლინის მუზეუმში (წონა – 1,03 გრ.) (Голенко 1951, სურ. 2; Дундуа 1987: 102-105), 3 ცალი – მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში (წონა – 1,17, 1,65 გრ.) მესამე მონეტა ძალზე დაზიანებულია (Голенко 1951, სურ. 1; Дундуа 1987: 102-105). ტიტული შემორჩენილია მოსკოვისა და ბერლინის თითო-თითო ეგზემპლარზე, ხოლო სახელის ნაწყვეტი, მხოლოდ ბერლინის ეგზემპლარზე (Голенко 1951: 200; Дундуа 1987: 102-105).

6 მონეტის აღმოჩენის ადგილი ცნობილია ზოგადად – აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (Голенко 1951: 200, 201), 2 მათგანი კი აღმოჩენილია ვანის ნაქალაქარზე (მათიაშვილი 2013: 65, 10).

ტიპოლოგიურად ეს მონეტები ძვ.წ. მე-2 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება (Дундуа 1987: 104), რასაც ვანის ნაქალაქარზე სტრატიგრაფიული მონაცემებიც უჭერს მხარს (მათიაშვილი 2013: 65, 101).

წარწერების ასეთი ფრაგმენტულობის გამო საკუთარი სახელის სრული წაკითხვა ორგვარია: მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მონეტაზე გაკეთებული არასრული საკუთარი სახელი აღდგება, როგორც საულაკი, მკვლევართა მეორე ნაწილს – როგორც საუმაკი. პირველის შესახებ ზემოთ გვქონდა საუბარი, გარდა ამისა უნდა დავუმატოთ, რომ დ. კაპანაძეს მიაჩნია ეს სახელი გავრცელებულია აფხაზეთში, როგორც სავლაჰი (კაპანაძე 1969: 39); ხოლო მეორე ძვ.წ. მე-2 საუკუნის ბოლოს ბოსფორის სამეფოში მოღვაწეობდა (Голенко 1951: 199-204; Дундуа 1987: 102-105).

3. არისტარქეს დრახმები (5 ცალი), ავერსზე გამოსახულია მამაკაცის თავი პროფილში, ხუთქიმიანი გვირგვინით; რევერსზე – ტახტზე მჯდომარე ქალის ფიგურა პროფილში მარჯვნივ (დრაპირებით), კოშკისებური გვირგვინით. მარცხენა ხელში უჭირავს მრგვალი საგანი, მარჯვენაში საჭე. გარშემო შემოუყვება წარწერა ΤΟΥ ΕΠΙ ΚΟΛΧΙΔΟΣ ΑΡΙΣΤΑΡΧΟΥ ΒΙ ანუ „არისტარქე კოლხების მმართველი“, ან „არისტარქე, რომელიც მართავს კოლხებს“, და ინდიქტი – მისი მმართველობის მე-12 წელი – ძვ.წ. 52/1 წწ. (Дундуа 1987: 131). 1 მონეტა ინახება ბერლინში, 2 ცალი – სანქტ პეტერბურგის ერმიტაჟში (აქედან 1 ცალი სოხუმთანაა აღმოჩენილი), 1 ცალი – პარიზის მედლების კაბინეტში, 1 ცალი – ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში.

საბეჭდავი-ბეჭედი. ოქროსი, ფარაკზე ამოკვეთილია ადამიანის მჯდომარე ფიგურა და ბერძნული რეტროგრადული წარწერა: ΔΕΔΑΤΟΣ (სურათი 4:4), გამოვლენილია ვანის ნაქალაქარზე, №9 სამარხში, რომელიც ძვ.წ. მე-4 საუკუნის მესამე მეოთხედით თარიღდება (ლორთქიფანიძე და სხვ. 1972: 203,207; ლორთქიფანიძე 1976: 134-147). ოთ. ლორთქიფანიძის მოსაზრებით, სახელი „დედატოსი“ კაპადოკიურ საკუთარ სახელებთან პოულობს სიახლოვეს (ლორთქიფანიძე 1995: 24).

კრამიტი. კოლხური კრამიტი წარმოდგენილია, როგორც ბრტყელი, ასევე ღარისებური ეგზემპლარებით. ბრტყელი კრამიტი წარმოადგენს თიხის სწორფერდა ფილას აკეცილი გვერდებით. აკეცილი გვერდები თავში კრამიტის შიგნით არის შეზნექილი, ხოლო ბოლოში თანდათანობით დაბლდება. ღარისებური კრამიტი – ბოლოსაკენ შევიწროვებული ღარის ფორმისაა. კოლხური კრამიტი აღმოჩენილია ვანის ნაქალაქარზე (ახვლედიანი 1999) და ვანის მიდამოებში: დაბლაგომში (Куфтин 1950:89-91), ამაღლებაში (Лордкипанидзе 1970: 84), მთისძირში (გამყრელიძე 1982: 98), საყანჩიაზე (ლიჩელი 1991: 23-24); გარდა ამისა ეშერაზე (Воронов 1977; Куфтин 1949: 6-10; Шамба1980), ნოქალაქევში (გრიგოლია და სხვ. 1973: 36), რიონის ქვემო წელზე (მიქელაძე 1978: 77); გეგუთსა და საყულიაში (ლიჩელი 1991), ნამჭედურზე (Микеладзе, Хахутаишвили 1985: таб. 21).

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ კოლხური კრამიტის ფორმა სინოპურის მიბაძვით არის მიღებული (ლორთქიფანიძე 1966: 128) და მის მოდიფიკაციას წარმოადგენს (ყიფიანი 1991: 9-10).

ერთ-ერთ ურთულეს საკითხად ჩვენთვის საინტერესო მასალის შესწავლაში მიგვაჩნია მისი წარმოების თარიღის დადგენა. სირთულე გამოწვეულია იმით, რომ კრამიტი წარმოადგენს მეტად გამძლე სამშენებლო მასალას. წარმოგიდგენთ მაგალითებს, სადაც ნაჩვენებია სტრატიგრაფიული მეთოდით მისი წარმოების თარიღის განსაზღვრა: 1) ნაგებობა, რომელიც გადახურული იყო კრამიტით, დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის დანიშნულებას, ამიტომ მისი დანგრევის მომენტში ფიქსირებული სხვა კერამიკული მასალა, გაცილებით უფრო ახალია, ვიდრე კრამიტი (Алексеева 1975); 2) კომპლექსში (ნაგებობა, სამარხი) ხშირად დასტურდება კრამიტის მეორადი მოხმარების ფაქტი, არაიშვიათად მისი წარმოებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაც (Талис 1968); 3) ნაგებობას, რომელიც დიდხანს ასრულებდა თავის დანიშნულებას, შეკეთების, ან გადაკეთების დროს ახალი კრამიტის დამატება ესაჭიროებოდა. ძველ და ახალ კრამიტს შორის, ხშირად საკმაოდ დიდი ქრონოლოგიური სხვაობაა (Гайдукевич 1958).

