კლდის პრეისტორიული ნახატები თრიალეთიდან

მანანა გაბუნია, ნინო ჯაყელი, თამარ აღაპიშვილი

საქართელოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. ნომერი: 54-B, გვ.13-23

გამოქვეყნდა: 2020 წელი


საკვანძო სიტყვები: პეტროგლიფი, თრიალეთი



Abstract

Trialeti petroglyphs are concentrated in Southern Georgia, in the village Gantiadi,on the canyon-like valley of the Avdriskhevi river, on the bare rocks of the river terraces. In several small-sized caves found in that valley, a lot of obsidian tools and stone debitague were found, as well as a small number of quaternary fauna. According to the typological characteristics of the lithics, Moustarian and Mesolithic periods were identified, as well as the Bronze Age artifacts. On the outer surface of the bare rock scraped images were found, in particular: deer, Caucasian ibices, roes, horses, camels, reptiles, fantastic and hybrid creatures, also, certain compositions – a symbolically depicted scene of chase, a herd of horses, etc. Some solar signs and unknown symbols are identified along with the anthropomorphic images – a hunter with bows and arrows. Based on the technique, style, content, relative analysis and a number of other features, in petroglyphs two chronological groups can be distinguished: the Mesolithic and Calcholithic-Bronze Ages; however, it is difficult to clearly differentiate these groups from one another. In 2018, as a result of the short term survey, several new spots of images and rock shelters were discovered, which made clear that the valley of the Avdriskhevi river used to be entirely inhabited by humans in prehistory time. Comprehensive scientific research of the petroglyphs at up-to-date techno18 logical level will enable to reconstruct paleo-environment, types of economy, household, customs and traditions, faith and notions of the prehistory man. It is noteworthy that Trialeti petroglyphs have become a certified member of the Cultural Routes of the prehistory Art of Europe.

თრიალეთის პეტროგლიფები საქართველოს ტერიტორიაზე პრეისტორიული მხატვრობის ჯერჯერობით ერთადერთი ძეგლია. ის მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, თრიალეთში, სოფ. განთიადში (ყოფილი სოფ. თაქილისა), მდ. ავდრის ხევის (ყოფილი პატარა ხრამი) კანიონისებური ხეობის მარჯვენა ნაპირზე. ხეობა შედგება ოთხი ფსევდოტერასისაგან, რომელთა ფორმირება გვიანპლეისტოცენური ასაკის ანდეზიტ-ბაზალტების ოთხი ლავური ნაკადისა და მათ შორის მოქცეული ეროზიისადმი ნაკლებად გამძლე ქანების არათანაბარი გადარეცხვისპროცესს უკავშირდება. ამ ოთხი ფსევდოტერასიდან უკეთაა გამოსახული მეორე, მესამე და მეოთხე, ხოლო პირველი ლავური ნაკადი მდინარის კალაპოტთან შიშვლდება და უმეტესად, წყლით იფარება [Маруашвили Л. 1971: 369-377].

მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში, რომელიც მდინარის დონიდან 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ერთი მეორის მიყოლებით ერთმანეთისაგან მცირე მანძილით დაშორებული რამდენიმე გამოქვაბულია, სადაც 1974-75 წლებში გათხრებს ვაწარმოებდით [გაბუნია მ., ვეკუა ა. 1980]. გათხრების შედეგად გაირკვა, რომ მიწისქვეშა წყლების მოქმედებით გამოქვაბულიდან ფენები მთლიანად გამორეცხილიყო. გამოქვაბულის წინ, ტერასების ზედაპირზე და გავლებულ თხრილებში, ობსიდიანის ბევრი იარაღი და წარმოების ნაშთი აღმოჩნდა. იქ მცირე რაოდენობით მეოთხეული პერიოდის ცხოველთა განამარხებული ფრაგმენტებიც იყო, რომლებიც, პალეონტოლოგ ა. ვეკუას განსაზღვრით, კეთილშობილ ირემსა (Cervus elephus) და კაბალოიდურ ცხენს (Equus caballus) განეკუთვნება.

