Technical Study of Bronze Sculpture Fragments of an Armored Equestrian Discovered at the Vani Archaeological Site1

Nino Kalandadze, Nino Lordkipanidze, Marine Pirtskhalava, Salome Guruli

Moambe, Bulletin of the Georgian National Museum, X (57-B):82-94,2025

Accepted: December, 2024 წელი

Published: December, 2025 წელი

PDF Share

Keywords: Colchis, Hellenistic Period, Bronze Figurine


Abstract

At the ancient city site of Vani, renowned for its exceptional abundance and variety of Hellenistic bronze sculpture fragments, a particularly noteworthy discovery was made on the central terrace within the renowned Twelve-Step Altar complex. Among the sculptural fragments unearthed, two distinct groups emerge: fragments depicting a horse figure and fragments identified, through comparisons with various ancient centers, as components of a cuirass, a well-established type of body armor. Technical analyses have confirmed that the most abundant group, encompassing both horse and cuirass fragments, supports the accuracy of an iconographic and comparative stylistic identification. Consequently, the majority of these fragments likely originated from a single large statue representing an armored equestrian.

შესავალი

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადამიანის გამოსახულებას, განსაკუთრებით ქანდაკებებს ცენტრალური ადგილი უჭირავს ძველ კულტურებში, მაგრამ არც ერთ მათგანს ისეთი დიდი გავლენა არ მოუხდენია შემდგომ ეპოქებზე, როგორც ეს ბერძნული ქანდაკების ფენომენმა შეძლო. ბერძნულმა ქანდაკებამ, რომელმაც არქაიკის ეპოქაში ნატურალური ზომის კუროსების სტატიკურ პოზაში და ამასთანავე მუსკულატურის ნატურალური კონტურებით გადმოცემით, ხოლო კლასიკურ ეპოქაში სრულყოფილი სხეულის იდაელიზებულად გამოსახვითა და მისი მოძრაობაში მოყვანით მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა ხელოვნებაში, რამდენიმე ასპექტში განვითარების უმაღლეს საფეხურს სწორედ ელინისტურ ეპოქაში მიაღწია. ელინისტური ქანდაკება უკვდავი ღმერთების, მითიური გმირების, დაცემული ან დაჭრილი მეომრების, გამარჯვებული ათლეტების, და სხვა ცნობილი მოკვდავების, მაგალითად, პოლიტიკური მმართველების, ფილოსოფოსების, პოეტების რეალისტურად გამოსახვით არა მხოლოდ სხეულის ფორმას, ხასიათს, შინაგან განწყობასა და სტატუსს სარწმუნოდ გადმოსცემს, არამედ შესაძლებლობას იძლევა, ამ ინდივიდების მიღმა ისტორიული მოვლენებიც დავინახოთ. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი საქართველოშიც მოგვეპოვება, კერძოდ 2007 წელს ვანში სატაძრო ინვენტარის შემცველ განძში აღმოჩენილი ექვსპატრუქიანი ბრინჯაოს ჭრაქის სახით. სპილოს სამი თავისა და დიონისე ტაურომორფოსის (რქებიანი ჭაბუკი დიონისე), ჰერაკლესა და არიადნეს სკულპტურული გამოსახულებებით შემკული ელინისტური ქანდაკების ეს უნიკალური ნიმუში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ანარეკლია, როგორიცაა ალექსანდრე დიდის ინდოეთში ლაშქრობა, რომლის პროტოტიპი სწორედ ჭრაქზე გამოსახული დიონისეს ინდოეთში ტრიუმფის მითი იყო (ლორთქიფანიძე 2011:47-54).

