ჭურჭლის ერთი ჯგუფი თრელის სამაროვნიდან (ძვ.წ. მე-11 – მე-6 საუკუნეები)
ნინო ახვლედიანი, ირინე სულთანიშვილისაქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი XI (57-B), გვ. 1-17
გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2024 წელი
საკვანძო სიტყვები: თრელი, კერამიკა, საქართველო ადრერკინის ხანა
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე, თრელის სამაროვანზე, აღმოჩენილი და ძვ.წ. მე-11 – მე-6 საუკუნეებით დათარიღებული ჭურჭლის ერთი ჯგუფი. კერამიკული მასალის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სამთავრული არქეოლოგიური კულტურისთვის დამახასიათებელ თიხის ჭურჭელს, რომელზეც რიგ შემთხვევებში ისახება წინა აზიიდან მომდინარე კულტურული ნაკადების გავლენები. გვხვდება ასევე იმპორტი (აგალმატოლიტის ფიალა) და ადგილზე დამზადებული, მაგრამ ადგილობრივი კულტურისთვის სრულიად უცხო ფორმები (ზოომორფული ჭურჭელი).
* * *
თრელის სამაროვანზე1 აღმოჩენილი ინვენტარის ძირითად ნაწილს თიხის ჭურჭელი წარმოადგენს. გამონაკლისის სახით გვხვდება ქვის ჭურჭელი – აგალმატოლიტის ფიალა №16 სამარხიდან.
თიხის ჭურჭელი, როგორც წესი, დამზადებულია ჩარხზე წვრილმინარევებიანი თიხისგან, გამომწვარია მოშავო-მონაცრისფროდ და მონაცრისფრო-მორუხოდ, ზედაპირი გაპრიალებული ან მოგლუვებულია. გვხვდება ხაოიანზედაპირიანი ჭურჭელიც. კერამიკული ნაწარმი უმეტესად შემკულია გეომეტრიული სახეებით. ორნამენტი დატანილია ამოღარვის, ჭდევის და გაპრიალების საშუალებით. დანიშნულების და ფორმის მიხედვით ჭურჭელი მრავალგვარია. ქვემოთ, განვიხილავთ რამდენიმე სახეობას.
დოქები და ხელადები
თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-11 – მე-6 საუკუნეებით დათარიღებულ სამარხებში აღმოჩენილი დოქები და ხელადები განსხვავდება წინამორბედი, ძვ.წ. მე-13 – მე-12 საუკუნეებით დათარიღებული ამავე სახეობის ჭურჭლისგან2, რომელიც ძირითადად ერთი ფორმისა იყო – ოდნავ წაგრძელებული ტანი, საშუალო ზომის, შუაში შევიწროვებული ყელი და პირს ქვემოთ და მხარზე მიძერწილი ზოომორფული ყური. რკინის ფართო ათვისების ხანიდან ამ ჭურჭლის ფორმები მრავალფეროვანი ხდება.ძვ.წ. მე-13 – მე-9 საუკუნეებში აღნიშნული ჭურჭლის ყურები ზოომორფულია, ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან კი ზოომორფული ყურების სიხშირე იკლებს და იშვიათად გვხვდება3. ამავე პერიოდიდან დოქებისა და ხელადების ტანი ხშირად სფერული ფორმისა და დიდი ზომისაა, ყელი შედარებით დაბალი და ვიწროა. თრელის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის დოქებისა და ხელადების უმრავლესობა ბრტყელძირიანია ან რიგ შემთხვევებში აქვთ ოდნავ გამოყოფილი დაბალი ქუსლი (სურათი 1: 1-4, 7-8, 10, 11, 14; სურათი 2: 3, 4, 6, 7, 12, 14, 15-19; სურათი 3: 1,4,9). როგორც ფორმით, ასევე ორნამენტით სხვებისგან გამოირჩევა №7 სამარხის დოქი, რომელსაც ელიფსისებური ტანი, ძაბრისებური ყელი და გამოყოფილი, ოდნავ გაშლილი ქუსლი აქვს (სურათი 2: 7).
თრელის დოქები და ხელადები ორ ჯგუფად იყოფა: I ჯგუფში ვაერთიანებთ ზოომორფულყურიან დოქებსა და ხელადებს (სურათი 2: 1-6)3. II ჯგუფში გაერთიანებულია ის ერთეულები, რომელთაც ზოომორფული ყური არა აქვთ. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ზოომორფულყურიანი დოქები და ხელადები გვხვდება: თრელის ნასახლარსა და სამაროვანზე (აბრამიშვილი 1978: ნახ. 48520,521, 50533, 58594,596,600, 60612,613, 64651, 66664,665,666, 73 709), სამარხები №№7 (სურათი 2: 6), 66 (სურათი 2: 1), 67 (სურათი 2: 2), 109 (სურათი 2: 3), 133 (სურათი 2: 5), 134 (სურათი 2: 4) და სხვა, სამთავროს (ჩუბინიშვილი 1957: ტაბ.15455,585,626), ნარეკვავის (აფაქიძე 1999: ტაბ.I1, III38, IV56, XI129, XX247, XXII272, XXIII299, XXVII328, XXXI398, XXXVI508, აფაქიძე 2000: ტაბ.XI585,584; XXIV696; ნიკოლაიშვილი, გავაშელი 2007: ტაბ.XV944, XXV1038, XXXIX1162, LV1317, LXII1386, LXVIII1432, LXXII1471,1469, LXXIII1489), საფურცლის (სამარხები №№1, 2, 3, 4), ნავთლუღის (ქორიძე 1955:158-ინვ.3-50:18, ტაბ.XXX1), მადნისჭალის (თუშიშვილი 1972: ნახ.19,31,ტაბ.XXI), საყდრისხევის (სამარხები №№2,7), განთიადის (ავალიშვილი 1974: ტაბ.IX) და ღრმახევისთავის (აბრამიშვილი და სხვა 1980: ნახ.92147, 94152, 9615,105,187,188,189, 168423, 192518) სამაროვნებზე, დოღლაურის (ღამბაშიძე 1974: 137,ტაბ.I,4-5) და ხოვლეგორას (მუსხელიშვილი 1978: ტაბ.XVI) ნასახლარებზე, მეღვრეკისში (Куфтин 1949: ტაბ.XIII) და სხვა (შიდა და ქვემო ქართლი). გვხვდება კახეთში, მელი-ღელეს სამლოცველოზე (ფიცხელაური 1973: ტაბ.XXVIII-XXIX ), სამცხეში – ზველის №2 ყორღანში (Гамбашидзе, Квижинадзе 1982) და ჩითახევის სამაროვანზე (გამოუქვეყნებელია). ზოომორფულყურიანი დოქები და ხელადები გვხვდება ძვ.