ობსიდიანის კომპლექსში გამოიკვეთა ლევალუას ფაციესის დაკბილული მუსტიე, ასევე მეზოლითისთვის დამახასიათებელი მიკროლამელები და ასიმეტრიული სამკუთხა მიკროჩასართები. იქვე აღმოჩნდა ორმხრივდამუშავებული ყუნწიანი ისრისპირი ბრინჯაოს ნამცეცებთან ერთად [გაბუნია მ. და ვეკუა ა. 1980].

1975 წელს ისტორიკოსმა ქ. ჩხატარაშვილმა გადმოგვცა წერილი, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტის (დღეს ხალნაწერთა ეროვნული ცენტრი) არქივში უნახავს. წერილს XIX ს-ის 80-იან წლებში საქართველოში მოღვაწე მოყვარული არქეოლოგი ა. იოაკიმოვი უგზავნის ისტორიის მოყვარულ ე. ვეიდენბაუმს. წერილის შინაარსი ასეთია: “მოწყალეო ხელმწიფევ, ევგენი გუსტავის ძევ, ძალიან დასანანია, რომ არ ჩამობრძანდით წალკაში,და აი, რატომ: წარმოიდგინეთ, რომ სოფ. თაქილისას ხეობაში მე მივაკვლიე გამოქვაბულებს, რომელთა კედლებზე გამოსახულია (ამოკაწრულია)სანადირო სცენები. ეს წალკაში ოდესღაც მცხოვრებ ველურთა ნახატების მთელი გალერეაა!”

ამ ცნობას თავის დროზე სკეპტიკურად შეხვდა არქეოლოგი ბ. კუფტინი. მიუხედავად ამისა, XX ს-ის 40-იან წლებში ნ. ბერძენიშვილი და ალ. ჯავახიშვილი ამ მითითებათა კვალს გაყვნენ, მაგრამ მათს ძებნას, სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენც არაერთგზის ვეცადეთ აღნიშნული გამოსახულებების მიგნებას, მაგრამ გამოქვაბულების კედლებზე ვერაფერი ვიპოვეთ. როდესაც გამოქვაბულებში დაწყებული ძებნა კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე გავაგრძელეთ, მართლაც წავაწყდით კლდეზე ამოკაწრულ ცხოველთა გამოსახულებებს, რომლებიც, უთუოდ, სწორედ იმ „გალერეის“ ნაწილის იყო, XIX ს-ის მიწურულს ა. იოაკიმოვის აღტაცება რომ გამოუწვევია.

თუ გადავხედავთ თრიალეთის პეტროგლიფების სიტუაციურ გეგმას, დავინახავთ, რომ ნახატები პატარ-პატარა კერებად ჯგუფდება და 60-იოდე მეტრზე ვრცელდება, თითო-ოროლა გამოსახულება ამ კერებს შორისაც გვხვდება (გეგმა 1).

კლდოვან ზედაპირზე უმეტესად გამოსახულია ცხოველთა კონტურული, იშვიათად კი – ხაზოვანი ნაკაწრ-ნახატები, კერძოდ: ირმების, შვლების, ჯიხვების, ცხენების, ლომის (?), აქლემების, ქვეწარმავლების, თევზის, ფრინველის, ფანტასტიკური და ჰიბრიდული ცხოველების გამოსახულებები. გვხვდება ცალკეული კომპოზიციები: სიმბოლურად გადმოცემული ნადირობის სცენა, ცხენების რემა, მახეში გაბმული ცხოველები და სხვ. ასევე გამოსახულია სოლარული ნიშნები და ბევრი გაურკვეველი სიმბოლო, ანთროპომორფული ფიგურები – მშვილდისრიანი მონადირე მამაკაცები (სურ. 2-18). ზოგჯერ ნახატები ნაწილობრივადაა გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ კლდეზე გამოსახული ცხოველების უმრავლესობა კარგადაა ცნობილი ამ რეგიონისა, და ზოგადად, მთელი სამხრეთ საქართველოს მეზოლითური ეპოქის ძეგლებიდან [გაბუნია მ. 1972: 25-38; 1976: 25-28; გაბუნია მ., ვეკუა ა. 2005: 5-12 ]. თრიალეთის გამოსახულებები კარგად ასახავს გვიანპლეისტოცენსა და ადრეჰოლოცენში გავრცელებულ ადგილობრივ ფაუნას.