სადღეისოდ, ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული კრამიტი ორ ნაწილად იყოფა – დამღიანი და ნიშნიანი, ხოლო კრამიტის ერთ ფრაგმენტზე დატანილია, როგორც დამღები, ასევე ნიშანი (ახვლედიანი 1999). თავის მხრივ კოლხური დამღიანი კრამიტი ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველი, ესაა ჰერაკლიდესის დამღიანი კრამიტი, მეორე – სამეფო დამღიანი კრამიტი. ჰერაკლიდესის დამღა მხოლოდ ბრტყელ კრამიტზე არის დასმული ერთიდაიგივე სიქით. დამღებს ზედა და ქვედა კიდეზე თითო ღარი დაუყვება, რაც იმაზე მეტყველობს, რომ ისინი ერთდროულადაა დამზადებული (სურათი 1:1-2). ამ დამღით აღჭურვილი 7 კრამიტის ფრაგმენტია გამოვლენილი ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე, ანუ შენობა, რომელიც ამ ჯგუფის კრამიტით იყო გადახურული მიკვლეული არ არის. ამიტომ საფიქრებელია, რომ ჰერაკლიდეს დამღიანი კრამიტები, მეორადად იყო გამოყენებული სხვა შენობების გადასახურად. ჰერაკლიდესის (ΗΡΑΚΛΕΙΔΗΣ) 7 დამღა: 07:1-78/330 [ΗΡΑ]ΚΛΕΙΔΟΥ; 07:1-78/118 [ΗΡΚ]ΛΕΙΔΟΥ; 07:1-65/81 ΗΡΑ[ΚΛΕΙΔΟΥ]; 07:1- 88/566 წარწერა მთლიანად გადაშლილია; 07:1-99/184 ΗΡΑΚΛΕΙ[ΔΟΥ]; 07:1-99/185 ΗΡΑΚΛΕΙΔΟ[Υ]; 07:1-02/760 ΗΡ[ΑΚΛΕΙΔΟΥ] (ახვლედიანი 2003A: 45, 46). ამ დამღათაგან ერთ-ერთი (07:1- 02/760) ძვ.წ. IV ს-ის მეორე ნახევრისა და ძვ.წ. მე-3 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებულ კულტურულ ფენაში აღმოჩნდა. შესაბამისად, ჰერაკლიდესის (ΗΡΑΚΛΕΙΔΗΣ) დამღიანი კრამიტის წარმოება ამ პერიოდით უნდა დათარიღდეს (კაჭარავა და სხვ. 2002).

ისევე როგორც ჰერაკლიდესის დამღები, სამეფო დამღიანი კრამიტიც მხოლოდ ვანის ნაქალაქარზეა აღმოჩენილი. ისინიც მხოლოდ ბრტყელ კრამიტებზე არის დატანილი. ჩვენი აზრით, თავდაპირველად ყველა კრამიტზე ორ-ორი დამღა იყო დასმული და მხოლოდ იმ გარემოებამ, რომ დღეისთვის, ამ სახის სამშენებლო მასალის უმრავლესობა ფრაგმენტების სახით არის წარმოდგენილი, გამოიწვია ის, რომ მნიშვნელოვან ნაწილზე მხოლოდ თითო დამღა გვხვდება. დამღები ორნაირია – დიდი და მცირე ზომის (5,2X2,9 სმ., 3,2X1,7 სმ.). დიდი ზომის დამღა დაიტანებოდა კრამიტის თავთან, კიდის პარალელურად, მცირე ზომის დამღა დიდი დამღის პერპენდიკულარულად (სურათი 1:6-10).

სადღეისოდ, სამეფო დამღიანი კრამიტის 53 ფრაგმენტია აღმოჩენილი. აქედან ნაწილზე შემორჩენილია ორ-ორი დამღა – დიდი და მცირე ზომის; ნაწილზე – მხოლოდ დიდი ზომის; ნაწილზე – მხოლოდ მცირე ზომის; ერთ ფრაგმენტზე – ორი დამღა და ნიშანი. ეს დამღებია:

1 [ΒΑΣΙΛΙΚΗ] [ΜΗ]ΛΑΒ[ΗC] ΟΡ[ΑΖΟ] 07:1-78/117
2 დიდი დამღა გადაშლილია Ο[ΡΑΖΟ] ან [ΟΡΑΖ]Ο 07:1-78/388
3 დიდი დამღა გადაშლილია [ΧΟΡ]CΙΠ 07:1-76/147
4 ΒΑΣ[ΙΛΙΚΕ] ΜΗΛ[ΑΒΗC] ΧΟΡCΙΠ 07:1-88/678
5 Β[ΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗΛΑΒΗC ΜΗΝ[Ο] 07:1-91/33
6 [ΒΑ]ΣΙΛΙΚΗ ΜΗΛΑΒΗC ΜΗΝΟ 07:1-91/34
7 ————— MHΛA[BHC] [Μ]ΗΝΟ 07:1-03/558
8 ΒΑΣ[ΙΛΙΚ]Η ΜΗΛ[ΑΒΗC] ΜΗΝΟ 07:1-98/44
9 ΒΑ[ΣΙΛΙΚΗ] ΜΗ[ΛΑΒΗC] ΕΡΜΩ 07:1-83/273 (სურათი 1:8)
10 ΒΑ[ΣΙΛΙΚ]Η Μ[ΗΛΑΒΗC] მცირე დამღა გადაშლილია 07:1-78/475, 741
11 დიდი დამღა გადაშლილია ΧΙΤΙC 07:1-02/291
12 [ΒΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗ[ΛΑΒΗC] მცირე დამღა გადაშლილია 07:1-04/1312
დანარჩენ ორ-ორ დამღიან თორმეტი კრამიტის ფრაგმენტზე წარწერა მთლიანად გადაშლილია (07:1-76/229, 230, 233; 07:1-78/300, 301, 303, 304, 305, 311, 475; 07:1-84/333; 07:1-85/244).
დიდი ზომის დამღები:

1 [ΒΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗΛΑ[ΒΗ]C 07:1-76/226
2 [ΒΑΣΙ]ΛΙ[ΚΗ] [ΜΗΛ]Α[ΒΗC] 07:1-76/234
3 [ΒΑΣΙΛΙΚ]Η [ΜΗΛΑ]ΒΗ[C] 07:1-76/743
4 [ΒΑΣΙΛΙΚΗ] [Μ]ΗΛ[ΑΒΗC 07:1-78/2
5 ΒΑΣΙΛΙΚΗ ΜΗΛΑΒΗ(C) 07:1-78/293
6 [ΒΑΣΙΛΙΚΗ] [ΜΗ]ΛΑΒ[ΗC] 07:1-78/317
7 [ΒΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗΛ[ΑΒΗC] 07:1-78/432
ცხრა დიდი ზომის დამღაზე წარწერა მთლიანად გადაშლილია (07:1-76/231; 07:1-78/306, 307, 309, 314, 412, 871, 1097, 1118).
მცირე ზომის დამღები:

1 ΟΡΑ[ΖΟ] 07:1-76/745
2 ΟΡΑΖΟ 07:1-78/292
3 ΟΡΑ[ΖΟ] 07:1-78/318
4 [ΟΡ]ΑΖΟ 07:1-78/390
5 ΟΡΑΖΟ 07:1-78/1120
6 ΟΡΑΖΟ 07:1-79/1344
7 Χ—–ΧΑ 07:1-78/10 (სურათი 1:4)
ორ მცირე ზომის დამღაზე წარწერა მთლიანად გადაშლილია. სამ დამღას, მათი ფრაგმენტულობის გამო, ვერ ვაკუთვნებთ ვერც დიდს, ვერც მცირეს (07:1-78/316, 433; 07:1-88/223).
დამღიანი და ნიშნიანი კრამიტი:

1 [ΒΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗΛΑ[ΒΗC] ΧΟΡCΙΠ P 07:1-88/214 (სურათი 1:9)

ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შემთხვევაში დამღა ΒΑΣΙΛΙΚΗ/ΜΗΛΑΒΗC ერთი სიქით არის დასმული, რაზეც დამღების ზომა და ასოების მოხაზულობა მიუთითებს. ასევე ერთი სიქითაა დატანილი დამღები ΟΡΑΖΟ (8 ც.) (სურათი 1:3) და ΜΗΝΟ (2 ც.) (სურათი 1:6). რაც შეეხება დამღებს წარწერით ΧΟΡΣΙΠ, იგი ორ შემთხვევაში (07:1-76/147, 07:1-88/678) ერთიდაიგივე სიქით არის დატანილი, ხოლო მესამე ფრაგმენტზე (07:1-88/214) სხვა სიქით. კერძოდ, ეს უკანასკნელი ფორმით ისეთივეა, როგორც ΟΡΑΖΟ-სა და ΜΗΝΟ-ს დამღები – სწორი კუთხეებითა და სწორი ზედაპირით (სურათი 1:9). რაც შეეხება პირველ ორ დამღას, მათი კუთხეები მომრგვალებულია, ხოლო ზედაპირი ჩაზნექილი (სურათი 1:10).

დიდ დამღაში გაკეთებული წარწერა ΒΑΣΙΛΙΚΗ/ΜΗΛΑΒΗC ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა იქნას წაკითხული, სადაც ზედსართავი ΒΑΣΙΛΙΚΗ აღნიშნავს, რომ კრამიტი სამეფოა, ანუ ΚΕΡΑΜΙΣ ΒΑΣΙΛΙΚΗ. სახელი ΜΗΛΑΒΗC მეფისა არ არის (მაშინ გვექნებოდა ასეთი ფორმა მაგ. ΒΑΣΙΛΕΩΣ ΣΠΑΡΤΟΚΟΥ, ΒΑΣΙΛΕΩ ΣΦΙΛΙΠΠΟΥ, ან ΒΑΣΙΛΕΩ ΣΝΑΒΙΟΣ), იგი უფრო ის სამეფო მოხელე იყო, რომელიც რაღაც ფორმით იყო დაკავშირებული კრამიტის წარმოებასთან. მეტად მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა კრამიტის ის ფრაგმენტი, რომელზეც დასმულია, როგორც ასოსმაგვარი ნიშანი P, ასევე დამღები ([ΒΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗΛΑ[ΒΗC] ΧΟΡCΙΠ 07:1-88/214). კერძოდ, ნიშნიანი და დამღიანი კრამიტები ერთ საწარმოო ცენტრში მზადდებოდა. ნიშნიანი კრამიტის წარმოება უშუალოდ მოსდევდა დამღიანი კრამიტის წარმოებას და მათ შორის არავითარი ქრონოლოგიური ლაკუნა არ არსებობდა.

ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ კრამიტზე დასმული ნიშანი (სურათი 2) მისი უშუალო დამამზადებელი მეთუნისა უნდა იყოს (ახვლედიანი 1999), აქედან გამომდინარე სახელები ΟΡΑΖΟ, ΧΟΡCΙΠ, ΜΗΝΟ, ΕΡΜΩ, ΧΙΤΙC და Χ—ΧΑ არ შეიძლება მეთუნეებს ეკუთვნოდეს. ვინაიდან კრამიტზე ორი მეთუნის სახელის – ნიშანი – P და ΧΟΡCΙΠ ერთდროულად დასმა შეუძლებლად მიგვაჩნია. მცირე დამღებში მოხსენებული სახელები ΜΗΛΑΒΗC-თან მეფის მოხელეების სახელებად მიგვაჩნია, რომლებიც რაღაც ფორმით იყვნენ კრამიტის წარმოებასთან დაკავშირებულნი, ოღონდ მასზე რანგით დაბალი.