წ. მე-16 საუკუნიდან ძვ.წ. მე-6 საუკუნის ჩათვლით. ყველაზე ადრეული ხელადა აღმოჩენილია ზველის №2 ყორღანში. ხელადა ხელით არის ნაძერწი და ფორმითაც შედარებით განსხვავდება. აღნიშნული ჭურჭელი გვიანბრინჯაოს ხანის ხელადების პროტოტიპს უნდა წარმოადგენდეს. ამ ტიპის დოქები და ხელადები აღმოჩენილია სამთავროს გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით დათარიღებულ სამარხებში (№№12, 26, 228, 294) და მადნისჭალის სამაროვანზე (თუშიშვილი 1972: ტაბ. XXI116). აღსანიშნავია, რომ სამთავროს სამაროვნის ამ ხანის ზოომორფულყურიან დოქებსა და ხელადებს დახვეწილი ფორმები აქვთ. ზოომორფულყურიანი დოქები და ხელადები ფართოდ ვრცელდება ძვ.წ. მე-15 ს-ის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. მე-9 საუკუნის ჩათვლით. იშვიათად გვხვდება ძვ.წ. მე-8 – მე-6 საუკუნეებში. აღნიშნული ჭურჭელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად, დამახასიათებელია ე.წ. სამთავრული არქეოლოგიური კულტურისთვის (Abramishvili und Abramishvili 1995: 191-193). შედარებით მცირე რაოდენობით არის აღმოჩენილი კახეთში, რომელიც სხვა კულტურის წრეში ერთიანდება.
თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-9 – მე-8 საუკუნეებიდან გვხვდება გრეხილყურიანი დოქებიც – სამარხები №№16 (სურათი 1: 1,9, სურათი 3: 7, 9, 10), 24 (სურათი 1:13, სურათი 2: 16). გრეხილყურიანი ჭურჭელი სამთავროს სამაროვანზე უფრო ადრე, ძვ.წ. მე-14 საუკუნიდან ჩნდება – სამარხები №26 (1938 წ.), 175 (ახვლედიანი, სულთანიშვილი 2010: ტაბ.I.4) და არსებობას აგრძელებს ძვ.წ. მე-7 საუკუნემდე – სამარხები №№26 (1940 წ.), 72, 168, 301. თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან გვხვდება ასევე დოქები ყურებზე შვერილებით – სამარხები №№24 (სურათი 1: 14), №119 (სურათი 2: 10). ამავე პერიოდიდან, როგორც თრელზე – სამარხები №№16 (სურათი 3: 6); 46 (სურათი 1: 6), ისე სამთავროზე – სამარხი №292 – ჩნდება გატოტვილყურიანი დოქებიც.
II ჯგუფს ქმნის მრავალრიცხოვანი დოქები და ხელადები, რომელთაც I ჯგუფისგან განსხვავებით ზოომორფული ყური არა აქვთ. I ჯგუფის ჭურჭელს ყური ძირითადად პირს ქვემოთ ეწყება. II ჯგუფის დოქებისა და ხელადებისთვის დამახასიათებელია პირიდან გადმოსული ყური, რომელიც მხრისა და ტანის გადაკვეთაზე ერთდება (გამონაკლისია თრელის №16 სამარხის ერთი ხელადა, რომელსაც ყური პირს ქვემოთ ეწყება). ამ ჯგუფის დოქებსა და ხელადებს აქვთ სფერული, ელიფსური, ბიკონუსური ან მსხლისებური ფორმის ტანი და მრავალფეროვანი ორნამენტი. ამასთან ერთად, №№7 და 119 სამარხების დოქებს ტანზე დაძერწილი აქვთ გველის რელიეფური გამოსახულება (სურათი 2: 7, 9). ასეთივე რელიეფური დანაძერწი აქვს თრელის №79 სამარხის ორყურა ქილას და №242 სამარხში აღმოჩენილ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტს. ჭურჭლის ტანზე რელიეფურად დაძერწილი გველის გამოსახულება თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-14 – მე-13 სს-დან ჩნდება – სამარხები №№41,138 (აბრამიშვილი 1978: ტაბ.XL627) და იშვიათად გვხვდება მთელი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მანძილზე.
როგორც I, ისე II ჯგუფში გაერთიანებული ჭურჭელი სპეციფიკური ნიშნებით ცალკეულ ქვეჯგუფებადაც იყოფა. მიუხედავად ცალკეული სხვაობებისა, მათი არეალი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიით, ძირითადად კი, შიდა და ქვემო ქართლით შემოიფარგლება. ამასთან ერთად, II ჯგუფის ერთ-ერთი სახეობა მსგავსებას პოულობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ძეგლებთან. ამ დოქებს ახასიათებს ძალიან განიერი, სფეროსებური ტანი და ტანთან შედარებით დაბალი ყელი – თრელის №24 (სურათი 1: 10, 11, 14), 247, 252 სამარხები. ამ ჭურჭელთან მსგავსებას პოულობს ხრტანოცის, გოლოვინოს, ახტალის სამაროვნების დოქები (Morgan 1889: 58, tab.17, Мартиросян 1954: таб.XX,б,в). საერთოდ, ასეთი ტიპის დოქები სომხეთის ტერიტორიისთვის არის დამახასიათებელი. დოქებისა და ხელადების II ჯგუფის ქრონოლოგიური არეალი ძირითადად ძვ.წ. მე-8 – მე-6 საუკუნეებს მოიცავს.
