Ten-Faceted Stamp Seal from the “Iranian Collection” in the glyptic collection of the S. Janashia State Museum of Georgia

Ketevan Ramishvili

Moambe, Georgian National Museum. Issue XI (57-B), გვ. 1-17

Accepted: December, 2024 წელი

Published: December 2025

Keywords: Glyptic, Stamp, Iranian collection


Abstract

At the S. Janashia State Museum of Georgia, in the glyptic collection, a diverse and significant group of seals is preserved, including a particularly important assemblage known as the “Iranian Collection.” This article focuses on a unique, multifaceted chalcedony stamp seal from this collection that is of special scholarly interest.
The seal is ten-faceted and made of grey chalcedony. Its body is composed of a multifaceted parallelepiped base surmounted by a carved, pyramid-like upper section. A perforation runs through the stone, indicating that the seal was intended to be suspended by a cord. The main faces of the pyramidal section bear engraved figural representations. The four narrow rectangular faces are undecorated; two of them are pierced by small holes. On the broader base face of the seal is an engraved depiction of a Persian infantry archer shown in left profile. He is standing, wearing a high headdress, a short, belted garment, and high boots, with one knee slightly bent and one hand resting on a curved bow. The remaining faces of the pyramid display animal motifs: an archer crane with a drawn bow on one face, a duck on another, a fox in left profile depicted in motion on a larger face, and a wild chicken on a smaller face. The truncated apex of the pyramid is engraved with a bird with a long tail. This ten-faceted seal from the “Iranian Collection” is an example of Greco-Persian glyptic art and is dated to the first half or the mid-4th century BC. The iconography and the stylistic features of the engravings do not conform strictly to either Persian or Greek artistic traditions but instead reflect a hybrid Greco-Persian style. This stylistic synthesis suggests a production center in southern or southwestern Anatolia, a region closely connected to eastern Greek and Hittite-Hurrian cultural centers, as well as to central Iranian traditions.

***

საქართველოს ს. ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის გლიპტიკის ფონდში სხვადასხვა მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან მასალას შორის დაცულია საბეჭდავების ძალზე მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც ,,ირანული კოლექციის“ სახელითაა ცნობილი. ამ კოლექციას აქვს მეტად საინტერესო ისტორია, რომელიც მიამბო ჩემმა უფროსმა კოლეგამ და მასწავლებელმა, ცნობილმა ქართველმა გლიპტიკოსმა ქალბატონმა ქეთევან ჯავახიშვილმა. ეს კოლექცია თურმე ეკუთვნოდა გერმანელ დიპლომატს ერვინ ეტელს, რომელიც ირანში იყო ელჩად მაშინ, როდესაც 1942 წელს საბჭოთა ჯარი შევიდა თეირანში. ელჩი გერმანიაში გაქცეულა და თავისი კოლექცია თეირანში დაუტოვებია. საბჭოთა ჯარმა გერმანელი დიპლომატის კოლექცია საქართველოში ჩამოიტანა და გადასცა საქართველოს ს. ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის ფონდს, საიდანაც 1945 წელს კოლექცია გადაეცა გლიპტიკის ფონდს. კოლექცია სულ აერთიანებს 300-მდე სხვადასხვა ფორმისა და შემკულობის საბეჭდავს, რომლების შესწავლაც მომავალში გვაქვს განზრახული. წინამდებარე ნაშრომი კი შეეხება ერთ ქალცედონის მრავალწახნაგა საბეჭდავს, რომელიც ჩვენში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