ვანის ნაქალაქარს, სადაც მისი რვასაუკუნოვანი ისტორიის (ძვ.წ. მე-8 – პირველი საუკუნეები) ოთხივე ეტაპზე დასტურდება ანთროპომორფული ქანდაკებები, ელინისტური ეპოქის ქანდაკებების თვალსაზრისით განსაკუთრებული ადგილი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის, არამედ, შეიძლება ითქვას, ზოგადად, ელინისტურ სამყაროშიც უჭირავს. ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ელინისტური ქანდაკებები ძველთაგანვე იყო განადგურების, ან განზრახ დაზიანების ობიექტი. ეს შეიძლება განპირობებული ყოფილიყო როგორც მტრის თავდასხმით, ან რომელიმე ღვთაების კულტის წინააღმდეგ ბრძოლით, ასევე სრულიად პრაქტიკული მოსაზრებებით, კერძოდ, ბრინჯაოს, როგორც ნედლეულის, მეორადი გამოყენების მიზნით ხშირად ხდებოდა ქანდაკებების გადადნობა. ამის გამო მცირე რაოდენობით შემორჩა სრული სახით ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ქანდაკებები. ასევე იშვიათობაა ბრინჯაოს ფრაგმენტების ერთობლიობა, რომელიც ქანდაკების საერთო სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. გასული საუკუნის 70–90-იან წლებში ვანში აღმოჩენილმა ბრინჯაოს მრავალრიცხოვანმა, და რაც მთავარია, მრავალფეროვანმა ფრაგმენტებმა აჩვენა, რომ ვანის ნაქალაქარი, რომელმაც, უპირველეს ყოვლისა, სახელი გაითქვა კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშების აღმოჩენებით და ცხადყო „ოქრომრავალი“ კოლხეთის რეალობა, მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ელინისტური ბრინჯაოს ფენომენის, როგორც ელინისტური კულტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის კვლევაში. ვანის ნაქალაქარზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ქანდაკებების ფრაგმენტების სიმრავლე და განსაკუთრებით, ერთ გარკვეულ მონაკვეთზე, კერძოდ ცენტრალურ ტერასაზე გამოვლენილი ძვ.წ. მე-3–პირველი საუკუნეების ე.წ. თორმეტსაფეხურიანი საკურთხევლის ტერიტორიაზე მათი კონცენტრაცია. საქმე ეხება საკურთხეველთან და უშუალოდ მის მიმდებარედ აღმოჩენილ ათასამდე ფრაგმენტს, რომელთა უმრავლესობა ამოცნობას არ ექვემდებარება. ბრინჯაოს ქანდაკებები საგანგებოდ არის დამტვრეული პატარა ნატეხებად, რომლებსაც მჩნევა ბზარები და ბლაგვი იარაღით მიყენებული დაზიანებები. ეს ნატეხები რომ მათი გადადნობის მიზნით უნდა ყოფილიყო თავმოყრილი, ამაზე მეტყველებს ასევე ცენტრალურ ტერასაზე, ნატეხების თავმოყრის ადგილიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაცილებით მიკვლეული სამსხმელო სახელოსნოს ნაშთები, კერძოდ, სამსხმელო ორმო არხებითურთ; ორმოს ძირში ჩადგმული ქვის ფილა, განკუთვნილი ყალიბისთვის; წიდები; თიხის ძაბრი; საქშენი მილისა და ტიგელის ფრაგმენტები; საყრდულის ანაბეჭდებიანი ნატეხები. ყალიბებისა და სასხამის მასშტაბების მიხედვით აქ დიდი სკულპტურის ჩამოსხმაც იქნებოდა შესაძლებელი (გიგოლაშვილი და სხვ. 2008:14-18).

ამ ნაშრომის კვლევის საგანია თორმეტსაფეხურიანი საკურთხევლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკების სახიერი ფრაგმენტების ერთი კატეგორია, რომელშიც ორი ჯგუფი გამოიყოფა: ცხენის ფიგურის ფრაგმენტები და ფრაგმენტები, რომლებიც რამდენიმე შემთხვევაში ზუსტი და ახლო მდგომი პარალელების საფუძველზე საბრძოლო სამოსს (და არა საკუთრივ ადამიანის სხეულს) უკავშირდება და ანტიკური სამყაროს სხვადასხვა ცენტრებიდან კარგად ცნობილი ჯავშნის ტიპის – კირასის ნაწილებად იქნა მიჩნეული2. ცნობილია, რომ ცხენოსნის ქანდაკებები ელინისტურ ხანაში უმეტეს შემთხვევაში რეალურ პიროვნებებს წარმოადგენდნენ (Presicce 1990: 16 ). ამ პერიოდში ყოველი ქანდაკების აღმართვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდებოდა და თავისი სპეციფიკური დანიშნულება ჰქონდა. მას უნდა დაეკმაყოფილებინა ოთხიდან ერთი ძირითადი ფუნქცია: საკულტო, ვოტივური, დაკრძალვასთან დაკავშირებული და პატივმისაგები. ეს უკანასკნელი ძალზე მნიშვნელოვანი კატეგორია იყო და ამ ფუნქციის ქანდაკებები უმეტესწილად სწორედ ბრინჯაოსგან მზადდებოდა (Smith 2005: 9-10).

ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი A                             B
სურათი 1. ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი. A მაკრო ფოტო; B დეტალის მიკრო ფოტო

ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი
A                             B
სურათი 2. ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი. A მაკრო ფოტო; B დეტალის მიკრო ფოტო

საკვლევი მასალა

ცხენის ქანდაკების 7 ფრაგმენტი:
№1 – სამი ნატეხით აღდგენილი მარჯვენა ჩლიქის ფრაგმენტი (სურათი 1)
№2 – მარცხენა ჩლიქის ფრაგმენტი (სურათი 2)
№3 – კოჭის ქვედა ნაწილის (?) მოზრდილი ფრაგმენტი (სურათი 4)
№4 – ცხენის კუდის ფრაგმენტი (სურათი 5)
№5 – ბეწვით დაფარული ფრაგმენტი (დიდი ზომის) (სურათი 6)
№6 – ბეწვით დაფარული ფრაგმენტი (სურათი 7)
№7 – ბეწვით დაფარული ფრაგმენტი (სურათი 8)
ჯავშნის 14 ფრაგმენტი:
№8 – კვანძად მოკეცილი მოსასხამის ნაწილი (სურათი 9)
№9 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი (სურათი10)
№10 – ფრაგმენტი ხუთფურცლიანი ვარდულის გამოსახულებით (სურათი 11)
№ 11 – ფრაგმენტი ყლორტის გამოსახულებით (სურათი 12)
№12 – სამხრის ფრაგმენტი (სურათი 13)
№13 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი (სურათი 14)
№14 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი (სურათი 15)
№ 15 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი (სურათი 16)
№16 – მოსასხამის დასაჭიმი საძირავი – საწაფი (დიდი ზომის) (სურათი 17)
№17 -მოსასხამის დასაჭიმი საძირავი -საწაფი (პატარა ზომის) (სურათი 18)
№18 – ფრაგმენტი მცენარეული ორნამენტის მოოქრული გამოსახულებით (სურათი 19)
№19 – ფრაგმენტი მცენარეული ორნამენტის მოოქრული გამოსახულებით (სურათი 20)
№20 – ფირფიტა პალმეტის მოოქრული გამოსახულებით (სურათი 21)


კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები

ლითონის ქიმიური შემადგენლობის კვლევა განხორციელდა „EvaX Pro Spector 3“ პორტატიული არადესტრუქციული სპექტროსკოპის გამოყენებით. ყველა სპეტრალური კვლევა ჩატარდა ერთსა და იმავე ფიქსირებულ პირობებში: 50 კვ გამოყენებული ძაბვა, ციფრული რენტგენული წყარო digiX-50 , 25 მმ² საკვლევი ფართობი. ფრაგმენტების მორფოლოგიურ-ფიზიკური მახასიათებლები შესწავლილი იქნა პორტატიული მიკროსკოპის Dino-Light Premier AM4 113T-ის X50 გადიდების პირობებში. ლითონის შენადნობის ქიმიური შემადგენლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მახასიათებელი არქეოლოგიური ლითონის ნაწარმის კვლევისათვის. გამონაკლისს არც ელინისტური პერიოდის ბრინჯაოს მხატვრული ნაწარმი წარმოადგენს. პორტატიული არადესტრუქციული რენტგენო-ფლუორესცენტული სპექტროსკოპის გამოყენებით შესწავლილ იქნა სახიერი 20 ფრაგმენტი, რომელთაც განსხვავებული პატინა და სისქე ახასიათებთ. ფრაგმენტების ქიმიური შემადგენლობა მოცემულია ცხრილი 1 სახით.


