ნომადები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანები)

ნინო ახვლედიანი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი XI (56-B), გვ. 1-17

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2023 წელი

საკვანძო სიტყვები: ნომადები, სკვითები, კიმერიელები ადრერკინის ხანა


აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია საკითხი, თუ როგორ აისახა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანებში ნომადური, ე.წ. სკვითური არქეოლოგიური კულტურა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ნაშრომის პირველი ნაწილი ეთმობა წერილობითი წყაროების ინფორმაციას შესაბამის პერიოდში ქართლის ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიული პროცესების შესახებ – კერძოდ, ეს არის ლეონტი მროველის „გამოსლვა ხაზართა“ („ქართლის ცხოვრება“). მეორე ნაწილი ეხება ამავე ქრონოლოგიურ დიაპაზონში მოქცეულ იმ არქეოლოგიურ ძეგლებს, რომლებიც როგორც დაკრძალვის წესით, ისე იქ დადასტურებული არტეფაქტებით უკავშირდება უცხო ეთნიკურ ელემენტს. ასევე, დასმულია საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში სადისკუსიო ძეგლების, თრელის №16 და №24 სამარხების, კულტურული კუთვნილების შესახებ.

წერილობითი წყაროები

ძვ.წ. პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი კავკასიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ერთი, ეს არის ძვ. წ. მე-8 – მე-7 საუკუნეებთან დაკავშირებული ჩრდილოელი ნომადების წინააზიური ლაშქრობები, რომელიც შავიზღვისპირა სტეპებიდან კავკასიის, კერძოდ, საქართველოს გავლით ხორციელდებოდა, და მეორე, ეს არის ადრერკინის ხანის დასასრული. ამ პერიოდში რკინა, როგორც იარაღის დასამზადებელი მასალა, საბოლოოდ დევნის ბრინჯაოს და ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან მთელ კავკასიაში დგება საკუთრივ რკინის ხანა.

ჩრდილოელი ნომადების წინააზიური ლაშქრობების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ მე-11 საუკუნის ქართული წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრება“ ერთი მონაკვეთი, კერძოდ, ლეონტი მროველის „გამოსლვა ხაზართა“ სკვითური წინააზიური ლაშქრობების ამსახველია, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია 1. სპეციალისტების მიერ გაზიარებულია მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ „ქართლის ცხოვრების“ „სპარსეთში“ და „სპარსებში“ მიდია და მიდიელები იგულისხმება (Ковалевская 1975:66). მას შემდეგ, რაც ძვ.წ. მე-6 საუკუნეში მიდიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და აქემენიდთა სპარსეთის გამგებლობის ქვეშ მოექცა, ყოფილი მიდიის ტერიტორია ხშირად სპარსეთად, მისი მოსახლეობა კი სპარსებად იხსენიება (იქვე). ამ სახელით იცნობს მათ „ქართლის ცხოვრების“ ავტორიც.

ჩვეულებრივ, ანტიკური ტრადიციის თანახმად, სკვითები კიმერიელების მემკვიდრეებად ითვლებიან (ჰეროდოტე I:15). ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან განასხვავებს ძველაღმოსავლური დოკუმენტები და ბერძნული გადმოცემები (Ростовцев 1918:27)2. სამხრეთ კავკასიაში მოსულ ნომადებს განასხვავებს ლეონტი მროველიც, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიაზე მომთაბარე ხალხების ორი ტალღა მოდის. პირველი ტალღა შემოდის ჩრდილოეთიდან, კავკასიონის გადასასვლელებით. ამ ხალხს ავტორი აიგივებს მის წინამორბედ პერიოდში კავკასიონის ჩრდილოეთით მოსახლე, მისთვის ნაცნობ ხაზარებთან. მეორე ტალღა მოდის სამხრეთიდან და ესენი არიან წინა აზიიდან დევნილი თურქები (ქც I:125)3.

ქართული წყაროს მიხედვით, ხაზარები სამხრეთ კავკასიაში პირველად ზღვის- კარით, იგივე დარუბანდით იჭრებიან და მას შემდეგ, რაც ხაზართა მეფემ „მოტყუენნა ქვეყანანი“ „გარდავლო მთა კავკასია“ (ქც I:108,109). ამის შემდეგ ხაზარებმა ისწავლეს ორივე გზა „რომელ არს ზღვის-კარი დარუბანდი და არაგვის-კარი, რომელ არს დარიალა…“ (იქვე). დარუბანდის გადმოლახვის შემთხვევაში, ხაზარები საქართველოს ტერიტორიის გვერდის ავლით მოხვდებოდნენ წინა აზიაში. დარიალის ხეობით კი, როგორც ჩანს, წინა აზიიდან უკან ბრუნდებიან სამშობლოში. ეს უკანასკნელი გზა კარგად დასტურდება არქეოლოგიური მასალითაც (ამის შესახებ, ქვემოთ).

. თავის დროზე, ივ. ჯავახიშვილმა ტოპონიმიკაზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე სკვითური კულტურის მატარებელი ხალხების მოსვლა სწორედ სამხრეთიდან ივარაუდა (ჯავახიშვილი 1950:241-250). კავკასიონის პირველი გადმოლახვის შემდეგ ხაზართა მოძრაობა ინტენსიური ხდება – “განამრავლეს ხაზართა გამოსლვა…“(იქვე), რაც წინა აზიაში მოლაშქრე ნომადების სამშობლოსთან უწყვეტი კავშირით უნდა აიხსნას და არა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე თარეშის პირველადი მიზნით. ამაზე უნდა მიუთითებდეს ის ვითარებაც, რომ მას შემდეგ, რაც სრულდება წინააზიური ლაშქრობები, ძვ.წ. მე-6 საუკუნის შემდეგ, ე.წ. სკვთური კულტურის კვალი საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ქრება. ჩრდილოელები კარგავენ კავკასიონზე მოძრაობის ინტერესს ან, შესაძლოა, ქართლის ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური გაერთიანება კეტავს კავკასიონის გადასასვლელებს და მომთაბარეებს აღარ აძლევს მათი გადმოლახვის შესაძლებლობას.

ჩრდილოელი ნომადებიდან ერთადერთი, ვისაც ლეონტი მროველი სახელით მოიხსენიებს არის ხაზარების პირველი მეფის ძე უობოსი (ქც I:109). შესაძლოა დამთხვევაა, მაგრამ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ლეონტი მროველის უობოსი და სტრაბონის Κώβου (სტრაბონი I.3.21) ფონეტიკური ჟღერადობით მსგავსია. ორივე შემთხვევაში ეს სახელები ჩრდილოელი ნომადების ლაშქრობების ისტორიებთან არის დაკავშირებული. თუ ამ სახელების, უობოს-Κώβου, იგივეობა დასაშვებია, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ორივე ავტორი (სტრაბონი, ლეონტი მროველი) ასახელებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირიქით მოძრავ ნომადურ ხალხებში გავრცელებულ ერთიდაიმავე საკუთარ სახელს4. სტრაბონის მიხედვით, Κώβου კიმერიელთა მოკავშირე თრერთა ბელადია, თრერები კი კიმერიელები ან ერთ-ერთი კიმერიული ტომია. მასთანვე თრერები თრაკიელების მეზობლები და ასევე თრაკიული ტომია (სტრაბონი I.3.18; XIII.1.8). ამდენად, სტრაბონისთვის თრერები, თრაკიელები და კიმერიელები მონათესავე ხალხებია. უობოსი ლეონტი მროველს ოსთა მამამთავარად მიაჩნია. მისი ცნობით, მას შემდეგ, რაც ხაზართა მეფემ ილაშქრა სამხრეთ კავკასიაში და უკან დაბრუნდა დარიალის ხეობით, უობოსს მისცა ქართველი და სომეხი ტყვეები. ამ ხალხთან ერთად უობოსი დასახლდა მდინარე ლომეკის (თერგის) დასავლეთით და მისი შთამომავლები არიან ოვსნი (ქც I:109). ლეონტი მროველისთვის ოსები – ხაზარების, ქართველების და სომხების ნარევი ხალხია (ჯავახიშვილი 1950:277).