ჩვენ მიერ გამოყოფილ ჯგუფებს სრულყოფილების პრეტენზია არა აქვთ, რადგან ისინი ძირითადად თრელზე აღმოჩენილ მასალაზე დაყრდნობით არის შედგენილი.
სურათი 1. დოქები და ხელადები:
1-3, 7-9 სამარხი №16; 5- სამარხი №6; 4,10,11,13,14 – სამარხი №24; 6 – სამარხი №46; 12- სამარხი №68.
სურათი 2. დოქები და ხელადები:
1 – სამარხი №66, 2 – სამარხი №67; 3 – სამარხი №109;
4,14 – სამარხი №134; 5 – სამარხი №133;
6,7 – სამარხი №7; 8 – სამარხი №79;
9,10 – სამარხი №119; 11 – სამარხი №40;
12,17–19 – სამარხი №16; 13 – სამარხი №49;
15,16 – სამარხი №24.
სურათი 3. დოქები და ხელადები №16 სამარხიდან.
ზიარი ჭურჭელი
თრელის ძვ.წ. მე-8 – მე-7 საუკუნეებით დათარიღებულ №16 სამარხში აღმოჩენილია ოთხი ზიარი ჭურჭელი (სურათი 4: 1-4). ოთხივეს აქვს ნაცრისფერი, მოგლუვებული ზედაპირი და შიდაპირი. ასეთივე ფერის კეცი აქვს სამ ჭურჭელს. გამონაკლისს წარმოადენს №4 ჭურჭელი, რომლის კეციც ოდნავ მოვარდისფროა. ზიარი ჭურჭელი წარმოადგენს ერთმანეთთან გამდინარე ხვრელებით დაკავშირებულ კოჭობებს. თრელის ზიარი ჭურჭლიდან ერთს გამდინარე ხვრელი არა აქვს (№1). №2 ჭურჭელი ნაკლულია, რის გამოც ამ ერთეულის გამდინარე ხვრელის თაობაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. თრელის ჭურჭლების ყურის განივკვეთი განსხვავებულია – №4 ჭურჭელს აქვს მართკუთხაგანივკვეთიანი ყური, №3-ს მრგვალგანივკვეთიანი, №№1-ს და 2-ს ოვალურგანივკვეთიანი.საქართველოს ტერიტორიაზე ზიარი ჭურჭელი ცნობილია თრიალეთში – ბეშთაშენის მტკვარ-არაქსული ფენიდან (Куфтин 1941: ტაბ.CXXIV) და წალკის რაიონში (Куфтин 1948: 7-9, ნახ.3). ზიარი ჭურჭლის ანალოგები გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში – ყობანისა და ზემო რუთხის სამაროვნებზე (Уварова 1900: 242, ნახ. 97, ტაბ.XIII11) და ადრერკინის ხანით დათარიღებულ ნესტეროვოს №21 სამარხში (Крупнов 1960: ტაბ.XIII1). დაახლოებით თრელის ზიარი ჭურჭლის თანადროული უნდა იყოს სარითეფეში (Нариманов, Халилов 1962: 34, ნახ.9), მინგეჩაურში (Асланов, Ваидов, Йоне 1959: ტაბ.XII2), თეიშებაინსა (Мартиросян 1964: 142, ტაბ.66) და ჰასანლუში (Ghirshman 1963: 24, pic.2) აღმოჩენილი ზიარი ჭურჭელი.
სურათი 4. 1-4 – ზიარი ჭურჭელი №16 სამარხიდან; 5-12 – ბიკონუსური ჭურჭელი №16 სამარხიდან.
ბიკონუსური ჭურჭელი
თრელის №№16 და 24 სამარხებში აღმოჩნდა 18 ბიკონუსური ჭურჭელი (სურათი 4: 5 – 7), სამარხი №16, (სურათი 8: 1), სამარხი №24. ყველა მათგანი ფორმით ერთმანეთის მსგავსია – აქვთ ბიკონუსური ფორმა, გამჭოლი ხვრელი და კარგად მოგლუვებული ზედაპირი. ჭურჭელი სხვადასხვა სიდიდისაა. ზომისა და ორნამენტის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: I ჯგუფში გაერთიანებულია უორნამენტო ჭურჭელი (სურათი 4: 5-8) და ჭურჭელი ერთი ან ორი ამოღარული კონცენტრული ხაზით (სურათი 4: 9-12). ეს ჯგუფი, თავის მხრივ, დაყოფილია ორ ქვეჯგუფად: ა) პირველ ქვეჯგუფში გაერთიანებულია ოთხი ჭურჭელი შავი მოგლუვებული ზედაპირით, ნაცრისფერი შიდაპირით და მოწითალო – მოვარდისფრო მქისე კეცით. აქვს ბრტყელი წიბო და ორივე მხარეს თითო ან ორი ამოღარული კონცენტრული ხაზი (სურათი 4: 9-12). ამ ქვეჯგუფში გაერთიანებული ჭურჭელი უმეტესად დაშლილია. ბ) მეორე ქვეჯგუფის ჭურჭელი სადაზედაპირიანია (სურათი 4: 5-8). ოთხივე ერთი ზომისაა და აქვს მორუხო-მონაცრისფრო მოგლუვებული ზედაპირი.II ჯგუფის ჭურჭელი უფრო დიდია და შემკულია გეომეტრიული ორნამენტით (სურათი 5-11). ყველა მათგანს განსხვავებული ორნამენტი აქვს. II ჯგუფში გაერთიანებული ჭურჭელი მოშავო-მონაცრისფროა. ზედაპირი კარგად აქვს მოგლუვებული და შემკულია ორნამენტით, რომელიც შესრულებულია ამოღარვისა და ჭდევის ტექნიკით. თითოეული ჭურჭლის ორივე გვერდი სხვადასხვა გეომეტრიული სახეებით არის შემკობილი. ამ ჭურჭლის პირდაპირ დანიშნულებაზე ვერაფერს ვიტყვით. ვფიქრობთ, მას ძირითადად საკულტო-სარიტუალო დანიშნულება უნდა ჰქონოდა, რაზეც მეტყველებს ჭურჭლის ფორმა და ორნამენტი. ზოგიერთი ჭურჭლის ორნამენტი პიქტოგრამადაც შეიძლება ჩაითვალოს. თრელის ბიკონუსური ჭურჭლის ანალოგები არსად არ გვხვდება, რაც მის ადგილობრივ წარმოშობაზე მიუთითებს.
