The Seal of Safarbey

Ketevan Ramishvili

Moambe, Bulletine of the Georgian National Museum, XI (56-B): 18-32, 2023

Published: December, 2023

Keywords: Seal, Abkhazia, Sharvashidze, Safarbey


Abstract

This article discusses a seal matrix belonging to the head of Abkhazia, Saferbei Sharvashidze. The seal is made of silver. It has conical shape where on the back a rampant lion is soldered. On the flat face of the seal, which is rectangular with rounded corners, there is a Georgian (Asomtvruli) inscription (legend) that reads: “Sharvashidze Seferbei.” The seal matrix bearing a Georgian inscription, owned by the head of Abkhazia, holds great historical significance. This is because it belonged to a political figure who joint Abkhazia with the Russian Empire. Abkhazian authorities used the Georgian language not only for their foreign political activities but also for internal affairs, viewing the use of Georgian as a symbol their sovereignty and connection to the Georgian world. The examination of this seal matrix offers insights into the political, economic, and cultural activities of Georgia (Abkhazia) during the 19th century.

შესავალი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გლიპტიკის ფონდში ინახება ერთი მეტად საინტერესო ფორმისა და შინაარსის მქონე საბეჭდავი (გლ. ფ. საინვ. №681). საბეჭდავი ვერცხლისაა, პირი ბრტყელი აქვს, ხოლო ზურგი-კონუსური (სურათი 1, 2). კონუსის მწვერვალზე დარჩილულია ვერცხლისავე სახელური, რომელიც უკანა ფეხებით ყალყზე შემდგარი ლომის ფიგურას წარმოადგენს (სურათი 2). ლომის ფიგურა ჩამოსხმულია, მას აქვს თხელი სხეული, მოხრილი უკანა კიდურები და ფართო მკერდი, რომელზეც დაბალი რელიეფით შესრულებული ფაფარი ეფინება. ლომის ფიგურას მკვეთრად ზევით ატყორცნილი კუდის ბოლო ზურგზე აქვს მიბჯენილი ისე, რომ სხეულსა და კუდს შორის იქმნება მრგვალი გამჭოლი ნახვრეტი. მომცრო, მრგვალ თავზე ყურები არ გააჩნია, თვალი მოკლე ნაჭდევი ხაზითაა აღნიშნული, ხოლო დაღრენილი პირი ფიგურას ექსპრესიულ ხასიათს ანიჭებს. ლომს თავზე მოზრდილი რგოლი აქვს დარჩილული ზონრის ან ძეწკვის გასაყრელად. ყალყზე შემდგარი ლომი წინა ფეხების თათებით გაურკვეველ საგანს ეყრდნობა. ლომსა და საყრდენს შორისაც მრგვალი გამჭოლი ნახვრეტია. ეს სამი გამჭოლი ნახვრეტი კომპოზიციას სიმსუბუქეს, ხოლო ნივთს სინატიფეს სძენს. საბეჭდავის პირი კუთხეებმოკვეთილი მართკუთხედია, რომლის ბრტყელ ზედაპირზე ნეგატივურად ამოკვეთილია სამსტრიქონიანი ქართული (მხედრული) წარწერა (ლეგენდა): ,,შარვაშიძე სეფერბეი” (სურათი 3). პირველ სტრიქონზე წერია ,,შარვ”, მეორეზე – ,,აშიძე სეფ”, მესამეზე – ,,ერბეი”. საბეჭდავის პირი მთლიანადაა შევსებული ლეგენდით. წარწერა შესრულებულია ულამაზო კალიგრაფიით, გამოუცდელი ყალამდრის მიერ, არ არის დაცული ტოლი მანძილი არც ასოებსა და არც სტრიქონებს შორის. წარწერა შედგენილია დიდ-პატარა ასოებით, რომლებიც არცთუ ღრმადაა ამოკვეთილი, თუმცა ანაბეჭდზე მკაფიო გამოსახულებას იძლევა (სურათი 4). ასოები ამოჭრილია დაუდევრად – მესამე სტრიქონში რანი საბეჭდავის პირზე პოზიტივურად ამოუკვეთავთ, რის გამოც, ანაბეჭდზე უკუღმაა გამოსული, ასევე, პირველ სტრიქონში ვინს აქვს გადაბმის ნიშანი, თუმცა მას ანი არ ებმის, რადგან მეორე სტრიქონზეა გადატანილი. სტრიქონებს შორის თავისუფალი არე ადგილ-ადგილ შემკულია ვარსკვლავისებრი, ნახევარმთვარისებრი და ფოთლოვანი ორნამენტით, რაც ერთგვარად აცოცხლებს ულაზათო წარწერას და საბეჭდავის პირის დეკორატიულობას აძლიერებს. საბეჭდავი უთარიღოა (H=28 მმ; პირის L=15 მმ; პირის B=13მმ; რგოლის D=3 მმ).