თრიალეთის ნაკაწრ-ნახატებს ბევრი საერთო ნიშანი აქვს: მონადირეების გარდა, ყველა გამოსახულება პროფილურია; ნახატები ერთ სიბრტყეზეა განლაგებული, ანუ არ ჩანს პერსპექტივა; რამდენადმე შერწყმულია აბსოლუტური პროფილი და ნორმალური პერსპექტივა; ფიგურები, უმეტესად, სტატიკურადაა გადმოცემული, თითქმის არ ჩანს მოძრაობა; გამოსახულებები მცირე ზომისაა (3,5 სმ-დან 18 სმ-მდე), წვრილი, არაღრმა, აბრისით შემოხაზული; ნახატთა ძირითადი ნაწილი გეომეტრიული სტილითაა შესრულებული. შესრულების ტექნიკის, სტილის, შინაარსის, შედარებითი ანალიზისა და სხვა ნიშნების მიხედვით, აღნიშნული გამოსახულებები ორ ქრონოლოგიურ ჯგუფად იყოფა. თუმცა, ამ ჯგუფების მკვეთრად გამიჯვნა ძნელია, რადგან ადრეული საფეხურის ნაკაწრი ნახატები მომდევნო საფეხურისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ამჟღავნებს, და პირიქით. ადრეული ნახატები დაახლოებით ძვ.წ. IX-VII ათასწლეულებში უნდა იყოს შექმნილი და, შესაბამისად, მეზოლითურ ეპოქას უნდა განეკუთვნებოდეს, ისინი საკმაო მსგავსებას ავლენს ანატოლიაში არსებული ადი-იემენის მღვიმისა და მისგან 2 კმ-ით დაშორებული პალანლის მღვიმის მეზოლითურ გამოსახულებებთან, რომლებიც, თავის მხრივ, წააგავს არაბეთში აღმოჩენილსა და, ძვ.წ. IX-VII ათასწლეულებით დათარიღებულ მხატვრობას. ამ ნახატების მსგავსია ახლო აღმოსავლეთში, ნეგევის უდაბნოსა და იორდანიის ზეგანზე, აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები და სხვ.[Anati E. 1972: 30-31]. საგრძნობი მსგავსებაა აფრიკაში, ფიგუიგის მახლობლად ალჟირ-მაროკოს საზღვარზე, მდებარე გარა მელიას ეხის ნახატებთან [Simoneau A. 1975:168]. თრიალეთში აღმოჩენილი მსგავსი ანთროპომორფული გამოსახულებები – მონადირეები და ირმები გამოსახულია მდ. ანგარის ხეობა- ში, მანხაის მთაზე [Хорошил П. 1994: 127-131].

თრიალეთის პეტროგლიფების მეორე ჯგუფის (ენეოლით-ბრინჯაოს ხანა) გამოსახულებებში იზრდება სტილიზაცია, ფიგურები უფრო სტატიკური ხდება და გეომეტრიულ მოხაზულობას იძენს. აღნიშნული კანონზომიერებანი მჟღავნდება თითქმის ყველგან, სადაც შესაბამისი პერიოდის პეტროგლიფებია შემონახული. ა. ჰოისლერი აღნიშნავს, რომ ყველა ჩამოთვლილი პარალელი პირდაპირ კავშირებზე არ უნდა მიუთითებს და დამთხვევაა [Hȁusler, A. 1995: 129 ].

როგორც საერთოდ კლდის ნახატებში, აქაც ბევრია სხვადასხვა ნიშანი და სიმბოლო: კვადრატული ბადეები, ზიგზაგები, ერთიმეორეში ჩასმული წრეხაზები შუაში წერტილითა და სხვ. ასეთი გამოსახულებები დამახასიათებელია ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანისათვის. მათი ერთი ნაწილი, რომელიც სოლარული ნიშნებითაა წარმოდგენილი, მიწათმოქმდებასთან უნდა ასოცირდებოდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ნახატები ცნობილია თრიალეთიდან ზურტაკეტის ყორღანებიდან. გორასამარხების ნიშნიან ქვებზე გამოსახულია თრიალეთის პეტროგლიფების მსგავსი ირმებისა და ძროხის ფიგურები, მაგრამ იქ რომბებით და დაკიდებული სამკუთხედებით შედგენილი ორნამენტული მოტივები ჭარბობს, ცხოველთა გამოსახულებები კი უფრო იშვიათია [ჯაფარიძე ო. 1969; Hȁusler, A. 1995: 132]. ამგვარი ორნამენტული დეკორის პარალელები შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონში, ასევე დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მეგალითურ ხელოვნებაში მოიძიება [Hȁusler, A. 1995: 126-198].