სურათი 5. 1-2 – ბიკონუსური ჭურჭელი №16 სამარხიდან.
სურათი 6. 1-2 – ბიკონუსური ჭურჭელი №16 სამარხიდან.
სურათი 7. 1-2 – ბიკონუსური ჭურჭელი №16 სამარხიდან.
სურათი 8. 1 – ბიკონუსური ჭურჭელი №24 სამარხიდან; 2 – ზოომორფული ჭურჭელი №16 სამარხიდან.
ზოომორფული ჭურჭელი
თრელის №№16 და 24 სამარხებში აღმოჩენილია ზოომორფული ჭურჭელი ხარის, ვერძების და ფრინველის ფორმით (სურათი 11)4. №16 სამარხში აღმოჩენილი 12 ჭურჭლიდან ერთი წარმოდგენილია ფრინველის გამოსახულებით, დანარჩენს კი ვერძის ფორმა აქვს. 12 ერთეულიდან ოთხი იმდენად ფრაგმენტულია, რომ მათი აღდგენა ვერ მოხერხდა. ასევე ძლიერ ფრაგმენტულია ჭურჭელი ფრინველის გამოსახულებით, რის გამოც მისი ფორმა ვერ დადგინდა. ამ სასმისის თავი ფრინველს ჰგავს. თვალები წერტილებით არის გადმოცემული, ცხვირი (ნისკარტი) ჩამოსასხმელი ხვრელით, მოტეხილია. სხეულის შემორჩენილი ფრაგმენტები დაფარულია წერტილოვანი ორნამენტით (სურათი 11: 3). ჭურჭელს აქვს შავი ზედაპირი და ნაცრისფერი კეცი.ვერძის ფორმის ჭურჭელს აქვს მეტ-ნაკლებად წაგრძელებული ცხვირი, რომელშიც დატანილია სითხის ჩამოსასხმელი ხვრელი. ზურგზე მოთავსებულია ოდნავ პირგადაშლილი სითხის ჩასასხმელი ყელი, რომელიც ტანთან შეერთებულია მრგვალგანივკვეთიანი ყურით. ორ ჭურჭელს აქვს მოშავო-მონაცრისფრო ნაპრიალები ზედაპირი, ასეთივე ფერის შიდაპირი და კეცი, დახვეული რქები და მოკლე წაკვეთილი ცხვირი (სურათი 8; 9).
ცალკე ჯგუფში ერთიანდება ხუთი ჭურჭელი (სურათი 9, სურათი 10, სურათი 11:2). ამ „ვერძებს“ აქვთ შავი ნაპრიალები ზედაპირი, მონაცრისფრო-მოშავო კეცი და განივღარებიანი გრეხილი რქები. ცხვირი ჩამოსასხმელი ხვრელით წაგრძელებული და ვიწროა, თვალების ადგილზე კოპისებური წანაზარდებია. „ვერძების“ მთელი სხეული დაფარულია სხვადასხვა მიმართულებით დახრილი ამოღარული ხაზებით.
დამზადების ტექნიკით და სტილიზებული ფორმით ცალკე დგას არათანაბრად გამომწვარი ვერძის ფორმის ჭურჭელი დახვეული და ჭდეული ორნამენტით შემკული რქებით (სურათი 10: 1). ჭდეული რელიეფური ორნამენტით არის შემკული ვერძის მოკლე კუდიც. ვერძის ოვალური და დაბრტყელებული ფორმის ტანი სტილიზებულია. მთელ სხეულს შემოუყვება ამოღარული ხაზებით შედგენილი სამი არშია, რომელიც შევსებულია ასეთივე ტექნიკით შესრულებული ირიბი ხაზების ორნამენტით. შემორჩენილია „ვერძის“ წინა მარჯვენა ფეხი გამჭოლი ნახვრეტით. სავარაუდოდ, ასეთი ხვრელები ჭურჭელს ოთხივე ფეხზე უნდა ჰქონოდა. ყველა დანარჩენისგან განსხვავებით ამ ჭურჭლის ყურს აქვს ზოომორფული დანაძერწი. ეს არის სამთავრული კულტურის წრის ძეგლების განმსაზღვრელი ზოომორფული ყური, მაგრამ სამთავრული კულტურის წრისთვის სრულიად უცხოა თავად ზოომორფული ჭურჭელი. როგორც ჩანს, თრელის ზოომორფული ჭურჭელი დიღმის ველზე სამხრეთიდან მოსული უცხო ეთნიკური ჯგუფის დაკვეთით მზადდება ადგილობრივი ხელოსნის მიერ (თრელის №№16 და 24 სამარხების კულტურული კუთვნილების საკითხისთვის იხ. Abramishvili 1995). ამით აიხსნება ადგილობრივი კულტურისთვის უცხო ფორმის ჭურჭლის ყურზე ადგილობრივი კულტურის განმსაზღვრელი ე. წ. ზოომორფული დანაძერწი.