Sharvashidze_Safarbey ______________________სურათი 1,2. სეფერბეი შარვაშიძის ვერცხლის საბეჭდავი

შარვაშიძე სეფერბეი

საფარბეი, იგივე საფარ–ბეგ (ნათლობის სახელი გიორგი) შერვაშიძე (შარვაშიძე) იყო აფხაზეთის მთავარი 1810-1821 წლებში. იგი გახლდათ მეორე ვაჟი ქეილაშ (ქელეშ) აჰმედ-ბეგ, იგივე ქელეშბეი შერვაშიძისა, რომელიც აღიზარდა ოსმალურ იმპერიაში. თურქული ორიენტაციის მქონე მაჰმადიანმა ქელეშბეიმ პოლიტიკურ ბრძოლაში დაამარცხა რა მართლმადიდებელი ბიძა, აფხაზეთის მთავარი ზურაბ შერვაშიძე, 1784 წლისთვის გახდა აფხაზეთის მთავარი. რეზიდენციად აირჩია სოხუმის ციხე, რომელიც იმ დროისათვის ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა შავ ზღვაზე. ოსმალებს სოხუმის ციხის ქელეშბეის ხელში გადასვლა არ აწყობდათ, მაგრამ იმისათვის, რომ სიტუაცია არ გამწვავებულიყო, დაყაბულდენ ამ ვითარებას და მას სოხუმის ციხის დაცვა ,,დაავალეს”. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ საქართველო მიიერთა, ხოლო სამეგრელოში რუსეთის პროტექტორატი დამყარდა, ქელეშბეიმ შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია და ღიად გამოვიდა აფხაზეთის რუსეთთან დაახლოების სასარგებლოდ, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა მისი უფროსი ვაჟი ასლანბეი, რომელიც თურქული ორიენტაციის იყო. ამიტომ, ქელეშბეი მემკვიდრედ და აფხაზეთის მომავალ მთავრად თავის მეორე ვაჟს – საფარბეის მიიჩნევდა. 1806 წელს ქელეშბეიმ გაწყვიტა კავშირი ოსმალეთთან, თუმცა არც რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლას ჩქარობდა. ასეთ გაურკვეველ და რთულ ვითარებაში 1808 წელს ქელეშბეის მოუწყვეს შეთქმულება და სოხუმის ციხეში სიცოცხლეს გამოასალმეს. უმეტესი წერილობითი წყაროს მიხედვით, მკვლელობა ჩაიდინა მისმა უფროსმა ვაჟმა ასლანბეიმ, რომელმაც შედეგად ხელში იგდო სოხუმის ციხე, თავი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადა და მაშინვე აღადგინა ურთიერთობა ოსმალეთთან. სხვა მოსაზრებით, მკვლელობა განახორციელა რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციამ, რომელსაც საფარბეის სასარგებლოდ ხელს უწყობდა და აქეზებდა საფარბეის სიდედრი, სამეგრელოს მთავარი ნინო დადიანი (Анчабадзе 2007:15-16). სწორედ სამეგრელოში, დადიანების კარზე იმყოფებოდა საფარბეი მამის მკვლელობისა და ასლანბეის მიერ ტახტის მიტაცების დროს. საფარბეი ნინო დადიანის დახმარებით ცდილობდა სოხუმის ციხის დაუფლებასა და აფხაზეთში გამთავრებას, მაგრამ ამაოდ. გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე დარწმუნდა, რომ აუცილებელი იყო რუსეთთან სამფარველო ხელშეკრულების, ე. წ. ,,სათხოვარი პუნქტების” გაფორმება. ,,სათხოვარი პუნქტების” ტექსტი შეადგინეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ ის ქართულად ითარგმნა, საფიქრებელია, სამეგრელოს კარის კანცელარიაში და როგორც ორიგინალი, წარედგინა გიორგი (საფარბეი) შარვაშიძეს. 1808 წლის 12 აგვისტოს გიორგი (საფარბეი) შარვაშიძემ და აფხაზეთის თავად-აზნაურთა წარმომადგენლებმა ,,სათხოვარი პუნქტების” ქართულ ტექსტს ხელი მოაწერეს. ამ დოკუმენტით გიორგი (საფარბეი) ითხოვდა, რუსეთის იმპერატორს მისთვის მემკვიდრეობით დაემტკიცებინა ამ მხარის მმართველობა და თავისი სამფლობელოთი მფარველობაში მიეღო. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ენაზე გაფორმებული დოკუმენტით, რომლითაც აფხაზთა სამთავრო ქვეშევრდომულ ურთიერთობას ამყარებდა რუსეთთან, ნათლად ჩანდა აფხაზეთის სამთავრო სახლის ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული სამყაროსადმი კუთვნილება (გამახარია და სხვ. 2007:214 ). როგორც თავად გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე აღნიშნავდა, რუსებთან ადრე გაგზავნილი წერილები და ,,სათხოვარი პუნქტებიც”, დაწერილია სამეგრელოს სამთავრო კარის მოძღვრის დეკანოზ იოანე იოსელიანის მიერ, რომელიც ,,წრფელი გულით მირჩევდა გავმხდარიყავი საიმპერატორო ტახტის ქვეშევრდომი” (АКАК 1869:209). მაგრამ რუსეთსა და თურქეთს შორის ზავის პირობებში აფხაზეთის სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღება ვერ მოხერხდა. თუმცა, რუსეთ-თურქეთის ომის განახლების შემდეგ, 1810 წლის 17 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე დაამტკიცა აფხაზეთის მთავრად რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების აღიარებითა და შინაგანი ავტონომიის ცნობით. 1810 წლის ივლისში, რუსეთის საზღვაო დესანტმა ხელში ჩაიგდო სოხუმის ციხე და იქიდან თურქებთან ერთად სეფერბეის უფროსი ძმა ასლანბეიც განდევნა, ხოლო სოხუმის ციხე საფარბეის გადასცა (ანჩაბაძე 1976:689).