მ. ფირცხალავა განიხილავს რა სკვითური შეიარაღების საკითხს5, ეყრდნობა ვ. კოვალევსკაიას, რომელიც ძვ.წ. მე-8 – მე-6 საუკენეებში ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ლითონის რთული მეთოდებით დამუშავების ტრადიციას არქეოლოგიურად თვალი არ ედევნება, მაღალი ხარისხის ლითონის ნაწარმის გაჩენას ხსნის სამხრეთკავკასიელ მეტალურგთა ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლებით; ვ. კოვალევსკაიას მიაჩნია, რომ ასეთი გადაადგილების მიზეზი სკვითური ტომების მოძრაობაშია საძებარი და იმოწმებს ლეონტი მროველის ზემოთ აღნიშნულ ცნობას (ფირცხალავა 1989; Ковалевская 1985:59).

კიმერიელების ეთნიკური კუთვნილება დაუდგენელია, განსხვავებით სკვითებისაგან, რომელთა ირანულენოვანი წარმომავლობა სპეციალისტთა უმრავლესობას შორის ეჭვს არ იწვევს. ბერძნული წყაროების მიხედვით, კიმერიელები სახლობდნენ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, კიმერიულ ბოსფორთან, საიდანაც მათი შევიწროვება მოხდა სკვითების მიერ (ჰეროდოტე IV.12 ; სტრაბონი I.1.10; I.2.1.9 ). ჰეროდოტეს ცნობით, როცა სკვითები კიმერიელებს მისდევდნენ, ისინი არ წასულან იმ გზით, რომელიც მაიეტიდის ტბიდან მდინარე ფასისამდე და კოლხეთამდე მიდის… (ჰეროდოტე I.103-104). მისივე მეორე ცნობით, კიმერიელები სულ ზღვის გასწვრივ გარბოდნენ (ჰეროდოტე IV.12). მკვლევართა ნაწილი იზიარებს ა. მანანდიანის მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ ჰეროდოტეს ეს ცნობები კიმერიელების მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გამოყენებაზე მიუთითებს (Манандян 1944:44-46 ). სტრაბონის მიხედვით, კიმერიელების გზა გადიოდა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე ბოსფორის გავლით იონიამდე (სტრაბონი I.1.10 ). ლეონტი მროველის ხაზარები სარგებლობენ კავკასიონის გადასასვლელებით – დარიალით და დარუბანდით. ამ გზების გამოყენების შესაძლებლობა მკვლევართა შორის დისკუსიის საგნად რჩება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება ნომადების მარშრუტების დადგენის საკითხი, ფაქტია, რომ როგორც ქართული წყაროს, ისე არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, წინააზიური ლაშქრობების პროცესში ჩრდილოელი ნომადების მოძრაობა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე არ იყო ერთჯერადი აქტი.

ლეონტი მროველის ხაზარებთან დაკავშირებული მოვლენების ზედა ქრონოლოგიური თარიღი ძვ.წ. მე-7 საუკუნის პირველი ნახევარიან მისი შუა ხანები უნდა ვივარაუდოთ, რადგან ამავე წყაროს ცნობით ხაზარები ქართლიდან იდევნებიან, მიდიაში ფრაორტესის გამეფებამდე (ქც I:110-124) – ფრაორტესის მეფობის წლებია: ძვ.წ. 647-625 წლები – ჰეროდოტეს მიხედვით, ძვ.წ. 674-653 წლები – ი. დიაკონოვის მიხედვით (Дьяконов 1956:20), ძვ.წ. 678-625 წლები – ი. მედვედსკაიას მიხედვით (Медведская 2004:99). ფრაორტესის მმართველობის ზედა ქრონოლოგიურ თარიღად ძვ.წ. 625 წელი ივარაუდა მ. დიაკონოვმა (Дьяконов 1961:52)6. მოცემული თარიღების მიხედვით, ფრაორტესის გამეფება ძვ.წ. მე-7 საუკუნის 40-იან, ძირითადად კი 70-იან წლებში ექცევა (ძვ.წ. 647 წელი ან 674/678 წელი). ამის შემდეგ ქართული წყარო ნომადებზე აღარაფერს ამბობს და მათ ლაშქრობებთან დაკავშირებით ლეონტი მროველის თხზულებაში ჩნდება ქრონოლოგიური წყვეტილი. ასეთივე წყვეტილი ბერძნულ წყაროებში ახსნილია არა ნომადების აქტიურობის შესუსტებით, არამედ წერილობითი ცნობების სიმწირით (Артамонов 1974:30). ნომადების ხელახალი გამოჩენა ქართლის ტერიტორიაზე იმავე წყაროს ცნობების მიხედვით, უკვე ძვ.წ. მე-6 საუკუნის დასაწყისის მოვლენებს უკავშირდება.

ლეონტი მროველი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ასახელებს მიდიის მმართველებს: ქეკაპოსი, ფარაბოროტი, ქაიხოსრო (ქც I:122,124-125)7. მკვლევართა მიერ გაზიარებულია მროველთან მოხსენიებული „ფარაბოროტის“ იდენტიფიცირება ჰეროდოტეს „ფრაორტესთან“ (Ковалевская 1975:67), ისე როგორც, „ქაიხოსროს“ (მროველი) და „კიაქსარესის“ (ჰეროდოტე) იგივეობა (იქვე:68). ჰეროდოტეს ფრაორტესი დეიოკესის შვილია (ჰეროდოტე I,102), ლეონტი მროველის ფარაბოროტი – ქეკაპოსის (ქც I:124)8. დეიოკესი და ქეკაპოსი ერთ ქრონოლოგიურ სიბრტყეზეა და მისი, როგორც ფრაორტეს-ფარაბოროტის მამის მმართველობის ხანა ემთხვევა ქართულ წყაროში „ქართლის ცხოვრება“ ეთნონიმის „თურქნი“ გამოჩენას. ამ ცნობით, ქეკაპოსი მიდიაში იწყებს თურქებთან ბრძოლას და ის ვეღარ იცლის კავკასიისთვის (ქც I:124). პირველად ამ პასაჟში ჩნდება ეთნონიმი „თურქნი“, რომლებიც მიდიის ტერიტორიაზე მოძრაობენ, მაგრამ ქართლის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იგივე ეთნონიმი მხოლოდ ფარაბოროტის შვილის ქაიხოსროს (კიაქსარესის) მიერ მიდიიდან დევნილი და ქართლის ტერიტორიაზე შემოხიზნული სკვითების მიმართ დასტურდება (ქც I:124-125).

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ლეონტი მროველის “ხაზარები” შეესაბამება კიმერიელებს, “თურქები” – სკვითებს (ქავთარია 1999:25). ასეთი დაშვება სავსებით შესაძლებელია, თუმცა იმ თვალსაზრისით, რომ ქართული წყაროს “ხაზარები” შეესაბამება ჩრდილოელთა წინააზიური ლაშქრობების ე.წ. „კიმერიულ“ ეტაპს. ძნელია იმაზე ლაპარაკი, რამდენად აქვთ ამ დასახელებებს ეთნიკური დატვირთვა. გ. მელიქიშვილის მიხედვით, ახ.წ. მე-7 – მე-8 საუკუნეებში კავკასიონის ჩრდილოეთით მოსახლე ხაზარები მნიშვნელოვანი ძალა ხდება სამხრეთ კავკასიაში. ის თვლის, რომ სწორედ ამ პერიოდის მემკვიდრეობით, წყაროში “ქართლის ცხოვრება“, „ხაზარი“ გამოიყენება ჩრდილოელი ხალხების საზოგადო მნიშვნელობით (Меликишвили 1959:35). ვ. კოვალევსკაიას მიხედვით, ლეონტი მროველთან ეთნონიმით „ხაზარი’’ და „თურქი“ მოიხსენიებიან სკვითები (Ковалевская 1975:67). ა. ივანჩიკი ასაბუთებს, რომ ძვ.წ. მე-7 საუკუნის აქადური წყაროების „კიმერიელი“ ჯერ კიდევ არ არის სკვითურ-საკური კულტურის იერის მატარებელი ხალხების კრებითი დასახელება, როგორც ეს ხდება მოგვიანებით, აქემენიდური ეპოქის ბაბილონურ ტექსტებში (Иванчик 2001:18-20). შესაძლოა, ლეონტი მროველი ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას ძველი წელთაღრიცხვის ჩრდილოელთა ლაშქრობებში მონაწილე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების თაობაზე და ამიტომაც შემოაქვს სხვადასხვა ეთნონიმი. ის არ ასახელებს ამ ხალხების არც თვითდასახელებას, არც ძველაღმოსავლური და ბერძნული წყაროების ეთნონიმებს. ამიტომ, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლეონტი მროველის „ხაზარები“ არის სამხრეთ კავკასიაშიმოსული ჩრდილოელი ნომადების პირველი ჯგუფი, და რომ მისი თანამედროვე ტერმინებით „ხაზარი“ და „თურქი“, ავტორი ერთმანეთისგან მიჯნავს შორეულ წარსულში ქართლში მოსული ნომადების სხვადასხვა ტალღას.