ის ფაქტი, რომ ყველა კრამიტზე დამღა ΒΑΣΙΛΙΚΗ/ΜΗΛΑΒΗC ერთი სიქითაა დატანილი, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ჯგუფის მასალა ერთდროულად არის დამზადებული. ამავე დროს ისინი ორ, ქრონოლოგიურად განსხვავებულ კულტურულ ფენაშია აღმოჩენილი. პირველი დედაქანში ჩაჭრილი არხის გვიანდელ შევსებას წარმოადგენს. კრამიტებიდან აქ გამოვლენილია, როგორც სინოპური, ასევე ადგილობრივი ნაწარმი და დამღა წარწერით ΟΡΑΖΟ (07:1-79/1344), რომელიც ძველადვე სამად იყო გატეხილი და მისი ფრაგმენტები ფენის სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა (ჭყონია 1986: 93-115). აღსანიშნავია, რომ ამ ფენაში არ იქნა გამოვლენილი ადგილობრივი ნიშნიანი კრამიტი. ამავე დროს აქ არ არის სხვა რაიმე მასალა (მიუხედავად მისი სიმრავლისა), რომელიც შეიძლება ზუსტად დათარიღებულ იქნას ძვ.წ. მე-3 საუკუნის პირველ მეოთხედზე უფრო გვიანდელი ხანით. მეორე – ძვ.წ. მე-2 საუკუნის მეორე ნახევარში აგებული „საზეიმო საკურთხეველის“ ნანგრევები. აქ აღმოჩნდა სამეფო დამღიანი კრამიტის დიდი ნაწილი. გადახურვაში მათთან ერთად კოლხური ნიშნიანი კრამიტიც იყო გამოყენებული (ფუთურიძე 1986: 34-51). ამ სტრატიგრაფიული მონაცემებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ძვ.წ. მე-3 საუკუნის პირველი მეოთხედი სამეფო დამღიანი კრამიტის დამზადების თარიღისათვის წარმოადგენს terminus post quem non-ს, ვინაიდან დამღა ΟΡΑΖΟ ძვ.წ. მე-4 საუკუნის მეორე ნახევრისა და ძვ.წ. მე-3 საუკუნის პირველი მეოთხედის ფენაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ შემთხვევით ყოფილიყო მოხვედრილი, რადგან როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იგი ძველადვე გატყდა სამ ფრაგმენტად და ფენაში ერთმანეთისაგან დაცილებით იქნა დაფიქსირებული. შემდგომ ძვ.წ. მე-2 საუკუნის მეორე ნახევარში სამეფო დამღიანი კრამიტი, მეორედ იქნა გამოყენებული, უფრო გვიანდელ ნიშნიან კრამიტებთან ერთად „საზეიმო საკურთხეველის“ გადასახურავად. რაც შეეხება ქვედა ქრონოლოგიურ ზღვარს, მისი დადგენა ზუსტად არ ხერხდება. ასოების პალეოგრაფია (სურათი 3) თითქოს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი ძვ.წ. მე-4 საუკუნეში გადავწიოთ. ამიტომ სამეფო დამღიანი კრამიტი, დღევანდელი მონაცემებით, ძვ.წ. მე-3 საუკუნის დასაწყისით შეიძლება დათარიღდეს. სამეფო დამღიანი კრამიტის შესახებ საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა არსებობს (ახვლედიანი 1999; გამყრელიძე 1985: 95, 96; კაჭარავა, მჟავანაძე 1986: 13-15 სურ. 5, 9; ფუთურიძე 1986: 46, 47, სურ. 27; ჭყონია 1986: 114, სურ. 96, 3; Akhvlediani 1990: 283-285; Tsetskladze 1998: 96; Ахвледиани 1999; Ахвледиани 1990: 324-326). მათ შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რომლებიც კრიტიკულად განხილულია დ. ახვლედიანის მონოგრაფიაში (ახვლედიანი 1999).

ამფორა. კოლხური ამფორები, ზოგადად სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: 1) უნიშნო და უდამღო ამფორები; 2) დამღიანი ამფორები; 3) ნიშნიანი ამფორები (Цецхладзе 1992). უნიშნო და უდამღო ამფორები ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება. ყველა მკვლევარი მათი წარმოების დასაწყისად ძვ.წ. მე-4 საუკუნის შუა წლებს მიიჩნევს (კახიძე 1971: 60; ლორთქიფანიძე 1966: 137-140; Путуридзе 1977; Цецхладзе 1992), ხოლო მათი წარმოების ხანგრძლივობაზე, განხვავებული მოსაზრებებია: ოთ. ლორთქიფანიძე ამ ტიპის ამფორების ფუნქციონირების ხანად ძვ.წ. მე-4 – მე -2 საუკუნეებს მიიჩნევს (ლორთქიფანიძე 1966: 139), ამ. კახიძე – ძვ.წ. მე-4 საუკუნის მეორე ნახევარს (კახიძე 1971: 60), რ. ფუთურიძე – ძვ.წ. მე-4 საუკუნის მეორე ნახევარი – ძვ.წ. მე-3 საუკუნე. (Путуридзе 1977), გ. ცეცხლაძე – ძვ.წ. მე-4 საუკუნის შუა წლები – ძვ.წ. მე-3 საუკუნის ბოლო (Цецхладзе 1992: 92-97), ვ. ლიჩელის აზრით, პირველი ტიპის ამფორების წარმოება ძვ.წ. მე-2 საუკუნის შუა ხანებამდე გრძელდება (ლიჩელი 1991: 32). ეს ამფორები კვერცხისებური ტანით, შედარებით მაღალი ყელითა და უმეტეს შემთხვევაში ცილინდრული ქუსლით ხასიათდება. კოლხურ ამფორებზე მომუშავე ყველა მკვლევარი, მათ სინოპური პროდუქციის მინაბაძად თვლის, ზოგიერთი – ძვ.წ. მე-4 საუკუნის შუა წლებში კოლხეთში გადმოსახლებული სინოპელი ხელოსნების ნაწარმად მიიჩნევს (კახიძე 1971: 60; Цецхладзе 1992: 109). ამ ტიპის ამფორები გავრცელებული იყო კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე, როგორც სანაპირო ზოლში (მაგ. გონიო, ციხისძირი, გვანდრა, წითელი შუქურა), ასევე შიდა რაიონებში (მაგ. დაფნარი, დაბლაგომი, ვანის ნაქალაქარი) (Цецхладзе 1992: 94). ამდაგვარი ამფორების სახელოსნო სადღეისოდ, მხოლოდ სოხუმის მახლობლად, წითელ შუქურაზეა აღმოჩენილი (Воронов 1977: 165-166).