Sharvashidze_Safarbey სურათი 3. სეფერბეი შარვაშიძის საბეჭდავის პირი ____________ სურათი 4. სეფერბეი შარვაშიძის საბეჭდავის ანაბეჭდი _________ნეგატივური წარწერით

გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე, თავისი მამის – ქელეშბეისგან განსხვავებით, არ გახლდათ ძლიერი მთავარი. იგი იყო რუსეთის იმპერიის მარიონეტი, რომელიც არ სარგებლობდა მოსახლეობის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. მისი მმართველობა მთლიანად დამყარებული იყო რუსულ ,,ხიშტებზე”, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის მოსახლეობა (Анчабадзе 2007:16). როდესაც 1819 წლის ივლისში იმერეთში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, როგორც ი. კურნატოვსკი აღიარებდა, აჯანყებას გურია-სამეგრელო-აფხაზეთის მოსახლეობაც თანაუგრძნობდა, ხოლო აჯანყებულებთან შეერთების თაობაზე სოხუმსა და სოხუმის მიდამოებში გამართული 8 სეიმის მონაწილეთა უმეტესი ნაწილი რუსებთან ბრძოლის მომხრე იყო (გამახარია და სხვ. 2007:225). მიუხედავად აჯანყებისადმი მოსახლეობის თანაგრძნობისა, გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობდა და აჯანყებაში ჩაბმას არ აპირებდა. ამასთან, მას რუსეთის ხელისუფლება მკაცრად აფრთხილებდა, არ ეთანაგრძნო ამბოხებულებისთვის. ამდენად, აფხაზებს აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ დროს სოხუმში იმყოფებოდა ქართველი მწერალი და მოგზაური გ. ავალიშვილი, რომელიც აღწერს აფხაზების ,,ავაზაკებრივ ქცევას რუსეთის ხელისუფლების სავნებად”. იგი შეხვდა გიორგი (საფარბეი) შარვაშიძესაც და რუსეთის ერთგულება ურჩია (გამახარია და სხვ. 2007:225). მისი აღწერილობით, გიორგი შარვაშიძე იყო ,,საშუალო ასაკის, ხმელი, ფეხღვლარჭნილი და ჩანსაცა უფლად კმად მცირეისა გონებისა… არ უწყის მან სხუა ენა, გარდა აფხაზურისა, თუმცა ესმის კუალად მცირედ რაოდენმე ქართულიცა” (ავალიშვილი 1967:29-30). ოსმალეთი საღად აფასებდა რა აფხაზეთში შექმნილ ანტირუსულ განწყობასა და მოსახლეობაზე აფხაზეთის მთავარ გიორგი (საფარბეი) შარვაშიძის სუსტ გავლენას, კვლავ დაჟინებით იბრძოდა აფხაზეთის დაბრუნებისთვის. როგორც ჩანს, გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე რეალურად აფასებდა იმ გარემოებას, რომ რუსეთის პოზიციები აფხაზეთში მყარი არ იყო და სიკვდილის წინ უმცროს ძმას ჰასანბეის, რომელიც ხალხში და ოსმალეთის მთავრობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მეუღლესა და შვილებზე–დიმიტრიზე და მიხეილზე მზრუნველობა სთხოვა (გამახარია და სხვ. 2007:226-228). 1821 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის მთავარი გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე ლიხნში გარდაიცვალა, თუმცა, სხვა მოსაზრებით, იგი მუხანათურად იქნა მოკლული საკუთარი უმცროსი ძმის მიერ (ე. ვეიდენბაუმის ფონდი, №117-2, ხელნაწერთა ინსტიტუტი – Филипсон 1880:19). გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე დაკრძალულია ლიხნში (ანჩაბაძე 1976:689).