ქართული წყაროს „ხაზარი“ და „თურქი“ ერთ მოვლენასთან რომ არის დაკავშირებული (წინააზიური ლაშქრობების ნომადები), ამას ირიბად ადასტურებს „ქართლის ცხოვრების“ ერთი მონაკვეთი, სადაც ავტორი ჩამოთვლის ქართლში მიგრირებულ ხალხებს და მათ ენებს. ამ ცნობით, ქართული ენის გარდა ქართლში გამოიყენებოდა: სომხური, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული (ქც I:128). ჩამონათვალში არ არის მხოლოდ თურქული, რასაც იმით ხსნიან, რომ ხაზარები და თურქები ლეონტი მროველისთვის, შესაძლოა, ერთი ენის მატარებელი ხალხი იყო (ალასანია 2000:25-26; 2008:16). ყოველ შემთხვევაში, ეს ხალხები, მიუხედავად მათ შორის არსებული ენობრივი თუ ეთნიკური სხვაობისა, ერთი კულტურულ-ისტორიული მასივია.

წინა აზიის ტერიტორიაზე „ქართლის ცხოვრების“ თურქების (სკვითების) წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკას ატარებს მიდიის მეფე ქაიხოსრო-კიაქსარესი (ფარაბოროტ-ფრაორტესის ძე) (ქც I:125). კიაქსარესის მიერ მიდიიდან დევნილი სკვითები აღარ არიან მოლაშქრეები. ეს არის თავშესაფრის მაძიებელი ხალხი, რომელიც სხვადასხვა გზით ბრუნდება სამშობლოში. დევნილი სკვითების ერთი ჯგუფი მცხეთის მამასახლისთან შეთანხმებით სახლდება მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ პირობით, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ საომარ მოქმედებებში მიდიელთა მოსალოდნელი თავდასხმის დროს (ქც I:125-126).

ამით ამოიწურება ქართული წყაროს „ქართლის ცხოვრება“ ძირითადი ცნობები სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, ქართლში, ჩრდილოელი ნომადების ლაშქრობების შესახებ.

არქეოლოგიური მონაცემები

არქეოლოგიური თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური კულტურების პრობლემების გვერდით, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება ამ ტერიტორიაზე ნომადური არქეოლოგიური კულტურების კვლევის საკითხი. ამ შემთხვევაში უპირატესია ლითონის ნაწარმი, კერძოდ, შეიარაღება და სამკაული, რადგან ნომადები ძირითადად დამჯდარი ხალხების კერამიკით სარგებლობენ. ამ რიგის ნივთებიდან, რომელთა გამოჩენას სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ძირითადად თრაკო-კიმერიული და სკვითურ-სარმატული ტომების წინააზიურ ლაშქრობებს უკავშირებენ, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ე.წ. სკვითური კულტურის განმსაზღვრელი როგორც შეიარაღება, ისე ცხენის აკაზმულობა და ცხოველსახოვანი სტილის ხელოვნების ნიმუშები. ეს ნივთები სამოსახლოზე ან სამლოცველოზე მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება (შიდა ქართლი, კახეთი). შიდა ქართლში ეს არის: ხოვლეგორას (მუსხელიშვილი 1978) და თრელიგორების ნასახლარები; კახეთში – ნასახლარები: მოჭრილი გორა, (ფიცხელაური 1973:31-33), ცისკარაანთ გორა (Maisuradze & Pirtskhalava 2004:193), უსახელო გორა (იქვე) და მელაანის სამლოცველო (ფიცხელაური 1973:117-121). ყველა ამ ძეგლზე ბრინჯაოს ე.წ. სკვითური ტიპის ისრისპირები, ძირითადად, ნგრევის ფენაშია დადასტურებული. დ. მუსხელიშვილის განმარტებით, ხოვლეგორაზე ნგრევის ფენაში (II ჰორიზონტი – ძვ.წ. მე-5 საუკუნე) დადასტურებული ისრისპირების უმრავლესობა ტიპოლოგიურად უცნობია თავად „სკვითური“ სამყაროსთვის (მუსხელიშვილი 1978:97, ტაბ. LXII). ტიპიური „სკვითური“ ისრისპირები აღმოჩენილია უფრო ადრეულ ფენაში (III ჰორიზონტი, ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნეების მიჯნა) (იქვე:75-77, ტაბ.LXII), მაგრამ ამ ფენაში ნგრევის კვალი არ ჩანს. ნგრევის ფენაში დადასტურებული ისრისპირების ტიპოლოგიური გაურკვევლობის გამო, ავტორისთვის რთულია ხოვლეგორის კატასტროფის მოქმედთა დადგენა (იქვე:96). კ. ფიცხელაურს მიაჩნია, რომ მის მიერ შესწავლილი ძეგლები ინგრევა სკვითების მიერ, თუმცა იქვე არ გამორიცხავს სკვითური ისრისპირებით აღჭურვილ მეომრებს (ფიცხელაური 1965:109; 1973:48).

სკვითური კულტურის განმსაზღვრელი ნივთებიდან ისრისპირების გარდა, თრელიგორების ნასახლარზე (თბილისი), ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნეებით დათარიღებულ ფენაში (ნაგებობა №53) აღმოჩნდა სატევრის ქარქაშის არაერთი თვალსაზრისით ინფორმატიული ძვლის ბუნიკი. ამავე, თრელიგორების ნასახლარზე ერთ-ერთ ოთახში (ნაგებობა №17) აღმოჩენილია ვერძისა და ფრინველის ფორმის ზოომორფული ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც სამოსახლო ბორცვების ძირში განლაგებული თრელის სამაროვნის №16 და №24 სამარხებიდან მომდინარე ჭურჭლების ანალოგიურია. ეს ორი ყორღანული სამარხი გენეტიკურად უკავშირდება, ერთი მხრივ, ადგილობრივ, სამთავრულ კულტურას (კერამიკა) (Abramishvili 1995:ნახ.121-11,22-24); მეორე მხრივ, ე.წ. სკვითურ კულტურას: სამარხის კონსტრუქცია, დაკრძალვის რიტუალი9 – ძელებით ნაგები და გადამწვარი დასაკრძალავი დარბაზები, მიცვალებულის დაწვა, ეტლში შებმული ცხენების აკაზმულობა (იქვე:ნახ.5); ცხენის აკაზმულობის ცალბოლომოხრილი საყბეური (იქვე:ნახ.56) და, მესამე მხრივ, წინა აზიას: ცხენის საკისრე რკალები (იქვე:ნახ.6), ცხენის საშუბლე (იქვე:ნახ.45), ზოომორფული ჭურჭელი (იქვე:ნახ.11), აგალმატოლიტის ფიალა (იქვე:ნახ.161). ორივე ძეგლის თარიღი ძვ. წ. მე-8 საუკუნის ბოლოთი და მე-7 საუკუნის პირველი ნახევრით განისაზღვრა (Abramishvili 1995:37). სამარხის კონსტრუქციით, დაკრძალვის წესით და აქ აღმოჩენილი მასალის ერთი ნაწილით კი თრელის ყორღანები უცხო ეთნიკური ჯგუფის შემოსვლას, კერძოდ, თრაკო-კიმერიულ-სკვითურ ტომებს დაუკავშირდა (იქვე:30-38) – ე.წ. სკვითური კულტურის წრეს მისი ფართო მნიშვნელობით, სადაც მოიაზრება ყველა ის ტომი, რომელიც არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ კულტურის წრეს განეკუთვნება.