დამღიანი ამფორები აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმის მახლობლად, გვანდრაშია აღმოჩენილი. აქვეა გამოვლენილი კერამიკის სახელოსნოს ნაშთები, სადაც სხვა მასალებთან ერთად ნაპოვნი იქნა ამფორის დამღიანი ყურების ფარაგმენტები, რეტროგრადული ორსტრიქონიანი წარწერით – ΔΙΟΣ/ΚΟΥ, რომელიც რამდენიმე სიქით არის დატანილი (Воронов 1977: 163-166) (სურათი 4:1). ი. ვორონოვმა ეს შემოკლებული წარწერა აღადგინა, როგორც ΔΙΟΣΚΟΥ(ΡΙΑΔΕΩΝ); გ. ლორთქიფანიძემ – ΔΙΟΣΚΟΥ(ΡΙΑΔΟΣ), ანუ დიოსკურიის ამფორა (Лордкипанидзе 1978: 43); ი. ბრაშინსკი – ΔΙΟΣΚΟΥ(ΡΙΩΝ) – დიოსკურიელთა (Брашинский 1973: 186); ი. კაცი გამოთქვამს ვარაუდს ΔΙΟΣΚΟΥ შეიძლება იყოს საკუთარი სახელი ΔΙΟΣΚΟΣ, დასმული გენეტივში (Кац 2007: 290). გ. შამბა ამ დამღებს ძვ.წ. IV ს-ით ათარიღებს (Шамба 1978: 49-57), მ. თრაპში, ი. ვორონოვი გ. ცეცხლაძე – ძვ.წ. მე-3 საუკუნით (Трапш 1969: 235; Воронов 1977: 165; Цецхладзе 1992: 105).

გვანდრას კერამიკული სახელოსნოს ნაშთებში აღმოჩნდა სხვა ფრაგმენტებიც, რომელთა საშუალებითაც ამფორა მთლიანად აღდგა. ეს ამფორა ფორმით წააგავს უდამღო და უნიშნო კოლხურ ადრეულ ამფორებს, იმ განსხვავებით, რომ მას ძირზე ფოსო აქვს გამოყვანილი (Воронов 1977: 163-164. рис. 1, 11, 12). მიეკუთვნება, თუ არა ზემოთაღწერილი დამღები ამფორათა ამ ტიპს ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ნ. ვორონოვი აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფის ამფორები სინოპურ ნაწარმს წააგავენ, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ გვანდრაში ნაპოვნ ამფორებს ძირზე ფოსო აქვთ გაკეთებული. თუმცა, სადღეისოდ სინოპურ ამფორებში ძირზე ფოსოიანი ნაწარმიც არის გამოყოფილი, რომელიც ზოგადად ძვ.წ. მე-4 – მე-3 საუკუნეებით თარიღდება (Монахов 1992: 163-204). დიოსკურიის დამღიანი ამფორები, ასევე ეშერაზეა აღმოჩენილი (Шамба 1980: 26), კოლხეთს გარეთ – პანტიკაპეონსა (3ც.) და ნიმფეონში (2ც.) (Цецхладзе 1992: 104-105). დიოსკურიის ამფორების დადამღვის ტრადიციის შეწყვეტა, ჩვენი აზრით, გამოწვეულია ამ სახელოსნოს დიოსკურიის, როგორც ქალაქის ხელისუფლების, კონტროლიდან გამოსვლით. რაც ალბათ, კოლხეთის ტერიტორიაზე, ძვ.წ. მე-3 საუკუნის პირველ ნახევარში განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო (ახვლედიანი 2003B: 72-78).

გ. ცეცხლაძე ასევე კოლხურად მიიჩნევს ამფორების ერთ ჯგუფს დამღით: ΤΙΜΑΡΧΟΥ და მას ზოგადად ძვ.წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევრითა და ძვ.წ. მე-2 საუკუნით ათარიღებს (სურათი 4:2). ამდაგვარი დამღები კოლხეთის ტერიტორიაზე არ არის აღმოჩენილი, ისინი დღემდე მხოლოდ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთშია ნაპოვნი: ბოსფორში – 18 ც., ქერსონესში – 5 ც., სკვითურ ნეაპოლში – 1 ც. (Цецхладзе 1992: 104-105). ი. კაცი ამ დამღებს არ მიიჩნევს კოლხურად. არგუმენტად მოჰყავს ის გარემოება, რომ ასეთი დამღები კოლხეთის ტერიტორიაზე არ არის გამოვლენილი (Кац 2007: 291).

ნიშნიან ამფორებს, მის წინამორბედებთან შედარებით უფრო წაგრძელებული კორპუსი აქვთ. ყელი შედარებით დაბალი, ასევე შედარებით დაბალი ქუსლი, ზოგჯერ ღილისებური. ზოგიერთ მათგანს ნიშანი ყურზე, ან ყელზე აქვს დატანილი (სურათი 4:3). ასეთ ამფორებს ოთ. ლორთქიფანიძე, რ. ფუთურიძე, ი. ვორონოვი ძვ.წ. მე-2 – პირველი საუკუნეებით ათარიღებენ (ლორთქიფანიძე 1966: 137-140; Путуридзе 1977: 68-71; Воронов 1977: 168-169); ამ. კახიძე ძვ.წ. მე-3 – მე-2 საუკუნეებით (კახიძე 1971: 55-61); ვ. ლიჩელის აზრით, ამ ამფორების წარმოება ძვ.წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში იწყება და ისინი ე.წ. „მაღალყელიან“ ამფორებთან ერთად ფუნქციონირებენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ლიჩელი 1991: 32-33). სადღეისოდ ნიშნიანი ამფორების სახელოსნოს ნაშთები მხოლოდ გულრიფშში არის მიკვლეული (Воронов 1977: 166-167).