ცხრილი 1. ფრაგმენტების ქიმიური შემადგენლობა

არქეოლოგიური ბრინჯაოს ფრაგმენტების კვლევისას სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე ეხება რენტგენო ფლუორესცენტული სპექტროსკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების ინტერპრეტაციას, რადგან კოროზიის პროდუქტებს შეუძლიათ შეცვალონ ელემენტების განაწილება პატინირებულ ზედაპირზე (Holakooei et al. 2021:8). ცნობილია, რომ თუ არქეოლოგიური ბრინჯაოს შენადნობი ხანგრძლივად ექვემდებარება მაღალი ტენიანობისა და მჟავიანობის პირობებს, შენადნობში არსებული კალა წარმოქმნის კალის ოქსიდს (SnO2) — კასიტერიტს. ეს პროცესი თავისთავად იწვევს კალის შემცველობის გაზრდას ლითონის ზედაპირზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძირითადი ელემენტი, რითაც განვახორციელეთ შენადნობების ტიპების კლასიფიკაცია არის ტყვია. ტყვიის შემცველობის მიხედვით გამოვყავით 7 ჯგუფი:
• ძალიან დაბალი ტყვიის შემცველი ბრინჯაო: Pb < 2%
• დაბალი ტყვიის შემცველი ბრინჯაო: 2% <= Pb < 5%
• საშუალოდ დაბალი რაოდენობის ტყვიის შემცველი ბრინჯაო: 5% <= Pb < 7,5%
• საშუალო რაოდენობის ტყვიის შემცველი ბრინჯაო: 7.5% <= Pb < 10%
• საშუალოდ მაღალი რაოდენობის ტყვიის შემცველი ბრინჯაო: 10% <= Pb < 12,5%
• მაღალი ტყვიის შემცველი ბრინჯაო: 12,5% <= Pb < 15%
• ძალიან მაღალი ტყვიის შემცველი ბრინჯაო: Pb >= 15% (დიაგრამა 1).


დიაგრამა 1. ფრაგმენტების გავრცელება ტვიის შემცველობის მიხედვით

ფრაგმენტების ქიმიური შემადგენლობის დასადგენად. ბრინჯაოს ფრაგმენტები კალის (Sn) შემცველობის მიხედვითაც დავაჯგუფეთ:
• ძალიან მცირე რაოდენობის კალის შემცველი ბრინჯაო: Sn < 5%
• მცირე რაოდენობის კალის შემცველი ბრინჯაო: 5% ≤ Sn < 10%
• საშუალოდ მცირე რაოდენობის კალის შემცველი ბრინჯაო : 10% ≤ Sn < 15%
• საშუალო რაოდენობის კალის შემცველი ბრინჯაო: 15% ≤ Sn < 20%
• ძალიან მაღალი ტყვიის შემცველი ბრინჯაო: Sn >= 20% (დიაგრამა 2).


დიაგრამა 2. ფრაგმენტების გავრცელება კალის შემცველობის მიხედვით

ცნობილია, რომ მაღალმხატვრულ, ერთგვაროვან ჩამოსხმულ ბრინჯაოს ქანდაკების ნიმუშებში ტყვიის შემცველობის მერყეობა ძალიან მცირეა, და როგორც წესი, ±0.5-1%-ის ფარგლებში რჩება. რთული კონფიგურაციის ნამუშევრებში, რომლებიც რამდენიმე ნაწილისგან არის ჩამოსხმული, ტყვიის მერყეობა იზრდება და ±1-3%-ს აღწევს. კალის შემცველობის მერყეობა მაღალმხატვრულ ბრინჯაოს ნიმუშებში ±1-2%-ის ფარგლებში რჩება, რაც მიანიშნებს შენადნობის დამზადების განსაკუთრებულ სიზუსტეზე. თუმცა, რთული კონფიგურაციის ნამუშევრებში, რომლებიც, როგორც წესი, რამდენიმე ნაწილისგან იყო ჩამოსხმული, კალის შემცველობის მერყეობა იზრდება და ±4%-ს აღწევს. ზემოთ მოცემულმა კლასიფიკაციამ მოგვცა შესაძლებლობა ბრინჯაოს ფრაგმენტების შენადნობებში კალის და ტყვიის რაოდენობის ერთმანეთთან კორელაციის გარკვეული კანონზომიერების გამოვლენის, რომელიც მოცემულია დიაგრამა 3 სახით.