თრელის №16 და №24 სამარხებში არ არის აღმოჩენილი სკვითური კულტურის განმსაზღვრელი არცერთი ნივთი. ამიტომ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ძეგლების კულტურული კუთვნილების საკითხი სადისკუსიოდ რჩება (Иванчик 2001:188-189). თრელის ყორღანების მფლობელთა კავშირს ერთი მხრივ, წინა აზიასთან და, მეორე მხრივ, ე.წ. სკვითური კულტურის წრის ნომადებთან ყველაზე ნათლად თვალი ედევნება №16 სამარხის მცირე პლასტიკით. ასეთია: ანტროპომორფული სკულპტურა ჭვირულ სადგარზე (Abramishvili 1995:ნახ.1), შტანდარტები ცხენის თავის სკულპტურული გამოსახულებით (იქვე:ნახ.26-11), ლაგმები სკულპტურული დეკორით მორთული საყბეურებით (იქვე:ნახ.54, 5, 11-15). ეს ნივთები მხატვრული თვალთახედვით შეისწავლა ნ. გომელაურმა, რომელმაც თვალი გაადევნა თრელის მცირე პლასტიკის კავშირებს წინა აზიის ირანულ სამყაროსთან და ნომადურ კულტურაში გავრცელებულ თრელის სინქრონულ და მისი მომდევნო პერიოდის ძეგლებთან, რომელთა არეალი ვრცელ ტერიტორიას მოიცავს – აღმოსავლეთ ევროპიდან შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით (Gomelauri 2009:41-42 ). ამ კავშირების საფუძველზე ის ფიქრობს, რომ სამხრეთ კავკასიასა და ირანს შორის არსებულ კონტაქტებში მედიატორის როლი ირანულენოვან ტომებს უნდა შეესრულებინათ და თრელის ნივთთა დამკვეთნი და ახალი მხატვრული გემოვნების გამტარებელნიც ამ ტომთა წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ (იქვე). ნ. გომელაურის დასკვნით, თრელის ნაკეთობათა ადგილზე დამზადებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნომადების მიერ წინა აზიაში, კერძოდ, ლურისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ირანში ათვისებული ფორმები, საქართველოს ტერიტორიაზე ახალ მხატვრულ თვისებებს იძენს. ავტორი ასაბუთებს, რომ ეს ფორმალური ცვლილებები უკავშირდება ძვ.წ. II ათასწლეულის მესამე მეოთხედში ცენტრალური სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული არქეოლოგიური კულტურის ტრადიციას, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება ანატოლიიდან მომდინარე ნაკადებს (Gomelauri 2008:ტაბ.VII; 2009:42). მცირე პლასტიკის მაგალითზე, ნ. გომელაური, საქართველოს წინა აზიასთან ურთიერთობის ორ ტალღას ხედავს – ერთი უკავშირდება ანატოლიას (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანები), მეორე – ირანს (ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე მეოთხედი). ეს უკანასკნელი თრელის №16 სამარხის მცირე პლასტიკით არის წარმოდგენილი (Gomelauri 2008:42), თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ირანული სამყაროდან შემოსულ ამ მხატვრულ ნაკადს თბილისს გარეთ აღმოჩენილ მასალებში თვალი არ ედევნება და საქართველოს ტერიტორიაზე მათი არსებობა №16 სამარხის სახით, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს (იქვე).

თრელის მასალისა და მისი ევრაზიული პარალელების ქრონოლოგიური ურთიერთმიმართება ნ. გომელაურის მიხედვით, შემდეგ სურათს ქმნის: თრელის №16 სამარხზე ადრეული და მისი თანადროული არის ძეგლები, რომლებიც თრელის ნაკეთობებში ასახული მხატვრული ნაკადის მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენს: ლურისტანი, ჩრდილო-დასავლეთ ირანი – ზივიე, მარლიკი, თეფე-სიალკის B ნეკროპოლი, ჰასანლუ (ზოგადად, ძვ.წ. მე-9 – მე-7 საუკუნეები) (Gomelauri 2009:41). თრელის სინქრონულია და ძვ.წ. მე-8 – მე-7 საუკუნეებით თარიღდება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ე.წ. ბერძნულ-მაკედონური და აღმოსავლეთ ევროპაში ე.წ. თრაკო-კიმერიული ბრინჯაო (იქვე). საკუთრივ სკვითური ძეგლები კი თრელის მომდევნო ხანას, ზოგადად, ძვ.წ. მე-7 – მე-4 საუკუნეებს განეკუთვნება (იქვე). ამ მასალების შეჯერებით, ავტორი ასკვნის, რომ თრელის მცირე პლასტიკით და მისი პარალელების განხილვით შესაძლებელია თვალი გაედევნოს როგორც წინა აზიასთან საქართველოს კულტურულ კავშირებს ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე მეოთხედში, ისე ადრეული ნომადების და მოგვიანებით სკვითური ხელოვნების ფორმირების ადრეულ ეტაპებს (იქვე).

თრელის №16 სამარხის მცირე პლასტიკის მსგავსად სამხრეთიდან მოსულ უცხო ეთნიკურ ელემენტს უკავშირდება თრელის ნასახლარიდან მომდინარე და ქრონოლოგიურად აღნიშნული სამარხების მომდევნო პერიოდით დათარიღებული ძვლის ბუნიკი, რომლის ორივე მხარე დაფარულია კატისებური მტაცებელი ცხოველის მოტივებზე აგებული სიუჟეტით. ნივთი შეისწავლა მ. ფირცხალავამ. მისი დასკვნით, თრელის ბუნიკი არის ადრესკვითური მანერით შესრულებული ტიპიური სკვითური ელემენტების ნაკრები, რომელიც ამ შეთავსებით არსად არ გვხვდება. ბუნიკზე წარმოდგენილი კატისებური მტაცებლების პოზისა და კომპოზიციის შეთანხმება კი ფართოდ არის გავრცელებული ლურისტანის ხელოვნებაში (Пирцхалава 2016:212-213). მისივე დასკვნით, თრელის ბუნიკი არის ერთ-ერთი უადრესი ნივთი ამ კატეგორიის ძეგლებს შორის და წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს სკვითური ცხოველსახოვანი სტილის ფორმირებისა და ევოლუციის პროცესში (იქვე).

თრელის მცირე პლასტიკა და თრელიგორების ბუნიკი იმის დამადასტურებელია, რომ ე.წ. სკვითური კულტურის განმსაზღვრელი ელემენტების ერთი ჯგუფი წინა აზიაში ყალიბდება და რომ სამხრეთ კავკასია, და კერძოდ, საქართველო ის რეგიონია, სადაც აგრეთვე მიმდინარეობდა ეს პროცესი10.

რაც შეეხება თრელის №16 და №24 სამარხების თარიღს (ძვ.წ. მე-8 საუკუნის ბოლო – მე-7 საუკუნის პირველი ნახევარი), ორივე სამარხი სკვითური არქაიკის შემცველი ძეგლების ქრონოლოგიური ჯგუფის (ძვ.წ. მე-7 საუკუნის მეორე ნახევარი – მე-6 საუკუნე) წინამორბედია. თუ სკვითური არქაიკის დაძველებას გავყვებით, რომლის მიხედვითაც სამთავროს №106 სამარხი ძვ.წ. მე-8 საუკუნის მეორე ნახევრით და მე-7 საუკუნის დასაწყისით დათარიღებული ძეგლების ჯგუფში მოექცა (Kossak 1987:43-75), მაშინ თრელის სამარხები გ. კოსაკის მიერ სამთავროს №106 სამარხისა და მისი სინქრონული ძეგლებისთვის მიღებული თარიღის წინამორბედ ქრონოლოგიურ ჯგუფში გადაინაცვლებს.

სკვითური არქაიკის დაძველების ტენდენციას მოჰყვა სამხრეთ კავკასიის არაერთი ძეგლის გადათარიღება. ეყრდნობა რა, აღმოსავლურ-ბერძნული კერამიკის ექსპერტებს (რ. კუკი და პ. დიუპონი), სკვითური არქაიკის დაძველების ტენდენციაში მცდარ საფუძველს ხედავს მ. ფირცხალავა, როცა გადათარიღების ეტალონად ქცეული რეპიახოვატაია მოგილას მილეთური ამფორა არასწორად მიაკუთვნეს ძვ.წ. მე-7 საუკუნეს, ნაცვლად მე-6 საუკუნისა (ფირცხალავა 2001:77-79). ფართო სპექტრის პარალელური მასალის განხილვით, მ. ფირცხალავა მიდის იმ დასკვნამდე, რომ კავკასიის მასალაში არ იძებნება ნიშნები, რომლებიც საქართველოს სკვითურინვენტარიანი არქეოლოგიური კომპლექსების ქრონოლოგიურ გადაჯგუფებას მოახდენს (იქვე:81).