სუფრის ჭურჭელი. 1. შავლაკიანი, ბერძნული თასი, მაღალ ფეხზე, პირზე ამოკაწრულია გრაფიტო ΜΗΤΟΣ (სურათი 4:5) ითხვისის სამაროვნიდან, სამარხი №20, თარიღდება ძვ.წ. მე-5 საუკუნის 70-იანი წლებით. გ. ლორთქიფანიძის აზრით, ეს სახელი ბერძნული ონომასტიკისათვის ცნობილი არ არის (გაგოშიძე და სხვ. 2006: 58, სურ.49, ფოტ.97; Лордкипанидзе 1978: 136); 2. იონიური ჭურჭლის ფრაგმენტი, ამოკაწრულია გრაფიტო ΥΡΜΗΚΟΣ (სურათი 4:6), ფიჭვნარის ნაქალაქარიდან, ჩოლოქისპირა თხრილში აღმოჩენილი – ძვ.წ. მე-6 საუკუნე. მ. ნასიძემ ეს წარწერა აღადგინა, როგორც საკუთარი სახელი – [Μ]υρμήκος (ნასიძე 2002: 27); 3. დოქი ნაცრისფერთიხიანი (ქ-ფ. №19/76) წარწერით: ΟΤΩΙΟΣ (სურათი 4:7), ფიჭვნარის ნაქალაქარის ბერძნული სამაროვნიდან, სამარხი №25 – ძვ.წ. მე-4 საუკუნე. მ. ნასიძის აზრით, ასეთი სახელი ბერძნულ და მცირეაზიურ ონომასტიკაში არ გვხვდება (ნასიძე, 2002: 34). გ. ლორთქიფანიძის აზრით, ეს სახელი შეიძლება კოლხური ანტროპონიმი იყოს (Лордкипанидзе 1986: 239); 4. შავლაკიანი ჯამი (ქ-ფ №15/98), წარწერა: ΔΙΟΝΥΣΙΟΣ ΛΕΩΔΑΜΑΝΤΟΣ (სურათი 4:8), ფიჭვნარის ნაქალაქარის, ბერძნული სამაროვნიდან, აღაპი № 7 – ძვ.წ. მე-4 საუკუნე. მ. ნასიძემ თარგმნა, როგორც „დიონისიოსი ლეოდამანტოსის ძე“ (ნასიძე 2002: 36); 5. ბერძნული, წითელლაკიანი, მრგვალქუსლიანი ჯამის ქვედა ნაწილი, გამოწვის შემდეგ დატანილია წარწერა: ΦΙΝΤΙΔΟC (სურათი 4:9), ვანის ნაქალაქარიდან. გ. ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ ეს არის სახელი Φιντίς, რომელიც დასმულია მესამე კანკლედობის ნათესაობით ბრუნვაში. ეს სახელი იშვიათად გვხვდება ბერძნულ ონომასტიკაში – იგი არ არის დადასტურებული არც ჩრდილო შავიზღვისპირეთსა და არც მცირე აზიაში. არ გვხვდება ეს სახელი არც ატიკაში. არაა გამორიცხული, რომ გრაფიტო პატრონის ვინაობას აღნიშნავს, იგი ძვ.წ. პირველი საუკუნით თარიღდება (უფრო ზუსტად საუკუნის პირველი ნახევრით) (ლორთქიფანიძე 1972: 142-143). ვანის ნაქალაქარის კარიბჭეზე ვერტიკალურად ამოკაწრულია ბერძნული წარწერა ΑΡ. ΩΑΝΑCΑ (სურათი 4:10). თ. ყაუხჩიშვილს მიაჩნია, რომ ეს წარწერა შეიძლება აღდგეს შემდეგი სახით ’αρ[άομαι] ὧἆνασ[σ]α–„გევედრები (შენ) მეუფეო“. ასევე თ. ყაუხჩიშვილი არ გამორიცხავს, რომ ΑΡ. არის შემოკლება შურისმაძიებელი ქალღმერთის სახელის Ἄρά-ს, ან შემოკლება სახელის Ἄρσανc (ყაუხჩიშვილი 1999: 148; Каухчишвили 1975: 498). ვანის ნაქალაქარის კარიბჭეზე ორჯერ, მარჯვნიდან მარცხნივ, ამოკაწრულია საკუთარი სახელი ΑΡCANC (სურათი 4:11) (ყაუხჩიშვილი 1967: 253-258; ყაუხჩიშვილი 1999: 148; ხოშტარია და სხვ. 1972: 154; Каухчишвили 1975: 498). თ. ყაუხჩიშვილის აზრით, ეს უნდა იყოს წერის შეფარვითი მანერით შესრულებული ხელოსნის სახელი. მსგავსი სახელებია: Ἄρσανος, ’Αρσᾶς, ’Αρσάïς (ყაუხჩიშვილი 1967: 253-258, 1999: 148; Каухчишвили 1975: 498). რაც შეეხება წარწერის თარიღს – ნაქალაქარის თავდაცვითი სისტემა აიგო ძვ.წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო დაინგრა ძვ.წ. პირველი საუკუნის შუა წლებში (ლორთქიფანიძე 1995: 25-31). შესაბამისად, კარიბჭეზე შესრულებული წარწერები ამ ქრონოლოგიურ ჩარჩოში ჯდება.

ამდენად, კოლხეთის ონომასტიკის წყაროების განხილვისას ბევრ საკამათო საკითხს შევხვდით. ამჯერად, შევეცადოთ ისინი დავალაგოთ ქრონოლოგიურად:
ძვ.წ. მე-6 საუკუნე. – ΥΡΜΗΚΟΣ, გრაფიტო, ფიჭვნარის ნაქალაქარი.
ძვ.წ. მე-5 საუკუნე. – ΜΗΤΟΣ, გრაფიტო, ითხვისის სამაროვანი.
ძვ.წ. მე-4 საუკუნის პირველი ნახევარი – ΟΤΩΙΟΣ, გრაფიტო, ΔΙΟΝΥΣΙΟΣ ΛΕΩΔΑΜΑΝΤΟΣ, გრაფიტო, ფიჭვნარის ნაქალაქარი.

ძვ.წ. მე-4 საუკუნის მეორე ნახევარი – ძვ.წ. მე-3 საუკუნის პირველი ნახევარი – ΔΕΔΑΤΟΣ, ბეჭედი-საბეჭდავი; ΗΡΑΚΛΕΙΔΟΥ, დამღა კრამიტზე, ΜΗΛΑΒΗC, ΟΡΑΖΟ, ΧΟΡCΙΠ, ΜΗΝΟ, ΕΡΜΩ, ΧΙΤΙC, Χ—–ΧΑ დამღა კრამიტზე, ვანის ნაქალაქარი.