თრელის №24 სამარხში აღმოჩნდა დიდი ზოომორფული ჭურჭელი ხარის გამოსახულებით (სურათი 11: 5). ჭურჭელს აქვს შავი ნაპრიალები ზედაპირი და ნაცრისფერი კეცი. წაგრძელებულ ცხვირში დატანილია ჩამოსასხმელი ხვრელი. ნესტოები ორი ჭდეული, ირიბად განლაგებული ხაზებით არის გადმოცემული, თვალები – კოპების სახით. შემორჩენილია ერთი რქა, რომლის ძირს შემოუყვება სამი ღარი. რქის ქვემოთ გამოძერწილია პატარა ზომის ყური. შუბლზე გამოსახულია წვერით პირისკენ მიქცეული სამი ერთმანეთში ჩასმული სამკუთხედი, რომელთაც წიწვოვანი ორნამენტით შევსებული რომბი ებმის. ზურგზე სითხის ჩასასხმელ პირგადაშლილ ყელთან მიძერწილია დაწახნაგებული ყური. ჭურჭლის ყელს ირგვლივ შემოუყვება ამოღარული ზოლები. ხარის კუდი რელიეფურად არის გადმოცემული. გულმკერდს სიგრძეზე რელიეფური წიბო დაუყვება. ტანის წინა ნაწილი გავაზე გაცილებით განიერია, უკანა ფეხებთან მუცელი მკვეთრადაა შეზნექილი. ეს ყველაფერი ხარის სიძლიერის შთაბეჭდილებას ქმნის. ამავე №24 სამარხში აღმოჩენილია ასევე ორი სხვადასხვა ზოომორფული ჭურჭლის ფრაგმენტები (სურათი 11: 1, 4).
სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით დათარიღებული ზოომორფული ჭურჭელი ცნობილია მინგეჩაურის მესამე ყორღანიდან და მეორე ფენის ორმოსამარხებიდან (Асланов, Ваидов, Йоне 1959: ტაბ. XXXVII, XLII), მუსი-იერიდან (Morgan 1889: 155, ტაბ.169), ვერიშენიდან (Avetisyan, Bobokhyan 2012: ტაბ.VII5). ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ძეგლებზე ზოომორფული ჭურჭელი აღმოჩენილია ირანში – ამლაშის სამაროვანზე – ძვ.წ. მე-10 და მე-9 – მე-8 სს. (Porada 1963: 92, Ghirshman 1963: 32, 35, 38, ნახ.34, 47), მარლიკში – ძვ.წ. მე-10 ს. (Negahban 1962: ნახ.9, 11), ხურვინში – ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს (Vanden Berghe 1964: ტაბ. XXXII, ნახ.221, 222, Ghirshman 1963: 19, ნახ.17), თალიშში (Morgan 1925: 280, 281, ნახ. 267-279), კალარდაშში – ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს (Ghirshman 1963: 97, ნახ.128), მაკუდასა და სუზაში (Ghirshman 1963: 287, 289, ნახ.345, 347), ზივიეში – ძვ.წ. მე-7 ს. (Ghirshman 1963: 322, ნახ.394) და სხვა. ჩრდილოეთ კავკასიაში ზოომორფული ჭურჭელი აღმოჩენილია ზემო რუთხის (Уварова 1900: 243, 244, ნახ.190, 200) და ფასკაუს სამაროვნებზე (იქვე, Tab.XI1) და კუმბულტას №4 სამარხში (იქვე: 213, ნახ.184). თრელის ჭურჭელთან ყველაზე ახლოს დგას ლურისტანში, ძვ.წ. მე-8 – მე-7 საუკუნეებით დათარიღებულ, ვარ-ქაბუდის სამაროვანზე აღმოჩენილი ჭურჭელი (Vanden Berghe 1968:61), რომელიც ძალიან უახლოვდება №24 სამარხში აღმოჩენილ ჭურჭელს (სურათი 11: 5).
თრელის სამაროვანზე აღმოჩენილი ზოომორფული ჭურჭელი ეკუთვნის რკინის ფართო ათვისების პერიოდს და ის ადგილობრივ ნაწარმს წარმოადგენს. ასეთი დასკვნის საშუალებას გვაძლევს შავპრიალა ზედაპირი, მონაცრისფრო კეცი და ერთ-ერთ მათგანზე დატანილი ზოომორფული ყური (სურათი 10: 4), რაც საქართველოს თიხის ჭურჭლისთვის არის დამახასიათებელი.
სურათი 9. 1-3 – ზოომორფული ჭურჭელი №16 სამარხიდან.
სურათი 10. 1-4 – ბიკონუსური ჭურჭელი №16 სამარხიდან.
სურათი 11. 1-5 – ბიკონუსური ჭურჭელი №24 სამარხიდან.
მოჭიქული ჭურჭელი
ორი ერთეულის სახით აღმოჩენილია თრელის ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს-ით დათარიღებულ №16 სამარხში (სურათი 12). ერთი მათგანი ღრუქუსლიანი ცალყურა სასმისია (სურათი 12: 2), მეორე – მცირე ზომის ხელადა (სურათი 12:1). ორივეს მომწვანო ფერის ზედაპირი და რუხი-მონაცრისფრო კეცი აქვს. ორივეს ზედაპირზე სიგრძივ დაუყვება ხუთ-ხუთი ზოლი.სამხრეთ კავკასიის მოჭიქული ჭურჭლის წარმომავლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მკვლევართა ნაწილი მოჭიქულ ჭურჭელს ადგილობრივ ნაწარმად მიიჩნევს (Morgan 1896: 105, Куфтин 1941: 52-53, ბარამიძე 1965: 38), ნაწილი – წინა აზიიდან შემოტანილად (Кушнарёва 1959: 383-385, Пасек, Латинин 1926: 63, Асланов, Ваидов, Йоне 1959: 98,112,113, მამაიაშვილი 1970: 11, ფიცხელაური 1973: 103).
საქართველოში ყველაზე ადრეული ჭიქური ჩნდება შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის XV ყორღანში მძივის სახით (Жоржикашвили, Гогадзе 1974: 90). გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავროს №№77, 96ბ,119, 168, 208, 216, 289, 591 სამარხებში, მარალინ-დერესის (სანთა) №12 სამარხში (Куфтин 1941: ტაბ.XX), მელი-ღელეს II სამლოცველოზე (ფიცხელაური 1973: 101) და თრელის №16 სამარხში. აზერბაიჯანში მოჭიქული ჭურჭელი გვხვდება მინგეჩაურის №2 და №4 ყორღანებში (Асланов, Ваидов, Йоне 1959: 112) და თალიშში-ჯონის სამაროვანზე (Кушнарёва 1959: 383-385). სომხეთში აღნიშნული პერიოდის მოჭიქული კერამიკა აღმოჩენილია: კარმირ-ბლურზე (Пиотровский 1955: 21) და ოშაკანში (Есаян, Калантарян 1988: ფერადი ტაბ.2)5.
სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ადრეული მოჭიქული ჭურჭელი გვხვდება სამთავროს სამაროვნის №77 და №96b სამარხებში, რომლებიც ძვ.წ. მე-12 ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება (აბრამიშვილი 1961: 328-330). ქრონოლოგიურად, მოჭიქული ჭურჭლის შემცველი სამარხებიდან მომდევნოა სამთავროს №208 და №591 სამარხები, რომელთა თარიღიც ზოგადად ძვ.წ. მე-11 ს-ით განისაზღვრება (იქვე: 330). ძვ.წ. მე-10 ს-ის მეორე ნახევრითა და მე-9 საუკუნით არის დათარიღებული სამთავროს №№119,168, 289 სამარხები (იქვე: 334). ყველაზე გვიანია №216 სამარხი, რომელიც ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს-ით უნდა დათარიღდეს. ამ სამარხში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩენილია: ღრუქუსლიანი ჭურჭელი, ასეთივე ფორმის მოჭიქული ჭურჭელი, რკინის დანა, ბრინჯაოს ორი საკინძი, სარდიონისა და მინის მძივები და სხვა. აქ დადასტურებული მასალა, ზოგადად, მე-8 – მე-6 სს-ის ფარგლებში ექცევა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძვ.წ. მე-7 ს-ის მეორე ნახევრითა და მე-6 ს-ით დათარიღებული და რკინის აკინაკის შემცველი №212 სამარხი სტრატიგრაფიულად ზემოდან ადევს №216 სამარხს (იხ. აბრამიშვილი 1957: ტაბ.II), ეს უკანასკნელი სკვითური ნივთების შემცველი ფენის წინამორბედ ქრონოლოგიურ ჯგუფში ექცევა (ძვ.წ. მე-8 ს – მე-7 ს-ის პირველი ნახევარი). ამ ძეგლების თანადროული უნდა იყოს მარალინ-დერესის (სანთა), თრელის სამაროვნისა და მინგეჩაურის მოჭიქული ჭურჭლის შემცველი სამარხები. სომხეთში აღმოჩენილი ჭურჭელიც, ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, რკინის ფართო ათვისების ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს. აქედან გამომდინარე, მოჭიქული ჭურჭელი სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. მე-12 ს-ის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე უწყვეტად არსებობს.
საქართველოში მოჭიქული ჭურჭელი ძირითადად ერთგვაროვანი ფორმისაა -ღრუქუსლიანი ცალყურა სასმისები. გვხვდება ასევე მცირე ზომის ხელადა (თრელის №16 სამარხი) და წელში გამოყვანილი სასმისი (სამთავროს №77 სამარხი). სომხეთსა და აზერბაიჯანში მოჭიქული ჭურჭელი ძირითადად ფიალების სახით არის წარმოდგენილი. ზოგი მათგანი სამფეხაა, ზოგს ყური აქვს (ოშაკანი), გვხვდება ფინჯანი (მინგეჩაურის №4 ყორღანი) და სამყურა ქილა (მინგეჩაურის №2 ყორღანი). თრელის სამაროვანზე ღრუქუსლიანი მოუჭიქავი ფორმები გვხვდება ძვ.წ. მე-13 – მე-7 სს-ის ძეგლებზე (აბრამიშვილი 1978: 138-139). კერამიკული ნაწარმის ამ ტიპში ერთიანდება №16 სამარხის მოჭიქული ჭურჭელიც (სურათი 12: 2). თრელის ღრუქუსლიანი მოუჭიქავი ჭურჭელი გამომწვარია მორუხო-მონაცრისფროდ, აქვს მოგლუვებული ზედაპირი, დაბალი ან შემაღლებული ყელი, მხრებიდან ძირისკენ შევიწროებული ტანი, ფუღურო ქუსლი და ერთი ყური. თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-11 – მე-6 სს-ით დათარიღებულ 15 სამარხში 26 ღრუქუსლიანი ჭურჭელია აღმოჩენილი – სამარხები №№16 (4ც.), 28 (2ც.), 30, 49(2ც.), 73, 79, 113, 119, 121, 123 (3ც.), 124 (2ც.), 133, 134, 137 (2ც.), 144, 247 (2ც.). მათი უმრავლესობა ორნამენტირებულია გეომეტრიული სახეებით. გვხვდება სრულიად სადა ერთეულებიც – სამარხები №137, 247. რამდენიმე ღრუქუსლიანი ჭურჭლის ძირში ჩასმულია ობსიდიანი – სამარხები №№16, 123. ობსიდიანიანი სხვა ტიპის ჭურჭელი თანადროულ ძეგლებზე აღმოჩენილი არ არის (აბრამიშვილი 1978:138). ღრუქუსლიანი ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავროს და დოღლაურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებზე (ღამბაშიძე 1974: 155, ტაბ.I,3), მრავლად არის აღმოჩენილი ამავე პერიოდის ნარეკვავის სამაროვნის სამარხებში (აფაქიძე 2000: ტაბ.XIII595,596, XXI672, XX678, XXVII701,702, აფაქიძე 1999: ტაბ.XXIII410, XXXIV450, ნიკოლაიშვილი, გავაშელი 2007: ტაბ.XIII920,921,922; XV,945,950; XXI999; XXXIII1105; XXXIV1122; LVI1328, LXXVI1502, LXXXVI15377).