საბეჭდავი ათწახნაგაა და ნაცრისფერი ქალცედონისგან არის დამზადებული (სურათი 1). მისი ფუძე მრავალწახნაგა პარალელეპიპეპედის ფორმისაა, ხოლო ზემოდან წაკვეთილი პირამიდა ადგას. ქვაში მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ნახვრეტი ზონრისთვის. პირამიდის ყველა ძირითად წახნაგზე ამოკვეთილია სხვადასხვა გამოსახულება, ხოლო ვიწრო, ოთხი სწორკუთხა წახნაგი გამოსახულების გარეშე არის დატოვებული და მათგან ორზე, სიგრძივ ნახვრეტია დატანილი (სურათი 1). საბეჭდავის ყველაზე დიდ პირზე – ფუძის წახნაგზე ამოკვეთილია სპარსელი ქვეითი მშვილდოსანი, მარცხენა პროფილში (სურათი 3). იგი დგას, მაღალი თავსაბურავი ხურავს, მოკლე, წელთან გადაჭერილი კაბა აცვია, მაღალყელიან ჩექმებშია გამოწყობილი და ხელით ზურგშედრეკილ მშვილდს ეყრდნობა. ცალი მუხლი მოხრილი აქვს. პირამიდის ერთ, დახრილ გვერდზე (წახნაგზე) გამოსახულია მშვილდოსანი წერო მოზიდული მშვილდით (სურათი 2). მეორე გვერდზე – იხვი (სურათი 4), მესამეზე – მელია პროფილში მარცხნივ, მიმავალი (სურათი 11), მეოთხეზე – ტყის ქათამი (სურათი 5). პირამიდის წაკვეთილ წვერზე – მცირე წახნაგზეც გრძელბოლოიანი ფრინველი არის (სურათი 6) გამოსახული (საინვენტარო ნომერი გლ. ფ. 447. ზომები: სიმაღლე = 10 მმ, პირის სიგრძე = 21მმ, პირის სიგანე = 16 მმ, ნახვრეტის დმ = 4 მმ). პირის კიდეები შემოკბილულია, ხოლო საბეჭდავი ადგილ-ადგილ ატკეცილია მცირედ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმისა და შემკულობის მრავალწახნაგები, ძვ. წ. მე-5 – მე-4 საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ-სპარსულ გლიპტიკაში (Никулина 1994: 87). საერთოდ, ბერძნებსა და სპარსელებს შორის კულტურული კონტაქტები ადრეაქემენიდური ხანიდან არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასავლეთ მცირე აზიაც აქემენიდური იმპერიის საზღვრებში მოექცა, ეს რეგიონი გადაიქცა სპარსული და ბერძნული კულტურების შეხვედრის ეპიცენტრად. სწორედ აქემენიდური იმპერიის დასავლეთ ნაწილში ყალიბდება და შემდგომ იმპერიის მთელ ტერიტორიაზე და მის გარეთაც ფართოდ ვრცელდება გლიპტიკური ნაწარმი, რომელიც ბერძნულ-სპარსულის სახელწოდებითაა ცნობილი. საკუთრივ ტერმინი ,,ბერძნულ-სპარსული“ თავდაპირველად სწორედ გლიპტიკურ ძეგლებს შეეხებოდა (Никулина 1994: 11) და ეს ტერმინი – ,,ბერძნულ-სპარსული“ პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა ა. ფურტვენგლერმა იმ საბეჭდავთა მიმართ, რომლებიც მომდინარეობდნენ აქემენიდური იმპერიის დასავლეთ რეგიონებიდან (მცირე აზიიდან) და დაათარიღა ძვ. წ. მე-5 საუკუნის მეორე ნახევრითა და მე-4 საუკუნის დასაწყისით (Furtwangler 1900: 116). შემდეგ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა მრავალი მოსაზრება ამ საბეჭდავთა წარმომავლობის ცენტრების, ოსტატების ეროვნებისა და კულტურული კუთვნილების შესახებ. მეცნიერთა ერთი ნაწილი (ფურტვენგლერი, ბორდმანი, რიხტერი, ოსბორნი) თვლის, რომ ბერძნულ-სპარსული საბეჭდავები შექმნილია სპარსეთის კარზე მოღვაწე იონიელი ბერძნების მიერ სპარსელი მომხმარებლისთვის. მეორე ნაწილი (ფოვილი, კნიპოვიჩი, მაქსიმოვა, სერიგი) კი მიიჩნევს, რომ საბეჭდავები შექმნილია სპარსელი ოსტატების მიერ ბერძნული ხელოვნების გავლენით (გაგოშიძე 2009: 14-20; გაბუნია 2023: 80). ჩვენ ვიზიარებთ ნ. ნიკულინას ძალზე დამაჯერებელ მოსაზრებას, რომლის თანახმად ბერძნულ-სპარსული გლიპტიკა წარმოიშვა მცირე აზიაში მოსახლე იმ ადგილობრივი ხალხების წიაღში, რომლებიც ფორმალურად შედიოდნენ აქემენიდურ იმპერიაში და ამდენად, ბერძნულ-სპარსული წრის გემები წარმოადგენენ არა სავსებით ბერძნულ ან სრულად აქემენიდური ხელოვნების ნაწარმოებებს, არამედ ისეთ გლიპტიკურ ნაწარმს, რომელმაც ერთდროულად განიცადა როგორც ბერძნული, ისე აქემენიდური ხელოვნების გავლენა. აქედან გამომდინარე, მკვლევარი ფიქრობს, რომ ბერძნულ-სპარსული ხელოვნება მთლიანობაში წარმოგვიდგება როგორც აქემენიდური იმპერიის პერიფერიული ნაწილის შემოქმედება. იგი იმყოფებოდა ძველ და მჭიდრო კავშირში როგორც ბერძნულ (განსაკუთრებით აღმოსავლურ ბერძნულთან, იონიურთან), ასევე ირანულ – ოფიციალური სასახლის ხელოვნებასთან. ამ ფონზე ბერძნულ-სპარსულ გლიპტიკურ ძეგლებზე სავსებით ორგანულად გამოიყურება ძველბერძნული და ძველირანული და ძველირანული კულტურების კავშირი, მათი ურთიერთგავლენები და ურთიერთგამოვლინებები (Никулина 1994: 15-20).