საბეჭდავის საკითხისთვის

საბეჭდავის საკითხისთვის როგორც ცნობილია, გვიან შუასაუკუნეებში საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში საბეჭდავი დიდ როლს ასრულებდა. ყველა საბუთი დამტკიცებული უნდა ყოფილიყო ბეჭდით. საბეჭდავების გამოყენება შესაძლებელს ხდიდა წერილის, დოკუმენტისა თუ სხვა საგნის შეუხებლობის შემოწმებას. საბეჭდავები ჰქონდათ ყველა სოციალური წრის წარმომადგენლებს: მეფეებს, მთავრებს, ფეოდალებს, წარჩინებულ თუ უბრალო მოქალაქეებს, სხვადასხვა მოხელეებს, სამღვდელო პირებს (ბარნაველი საბეჭდავის საკითხისთვის როგორც ცნობილია, გვიან შუასაუკუნეებში საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში საბეჭდავი დიდ როლს ასრულებდა. ყველა საბუთი დამტკიცებული უნდა ყოფილიყო ბეჭდით. საბეჭდავების გამოყენება შესაძლებელს ხდიდა წერილის, დოკუმენტისა თუ სხვა საგნის შეუხებლობის შემოწმებას. საბეჭდავები ჰქონდათ ყველა სოციალური წრის წარმომადგენლებს: მეფეებს, მთავრებს, ფეოდალებს, წარჩინებულ თუ უბრალო მოქალაქეებს, სხვადასხვა მოხელეებს, სამღვდელო პირებს (ბარნაველი 1965:73-74), ისევე, როგორც ეს იყო ჯერ ბიზანტიაში და შემდეგ სეფიანთა ირანში (ბარნაველი 1965:80-81). მეფეებსა და მთავრებს ჰქონდათ სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე საბეჭდავი, რომლებიც გამოიყენებოდა მფლობელთა მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში და მათი ლეგენდები იცვლებოდა მფლობელების თანამდებობრივ და გარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით (ბაქრაძე 1978:22,26). საბეჭდავი, რომელზეც მფლობელის მხოლოდ სახელი იყო აღბეჭდილი, განკუთვნილი იყო არაოფიციალური, ახლობლებისა და მეგობრებისადმი მიწერილი წერილების დასაბეჭდად; ოფიციალური საბუთებისა და საქმიანი ქაღალდების დასაბეჭდად კი იხმარებოდა ასევე პირადი საბეჭდავები, რომლებზეც სახელის გარდა მითითებული იყო ტიტული (ბარნაველი 1965:80 ). თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა წარჩინებული პირები ოფიციალურ, თანამდებობრივ დოკუმენტებზე იყენებდნენ პირად ბეჭდებს, რომლებზეც მხოლოდ სახელი და გვარი იყო აღნიშნული (ბაქრაძე 1978:29 ). მე-18-19 საუკუნეებში საბეჭდავების ფორმა სხვადასხვანაირი იყო, თუმცა მათი აგებულების სრულად წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან ბევრი მათგანი დღესდღეობით დაკარგულია. ძველ ქართულ დოკუმენტებზე დასმული ანაბეჭდების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ საბეჭდავის პირის ფორმაზე და ლეგენდებზე (წარწერებზე). როგორც ცნობილია, უმეტესი მათგანი ოთხკუთხა ან რვაკუთხაა (ოთხკუთხა წაკვეთილი კუთხეებით), ხოლო წარწერები ძირითადად შესრულებულია მხედრულით (ბაქრაძე 1988:11). როგორც ვხედავთ, მე-19 საუკუნის დასაწყისში გიორგი (საფარბეი) შარვაშიძის ქართულენოვანი საბეჭდავის პირიც კუთხეებწაკვეთილი ოთხკუთხედის მსგავსია, მაგრამ კუთხეები მკაფიოდ მახვილი ფორმის აღარაა და მომრგვალებულია. არც წარწერაა შესრულებული ლამაზი კალიგრაფიით. ამოკვეთილ ასოებში შეინიშნება შავი მელნის, შესაძლოა, ტუშის კვალი. ცნობილია, რომ საბეჭდავზე წასასმელი მელანი უფრო სქელი იყო საწერ მელანთან შედარებით. საქართველოში, ირანულის გავლენით, ,,ბეჭედს სვამდნენ შეკვამლითა ანდა ჩინური მელნის (ტუშის) საშუალებით” (ბარნაველი 1965:85).