ფანტასტიკური ცხოველები პრეისტორიულ მხატვრობის ბევრ ძეგლზე გვხვდება. აღსანიშნავია მათი არსებობა თრიალეთში აღმოჩენილი ნაკაწრების მხატვრულ სახეთა შორის. აქ გამოსახულია წარმოსახვითი ცხოველი კუზით, კუზიანი ცხენები და კვიცი. ფრთოსანი ცხენი და ფრთოსანი კვიცი ცნობილია მთიანი ალტაიდან, კუზიანი ცხენი კი რუსული ზღაპარ „Конек-горбунек”. ფანტასტიკური ცხოველები გვხვდება საია-ნოალტაის მთებში აღმოჩენილ პეტროგლიფებში [Дэвлет Е., Чжан Со Хо, 2014: 81 ]. ავტორთა აზრით, ისინი ბრინჯაოსა და რკინის ხანას უნდა განეკუთვნებოდეს [Дэвлет Е., Чжан Со Хо, 2014: 87].

დევლეტი და ჩუონ სო ხო აღნიშნავენ: “მიუხედავად დიდი მრავალფეროვნებისა, მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიის შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ კლდის მხატვრობის ნიმუშებში ხშირია მოტივები, რომლებიც თითქოს მითოლოგიური სიუჟეტების ილუსტრაციას წარმოადგენს” [Дэвлет Е., Чжан Со Хо, 2014: 81]. 2018 წლის მაისის თვეში მივლინებით გახლდით თრიალეთში. ჩვენი მიზანი იყო მდინარე ავდრის ხევის ორივე ნაპირის დაზვერვა, გვსურდა გაგვერკვია, აღმოჩენილი პეტროგლიფები ერთადერთია ამ ხეობაში, თუ მას გავრცელების სხვა კერებიც გააჩნია.

თავდაპირველად, დავზვერეთ ხეობის ქვემო წელი, ანუ ის ნაწილი, საიდანაც პეტროგლიფებია ცნობილი. აქ მესამე ტერასაზე, გამოსახულებების შვიდი ახალი კერა აღმოჩნდა, რომლებიც დაახლოებით 90 მეტრიან მონაკვეთზე ვრცელდება (სურ. 19-21).

დაიზვერა ხეობის ზემო წელიც, 300-იოდე მეტრის სიგრძის მონაკვეთი. მარჯვენა ნაპირზე აქაც მდინარის აუზის გეოლოგიური ისტორია უფრო კარგად იკითხება და გაშიშვლებული კლდოვანი ფერდი ტერასების ფორმირების რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფის საშუალებას იძლევა (სურ. 22). მარცხენა ფერდი კი ნიადაგითა და ბალახით ისეა დაფარული, რომ კლდოვანი გაშიშვლებები მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა თვალხილული. ხეობის ამ მონაკვეთში, მდინარის ორივე ნაპირზე ნაკაწრებს შვიდ ადგილას მივაკვლიეთ. ჩვენ მათ პირიბითად „ზემო მხარის პეტროგლიფები” ვუწოდეთ.

ამ მცირემასშტაბიანმა დაზვერვამ ცხადყო, რომ ავდრის ხევის პეტროგლიფების გავრცელების ბევრი კერა არსებობს. სავარაუდოდ, თავის დროზე, ხეობა ინტენსიურად იქნებოდა დასახლებული, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ახლადდაზვერილ მონაკვეთშიც აღინიშნება მცირე ზომის გამოქვაბულები, რომელთა ნაწილი თაღიდან ჩამოცვენილი ლოდებითაა ამოქოლილი. ერთ გამოქვაბულთან გზის გაჭრის შედეგად გამოჩნდა კულტურული ფენების ჭრილი, საიდ აიკრიფა ობსიდიანის არტეფაქტები.