ცნობილმა ბრიტანელმა გლიპტიკოსმა ჯ. ბორდმანმა ბერძნული და სპარსული კულტურების ურთიერთზეგავლენების საფუძველზე აქემენიდურ გლიპტიკაში გამოყო სამი სტილი: 1. სასახლისა, რომელიც დაყო აღმოსავლურ და დასავლურ სასახლის სტილებად; 2. ბერძნული სტილი და 3. შერეული სტილი. მან ბერძნულ-სპარსულს მოგვიანებით ბერძნულ-აღმოსავლური უწოდა და ბერძნულ-აღმოსავლური საბეჭდავები ,,შერეული სტილის“ ჯგუფში განიხილა. მკვლევარმა ,,შერეული სტილის“ გლიპტიკურ ნაწარმში გამოყო 11 ჯგუფი და აღნიშნა, რომ მათი გავრცელების არეალი სცილდება მცირე აზიის ფარგლებს (Boardman 1970: 303-322, 324, 329). ჯ. ბორდმანის შემდეგ მ. მარვინმა საფუძვლიანად შეცვალა წინამორბედი მეცნიერების (ფურტვენგლერი, ბორდმანი და სხვ.) აზრი ბერძნულ-სპარსულ გლიპტიკაზე და განაცხადა, რომ საერთოდ, საკითხის დასმა ბერძნულ ხელოვნებას ეკუთვნის ესა თუ ის გემა თუ სპარსულს, მცდარია. მას ასევე არ მიაჩნია მართებულად შემქმნელი ოსტატის ეთნიკური ვინაობის ძიება. მკვლევარის მოსაზრებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ სად და რა პერიოდში შეიქმნა ეს გემები, რითაც დადგინდებოდა ის ლოკალური რეგიონი, სადაც თავისებური სტილური ვარიანტები იწარმოებოდა (Marvin 1973: 19). ჯ. გეიტსი არ იზიარებს ჯ. ბორდმანის მოსაზრებებს ბერძნულ-სპარსული გლიპტიკის შესახებ და თავის მხრივ აცხადებს, რომ ვინაიდან სტილი არის ნასწავლი ან შეთვისებული, ის არ არის კავშირში არც მწარმოებლის და არც მომხმარებლის ეთნიკურობასთან და ოსტატს არ სჭირდება იყოს ბერძენი ან სპარსელი იმისთვის, რომ შექმნას მაგ. სპარსელი კაცი ან ათენას ფიგურა პერიკლეს პერიოდის ათენში (Gates 2002: 118-120).