სამხრეთ კავკასიის მოჭიქული ჭურჭელი მომწვანო-მოფირუზისფროა. მათ ხშირად დაუყვებათ ყვითელი ზოლები, რომლებიც ზოგჯერ მოყავისფრო განივი ხაზებითაა გადაკვეთილი. კეცი ძირითადად მონაცრისფრო (სამთავროს №77, თრელის №16 სამარხები) ან რუხი ფერისაა (სამთავროს №№ 96ბ, 119, 208, 289, მარალინ-დერესის №2 სამარხები), სომხეთსა და აზერბაიჯანში კი კეცი ძირითადად თეთრი ფერისაა (მინგეჩაურის ყორღანი №4, ოშაკანის ხელადა). ასევე თეთრკეციანია მელი-ღელე II-ში აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები, თრელის №96 სამარხის და სამთავროს მოჭიქული მძივები. ჩვენთვის უდაოა, რომ მოჭიქვის ხელოვნება სამხრეთ კავკასიაში წინა აზიიდან შემოდის. სავარაუდოდ, თეთრი თიხისგან დამზადებული მოჭიქული ჭურჭელიც წინა აზიური იმპორტია. ამ მხრივ, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თრელის ძვ.წ. მე-13 ს-ით დათარიღებულ №96 სამარხში აღმოჩენილი თეთრი თიხისგან დამზადებული მოჭიქული მძივები ქრონოლოგიურად წინ უსწრებს სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილ მოჭიქულ ჭურჭელს. მელი-ღელე II-ში აღმოჩენილი თეთრკეციანი ჭურჭლის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელი ადგილობრივად მიგვაჩნია. ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ მოჭიქულ ჭურჭელს ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მისი ანალოგიური ფორმის მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი. მაგალითად, წელში გამოყვანილი ჭურჭელი, ძირითადად, დამახასიათებელია ძვ.წ. მე-14 ს-ის ძეგლებისთვის (სამთავროს №153, კარსნის №64-67 და თრელის №90 სამარხები). გარდა ამისა, მოჭიქულ ჭურჭელს შორის ყველაზე გავრცელებული ფორმის ანალოგიური მოუჭიქავი ჭურჭელი (ღრუქუსლიანი სასმისები) გვხვდება უფრო ადრეულ სამარხებში, რომლებიც ძვ.წ. მე-13ს – მე-12 ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება (აბრამიშვილი 1978:138-139). აღნიშნული თიხის ჭურჭლის ადგილობრიობაზე მიუთითებს ისიც, რომ ეს ფორმები დამახასიათებელია შიდა და ქვემო ქართლისთვის და აღმოჩენილია: სამთავროს (№№1,41, 44, 51, 89, 91, 137, 186, 211, 222, 225, 236, 276, 281), თრელის (№№11, 12, 23, 28, 38, 39, 41, 45, 49, 73, 79, 100, 102, 119, 121, 123), კასპის (ბარამიძე 1965:38), ფლავისმანის (მაკალათია 1930: 233), დვანის (მაკალათია 1948: 36), ნულის, დმანისის (ნიორაძე 1947: 52, 53, ტაბ.36) სამარხებში და დოღლაურის ნასახლარზე (ღამბაშიძე 1974:137, ტაბ.I, 4-5). მსგავსი მოჭიქული თუ მოუჭიქავი ფორმები არ გვხვდება არათუ წინა აზიაში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამხრეთ კავკასიაშიც კი (აბრამიშვილი 1978:139). გამონაკლისია თიხის ჭურჭელი რედკინ-ლაგერიდან (Мартиросян 1964:7814) და ერევნის მუზეუმში დაცული, ლენინაკანში აღმოჩენილი შავად გამომწვარი ღრუქუსლიანი სასმისი.
მოჭიქული ჭურჭლის ადგილობრიობის დამამტკიცებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში აღმოჩენილ მოჭიქულ ჭურჭელს აქვს რუხი კეცი. ანალოგიური კეცი საერთოდ დამახასიათებელია ჩვენთვის საინტერესო პერიოდის სამხრეთ კავკასიის თიხის ჭურჭლისთვის. ამავე პერიოდში წინა აზიაში გვხვდება კარგად განლექილი, წითელკეციანი თიხის ჭურჭელი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არა გვაქვს არავითარი საფუძველი, საქართველოში დღემდე აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელი, მელი-ღელეს გარდა, არაადგილობრივად მივიჩნიოთ.
სურათი 12. მოჭიქული ჭურჭელი №16 სამარხიდან (ჩანახატი და ფოტო).
აგალმატოლიტის ფიალა
თრელის №24 სამარხში აღმოჩნდა შინდისფერი ქვის (აგალმატოლიტის) ფიალა, რომლის სახელურიც ვერძის თავის გამოსახულებით სრულდება (სურათი 13). ჭურჭლის ძირი დაზიანებულია, თუმცა აზერბაიჯანული და ირანული ანალოგების მიხედვით, თრელის ჭურჭელს ძირზე ქუსლი უნდა ჰქონოდა. ვერძის თავის სახელურიანი ფიალები აღმოჩენილია ჩრდილო-დასავლეთ ირანში: სუზაში (Porada 1963: ტაბ.91), თეფე – სიალკის A და B ნეკროპოლებზე (Ghirshman 1939: ტაბ.I2,3), თეფე გიანის I სამაროვანზე (Shaeffer 1948: ტაბ. 242, 246), სავაჰის მიდამოებში (Vanden Berghe 1959: 125), ჰასანლუს სამაროვანზე (Vanden Berghe 1959: ტაბ.139) და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში: მინგეჩაურში (Асланов, Ваидов, Йоне 1959: 96-98, 151, ტაბ.XLVI, 14), ხოჯალიში (Кушнарева 1959: ნახ.3), ხანლარში (Нариманов 1960: 713), სოფ. ყასუმ-ისმაილოვში (Нариманов 1960:711,714, ნახ.1), ხაჩბულაგში (Кесаманлы 1966: ნახ.2).აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვერძის თავის სახელურიანი აგალმატოლიტის ფიალის შემცველი ძეგლები ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს-ით თარიღდება (Abramishvili 1995:32-33). სამხრეთკავკასიური ფიალები თრელის ფიალის მსგავსად დამზადებულია შინდისფერი შეფერილობის ქვისგან. ზოგი მათგანი ინკრუსტირებულია თეთრი მასით (მინგეჩაური, ხოჯალი). სამხრეთკავკასიური ჭურჭლისგან განსხვავებით, ირანული ერთეულები დამზადებულია ბითუმისა და თიხისგან. თრელის ფიალა უფრო მეტ მსგავსებას პოულობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოპოვებულ ჭურჭელთან, ვიდრე მის ირანულ ანალოგებთან და მისი წარმომავლობაც აზერბაიჯანული უნდა იყოს.