როგორც ირკვევა, გიორგი (საფარბეი) შარვაშიძეს გარდა ქართულენოვანი საბეჭდავისა, ჰქონია თურქულენოვანი საბეჭდავიც, რაც დასტურდება ,,სათხოვარი პუნქტების” რუსული თარგმანის ბეჭდური, უთარიღო დოკუმენტით (АКАК 1869:209). თუ როგორი ფორმისა და შინაარსის იყო ეს საბეჭდავი, ჩვენთვის უცნობია, რადგან ქართულ ენაზე შედგენილი ,,სათხოვარი პუნქტების” ორიგინალი, სადაც დასმული იყო საფარბეის თურქულენოვანი საბეჭდავის ანაბეჭდი, დაცულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრაფ. ნ. პ. რუმიანცევის პირად საარქივო ფონდში (ლეკიშვილი 1989:13) და ჩვენთვის ამჟამად მიუწვდომელია. ამ დოკუმენტის ვერც რუსული თარგმანითაა შესაძლებელი საბეჭდავის პირის ფორმისა თუ წარწერის დადგენა. გიორგის (საფარბეის) თურქულენოვანი საბეჭდავი რომ ნამდვილად ჰქონია, იქიდან ჩანს, რომ ,,სათხოვარი პუნქტების” რუსული თარგმანის პირველ გვერდზე მისი ხელმოწერის (,,кн Георгий Шарвашидзе”) ქვემოთ მოცემულია არა საბეჭდავის ანაბეჭდი, არამედ წარწერა: ,,Печать его по-Татарски”. ხელს აწერს აგრეთვე თავადი თულა შარვაშიძე (,,кн Тулаа Шарвашидзе”). ამ დოკუმენტის უკანა მხარეს კი, აფხაზეთის კართან დაახლოებული თავადაზნაურების ხელმოწერებია (АКАК 1869:209).