საერთოდ, მრავალწახნაგა საბეჭდავები ბერძნულ-სპარსული გლიპტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ტიპიური ნიმუშია. თავისი ფორმით ისინი, მცირედი გამონაკლისის გარდა, წარმოადგენენ ათწახნაგებს, ისე როგორც ჩვენი საკვლევი მრავალწახნაგაა (სურათი 1, 2, 3, 4, 5, 6). მრავალწახნაგა საბეჭდავები თითქმის არ გვხვდება იონურ-ბერძნულ გლიპტიკაში, იგი არც ოფიციალური სპარსული გლიპტიკისთვისაა დამახასიათებელი. გამოსახულებები ხშირად ამოკვეთილია საბეჭდავის ან ექვსივე ძირითად წახნაგზე ან იშვიათად ერთ ქვედა ფუძის წახნაგზე. პირველ შემთხვევაში გამოსახულებები განლაგებულია არა მხოლოდ ქვედა და ზედა სწორკუთხა სიბრტყეებზე, რომლებიც კვადრატს უახლოვდება, არამედ ოთხივე დამრეც ტრაპეციის ფორმის წახნაგზეც, ისე როგორც ჩვენს საბეჭდავზეა. ვიწრო სწორკუთხა წახნაგები ყოველთვის გამოსახულების გარეშე არის დატოვებული. მრავალწახნაგა საბეჭდავის ფორმა ტიპიური მცირეაზიურია. იგი დაკავშირებულია გვიანხეთურ და ხეთო-ხურიტულ გლიპტიკასთან (სირო-ხეთურ და სირო-კაპადოკიურ ძეგლებთან) და განვითარდა ასეთი საბეჭდავების ფორმისგან (Никулина 1994: 87-88). მრავალწახნაგა საბეჭდავების მასალად ჩვეულებრივ გამოიყენებოდა სხვადასხვა ტონის ერთფერი ქალცედონი ან ფერადი ქალცედონი – აქატი. თავად ეს ფაქტი ადასტურებს ამ მრავალწახნაგების დამზადების ადგილის კომპაქტურობას. ის, რომ ეს მასალა (ერთფერი ქალცედონი, რომლისგანაც ,,ირანული კოლექციის“ ათწახნაგაა დამზადებული) აქემენიდურ ეპოქაში გავცელებული იყო როგორც აღმოსავლურ ბერძნულ, ისე ირანულ გლიპტიკაში ადასტურებს იმას, რომ ამ მრავალწახნაგების დამზადების ადგილი ტერიტორიულად ახლოს იყო იონიურ და სპარსულ ცენტრებთან (Никулина 1994: 87-90).