თრიალეთის კლდის ნახატები რეგიონის პრეისტორიული პალეოგარემოს, მეურნეობის სახეების, ადათ-წესების, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების,კულტურული ტრადიციების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ისინი ისეთივე ისტორიულ წყაროს წარმოადგენს, როგორც ნებისმიერი არქეოლოგიური არტეფაქტი.

2014 წელს თრიალეთის პეტროგლიფებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ესპანეთის ქალაქ ტრიგუეროსში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმზე თრიალეთის პეტროგლიფებით წარსდგა. შედეგად, სააგენტოს ევროპული უწყების წევრობის სტატუსი მიენიჭა. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პოტრუგალიის, ირლანდიის, და აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველო პრეისტორიული ხელოვნების ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სრულუფლებიანი მერვე წევრი გახდა.

ზემოთ თქმული გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რაც ახალი ნახატების აღწერა-დახასიათებას, იდენტიფიკაციას, ფიქსაციას, კლასიფიკაციას, სტატისტიკურსა და შედარებით ანალიზს [Лобанова Н. 2015:12] გულისხმობს. მოსაძიებელია ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის პარალელებიც და სხვ., აუცილებელია პეტროგლიფების დაზიანების საფრთხეების შესწავლა და შეფასება (ლიქენოლოგიური კვლევები, ანუ კლდეზე ამოკაწრული გამოსახულებების დამაზიანებელი მღიერებისა და ხავსის თვისებების დადგენა და სხვ.), მოსალოდნელი დაზიანებისგან თავდასაცავი სტრატეგიისა და სარესტავრაციო-საკონსერვაციო რეკომენდაციების შემუშავება.

თრიალეთის პეტროგლიფების დაცვა და თანადროულ არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთიან კონტექსტში კვლევა საქართველოს პრეისტორუიული წარსულის რეკონსტრუირების საუკეთესო პერსპექტივას იძლევა.


ბიბლიოგრაფია

გაბუნია, მ.1972.

“თრიალეთის მეზოლითურ ძუძუმწოვართა პალეონტოლოგიური ნაშთები და გეოგრაფიული გარემო”. სპელეოლოგთა სამეცნიერო სესიის ბიულეტენი X. გვ. 25-28. თბილისი.

გაბუნია მ. 1976.

თრიალეთის მეზოლითური კულტურა. თბილისი.

გაბუნია მ., ვეკუა ა. 1980.

პატარა ხრამის პეტროგლიფები. თბილისი.

გაბუნია მ., ვეკუა ა. 2005.

ბუნებრივი გარემოს ევოლუცია სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის რეგიონში ეოპლეისტოცენ-ადრეჰოლოცენში. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის “ძიებანი” # 15-16. გვ. 5-12, (რედ. გ. კვირკველია), თბილისი

ჯაფარიძე ო. 1969.

არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში. თბილისი.

Дэвлет Е., Чжан Со Хо. 2014.

Каменная летопись Алтая. Москва

Лобанова Н. 2015.

Петроглифы Онежского озера. Петрозаводск-Москва

Маруашвили Л. 1971.

Южно-грузинское вулканическое нагорие. Геоморфология Грузии. ст. 369-377. Тбилиси

Хорошил П. 1949.

Писаницы на горе Манхай. Краткие сообщения о докладах и полевых исследованиях института истории материальной культуры. ст. 127-131. Москва-Ленинград

Anati E. 1972.

Arte preistorica in Anatolia. Studi comuni # 4. Edizioni del Centro. p. 27-34. Italia

Hȁusler A. 1995.

Petroglyphen aus Trialeti, Transkaukasien. Bollettino del Centro Camuno di Studi Preistorici. vol. XII. Edizioni del centro. p. 123-138. Italia

Simoneau A. 1975.

L’abri de la Gara Melias. Bollettino del Centro Comuno di Studi Preistorica. vol. XII. Edizioni del centro. p. 168. Italia


ილუსტრაციები

. თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.1

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

გეგმა

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.2 _________________________ სურ.3

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.4 _________________________ სურ.5

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.6 _________________________ სურ.7

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.8 ____________ სურ.9____________სურ.10

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.11, 12 და 13

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.14 და 15

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.16 _________________________ სურ.17

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.18

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.19 _________________________ სურ.20

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.21

თრიალეთი პრეისტორიული ნახატები

სურ.22