დიაგრამა 3. შენადნობთა შედარებითი დიაგრამა (ჰიტმეპი), ტყვია vs კალა

ჩვენს მიერ შესწავლილი ფრაგმენტების უმეტესობა ერთიანდება საშუალოდ დაბალი რაოდენობის ტყვიის შემცველ ბრინჯაოს (5% <= Pb < 7,5%-10 ფრაგმენტი) ჯგუფში, სადაც ვხვდებით კალის შემცველობის ვარიაციებს (საშუალო რაოდენობის და საშუალოზე მაღალი რაოდენობის კალის შე მცველი ბრინჯაო).
მორფოლოგიურ-ფიზიკური მახასიათებლებით, უფრო კონკრეტულად კი პატინის ნაირსახეობის მიხედვით გამოიყო ორი ჯგუფი: I — ე.წ. წყლის პატინის მქონე (კალის ოქსიდები) ფრაგმენტები; II — კარბონატული პატინის (მსგავსი პატინა ძირითადად წარმოიქმნება სპილენძის კარბონატით) მქონე ფრაგმენტები.
ცხენის ქანდაკების ფრაგმენტებში გამოიყო ორი განსხვავებული შენადნობის ტიპი. კერძოდ, სამი ნატეხით აღდგენილი მარჯვენა ჩლიქის ფრაგმენტი (№1) და მარცხენა ჩლიქის ფრაგმენტი (№2) განსხვავებულია, როგორც ქიმიური შემადგენლობით, ასევე პატინის ფაქტურით. (სურათი 1 და 2).
შენადნობის შემადგენლობის მიხედვით, ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი (№9) და სამხრის ფრაგმენტი (№12) მნიშვნელოვნად განსხვავდება კირასის ნაწილების ფრაგმენტების მონაცემებისგან. ფოჩებიანი ქობის (№9) დეტალი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მაღალი ტყვიის შემცველობით და სისქით, რომელიც 1.77 სმ-ია. ასეთი მაღალი ტყვიის შემცველობის შენადნობი, სადაც ტყვია 20%-ზე მეტია (27%), გამოირჩევა ჩამოსხმის დროს განსაკუთრებული დენადობით, რაც მას იდეალურს ხდის რთული დეტალების ჩამოსასხმელად და ამარტივებს დეტალების შემდგომ დამუშავებას. ეს თვისება განსაკუთრებით ფასეულია ისეთი რთული დეტალების შესაქმნელად, სადაც საჭიროა სიზუსტე და დეტალიზაცია. თუმცა, ტყვიის ასეთი მაღალი შემცველობა გარკვეულ წუნებსაც იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ შენადნობის დენადობა აუმჯობესებს დეტალიზაციის შესაძლებლობას, იგი ასევე ამცირებს მის მექანიკურ სიმტკიცეს. რაც ნიშნავს, რომ მაღალი ტყვიის შემცველობის ბრინჯაო მყიფეა. ამ ნაკლოვანების კომპენსირებისთვის და სტრუქტურული სიმტკიცის შესანარჩუნებლად ხშირად საჭიროა მასალის სისქის გაზრდა, როგორც ეს ჩანს №9 ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტის შემთხვევაში. ეს კი კიდევ ერთხელ აჩვენებს ოსტატის განსწავლულობას მეტალურგიის პრინციპებში, რომელმაც საშუალება მისცა გამოეყენებინა მაღალი ტყვიის შემცველობის ბრინჯაოს უპირატესობები რთული დეტალის ჩამოსასხმელად და იმავდროულად გამკლავებოდა მასალის დამუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
სამხრის ფრაგმენტის №12 შენადნობის ტიპია ტყვიის უმნიშვნელო შემცველობის კალიანი ბრინჯაო. ამ ფრაგმენტისთვის კალიანი ბრინჯაოს შენადნობების არჩევის მიზეზი შესაძლოა ოქროსფერი და მბზინავი ლითონის ზედაპირის მიღების სურვილი ყოფილიყო. ფრაგმენტის ზედაპირზე, ფიქსირდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გამოყენებული დესტრუქციული მეთოდით აღებული სინჯის კვალი. მიკროსკოპიული დათვალიერებისას კარგად გამოჩნდა ლითონური გულის თავდაპირველი ფერი.
ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი (№14), პატარა საძირავთან (№17) და მოოქრული ფრაგმენტები ერთიანდებიან ძალიან დაბალი ტყვიის და მცირე რაოდენობის კალის შემცველი ბრინჯაოს ჯგუფში. რაც შეეხება მოოქრულ ფრაგმენტებს (№№18-20), რომლებიც კირასისქვეშა ტუნიკის კალთის ნაწილებად იქნა განსაზღვრული, ისინი გამოირჩევა კალისა და ტყვიის დაბალი შემცველობით. მოოქროების პროცესიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ განსხვავებული შენადნობი ამ რთული ტექნიკური ხერხის სპეციფიკითაც იყოს განპირობებული.