გიორგი (საფარბეი) რომ ,,თათრულ” (არაბული გრაფიკით შესრულებული) საბეჭდავს ფლობდა, გასაკვირი არ არის, რადგან იგი თავდაპირველად ოსმალეთის გავლენის ქვეშ მყოფი მაჰმადიანი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც დადიანებმა მისი მომავალი მეუღლის – თამარ დადიანის მითხოვებაზე უარი განუცხადეს. ასევე, ძალზე საჭირო იყო მისთვის მართლმადიდებლობის მიღება რუსეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად (АКАК 1869:202). ,,სათხოვარ პუნქტებზე” გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე ასვამს ,,თათრულ” ბეჭედს, რაც გვაფიქრებინებს, რომ 1808 წელს, როცა რუსეთის იმპერატორს ,,სათხოვარ პუნქტებს” უგზავნიდა, ჩვენი ქართულენოვანი საბეჭდავი მას ჯერ არ გააჩნდა, რადგან ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტს ქართულენოვანი საბეჭდავითვე დაბეჭდავდა, მით უმეტეს, რომ რუსეთის იმპერიაში ითვალისწინებდნენ რა იმპერიის მრავალეროვან ხასიათს, ისეთ ნაციონალურ პერიფერიიდან, როგორიც იყო კავკასია, პირადი საბეჭდავებისათვის სავსებით მისაღები იყო ქართული, სომხური და არაბული ლეგენდები (Вознесенская 2011:238). ჩვენი მოსაზრებით, ქართულენოვანი საბეჭდავი მისთვის 1810 წლის მერე, მალევე დაამზადეს, როცა ის უკვე რუსეთის იმპერატორმა აფხაზეთის მთავრად დაამტკიცა და გამოუგზავნა ქრიზობულით (სიგელზე თასმებით მიმაგრებული ოქროს ანაბეჭდი) დაბეჭდილი სიგელი აფხაზეთის მთავრის ტიტულითა და მისი ბრწყინვალების წოდებით. ამავე ბარათზე შესამჩნევია, რომ სახელი საფარბეი მთავრის ტიტულის მინიჭების შემდეგ შეიცვალა სეფერბეით (სურათი 5), (ე. ვეიდენბაუმის ფონდი-ხელნაწერთა ინსტიტუტი, №117-2; Филипсон 1978:15), ხოლო რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული (საომარი) ვითარების პირობებში ქართულენოვანი საბეჭდავი მისთვის ძალზე საჭირო იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი (საფარბეის) ქართულენოვანი საბეჭდავი იყო მისი პირადი საბეჭდავი – ზედ აღნიშნული მხოლოდ სახელითა და გვარით, იგი მაინც ინარჩუნებდა ლეგიტიმურობას და გამოიყენებოდა როგორც გარე დიპლომატიური ურთიერთობისათვის, ისე შიდა საქმის წარმოებაში – დოკუმენტების ნამდვილობის დამადასტურებლად. მე-19 საუკუნის დასაწყისში მთელს რუსეთის იმპერიაში პირადი საბეჭდავები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ ავთენტურობას სახელმწიფო საბეჭდავებთან ერთად (Вознесенская 2011:238 ). საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ადრე შუასაუკუნეებიდან მოყოლებული აფხაზეთში (დასავლეთ საქართველო), ისე როგორც ქართლში, ტაო-კლარჯეთსა და კახეთში, ქართული ერთადერთი ენა იყო დამწერლობისა, სახელმწიფო და პირადი საქმის წარმოებისა, საეკლესიო ცხოვრებისა და ღვთისმსახურების ჩასატარებლად (ჯავახიშვილი 1943:145). ასეთივე ვითარება იკვეთება მე-19 საუკუნის დასაწყისშიც – აფხაზეთის ხელისუფალნი ქართულ ენას იყენებდნენ არა მხოლოდ გარე დიპლომატიური ურთიერთობისას, არამედ სამთავროს შიდა საქმის წარმოებაშიც, რადგან ისინი ქართული ენის გამოყენებაში ხედავდნენ საკუთარი სუვერენობის დამადასტურებელ ფაქტს და ქართულ სამყაროსთან განუყოფელ კავშირს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის ენა, ბოლომდე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ გიორგის (საფარბეის) ძე შარვაშიძის გამგებლობის მთელ პერიოდში იყო ქართული (ლეკიშვილი 1989:13). გიორგი (საფარბეი) შარვაშიძის ქართულენოვანი საბეჭდავიც ამ მოსაზრების კიდევ ერთ დადასტურებად მიგვაჩნია.

ბეჭდების დამზადება ანუ მოჭრა დიდ დახელოვნებას მოითხოვდა და ამისათვის სპეციალურად მომზადებული ოსტატები იყვნენ განკუთვნილნი. ასეთი ოსტატები იყვნენ ოქრომჭედლები, რომლებიც მუშაობდნენ ოქრო-ვერცხლზე და ძვირფას ქვებზე (ბაქრაძე 1988:12). იოანე ბატონიშვილის ,,კალმასობაში” მოხსენიებულია საბეჭდავის მოჭრის ოსტატი, რომელსაც აქიქი ეწოდებოდა და რომელიც საბეჭდავების გარდა გერბებსაც ამზადებდა, თუმცა გერბის დამზადება უფრო ძვირი ჯდებოდა (იოანე ბატონიშვილი 1936:19). არც საბეჭდავის მოჭრა-გაკეთება ღირდა იაფი და ამდენად, ყოველი პირის კუთვნილი საბეჭდავის რაოდენობა და დამზადების ხარისხი დამოკიდებული იყო ამ პირის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე (ბაქრაძე 1988:12 ). როგორც ჩანს, გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე შეძლებული თავადი იყო, რადგან სულ ცოტა ორი საბეჭდავი ნამდვილად ჰქონია, მათ შორის ერთი – ქართულენოვანი, დანამდვილებით ვერცხლისა.