თრელის ყორღანებს (№16 და №24) და მათ სინქრონულ თრელიგორების №17 ნაგებობას ქრონოლოგიურად მოსდევს ზემოთ ხსენებული ძვლის ბუნიკის შემცველი ნაგებობა (№53) და მისი სინქრონული სკვითურინვენტარიანი კომპლექსები (თრელის №№196, 198, 221, 222 სამარხები – ძვ.წ. მე-7 საუკუნის მეორე ნახევარი – მე-6 საუკუნე. ბოლო სამი სამარხი მრავალფენიანია) (აბრამიშვილი 2008)11. ამათგან №196 სამარხში აღმოჩნდა ადამიანის სამი თავის ქალა, ორი ქვედა ყბა, ბრინჯაოს: ოთხი ე.წ. სკვითური ტიპის ისრისპირი, ნემსი, საკინძი, ბეჭედი; რკინის შუბისპირი; თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა.

№198 სამარხში აღმოჩნდა ადამიანის სამი თავის ქალა, თავის ქალის კეფის ფრაგმენტები, ცხენის ორი თავის ქალა, ადამიანისა და ცხენის ჩონჩხის ფრაგმენტები, ბრინჯაოს: 11 ე.წ. სკვითური ტიპის ისრისპირი, საკინძი და ბეჭედი; რკინის: მოხრილი დანა, ხელშუბი; თიხის ჭურჭელი და სხვა.

№221-ში აღმოჩნდა ადამიანის ოთხი თავის ქალა, ადამიანის თავის ქალის კეფის ფრაგმენტები, ადამიანის ქვედა კიდურების საგანგებოდ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ორი ძვალი; ბრინჯაოს: ე.წ. სკვითური ტიპის 11 ისრისპირი, ბეჭდები და სამაჯურები; ძვლის ორი შესაკრავი (კაპარჭის); რკინის: ცულის ფრაგმენტირებული ნაშთი, მოხრილი დანა ძვლის ორნამენტირებული ტარით, ხელშუბი; რიყის სალესი ქვა; თიხის ჭურჭელი და სხვა12.

მიცვალებულის დაკრძალვა დადასტურდა მხოლოდ №222 სამარხში, რომლის I ფენაში, №221 სამარხის მსგავსად, აღმოჩნდა ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ადამიანის ქვედა კიდურის ორი ძვალი. II ფენაში აღმოჩნდა ადამიანის თავის ქალის (კეფის) ფრაგმენტი და კიდურის ძვალი, III ფენაში – ადამიანის ხერხემალი, თავის ქალა, ყბის ფრაგმენტი და ზედა კიდურის ფალანგის ძვლები. ძირითადი მიცვალებული დაკრძალული იყო IV ფენაში, მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილ მდგომარეობაში. სამარხში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა კაპარჭის ტყავის ნაშთზე ორ მწკრივად დალაგებული ბრინჯაოს ე.წ. სკვითური ტიპის 14 ისრისპირი, ასევე ბრინჯაოს: სამკლაური, საკინძები და ბეჭდები; რკინის: შუბისპირი, სატევარი, ორი ყუნწიანი დანა; რიყის სალესი ქვა; თიხის ექვსი ჭურჭელი და სხვა.

მაშასადამე, თრელის სამაროვანზე გვაქვს ადგილობრივი, სამთავრული, კულტურის დაკრძალვის წესის განსხვავებული რიტუალის ამსახველი ძეგლების ორი ჯგუფი: ერთი, ეს არის №16 და №24 ყორღანები და ამ ძეგლების აღაპის ნაშთად მიჩნეული სამარხები №№ 19,23,169-170,172-192 (Abramishvili 1995:30), რომლებშიც დაკრძალვა შესრულებულია ადამიანისა და ცხენების მსხვერპლშეწირვით და რომელთაგან არცერთში არ არის ე.წ. სკვითური კულტურის განმსაზღვრელი არცერთი ნივთი და მეორე – იმავე რიტუალით შესრულებული (ადამიანის და ცხენების მსხვერპლშეწირვა), მაგრამ უკვე სკვითური სპეციფიკის განმსაზღვრელი ნივთების შემცველი სამარხები (№№ 196,198,221,222). ეს ორი ჯგუფი ამსახველია საქართველოს ტერიტორიაზე ნომადური კულტურის მატარებელი ჯგუფების შემოსვლის სხვადასხვა ეტაპისა, რომელიც, ზოგადად, ძვ.წ. მე-8-მე-6 საუკუნეების ფარგლებში ექცევა. ამ მოვლენასთან დაკავშირებული ძეგლებიდან, თრელის №16 და №24 სამარხები, რომელთა მფლობელნიც უკვე ნამყოფნი არიან წინა აზიაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოსული ნომადების ყველაზე ადრეული, წინარესკვითური პერიოდის კვალია და ისინი ვერ იქნება იმ კულტურის ამსახველი, რომელიც ჩამოყალიბებული სახით მხოლოდ ძვ.წ. მე-7 საუკუნის მეორე ნახევრიდან დასტურდება და რომლის ფორმირებაც ხდება როგორც თრაკო-კიმერიული, ისე სკვითურ-სარმატული ტომების მიერ სხვა, არასკვითურ, მოსახლეობასთან ერთად (შდრ. Дьяконов 1956:228; Amandry1965:160).

თრელიგორების სამოსახლოზე ძვ.წ. მე-6 საუკუნეში, ხანძრისა და ნგრევის შედეგად, სიცოცხლე წყდება (თრელიგორების ნასახლარზე ე.წ. სკვითური ტიპის სამი ისრისპირი ერთ-ერთი ნაგებობის კედლის ნაშთზე გარედან იყო ჩამჯდარი). დროის აღნიშნულ მონაკვეთში არსებული ისტორიული ვითარების გათვალისწინებით, ძეგლის განადგურების მიზეზი მისი სტრატეგიული მნიშვნელობით შეიძლება აიხსნას. მცხეთასა და თბილისს შორის, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ, დიღმის ველის ბუნებრივ ბორცვებზე განლაგებული თრელიგორების დასახლების მფლობელი საზოგადოება დომინანტია – ის აკონტროლებდა მტკვრის ხეობაზე გამავალ მაგისტრალურ გზებს. დარიალის ხეობასთან მაკავშირებელი თრელიგორების გამოყენების გარეშე ჩრდილოელი ნომადების გადაადგილება კავკასიონის გადასასვლელებით ფრიად გართულებული იქნებოდა. თუ სარწმუნოდ ჩავთვლით, რომ თრელიგორები, როგორც ფორპოსტი, ნომადურ ტომებს უჭირავთ, ამ სასიმაგრო პუნქტის მორღვევა, შესაძლოა, მიდიის ინტერესებში შედიოდა.