ძვ.წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევარი – ძვ.წ. მე-2 საუკუნის პირველი ნახევარი -ΤΙΜΑΡΧΟΥ დამღა ამფორაზე; ΒΑΣΙΛΕΩΣ ΑΚΟΥ მონეტა (ტრაპიზონი, სოფ. კინჩხა, ხონის მუნიციპ.). ძვ.წ. მე-2 საუკუნის მეორე ნახევარი – ძვ.წ. პირველი საუკუნის პირველი ნახევარი – Saulaces (NH, XXXIII, 52), თარიღი ბუნდოვანია, მონეტა (?), (ზოგადად კოლხეთი და ვანის ნაქალაქარი); ΦΙΝΤΙΔΟC გრაფიტო, ΑΡCANC წარწერა კარიბჭეზე, ვანის ნაქალაქარი. ძვ.წ. პირველი საუკუნეების შუა ხანები – ’Αρίσταρχος (App. Mithr. 114) მონეტა; ’Ολθάκης (App. Mithr. 117).



კრამიტი დამღა სურათი 1. 1. კრამიტის დამღა – ΗΡΑΚ[ΛΕΙΔΟΥ]; 2. კრამიტის დამღა – [ΗΡΑΚ]ΛΕΙΔΟΥ; 3. კრამიტის დამღა – ΟΡΑΖΟ; 4. კრამიტის დამღა – Χ—–ΧΑ; 5. კრამიტის დამღა – ΒΑΣΙΛΙΚΗ/ΜΗΛΑΒΗ[C]; 6. კრამიტის დამღა – ΒΑΣΙΛΙΚΗ/ΜΗΛΑΒΗC ΜΗΝΟ; 7. კრამიტის დამღა —– – ΧΙΤΙC; 8. კრამიტის დამღა – ΒΑΣΙΛΙΚΗ/ΜΗΛΑΒΗC ΕΡΜΩ; 9. კრამიტის დამღა და ნიშანი – [ΒΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗΛΑ[ΒΗC] ΧΟΡCΙΠ P; 10. კრამიტის დამღა – [ΒΑΣΙΛΙΚΗ] ΜΗΛΑ[ΒΗC] ΧΟΡCΙΠ.


კრამიტი, ნიშნები სურათი 2. კრამიტზე დასმული ნიშნები.

კოლხეთი, დამღა, პალეოგრაფია სურათი 3. კოლხურ სამეფო დამღიან კრამიტებში გამოყენებული ასოების პალეოგრაფია.


წარწერა ვანი სურათი 4. 1. ამფორის დამღა – ΔΙΟΣΚΟΥ; 2. ამფორის დამღა – ΤΙΜΑΡΧΟΥ; 3. ნიშნები ამფორებზე; 4. წარწერა საბეჭდავ-ბეჭედზე – ΔΕΔΑΤΟΣ; 5. გრაფიტო – ΜΗΤΟΣ; 6. გრაფიტო – ΥΡΜΗΚΟΣ; 7. გრაფიტო -ΟΤΩΙΟΣ; 8. გრაფიტო – ΔΙΟΝΥΣΙΟΣ ΛΕΩΔΑΜΑΝΤΟΣ; 9. გრაფიტო – ΦΙΝΤΙΔΟC; 10. წარწერა ვანის ნაქალაქარის კარიბჭეზე – ΑΡ. ΩΑΝΑCΑ; 11. წარწერა ვანის ნაქალაქარის კარიბჭეზე – ΑΡCANC.


გამოყენებული ლიტერატურა

ახვლედიანი, დ. 1999 კრამიტი ვანის ნაქალაქარიდან. თბილისი.

ახვლედიანი, დ. 2003A „ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილი დამღიანი კრამიტის ერთი ჯგუფის იდენტიფიკაციისათვის“, ამირანი IX-2: 45–46.

ახვლედიანი, დ. 2003B „ძვ.წ. IV–III სს-ის კოლხეთის ისტორია კერამიკული დამღების მიხედვით“, ძიებანი 11: 72–79.

გაგოშიძე, ი., გოგიბერძე ნ., მახარაძე გ. 2006 „ითხვისი სამაროვანი“, არქეოლოგიური ჟურნალი IV: 36–59.

გაგოშიძე, ი. 2010 „ითხვისი სამაროვნის ქრონოლოგია“, არქეოლოგიური ჟურნალი V: 49–55.

გამყრელიძე, გ. 1982 ცენტრალური კოლხეთის ძველი ნამოსახლარები (სოფ. მთისძირი), თბილისი: მეცნიერება.

გამყრელიძე, გ. 1985 „აზო-ფარნავაზის დროინდელი კოლხეთის ისტორიიდან“, მაცნე 3: 95–96.

გრიგოლია, გ., ფხაკაძე გ., ბარამიძე მ., ლორთქიფანიძე გ. 1973 „დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიური ექსპედიციის 1966 წლის მუშაობის შედეგები“, მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის V: 17–38.

კაპანაძე, დ. 1969 ქართული ნუმიზმატიკა, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

კაჭარავა, დ., მჟავანაძე ზ. 1986 „ნაქალაქარის ზედა ტერასაზე 1980 წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიში“, ოთ. ლორთქიფანიძე (რედ.), ვანი VIII: 9–33, თბილისი: მეცნიერება.

კაჭარავა, დ. და სხვ. 2002 არქეოლოგიური გათხრები ვანის ნაქალაქარზე 2002 წელს (ხელნაწერი).

კახიძე, ა. 1971 საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები (ქობულეთ–ფიჭვნარი), თბილისი: მეცნიერება.

ლიჩელი, ვ. 1991 ძველი ვანი, სამეურნეო უბანი, თბილისი: მეცნიერება.

ლორთქიფანიძე, გ. 1972 „ვანის ნაქალაქარის I უბანზე 1961–1963 წწ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები“, ვანი I: 135–146, თბილისი: მეცნიერება.

ლორთქიფანიძე, ოთ. 1966. ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ლორთქიფანიძე, ოთ. 1995. ვანი „ოქრომრავალი“ — კოლხეთის უძველესი რელიგიური ცენტრი, მაინცი.

ლორთქიფანიძე, ოთ., ფუთურიძე რ., თოლორდავა ვ., ჭყონია ა. 1972. „არქეოლოგიური გათხრები ვანში 1969 წელს“, ვანი I: 198–242, თბილისი: მეცნიერება.