სპარსულ სამოსში გამოწყობილი მშვილდოსანი, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ და ღრმად არის გამოსახული ჩვენი საკვლევი ათწახნაგას ქვედა ძირითად – ყველაზე დიდ, სწორკუთხა წახნაგზე (სურათი 3), გადმოცემულია სტატიკურ პოზაში, პირობითად, განზოგადებულად, რაც დამახასიათებელია ძველაღმოსავლური ხელოვნებისთვის და მკვეთრად განსხვავდება ბერძნულისგან. ბერძნული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ადამიანის ანატომიის ზუსტი ცოდნა აქ არ შეინიშნება, რაც ფიგურის ფეხების მცდარ დაყენებაში გამოიხატა. გარდა ამისა, ფიგურის გარშემო სივრცე საკმაოდ მცირეა, რაც სტატიკურობასა და უძრაობის შეგრძნებას აძლიერებს, მიუხედავად იმისა, რომ მშვილდოსანს ცალი ფეხი მოძრაობაშია გადმოცემული და მოხრილი აქვს. ერთი სიტყვით, ფიგურა მოკლებულია შინაგან დინამიზმსა და მოცულობით ფორმებს და ერთგვარი შებოჭილობით გამოირჩევა. სპარსელი მშვილდოსანი თავისი კოსტიუმით, ზურგშედრეკილი მშვილდით, პოზითა და დგომით ემსგავსება ერთ ჩრდილოშავიზღვისპირულ სარდიონის პრიზმული საბეჭდავის ცალ წახნაგზე გამოსახულ სპარსულ სამოსში გამოწყობილ ქვეით მშვილდოსანს (ძვ. წ. მე-4 საუკუნის პირველი ნახევარი, ინახება პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში) (Никулина 1994: № 291), თუმცა სპარსელი მშვილდოსნის ეს ფიგურა (სურათი 7) აღმოსავლურ ბერძნულ ყაიდაზეა შექმნილი და გაცილებით რეალისტური, პროპორციული, მოცულობითი და დინამიკურია, ფეხების დაყენებაც მართებულადაა გადმოცემული (შეადარე სურათი 7 და 3). რაც შეეხება ,,ირანული კოლექციის“ საბეჭდავის ზედა მცირე წახნაგსა და გვერდითა – დამრეც წახნაგებზე გამოსახულ ცხოველებსა და ფრინველებს, შედარებით სპარსელი მშვილდოსნის ფიგურასთან, ისინი უფრო რეალისტურად არიან გადმოცემულები და თითქოს უფრო თავისუფლად იშლებიან ერთგვარად შეზღუდულ სივრცეში. ცხოველთა და ფრინველთა რეპერტუარით ,,ირანული კოლექციის“ მრავალწახნაგა საბეჭდავის გამოსახულებები ემსგავსებიან აღმოსავლურ ბერძნულ ქალცედონის სკარაბეოიდებზე (Никулина 1994: №№ 91, 92, 229, 236, 271 და სხვ.) გამოსახულ ფრინველებსა და ცხოველებს, მაგრამ შესრულების სტილით მაინც მკვეთრად განსხვავდებიან აღმოსავლურ ბერძნული ცხოველებისა და ფრინველებისგან, რომლებიც გამოირჩევიან უფრო რეალისტური ხასიათითა და პლასტიკურობით, ასევე სივრცეში თავისუფლად გაშლით. ,,ირანული კოლექციის“ ათწახნაგაზე – დამრეც მცირე წახნაგზე გამოსახული იხვი სტატიკურ პოზაშია გადმოცემული და ხასიათდება ერთგვარი სქემატურობითა და შინაგანი სტატიკურობით. ასევე სტატიკურ პოზაშია გადმოცემული მეორე მცირე, დამრეც წახნაგზე ამოკვეთილი ბოლოდაშვებული და თავით წინ მიმართული ტყის ქათამი პროფილში (სურათი 5). შედარებით ერთ აღმოსავლურ ბერძნულ, ქალცედონის სკარაბეოიდზე (ძვ. წ. მე-4 საუკუნის პირველი ნახევარი, ინახება პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში) გამოსახული თავშებრუნებული ტყის ქათმისა (სურათ 8) (Никулина 1994: № 229), იგი უფრო სტატიკურია და სქემატური (შეადარე სურათი 5 და 8). იგივე ითქმის მოძრაობაში მყოფ დამრეც დიდ წახნაგზე გამოსახულ მელიაზე, რომელიც განსხვავებით ერთ აღმოსავლურ ბერძნულ, ქალცედონის სკარაბეოიდზე (ძვ.წ. მე-5 საუკუნის ბოლო, ინახება ოქსფორდში, აშმოლეონის მუზეუმი) გამოსახული მელიისა (სურათი 9) (Никулина 1994: № 92), უფრო სქემატურია, მოცულობას მოკლებული და სტატიკურია (შეადარე სურათი 1 და 9). ასეთივეა დიდ, დამრეც წახნაგზე გამოსახული მშვილდოსანი წერო, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობაშია გადმოცემული (მოზიდული მშვილდიდან ისარს ტყორცნის), ერთ აღმოსავლურ ბერძნულ ქალცედონის სკარაბეოიდზე (ძვ. წ. მე-4 საუკუნის პირველი ნახევარი, დაცულია მიუნხენში, სახელმწიფო მონეტების კოლექცია) (Никулина 1994: № 225) ამოკვეთილ მშვილდოსან წეროსთან შედარებით (სურათი 10), მაინც ხასიათდება ერთგვარი შებოჭილობით (შეადარე სურათი 2 და 10). მოძრაობაში ერთგვარი შებოჭილობა სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა აიხსნას ბერძნულ-სპარსულ მრავალწახნაგა საბეჭდავებზე უფრო მცირე სასურათე სიბრტყის არსებობით, რაც კეტავს ფიგურის გარშემო სივრცეს და გამოსახულებებს სტატიკურ ხასიათს ანიჭებს, ხოლო მოძრაობას ბოჭავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,ირანული კოლექციის“ ბერძნულ-სპარსულ ათწახნაგაზე ნიადაგის ზოლი არ არის არც ერთ გამოსახულების ქვეშ, რაც დასტურდება აღმოსავლურ ბერძნულ საბეჭდავებზე.