თრელიგორების ნასახლარიდან ჩრდილოეთის მიმართულებით – მცხეთისკენ, დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით მდებარე ნაქულბაქევის სამაროვანზე ასევე დადასტურებულია სკვითურინვენტარიანი სამარხები, რომელთაგან სამ სამარხში (14,22,28)13 დაკრძალვის რიტუალი ცხენების თანადამარხვით არის შესრულებული (აბრამიშვილი 2010). სამივე სამარხში ორიენტაცია განსხვავებულია. ამათგან №14 სამარხში დამჯდარ მდგომარეობაში დაკრძალულ მიცვალებულს თან ახლდა ერთმანეთის პირისპირ განლაგებული ორი ცხენის სრული ჩონჩხი თავით აღმოსავლეთისკენ (სურათი 1). სამარხში აღმოჩნდა რკინის: აკინაკი თირკმლისებური ვადით (შემორჩენილი აქვს ქარქაშის ნაწილი- 9 სმ. სიგრძის ძვლის სადა ბუნიკი), 2 დანა (ორივე იდო აკინაკის ქვეშ), საბრძოლო ცული (ცალ მხარეს პირწამახული, მეორე მხარე კონუსური ფორმით სრულდება), შუბისპირი, ხელშუბი, 2 ორწილადი ლაგამი – აქედან ერთი ცალბოლომოხრილი საყბეურებით (ძლიერ დაზიანებულიდა დაშლილი); ბრინჯაოს: 32 სკვითური ტიპის ისრისპირი, სადგისი, ცხენის აკაზმულობასთან დაკავშირებული აღვირის თასმების ექვსი გამანაწილებელი; ძვლის: ოთხწახნაგა ისრისპირი, კაპარჭის სამი საკრავი, კაპარჭის ძვლის დეტალი, დამუშავებული ძვალი და ორი ასტრაგალი. ამ სამარხში თიხის ჭურჭლის არცერთი ერთული არ არის. №22 სამარხში აღმოჩნდა ერთი ცხენი, რომელიც დაკრძალული იყო არა გვერდზე, არამედ მუცელზე, მოკეცილი ფეხებით, თავით დასავლეთისკენ (სურათი 2). სკვითურ სამყაროში ცნობილი ცხენის დაკრძალვის ასეთი პოზა14, საქართველოს ტერიტორიაზე ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამარხში გვხვდება(სხვა ასეთივე შემთხვევა ჩემთვის უცნობია). სამარხში მიცვალებულის ჩონჩხი არ დადასტურდა, მაგრამ სამარხის ძლიერი დაზიანების გამო, არ გამოირიცხება, რომ მიცვალებულის ჩონჩხი არ არის შემორჩენილი. სამარხში აღმოჩნდა რკინის: საბრძოლო ცული – ცალ მხარეს პირწამახულია, მეორე პირი გაფართოებულია და ტრაპეციის ფორმა აქვს (ნივთი ძლიერ დაზიანებულია), ორწილადი ლაგამი, წვერაწეული და ყუნწიანი დანა; ბრინჯაოს ე.წ. სკვითური ტიპის 12 ისრისპირი; გრიფონის თავის ძვლის გამოსახულება (მშვილდთან დაკავშირებული?); სარდიონის ორი, მინის ერთი და ბრინჯაოს თხელი ფურცლის ერთი მძივი. № 28 სამარხი დაზიანებულია ადრეშუასაუკუნეების ნაგებობის კედლით, რომელიც ზემოდან გადადიოდა დასაკრძალავი ორმოს ჩრდილოეთ მონაკვეთზე. მიცვალებულის თავის ქალის, მენჯ-ბარძაყის და კიდურის ძვლის ფრაგმენტები არეულია და დაკრძალვის პოზის დადგენა ვერ მოხერხდა – არ არის გამორიცხული მჯდომარე მდგომარეობა. სამარხში დაკრძალულია სამი ცხენი. აქედან ერთი- სამარხის სამხრეთის კედელთან თავით დასავლეთისკენ, ორი – აღმოსავლეთის კედელთან თავით ჩრდილოეთისკენ (სურათი 3). სამარხში აღმოჩნდა თიხის ერთი ჭურჭელი (დოქი), რკინის: ორწილადი ლაგამი, 2 საბრძოლო ცული – ერთი შემორჩენილია ნაწილობრივ (10 სმ.), ბოლოვდება კონუსური თავით. მეორე ერთეულის კონუსური თავის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტის აღება მოხერხდა. ამას გარდა, რკინის ნივთებიდან აღმოჩნდა ხიშტი და ერთი ყუნწიანი ისრისპირი; ბრინჯაოს: სკვითური ტიპის ისრისპირის 33 სრული ერთეული და არაერთი ფრაგმენტი, 11 ფირფიტოვანი ყუნწიანი ისრისპირი და ცხენის აკაზმულობასთან დაკავშირებული გამანაწილებელი; ძვლის: დამუშავებული ორი ფრაგმენტი, რომლებიც ცხენის ჩლიქის გამოსახულებით სრულდება, კაპარჭთან (?) დაკავშირებული დეტალი, მშვილდთან დაკავშირებული რქის ბუნიკი პირზე ვერცხლის სალტით (სიგრძე 6 სმ.); სარდიონის ერთი და გიშრის ორი მძივი. სამარხში ასევე აღმოჩნდა ტახის თავის ქალა.

ნაქულბაქევის სამარხებში ცხენის თანადამარხვა ცხენის სრული ჩონჩხით არის წარმოდგენილი, განსხვავებით თრელის სამაროვნისგან, სადაც როგორც წინარესკვითურ ძეგლებზე (№16, №24 სამარხები და მათთან აღაპის ნაშთის სახით დაკავშირებული №26 სამარხი – ძვ.წ. მე-8 სუკუნის ბოლო მე-7 საუკუნის პირველი ნახევარი), ისე მომდევნო ქრონოლოგიური ჯგუფის სკვითურინვენტარიან სამარხებში (ძვ.წ. მე-7 საუკუნის მეორე ნახევარი – მე-6 საუკუნე) ცხენის მსხვერპლშეწირვის რიტუალი ერთი ან რამდენიმე თავის ქალის და ცალკეული ნაწილების თანადამარხვით არის შესრულებული.

თრელი-ნაქულბაქევი-სამთავრო(თბილისი-მცხეთა) ერთმანეთის მახლობლად, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დარიალის ხეობისკენ მიმავალ გზაზეა განლაგებული. ამ პუნქტებიდან მომდინარე სკვითურინვენტარიანი სამარხები სინქრონულია (ძვ.წ. მე-7 საუკუნის მეორე ნახევარი – მე-6 საუკუნე), თუმცა სამთავროს (მცხეთა) სკვითურინვენტარიანი სამარხების დაკრძალვის რიტუალს არაფერი აკავშირებს არც თრელის და არც ნაქულბაქევის სკვითურინვენტარიანი სამარხების რიტუალთან. სამთავროს სკვითურინვენტარიან სამარხებში მიცვალებული დაკრძალულია ადგილობრივი, სამთავრული კულტურის ტრადიციით. სამთავრული კულტურის მატარებელი საზოგადოებისთვის უცხოა ადამიანის მსხვერპლშეწირვა ან ცხენის თანადამარხვა – მხოლოდ ერთში (№27) აღმოჩნდა ცხენის ქვედა ყბა15. სამთავროს ამ ძეგლებზე ე.წ. სკვითური კულტურის წრის განმსაზღვრელ საბრძოლო იარაღთან ერთად (აკინაკები, ისრისპირები), დადასტურებული ნივთები: აღვირის თასმის ბრინჯაოს გამანაწილებელი, ბრინჯაოს სამკლაური (მეისრის თავდაცვითი ფირფიტა), კაპარჭის ძვლის შესაკრავები, ძვლის ორნამენტირებული ფრაგმენტები, რომლებიც ცხენის ჩლიქის გამოსახულებით ბოლოვდება – არ გვხვდება სამთავრული კულტურის კომპლექსებში. ეს ნივთები ფართოდ არის გავრცელებული ე.წ. სკვითური კულტურის ძეგლებზე. ამ მონაცემების მიხედვით, თუ აქ მართლაც სკვითები არიან დაკრძალულნი, ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში ათქვეფილ, ასიმილირებულ სკვითებს უნდა ეკუთვნოდეთ. აქ უნდა გავიხსენოთ ლეონტი მროველის ცნობა მოსულებისა და დამხვდურების დამეგობრებისა და გაერთიანების შესახებ საერთო მტრის (მიდიელების) წინააღმდეგ (ქც I:125)16.

დაბოლოს, ძვ.წ. მე-7 საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სკვითური კულტურისთვის დამახასიათებელ ნივთებთან ერთად ჩნდება ისეთი ნივთებიც, რომლებიც აქ ჩრდილოეთ კავკასიის გზით უნდა შემოსულიყო, კერძოდ, ქარვის მძივები. ეს ვითარება კი ყოველთვის სკვითური ტომების შემოსევებით არ უნდა აიხსნას. უფრო სამართლიანი იქნება, ვიფიქროთ, რომ ამ სამკაულის სიხშირე ჩრდილოეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას შორის მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი ურთიერთობების შედეგი უნდა ყოფილიყო.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართული წყაროს („ქართლის ცხოვრება“) მონაცემები, კერძოდ, ლეონტი მროველის ცნობები ჩრდილოელი ნომადების მიერ, მათი წინააზიური ლაშქრობების დროს დარიალის უღელტეხილის გამოყენების შესახებ, დასტურდება მატერიალური კულტურის ძეგლებით. დასტურდება ისიც, რომ ამავე წყაროს ცნობით, ჩრდილოელები სამხრეთ კავკასიაში პირველად საქართველოს გვერდის ავლით ხვდებიან და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს რომელი გზით – დარუბანდის უღელტეხილით თუ შავი ზღვის აღმოსავლეთი ან დასავლეთ სანაპიროების გამოყენებით. ასე ჩანს, რომ საქართველოს ნივთიერი მასალის მიხედვით, მათი მოძრაობის ყველაზე ადრეული ეტაპის ამსახველი ძეგლების მფლობელნი (თრელის №16 და №24 სამარხები) უკვე ნამყოფნი არიან წინა აზიაში. სავარაუდოდ, ეს ძეგლები ლეონტი მროველთან ხსენებული, ქართლში მოსული ნომადების პირველი ტალღის (ხაზარების) მატერიალური ასახვა უნდა იყოს. წყაროს მიხედვით, ჩრდილოეთიდან მოსული ხაზარები სამხრეთ კავკასიის და, კერძოდ, ქართლის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან მიდიაში ფრაორტესის გამეფებამდე. ფრაორტესის გამეფების თარიღად ძვ.წ. მე-7 საუკუნის 40-იანი, ძირითადად კი 70-იანი წლები ივარაუდება (647 წელი ან 674/678 წელი). ამ ქრონოლოგიურ ფარგლებში ექცევა თრელის ხსენებული სამარხები (ძვ.წ. მე-8 საუკუნის ბოლო – მე-7 საუკუნის პირველი ნახევარი), რომელთა კავშირს სამხრეთიდან მოსულ ნომადებთან ისიც ადასტურებს, რომ თრელის №16 სამარხის მცირე პლასტიკა საკუთრივ საქართველოს არქეოლოგიურ მასალებს შორის მხოლოდ ამ ძეგლზე არის წარმოდგენილი გამონაკლისის სახით და პარალელების ფართო წრეს პოულობს მის გარეთ – როგორც ირანულ სამყაროსთან, ისე აღმოსავლეთ ევროპიდან შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით გავრცელებულ ნომადური კულტურის ძეგლებთან (Gomelauri 2008; 2009).