ლორთქიფანიძე, მ. 1976. „არქაული და „არქაიზირებული“ საბეჭდავი-ბეჭდები ვანიდან“, ვანი II: 116–166, თბილისი: მეცნიერება.

მათიაშვილი, ნ. 2013. „არქეოლოგიური გათხრები ვანის ნაქალაქარის ქვედა ტერასაზე“, ვანი X.

მიქელაძე, თ. 1978. არქეოლოგიური კვლევა-ძიება რიონის ქვემო წელზე, თბილისი: მეცნიერება.

ნასიძე, მ. 2002. საქართველოს ბერძნული გრაფიტო, თბილისი.

ფუთურიძე, რ. 1986. „ვანის ნაქალაქარის ცენტრალური ტერასის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის არქეოლოგიური გათხრები“, ვანი VIII: 34–51, თბილისი: მეცნიერება.

ყაუხჩიშვილი, თ. 1967. „ვანის ბერძნული წარწერები“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე XLVIII: 253–258.

ყაუხჩიშვილი, თ. 1999. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, თბილისი: ლოგოსი.

ყიფიანი, გ. 1991. ნიშნთა ფუნქციის შეცნობისათვის კოლხურ და იბერიულ კრამიტებზე, თბილისი.

ჭყონია, ა. 1986. „არქეოლოგიური გათხრები ვანის ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე“, ვანი VIII: 93–115, თბილისი: მეცნიერება.

ხოშტარია, ნ., ლორთქიფანიძე ოთ., ფუთურიძე რ., ლეჟავა გ. 1972. „არქეოლოგიური გათხრები ვანში 1966 წელს“, ვანი I: 147–174, თბილისი: მეცნიერება. Akhvlediani, D. 1990. “Les Tuiles estampillées de Vani”, in Lordkipanidze & Leveque (eds.), Le Pont-Euxin vu par les Grecs, pp. 283–285. Besançon.

Tsetskladze, G. 1998. Die Griechen in der Kolchis. Amsterdam: Adolf M. Hakkert.

Алексеева, Е. 1975 „Раскопки эллинистического дома“, Краткие сообщения института археологии 143: 31–37.

Ахвледиани, Д. 1986. Черепица Грузии эллинистической эпохи по материалам Ванского городища. Автореферат кан. дисс. Ереван.

Ахвледиани, Д. 1990. „Клейменная черепица Ванского городища“, Причерноморье в VII–III вв. до н.э., pp. 324–326. Тбилиси.

Брашинский, И. 1973. „Синопа и Колхида“, Вопросы древней истории (Кавказско-ближневосточный сборник) IV: 180–190.

Воронов, Ю. 1977. „К изучению керамического производства Диоскуриады“, Советская археология 2: 162–171.

Гайдукевич, В. 1958. „Новые эпиграфические данные о боспорских черепичных эргастериях“, Советская археология XXVIII: 123–135.

Голенко, К. 1951. „О монетах, приписываемых Савмаку“, Вестник древней истории 4: 199–203.

Дундуа, Г. 1987. Нумизматика античной Грузии, Тбилиси: Мецниереба.

Жебелёв, С. 1938. „Последний Перисад и скифское восстание на Боспоре“, Вестник древней истории 3: 49–71.

Капанадзе, Д. 1948. „Новые материалы к изучению статеров царя Аки“, Вестник древней истории 1: 150–155.

Каухчишвили, Т. 1975. „Греческая эпиграфика как источник истории Грузии“, в кн.: А. В. Урушадзе, Р. Гордезиани (ред.), Проблемы античной культуры, сс. 495–505, Тбилиси: Издательство Тбилисского университета.

Кац, В. 2007. Греческие керамические клейма эпохи классики и эллинизма. Боспорские исследования, вып. XVIII. Симферополь–Керчь.

Куфтин, Б. 1949. Материалы к археологии Колхиды. Vol. I, Тбилиси: Академия наук ГССР.

Куфтин, Б. 1950. Материалы к археологии Колхиды. Vol. II, Тбилиси: Академия наук ГССР.

Лордкипанидзе, Г. 1970 К истории древней Колхиды, Тбилиси: Мецниереба.

Лордкипанидзе, Г. 1978. Колхида в VI–II вв. до н.э., Тбилиси: Мецниереба.

Лордкипанидзе, Г. 1986. Некоторые вопросы истории античной культуры Грузии. Москва: Наука.

Меликишвили, Г. 1959. К истории древней Грузии, Тбилиси: Академия наук ГССР.

Микеладзе, Т., Хахутаишвили, Д. 1985. „Древне-Колхидское поселение Намчедури“, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები XIV. თბილისი: მეცნიერება.

Монахов, С. 1992. „Динамика форм и стандартов синопских амфор“, в кн.: В. И. Кац, С. Ю. Монахов (ред.), Греческие амфоры, pp. 163–204, Саратов: Издательство Саратовского университета.

Немировский, А. 1980. „Понтийское царство и Колхида“, в кн.: О. Т. Лордкипанидзе (ред.), Колхида и Средиземноморье, pp. 154–160, Тбилиси: Мецниереба.

Путуридзе, Р. 1977. „Колхидские амфоры из Вани“, Краткие сообщения Института археологии 151: 68–71.

Талис, Д. 1968. „Черепица с метками из раскопок Баклинского городища“, Советская археология 2: 184–195.

Тодуа, Т. 1990. Колхида в составе Понтийского царства, Тбилиси: Мецниереба.

Трапш, М. 1969. Труды. Vol. 2. Сухуми: Алашара.

Харко, Л. 1948. „Существовал ли царь Ακης?“, Вестник древней истории 2: 133–141.

Цецхладзе, Г. 1992. „Производство амфорной тары в Колхиде“, в кн.: В. И. Кац, С. Ю. Монахов (ред.), Греческие амфоры, pp. 90–110, Саратов: Издательство Саратовского университета.

Шамба, Г. 1978. „Амфорные клейма Диоскурии“, Известия Абхазского института языка, литературы и истории им. Д. И. Гулиа V: 49–57.

Шамба, Г. 1980. Эшерское городище, Тбилиси: Мецниереба.

Шелов, Д. 1956. Монетное дело Боспора, VI–II вв. до н.э, Москва: Государственное издательство исторической литературы.

Шкорпил, В. 1909. „Боспорские надписи, найденные в 1908 г.“, Известия Императорской Археологической Комиссии 33: 23–32.