,,ირანული კოლექციის“ მრავალწახნაგას მსგავსი ერთი ბერძნულ-სპარსული ათწახნაგა საბეჭდავი (ოდნავ მოზრდილი) აღმოჩენილია საქართველოში, მცხეთის რაიონში – ბაიათხევის სამაროვნის ახ.წ. მე-3 საუკუნით დათარიღებულ № 21 სამარხში. იგი თეთრი ქალცედონისგანაა დამზადებული (მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი – # 01-35-108; მ#16346; ზომები: სიმაღლე – 12 მმ, პირი – 23X18 მმ) (ნიკოლაიშვილი, გიუნაშვილი 1995:120, 134, სურ. 977-981, 1218). საბეჭდავის მხოლოდ ოთხი წახნაგია შემკული – ზედა ქვედა და ორიც გვერდითა. ათწახნაგას ყველაზე ფართო, ქვედა – კვადრატს მიახლოვებულ წახნაგზე საკმაოდ პლასტიკურად და ღრმა კვეთით, მკაფიოდ ამოჭრილია სპარსულ სამოსში გამოწყობილი შუბოსანი მხედრის ლომზე თავდასხმის დინამიკური კომპოზიცია (სურათი 11). ასეთივე სტილში არის ამოკვეთილი ძაღლი – მალტის დოგი – ზედა მცირე, ასევე კვადრატს მიახლოვებულ წახნაგზე (სურათი 12), ხოლო გვერდითა მცირე, დახრილ წახნაგებზე – ნავარდის პოზაში გადმოცემული ირემი (სურათი 13) და ქურციკი (სურათი 14). მიუხედავად ბერძნულ ყაიდაზე სივრცეში თავისუფლად გაშლილი, დინამიკური კომპოზიციებისა, პერსონაჟთა მოძრაობაში ჩანს ერთგვარი სტატიკურობა, რაც ,,ბერძნულ-სპარსულის“ ,,შერეული სტილით“ შესრულებული გამოსახულებებისთვისაა დამახასიათებელი. მრავალწახნაგა დათარიღებულია ძვ.წ. მე-5 საუკუნის მეორე ნახევრითა და მე-4 საუკუნის პირველი ნახევრით (ჯავახიშვილი 2009: 89, 90, ტაბ. I/8, 9). თუ როდის მოხვდა მცხეთური (ბაიათხევი) ათწახნაგა საქართველოში უცნობია, მაგრამ ჩანს, რომ ასეთი საბეჭდავები ცნობილი იყო ქართლის სამეფოს მოსახლეობისათვის, რადგან სწორედ ბერძნულ-სპარსული (ბერძნულ-აღმოსავლური) მრავალწახნაგა ქალცედონის საბეჭდავების გვიანდელი – ,,ბერნის ჯგუფის“ გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს იბერიაში, ადგილობრივი წარმოების ლურჯი მინის ათწახნაგები, რომლებიც გაცილებით მცირე ზომისაა ვიდრე ქალცედონის ათწახნაგები და რომლებიც ფართოდ იწარმოებოდა საქართველოში (ადგილობრივად) ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე ახ.წ. მე-2 – მე-3 საუკუნეებამდე, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში (რამიშვილი 2021: 145). ამ მრავალრიცხოვან ლურჯი მინის ათწახნაგებს შორის ერთი ცალი ბაიათხევის სამაროვნის იმავე №21 სამარხშია აღმოჩენილი, სადაც ზემოგანხილული ქალცედონის მრავალწახნაგა. ამ მომცრო ლურჯ ათწახნაგაზე მხოლოდ ერთი – ფუძის, ყველაზე დიდი სწორკუთხა წახნაგია შემკული – გამოსახულია ადამიანისა და ლომის ბრძოლა (სურათი 15), უკვე ძლიერ სქემატურად. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში შეინიშნება ტენდენცია ბერძნულ-სპარსული ათწახნაგა საბეჭდავების ზომის თანდათანობით შემცირებისა, ქვედა-დიდი და ზედა-მცირე წახნაგების ოდნავ უფრო სწორკუთხედთან მიახლოვებისა და გამოსახულებათა სქემატურობის მომატებისა.