წინა აზიიდან დევნილი სკვითების, როგორც უკვე თავშესაფრის მაძიებელი ჯგუფის, ქართლში მოსვლის შესახებ ლეონტი მროველის ინფორმაციის მატერიალურ გამოვლენას უნდა წარმოადგენდეს სამთავროს სამარხები სკვითური ინვენტარიით და ადგილობრივი, სამთავრული კულტურის ტრადიციით შესრულებული დაკრძალვის წესით, რაც თავის მხრივ, მოსულთა ასიმილაციის მანიშნებელი უნდა იყოს.

ქართულ წერილობით წყაროში ამ ორ ტალღას შორის („ხაზარები“, „თურქები“) არსებულ ქრონოლოგიურ წყვეტილს, რაც წერილობითი ცნობების სიმწირით აიხსნება, ავსებს თრელის №16 და №24 სამარხების მომდევნო ქრონოლოგიური ჯგუფის, სკვითური ინვენტარის შემცველი ძეგლები ცხენების თანადამარხვითა და ადამიანის მსხვერპლშეწირვით (თრელის და ნაქულბაქევის სამარხები – ძვ.წ. მე-7 საუკუნის მეორე ნახევარი – მე-6 საუკუნე). ამ ძეგლების სინქრონულია თრელის ნასახლარიდან მომდინარე ე.წ. სკვითური კულტურისთვის დამახასიათებელი ძვლის ბუნიკი, რომლის ადრესკვითური მანერით შესრულებული სიუჟეტიც ასევე სამხრეთიდან მომდინარე ტალღას უკავშირდება და რომელიც ამ კატეგორიის ძეგლებს შორის ერთ-ერთი უადრესი ნივთია (Pirtskhalava 2016). აღნიშნული ქრონოლოგიური ჯგუფის ფარგლებში, ყველა ეს ძეგლი სამთავროს სკვითურინვენტარიან სამარხებს რამდენადმე წინ უნდა უსწრებდეს.

შესაბამისად, მცხეთა-თბილისის არქეოლოგიური მონაცემებით (თრელი, ნაქულბაქევი, სამთავრო) თვალი ედევნება საქართველოს ტერიტორიაზე, ძვ.წ. მე-8 – მე-6 საუკუნეებში, ნომადური კულტურის მატარებელი ხალხების გადაადგილებას ქრონოლოგიური წყვეტილის გარეშე. თრელის მცირე პლასტიკა და თრელიგორების ბუნიკი კი იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. სკვითური კულტურის განმსაზღვრელი ნივთების ერთი ჯგუფის ადრეული ფორმები წინა აზიას უკავშირდება და მათი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არის სამხრეთ კავკასია, და კერძოდ, საქართველო.

_________________________სურათი 1. ნაქულბაქევი, სამარხი 14 (აბრამიშვილი 2010)

_________________________სურათი 2. ნაქულბაქევი, სამარხი 22 (აბრამიშვილი 2010)

_________________________სურათი 3. ნაქულბაქევი, სამარხი 28 (აბრამიშვილი 2010)

შენიშვნები


1. აღნიშნული თვალსაზრისი ეკუთვნის ი. კლაპროტს, რომელიც მითითებულია ნაშრომებში (Меликишвили1959:35; Ковалевская 1975:62).

2. როსტოვცევის მიერ გამოთქმული ეს თვალსაზრისი გაზიარებულია მკვლევართა მიერ.

3. ლეონტი მროველი ეყრდნობა მასზე ადრეულ არაერთ წყაროს. ამის შესახებ იხ. (Меликишвили 1959:35-37; ანდრონიკაშვილი 1966:499,505,507,543; Ковалевская1975:63, 66, 72-73).

4. ბერძნული წყაროს (სტრაბონი „გეოგრაფია“) რუსულ თარგმანში, სახელი „Κώβου“ გადასულია, როგორც “Коб” (Страбон. Геграфия, перевод Г. А. Стратановского), ინგლისურ თარგმანში – „Cobus” (The Geography of Strabo, with an English translation by Horace Leonard Jones).

5. მადლობას ვუხდი მარინე ფირცხალავას, რომელმაც გამაცნო მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.

6. ზოგ შემთხვევაში ფრაორტესის მეფობის ზედა ქრონოლოგიურ თარიღად მითითებულია ძვ.წ. 653 წელი.

7. გ. მელიქიშვილის მიხედვით, ლეონტი მროველთან მოხსენიებული რიგი ეთნონიმებისა და მოვლენების წყაროს წარმოადგენს ირანული ეპოსი (Меликишвили 1959:35-36).

8. აქ ვახდენ არა დეიოკესისა და ქეკაპოსის იდენტიფიცირებას, არამედ ხაზგასმას იმისა, რომ წყაროს მიხედვით ქართლის ტერიტორიაზე ხაზარების და მიდიის ტერიტორიაზე თურქების გამოჩენა ფრაორტეს-ფარაბოროტის წინამორბედს ან წინამორბედებს უკავშირდება.

9. თრელის №16 და №24 ყორღანების ანალოგიური კონსტრუქციისა და დაკრძალვის წესის შესახებ სამხრეთ რუსეთის სტეპებში იხ. (Погребова 1977:131-136, Abramishvili 1995:32).

10. ე.წ. სკვითური კულტურის ელემენტების სამხრეთში ფორმირებასა და მათი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მოძრაობას დამაჯერებლად ასაბუთებენ მ. არტამონოვი და ვ. ლუკონინი (Артамонов 1974:37-55; Луконин 1977:8-36).

11. ძეგლი მზადდება გამოსაცემად. თრელის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლი გათხრილია ახალმშენებლობის ფართობზე.

12. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, იქვე, ამ კომპლექსის მახლობლად აღმოჩენილი ცხენის თავის ქალა განეკუთვნებოდა თუ არა ამავე სამარხს. ძეგლი მზადდება გამოსაცემად.

13. დაკრძალვის ამ რიტუალის შესახებ იხ. – ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (Дараган, Полин 2022:ნახ.1-6, 8-10), ჩრდილოეთ კავკასიაში (Эрлих, Вальчак, Маслов 2010:სურ. 3-5).