Sharvashidze_Safarbey სურათი 5. ბარათი, რომელიც ადასტურებს საფარბეის აფხაზეთის მთავრად დანიშვნის შემდეგ მისი სახელის შეცვლას სეფერბეით – ე. ვეიდენბაუმის ფონდი-ხელნაწერთა ინსტიტუტი, №117-2,3

გვიან შუასაუკუნეებში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და დაბაში არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნოები. საოქრომჭედლო საქმის მნიშვნელოვანი ქალაქები იყო თბილისი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, გორი და ახალციხე. მათ შორის უმთავრესად ითვლებოდა თბილისი (ყენია 1987:7). მე-19 საუკუნიდან ქართული ოქრომჭედლობა, რომელიც ხელოვნების დამოუკიდებელ დარგს წარმოადგენდა, ნელ-ნელა ხელოსნობად გადაიქცა. მე-18 საუკუნის ქართულ ოქრომჭედლობაში თანდათან თავი იჩინა ევროპულმა და აღმოსავლურმა ელემენტებმა, რაც გამოიხატა ტექნიკურ ხერხებში, გამოსახულებათა სიუჟეტებში და ორნამენტულ მოტივებში (ყენია 1987:6). იგივე პროცესი მიმდინარეობდა საბეჭდავებთან დაკავშირებით. გიორგის (საფარბეი) ქართულენოვანი საბეჭდავი არსობრივად ეკლექტური ხასიათისაა, შეინიშნება აღმოსავლური და ევროპული მხატვრული მოტივების შერწყმა – პირი აღმოსავლურის (ირანულის) გავლენითაა შემკული მცენარეული, ვარსკვლავისებრი თუ ნახევარმთვარისებრი ორნამენტებით, მაშინ, როცა ყალყზე შემდგარი ლომის ფიგურა რუსულ-ევროპული გავლენითაა შექმნილი. ცნობილია გიორგი (სეფერ-ბეი) შარვაშიძის გერბი, რომელიც რუსეთის იმპერატორმა უბოძა მას. გერბზე გამოსახულია ბიზანტიური ტიპის ორი, ერთმანეთის პირდაპირ ყალყზე შემდგარი ოქროს გრიფონი, რომლებსაც ფარი უჭირავთ, ფარზე გამოსახულია ორი დიოსკურის რკოსებრი ქუდი, რომელთა ზემოთ ორი რვასხივიანი ვარსკვლავია მოცემული. ფარს ზემოთ გვირგვინი და სამეფო მანტიაა გამოსახული (სურათი 6). ჩვენი მოსაზრებით, სეფერ-ბეის საბეჭდავზე მოცემული ყალყზე მდგომი ლომის ფიგურა ამ გერბის გავლენით უნდა იყოს შექმნილი. ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რომ ეროვნული მუზეუმის გლიპტიკის ფონდში ინახება რუსეთის იმპერიის ტიტულოვანი თავადური გვარების ალბომი (ოსკარ გეტლინგის კოლექცია ინვ. №H.101), სადაც მე-11 გვერდზე მოცემულია თავად შერვაშიძის (Кн, Шервашидзе) გერბული საბეჭდავის მრგვალი ანაბეჭდი, რომელიც შერვაშიძეების გერბის გამარტივებული ვარიანტია და მხოლოდ ფარს წარმოადგენს მასზე ორი რკოსებრი ქუდითა და დიოსკურების რვასხივიანი ვარსკვლავებით (სურათი 7).
არ არის გამორიცხული, რომ გიორგი (საფარბეი) შარვაშიძის საბეჭდავი ზუგდიდის რომელიმე საოქრომჭედლო სახელოსნოში დაემზადებინოთ, მით უმეტეს, რომ ზუგდიდს საოქრომჭედლო საქმის დიდი ტრადიცია გააჩდა. ცნობილია ლევან II დადიანის მე-17 საუკუნის სახელგანთქმული საოქრომჭედლო სკოლა (ხუსკივაძე 1974). ასევე ძალიან საინტერესოა მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ცაიშელი (ზუგდიდის რაიონი) ოსტატის პეპუ მეუნარგიას შემოქმედება. იგი ხატებს ჭედავდა და ძველ ტრადიციებს ინარჩუნებდა, მაგრამ ახალ ტენდენციებსაც იზიარებდა (ყენია 1987:6-7). შესაძლოა ვიფიქროთ, რომ გიორგი (საფარბეი) შარვაშიძის საბეჭდავი ზუგდიდის რომელიმე საოქრომჭედლო სახელოსნოში იყოს დამზადებული. როგორც ცნობილია, სამეგრელოსთან გიორგის (საფარბეის) მჭიდრო ურთიერთობა და კონტაქტები ჰქონდა.