მცხეთურ (ბაიათხევი) ქალცედონის ათწახნაგაზე ამოკვეთილი გამოსახულებები ,,ირანული კოლექციის“ ათწახნაგაზე ამოჭრილ გამოსახულებებთან შედარებით უფრო მეტ მსგავსებას იჩენს აღმოსავლურ-ბერძნულ კომპოზიციებთან, ,,ირანული კოლექციის“ საბეჭდავზე კი ფიგურათა სქემატიზაცია და სტატიკურობა მომატებულია (შეადარე სურათი 16 და 1114), თუმცა მცხეთურიცა (ბაიათხევი) და ,,ირანული კოლექციისაც“ ბერძნულ-სპარსულის ,,შერეული სტილითაა“ შესრულებული და დეტალებში განსხვავება შესაძლოა აიხსნას ,,შერეული სტილის“ განსხვავებული ჯგუფების კუთვნილებითა და სხვადასხვა საშემსრულებლო სკოლით. ასევე, მცირე ქრონოლოგიური სხვაობით. და თუ მცხეთური ათწახნაგა ძვ. წ. მე-5 – მე-4 საუკუნეებით თარიღდება და მისი მხოლოდ ოთხი წახნაგია შემკული გამოსახულებით, ასევე ზედა და ქვედა წახნაგები კვადრატსაა მიახლოებული, „ირანული კოლექციის“ საბეჭდავი მიეკუთვნება ბერძნულ-სპარსული ათწახნაგა საბეჭდავების იმ ჯგუფს, რომლის ექვსივე წახნაგია შემკული და ზედა და ქვედა წახნაგები უკვე სწორკუთხედსაა მიახლოვებული, ხოლო გვერდითა, ვიწრო ოთხი წახნაგი შეუმკობელია.

ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ,,ირანული კოლექციის“ მრავალწახნაგა და მასზე ამოკვეთილი გამოსახულებები დამზადებულია ოდნავ გვიან, ვიდრე მცხეთური (ბაიათხევური). ,,ირანული კოლექციის“ საბეჭდავს გამოსახულებებითურთ ბერძნულ-სპარსული გლიპტიკის იმ ნიმუშად მივიჩნევთ, რომელიც უნდა თარიღდებოდეს ძვ. წ. მე-4 საუკუნის პირველი ნახევრით ან შუა ხანებით და დამზადებული უნდა იყოს მცირე აზიაში ადგილობრივი ოსტატების მიერ სპარსელი მომხმარებლის დაკვეთით. რაც შეეხება ,,ირანული კოლექციის“ ათწახნაგა საბეჭდავზე ამოჭრილ გამოსახულებებს, მათი სტილი არ არის არც აღმოსავლურ ბერძნული და არც სპარსული, რაც იძლევა საშუალებას საფუძვლიანი ვარაუდისთვის – ამ საბეჭდავის ფორმაცა და გამოსახულებათა სტილიც უშუალოდ დავუკავშიროთ ანატოლიის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ რეგიონებს, რომლებიც ახლოს იყვნენ როგორც აღმოსავლეთ საბერძნეთთან და ხეთო-ხურიტულ კულტურის ცენტრებთან, ასევე ირანის ცენტრალურ რაიონებთან.




ირანული კოლექცია ირანული კოლექცია
სურათი 1. ,,ირანული კოლექციის“ ქალცედონის ათწახნაგა,              სურათი 2. ,,ირანული კოლექციის“ ქალცედონის ათწახნაგა, დიდ დამრეც წახნაგზე მელიის გამოსახულებით.                              დიდ დამრეც წახნაგზე მშვილდოსანი წეროს გამოსახულებით.

ქალცედონის ათწახნაგა ირანული კოლექცია
სურათი 3. ,,ირანული კოლექციის“ ქალცედონის ათწახნაგა,              სურათი 4. ,,ირანული კოლექციის“ ქალცედონის ათწახნაგა, დიდ ფუძის წახნაგზე სპარსელი მშვილდოსნის გამოსახულებით.     მცირე დამრეც წახნაგზე იხვის გამოსახულებით.

,,ირანული კოლექცია ქალცედონის ათწახნაგა
სურათი 5. ,,ირანული კოლექციის“ ქალცედონის ათწახნაგა,           სურათი 6. ,,ირანული კოლექციის“ ქალცედონის ათწახნაგა, მცირე დამრეც წახნაგზე ტყის ქათმის გამოსახულებით.                  ზედა მცირე წახნაგზე გრძელბოლოიანი ფრინველის                                                                                                                                  გამოსახულებით.