14. სამთავროს სამაროვანზე სკვითური ნივთების შემცველი ყველა სამარხი გათხრილია ჩრდილოეთ უბანზე: № 20-1938 წელი; №№ 27 ,50, 71, 99, 104, 106-1939 წელი; №№194, 196, 212 – 1940 წ; №№ 291, 293 – 1947წელი; №№ 295, 319 – 1948 წელი. და ბაიერნისეული №592 სამარხი. ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელ სხვა ნივთებთან ერთად ე.წ. სკვითური კულტურის წრის განმსაზღვრელი ნივთები აღმოჩნდა: №20 სამარხში – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი; №27 სამარხში – აკინაკი (რკინა), ბრინჯაოს 20 ისრისპირი, ძვლის ბუნიკი; №50 სამარხში – აკინაკი (რკინა), კაპარჭის ორი ცალი ძვლის შესაკრავი; №71 სამარხში – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი; №99 სამარხში – აკინაკი (რკინა) და აღვირის თასმის ბრინჯაოს გამანაწილებელი; №104 სამარხში – ბრინჯაოს ორი ისრისპირი, სამკლაური; №106 სამარხში – ბრინჯაოს ექვსი ისრისპირი, ძვლის ორნამენტირებული რვა ნატეხი, რომელთაგან ორი ცხენის ჩლიქის დაბოლოებით სრულდება, კაპარჭის ორი ცალი ძვლის შესაკრავი; №194 სამარხში-ბრინჯაოს ორი ისრისპირი; №196 სამარხში – რკინის საბრძოლო ცული კონუსისებური თავით; №212 სამარხში -აკინაკი (რკინა); №291 სამარხში – აკინაკი (რკინა), კაპარჭის რვა ცალი ძვლის შესაკრავი; №293 სამარხში – ოთხი ისრისპირი, (აქედან ერთი რკინის, დანარჩენი ბრინჯაო); №295 სამარხში – აკინაკი (რკინა), კაპარჭის ძვლის შესაკრავები; №319 სამარხში – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი; №592 სამარხი (ბაიერნისეული) – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი.

15. კიმერიელებისა და სკვითების წინააზიური ლაშქრობების დროს, ამ ხალხებსა და სამხრეთ კავკასიის ადგილობრივ მოსახლეობას შორის პოლიტიკურ ალიანსს ვარაუდობს გ. მელიქიშვილი (Меликишвили 1959:224-225). სამთავროსა და თრელის მასალებზე დაყრდნობით, ასეთივე ურთიერთობას ვარაუდობს რ. აბრამიშვილი, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსულებსა და ადგილობრივებს შორის (Abramishvili 1995:38).

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

წყაროები:


ქართლის ცხოვრება , 1955, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვითს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ.I, თბილისი: სახელგამი.

Страбон „Геграфия“ ,1954, перевод Г. А. Стратановского. Под общей редакцией С. Л. Утченко. Редактор перевода О.О. Крюгер, Лениград: Наука.

ჰეროდოტე, „ისტორია“, 1975 , თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი, რადაქტორი ბ. ბრეგვაძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცელობა, თბილისი.

Strabo (1917-1932) , The geography of Strabo. London: New York: W. Heinemann; G.P. Putnam’s Sons.

ლიტერატურა:


აბრამიშვილი, რ. 1957 , “სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოსა და რკინის ფართო ათვისების ხანის ძეგლების დათარიღებისთვის”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XIXA-XXIB:115-139. Google Scholar

აბრამიშვილი, მ. 2008 , 2008 წელს დიღმის ველზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა – ძიების ანგარიში“. საქართველოსკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

აბრამიშვილი, მ. 2010 , 2009-2010 წწ. დიღმის ველზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა – ძიების ანგარიში. საქართველოსკულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ალასანია, გ. 2008 , ქართველები და ისლამამდელი თურქები, თბილისი: საქართველოს მაცნე.

ალასანია, გ. 2000 , “ქართული წერილობითი წყაროების ბუნთურქები (საკითხის ისტორიოგრაფია)”, ქართული წყაროთმცოდნეობა, IX:19-29.

ანდრონიკაშვილი, მ. 1966 , ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან, ტ. I, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

მუსხელიშვილი, დ. 1978 , ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, თბილისი: მეცნიერება.

ფირცხალავა, მ. 2001 , “საქართველოს ე.წ. სკვითურინვენტარიანი არქეოლოგიური კომპლექსების დათარიღების საკითხისათვის”, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალი, დამატებანი , IV:77- 86.

ფირცხალავა, მ. 1989 , „კიმერიულ – სკვითური კულტურის გავლენის ხასიათი დასავლეთ ამიერკავკასიაში“, გამოუქვეყნებელი სტატია.

ფიცხელაური, კ. 1965 , იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბილისი: მეცნიერება.

ფიცხელაური, კ. 1973 , აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები, თბილისი: მეცნიერება.

ქავთარია, გ. 1999 , ფარნავაზი, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჯავახიშვილი, ივ. 1950 , ქართველი ერის ისტორიის შესავალი, ნაწილი პირველი. საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბილისი: საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

Артамонов, М.И.1974 , Киммерийцы и Скифы, Ленинград: Издательство Ленинградского университета.

Дьяконов, И. М.1956 , История Мидии, Москва: Издательство Академии наук.

Дьяконов,М. М.1961 , Очерки Истории Древнего Ирана, Москва: Восточная литература.

Дараган, М.Н., Полин С.В. 2022 , „Сопровождающие захоронения коней во входных ямах катакомб и подбоев степной скифии второй половины 5-4 вв. До н.э.,“Археология Евразийских Степей,6:.42-85.

Иванчик, А. И.2001 , “Киммерийцы и Скифы”, Степные Народы Евразии, Т. II. Под редакцией А. Иванчика и Г. Парцингера, Москва: Палеограф.

Ковалевская, В. Б.1975. , “Скифы, Мидия, Иран во взаимоотношениях с Закавказьем по данным Леонти Мровели”, Мацне, Серия истрии, археодогии, этнографии и истории искусства,3:62-73.

Ковалевская, В. Б. 1985 , „Роль скифов в этногенезе местных северокавказских племён“, Мацне, Серия истрии, археодогии, этнографии и истории искусства, 3:45-59.

Луконин, В.Г. 1977 , “Искусство Древнего Ирана”, Москва: Искусство

Меликишвили, Г.А.1959 , “К истории древней Грузии”, Тбилиси: Академия наук Грузинской ССР.

Манандян, Я.А. 1944 , О некоторых проблемах истории древней Армении и Закавказья, Ереван:Издательство Ереванского Университета.

Медведская, И. Н. 2004 , “Дейок, Фраорт и Хронология Мидийской Династии”, Вестник Древней Истории, 2:94-100

Погребова, М. Н. 1977 , Иран и Закавказье в раннем железном веке, Москва: Наука.

Пирцхалава, М.С. 2016 , “Бутероль из погребения Трелигореби”, Кавказ и степь на рубеже эпохи поздней бронзы и раннего железа, А.С. Балахванцев, С.В. Кулланда (Редактор). Материалы международной научной конференции, посвященной памяти Марии Николаевны Погребовой. Москва:Институт востоковедения РАН.

Ростовцев М. 1918 , “Эллинство и Иранство на юге России”, Петроград

Эрлих, В.Р., Вальчак С.Б. , Маслов В.Е. 2010.’’Протомеотские погребения из кургана 2 могильника Уашхиту I“, Проблемы охраны и изучения памятников археологии степной зоны Восточной Европы, Луганск: Глобус.

Abramishvili, R. 1995. , “Neue Angaben über die Existenz des thrako-kimmerischen ethnischen Elements und des sog. Skythischen Reiches im Osten Transkaukasiens”, Archäologischer Anzeiger (Heft 1), 23–39. Berlin.

Abramishvili, R. 1997. , “Cronological ordering at archaeological finds of Transcaucasia”, Bulletin of Tbilisi Archeological museum, N1.

Amandry P. 1965 , ’’Un Motif “Scythe” en Iran et en Greece“. Journal of Near Eastern Studies, XXIV (3):65-66.

Gomelauri, N. 2008 , “The Cultural Attribution of the Barrow 1 at Tsitelgorebi”, in Abramishvili, M. and Sagona, A. Archaeology in Southern Caucasus: Perspectives from Georgia. Ancient Near Eastern Studies, Supplement 19: 365-378, Leuven-Paris-Dudley:Peeters.

Gomelauri, N. 2009. , “Georgia and Eurasia in the 2 nd and 1st Millennia BC, Evidence of Bronze Plastics”, in Skinner, D. and Tumanishvili, D. Georgian Art in the Context of European and Asian Cultures, Vakhtang Beridze 1st International Symposium of Georgian Culture, Tbilisi, pp. 39-43.

Kossak, G. 1987. , “Vonden Anfangend es skytho-iranischen Tierstils, Skythika“ in Byer, A.D. (ed.), Bayerische Akademie der Wissenschaften, Philosophisch-istorische Klasse. Heft 98. München, pp.24–86.

Maisuradze, B. & Pirtskhalava M. 2004. , “The so-called Scythian Presence in Georgia”. Ancient Near Eastern Studies, 41:192 – 217.