Safarbey_herald
სურათი 6. შერვაშიძეევის გერბი ______________ სურათი 7. თავად შერვაშიძის გერბული საბეჭდავის ანაბეჭდი

დასკვნა

ამრიგად, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის აფხაზეთის მთავარ გიორგი (საფარბეი) შარვაშიძის ქართულენოვანი ვერცხლის საბეჭდავი, რომელიც ეკუთვნის ძალზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოღვაწეს. საბეჭდავის ყოველმხრივი შესწავლა გარკვეულ შთაბეჭდილებას გვიქმნის მე-19 საუკუნის დასაწყისის საქართველოს (აფხაზეთის) პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ისტორიულ და კულტურულ ვითარებაზე.

ლიტერატურა


ავალიშვილი, გ. 1967 . მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, მეტრეველი, ელ. (რედ.), თბილისი: მეცნიერება.

ანჩაბაძე, ზ. 1976. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, აბაშიძე, ირ. (რედ.), თბილისი: სპეციალური სამეცნიერო რედაქცია.

ბარნაველი, ს. 1965. საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები. თბილისი: მეცნიერება.

ბაქრაძე, ა. 1978. მასალები ქართული სფრაგისტიკის ისტორიისათვის, I ნაწილი, თბილისი: მეცნიერება.

ბაქრაძე, ა. 1988. მასალები ქართული სფრაგისტიკის ისტორიისათვის, II ნაწილი, თბილისი: მეცნიერება.

იოანე ბატონიშვილი 1936. კალმასობა, ტომი I, კეკელიძე, კ., ბარამიძე, ალ. (რედ.), თბილისი: სახელგამი.

გამახარია, ჯ., ახალაძე, ლ., ბარამიძე, მ., ბერაძე, თ., ბითაძე, ლ., გელენავა, ი., გვანცელაძე, თ., გოგია, ბ., ოკუჯავა, კ., ფხაკაძე, გ., ხვისტანი, რ., ხორავა, ბ., ჯოჯუა, დ. 2007. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე (ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან), თბილისი: ინტელექტი.

ე. ვეიდენბაუმის ფონდი – ხელნაწერთა ინსტიტუტი, №117, 2. Филипсон Г. 1880: 19.

ლეკიშვილი, ს. 1989. „ერთი ფურცელი XIX საუკუნის ისტორიიდან“, სახალხო განათლება, 31 მაისი, №26 (3343).

ყენია რ. 1987. „თბილისელი ოქრომჭედლების შემოქმედება (გიორგი ხანდამაშვილი, ძმები თომა და ამბროსი ჯიქიები)“, არს გეორგიცა, 8-B.

ჯავახიშვილი, ი., ბერძენიშვილი, ნ., ჯანაშია, ს. 1943. საქართველოს ისტორია, თბილისი: სახელგამი.

ხუსკივაძე, ლ. 1974. ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო: ნარკვევი XVII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან, თბილისი: მეცნიერება.

АКАК 1869. Акты Кавказской Археологической комисии, Т. III. Тифлис.

Анчабадзе Г. 2007. Князья Шервашидзе-Чачба (к истории феодального рода). Тбилиси: Универсал.

Вознесенская И.А. 2011. „Личные печати в российской империи XVIII-XIX вв. (Оттиски на делопроизводственных документах“, Вестник РГГУ. Серия “Исторические науки”. Историография, источниковедение, методы исторических исследований. № 12 (74)/11 :236-244.