სარდიონის პრიზმული საბეჭდავი ქალცედონის სკარაბეოიდი
სურათი 7. სარდიონის პრიზმული საბეჭდავი ერთ წახნაგზე           სურათი 8. ქალცედონის სკარაბეოიდი ტყის ქათმის    სპარსელი მშვილდოსნის გამოსახულებით, ჩრდილოეთ                  გამოსახულებით (ანაბეჭდი), (პეტერბურგის ერმიტაჟი).   შავიზღვისპირეთიდან (პეტერბურგის ერმიტაჟი).


სკარაბეოიდი ქალცედონი
სურათი 9. ქალცედონის სკარაბეოიდი, მელია და ყურძენი              სურათი 10. ქალცედონის სკარაბეოიდი, მშვილდოსანი   (ეზოპეს იგავის მიხედვით, ანაბეჭდი), (ოქსფორდი,                           წერო (მიუნხენი, სახელმწიფო მონეტების ნაკრები). აშმოლეონის მუზეუმი).


ქალცედონი ბაიათხევი
სურათი 11. ქალცედონის ათწახნაგა, დიდ, ქვედა წახნაგზე              სურათი 12.ქალცედონის ათწახნაგა, მცირე, ზედა წახნაგზე გამოსახულია შუბოსანი მხედრის ლომზე ნადირობის სცენა            გამოსახულია მალტის დოგი, ბაიათხევი, 21-ე სამარხი. დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი.                                                                (ბაიათხევი, 21-ე სამარხი, დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი).

ქალცედონი ბაიათხევი
სურათი 13. ქალცედონის ათწახნაგა, დიდ, ქვედა წახნაგზე              სურათი 14.ქალცედონის ათწახნაგა, მცირე, ზედა წახნაგზე გამოსახულია შუბოსანი მხედრის ლომზე ნადირობის სცენა            გამოსახულია მალტის დოგი, ბაიათხევი, 21-ე სამარხი. დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი.                                                                (ბაიათხევი, 21-ე სამარხი, დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი).


ლურჯი მინის ათწახნაგა, დიდ, ქვედა სწორკუთხა წახნაგზე გამოსახულია მონადირიდსა და ლომის ბრძოლა სურათი 15. ლურჯი მინის ათწახნაგა, დიდ, ქვედა სწორკუთხა წახნაგზე გამოსახულია მონადირიდსა და ლომის ბრძოლა. ბაიათხევი, 21-ე სამარხი. დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი.

Refereces:


გაბუნია, ა. 2023. საქართველოში აღმოჩენილი „ბერძნულ-სპარსული“ ტიპის საბეჭდავები საბრძოლო სიუჟეტებით. (რედ. გ. გამყრელიძე), იბერია-კოლხეთი. საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი, 17: 80–86.

გაგოშიძე, ი. 2009. საქართველო და „ბერძნულ-სპარსული“ გემები. (რედ. გ. გამყრელიძე), იბერია-კოლხეთი. საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი, 5: 14–19.

ნიკოლაიშვილი, ვ., გიუნაშვილი, გ. 1995. ბაიათხევი. (რედ. ა. აფაქიძე), მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, X: 97–133. თბილისი: მეცნიერება.

რამიშვილი, ქ. 2021. გლიპტიკური ძეგლები დიდი მცხეთიდან (საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში დაცული გლიპტიკური მასალის მიხედვით — უძველესი დროიდან რომაულ ხანამდე). (რედ. ნ. ანთიძე), მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა, VI–VII: 138–150. თბილისი: საქართველოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

ჯავახიშვილი, ქ. 2009. საქართველოში აღმოჩენილი აქემენიდური საბეჭდავები, იბერია-კოლხეთი, 5: 85–93.

Никулина, Н. М. 1994. Искусство Ионии и ахеменидского Ирана. Москва: Искусство.

Boardman, J. 1970. Greek Gems and Finger Rings: Early Bronze Age to Late Classical. London: Thames & Hudson.

Furtwängler, A. 1900. Die antiken Gemmen. Leipzig: Giesecke & Devrient.

Gates, J. 2002. The ethnicity name game: What lies behind “Graeco-Persian”? Ars Orientalis, 32: 105–132.

Marvin, M. 1973. Studies in Graeco-Persian Gems. PhD dissertation, Harvard University.