დოქები და ხელადები
სურათი 3. ფრაგმენტი №12 -ის მცირე დეტალის მიკრო ფოტო

დასკვნა

ამრიგად, ტექნიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვანის ნაქალაქარის ცენტრალური ტერასის ე.წ. თორმეტსაფეხურიანი საკურთხევლის ტერიტორიაზე აღმოჩენილ და შეჯავშნული მხედრის ბრინჯაოს ქანდაკების ტიპისთვის დამახასიათებელ 20 ფრაგმენტში ქიმიური შემადგენლობისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით გამოიყოფა ხუთი ჯგუფი:

I ჯგუფი
№1 – სამი ნატეხით აღდგენილი მარჯვენა ჩლიქის ფრაგმენტი
№3 – ცხენის კოჭის ქვედა ნაწილის (?) მოზრდილი ფრაგმენტი
№4 – ცხენის კუდის ფრაგმენტი
№5 – ბეწვით დაფარული ფრაგმენტი (დიდი ზომის)
№8 – კვანძად მოკეცილი მოსასხამის ნაწილი
№10 – ფრაგმენტი ხუთფურცლიანი ვარდულის გამოსახულებით
№11 – ფრაგმენტი ყლორტის გამოსახულებით
№13 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი
№15 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი
№16 – საძირავი-საწაფი (დიდი ზომის)

II ჯგუფი
№2 – მარცხენა ჩლიქის ფრაგმენტი
№6 – ბეწვით დაფარული ფრაგმენტი
№7 – ბეწვით დაფარული ფრაგმენტი

III ჯგუფი
№12 – სამხრის ფრაგმენტი

IV ჯგუფი
№14 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი
№17 – საძირავი (პატარა)
№18 – ფრაგმენტი მცენარეული ორნამენტის მოოქრული გამოსახულებით
№19 – ფრაგმენტი მცენარეული ორნამენტის მოოქრული გამოსახულებით
№20 – ფირფიტა პალმეტის მოოქრული გამოსახულები

V ჯგუფი
№9 – ფოჩებიანი ქობის ფრაგმენტი

სწორედ ყველაზე მრავალრიცხოვანი I ჯგუფი, რომელიც აერთიანებს როგორც ცხენის, ასევე კირასის ფრაგმენტებს, ცხადყოფს იკონოგრაფიულ და შედარებით სტილისტურ ანალიზზე დაფუძნებული იდენტიფიკაციის სისწორეს, კერძოდ, მათ კუთვნილებას ერთი შეჯავშნული მხედრის ქანდაკებისადმი. იდგა, თუ არა ელინისტური ეპოქის ვანის სატაძრო ქალაქში მინიმუმ ეს ერთი შეჯავშნული მხედრის ქანდაკება, ან ამ ტიპის ერთზე მეტი ქანდაკება, ამ საკითხის გადაჭრაში გადამწყვეტი როლი ეკისრება ე.წ. თორმეტსაფეხურიანი საკურთხევლის არეზე დიდი რაოდენობით აღმოჩენილი უსახური ფრაგმენტების ტექნიკურ კვლევას. ნებისმიერ შემთხვევაში, ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ქანდაკებების საკმაოდ ფართო სპექტრი, წარმოდგენილი სხვადასხვა ღვთაებებისა და მითოლოგიური პერსონაჟების გამოსახულებებით და უშუალოდ ალექსანდრე დიდთან დაკავშირებული სკულპტურული გამოსახულებებით, რომლებიც სატაძრო ინვენტარზე დასტურდება, კერძოდ, დიონისეს ინდოელებზე ტრიუმფის ამსახველ ექვსპატრუქიან ჭრაქსა და ე.წ. მოზაიკურიატაკიან ტაძარში აღმოჩენილ ბრინჯაოს სარიტუალო ნივთზე ალექსანდრე დიდის იერის მქონე დიონისეს ჰორელიეფური გამოსახულების სახით (ლორთქიფანიძე 2024: 160-161), შეივსო ელინისტური ქანდაკების ფენომენის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტით, როგორიცაა შეჯავშნული მხედრის ქანდაკება.

ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი სურათი 4. ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი



ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი
                     სურათი 5, 6. ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი                        სურათი 7, 8. ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი

ჯავშნის ფრაგმენტი ჯავშნის ფრაგმენტი
                             სურათი 9, 10. ჯავშნის ფრაგმენტი                                სურათი 11, 12. ჯავშნის ფრაგმენტი

ჯავშნის ფრაგმენტი ჯავშნის ფრაგმენტი
                           სურათი 13, 14. ჯავშნის ფრაგმენტი                             სურათი 15, 16. ჯავშნის ფრაგმენტი

ჯავშნის ფრაგმენტი ჯავშნის ფრაგმენტი
                           სურათი 17, 18. ჯავშნის ფრაგმენტი                              სურათი 19, 20. ჯავშნის ფრაგმენტი

ჯავშნის ფრაგმენტი სურათი 21. ჯავშნის ფრაგმენტი


შენიშვნა:


1. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ფრაგმენტებით გაცოცხლებული ისტორია“ FR-21-21498 ფარგლებში.

2. სტილისტური და იკონოგრაფიული კვლევის შედეგებისა და პარალელების შესახებ, რომელთა საფუძველზე ეს ფრაგმენტები მიჩნეულ იქნა შეჯავშნული მხედრის ქანდაკების ნაწილებად, დაწვრილებით იხ. გიგოლაშვილი, ფირცხალავა 2012: 37-70.

გამოყენებული ტიტერატურა:


გიგოლაშვილი, ე., თოლორდავა, ვ., ფირცხალავა, მ. 2008. ბრინჯაოს ქანდაკება და ბრინჯაოს წარმოების ნაშთები ვანის ნაქალაქარზე, ძიებანი, დამატება 4: 14–18.

გიგოლაშვილი, ე., ფირცხალავა, მ. 2012. შეჯავშნული მხედრის ბრინჯაოს ქანდაკების ნაშთები ვანის ნაქალაქარიდან, კადმოსი 4: 37–70.

ლორთქიფანიძე, ნ. 2011. ბრინჯაოს ექვსპატრუქიანი ჭრაქი ვანიდან, იბერია–კოლხეთი 7: 47–54.

ლორთქიფანიძე, ნ. 2024. ღვინის კულტი და რიტუალები. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. შემდგენლები: სალომე გურული, ნინო ლორთქიფანიძე. თბილისი, 156–166.

Bergemann, J. 1990. Römische Reiterstatuen: Ehrendenkmäler im öffentlichen Bereich. Beiträge zur Erschließung hellenistischer und kaiserzeitlicher Skulptur und Architektur 11. Mainz: P. von Zabern.

Holakooei, P., Oudbashi, O., Mortazavi, M., & Ferretti, M. 2021. On, under and beneath the patina: Evaluation of micro energy dispersive X-ray fluorescence quantitative data on the classification of archaeological copper alloys. Spectrochimica Acta Part B: Atomic Spectroscopy, 178, 106128.

Presicce, C. P. 1990. The Equestrian Statue of Marcus Aurelius in Campidoglio. Milan: Silvana, Brécourt Academic.

Smith, R. R. R. 2005. Hellenistic Sculpture. London: Thames and Hudson.