სურათი 13. აგალმატოლიტის ფიალა №16 სამარხიდან.
შენიშვნები:
1. თრელის სამაროვანი განლაგებულია მცხეთასა და თბილისს შორის, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე დიღმის ველის ბუნებრივი ბორცვების აღმოსავლეთი ფერდობის ძირში.
2. თრელის სამაროვანზე აღმოჩენილი და ძვ.წ. მე-13 – მე-12 საუკუნეებით დათარიღებული ძეგლები გამოქვეყნებულია რ. აბრამიშვილის მიერ (აბრამიშვილი 1978). მომდევნო პერიოდის და წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი მასალის ტაბულები შედგენილია ასევე როსტომ აბრამიშვილის ჩანახატების მიხედვით.
3. ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის მატარებელი არქეოლოგიური კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე თავის წინამორბედ, ადგილობრივ არქეოლოგიურ კულტურასთან გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება, რასაც უკვე ამ პერიოდის ძეგლების პირველი შემსწავლელი ბორის კუფტინი აღნიშნავდა (Куфтин 1950: 152). ამ თვალსაზრისს სხვა მკვლევარებიც იზიარებენ (იხ. მიქელაძე 1974). როსტომ აბრამიშვილის თვალსაზრისით, სავარაუდოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია უნდა იყოს ის ტერიტორია, საიდანაც იჭრება კერამიკა ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლით (აბრამიშვილი 1981). აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი აღმოჩენილია ბეიჯესულთანის მეხუთე ფენაში, რომელიც ძვ.წ. 1900-1750 წლებით თარიღდება (Lloyd, Melaart 1956: 125, Fig.3). თუ როსტომ აბრამიშვილის აზრს გავყვებით, ეს რეგიონი არ არის ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გავრცელების ძირითადი ტერიტორია. ის აქაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიიდან უნდა გავრცელებულიყო. ჭურჭლის ყურზე ზოომორფული დანაძერწით შემკული კერამიკის მიხედვით იქნა გამოყოფილი ზოომორფულყურიანი კერამიკის მატარებელი საზოგადოების არქეოლოგიური ოლქი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანდება კოლხური არქეოლოგიური კულტურა (დასავლეთ საქართველო) და სამთავრული არქეოლოგიური კულტურა (აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი) (Abramishvili und Abramishvili 1995: 193).
4. თრელის ზოომორფული ჭურჭლის აღწერა მოცემულია რ. აბრამიშვილისა და ალ. რამიშვილის მიხედვით (აბრამიშვილი, რამიშვილი 1971).
5. როსტომ აბრამიშვილის საარქივო მონაცემებით სომხეთის ტერიტორიაზე მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილია ასევე კიროვაკანში, აიგევანსა და დვინში.
გამოყენებული ტიტერატურა:
აბრამიშვილი, რ. 1957. “სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს ხანისა და რკინის ფართო ათვისების ხანის ძეგლების დათარიღებისთვის”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XIXA–XXIB: 115–140, თბილისი.
აბრამიშვილი, რ. 1961. “რკინის ათვისების საკითხისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXXII-B: 291–380, თბილისი.
აბრამიშვილი, რ. 1981. ამიერკავკასიის არქეოლოგიური კულტურები გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანაში, თბილისში საკავშირო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება, ხელნაბეჭდი.
აბრამიშვილი, რ.; რამიშვილი, ალ. 1971. 1971 წელს თრელის სამაროვანზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების ანგარიში (ხელნაბეჭდი).
აბრამიშვილი, რ. (რედ.). 1978. თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, I. თბილისი: მეცნიერება.
აბრამიშვილი, რ. (რედ.). 1980. ღრმახევისთავის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი: მეცნიერება.
ავალიშვილი, გ. 1974. ქვემო ქართლი ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარში. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
აფაქიძე, ა. (რედ.). 1999. მცხეთა 1998, ნარეკვავი I. თბილისი: მეცნიერება.
აფაქიძე, ა. (რედ.). 2000. მცხეთა 1999, ნარეკვავი II. თბილისი: მეცნიერება.
ახვლედიანი, ნ., სულთანიშვილი, ირ. 2010. “ბრინჯაოს ფოთლისებური სატევრები”, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, 19: 129–139.
ბარამიძე, მ. 1965. “კასპის სამაროვანი”, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, IV: 31–66.
თუშიშვილი, ნ. 1972. მადნისჭალის სამაროვანი. თბილისი: მეცნიერება.
კალანდაძე, ალ. 1982. „არქეოლოგიური კვლევის შედეგები“, მცხეთა VI, რედ. ა. აფაქიძე. თბილისი: მეცნიერება.
მამაიაშვილი, ნ. 1976. ფაიანსი შუასაუკუნეთა საქართველოში. თბილისი: მეცნიერება.
მაკალათია, ს. 1930. “ფლავისმანის უძველესი ნეკროპოლი”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, V: 223–228.
მაკალათია, ს. 1948. დვანის ნეკროპოლის არქეოლოგიური გათხრები. თბილისი: საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის გამომცემლობა.
მიქელაძე, თ. 1974. ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. თბილისი: მეცნიერება.
მუსხელიშვილი, დ. 1978. ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა. თბილისი: მეცნიერება.
ნიორაძე, გ. 1947. “დმანისის ნეკროპოლი და მისი ზოგიერთი თავისებურება”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XIV-B: 1–66.
ნიკოლაიშვილი, ვ.; გავაშელი, ე. 2007. ნარეკვავის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი.
ფიცხელაური, კ. 1973. აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ.წ. XV–VII სს.). თბილისი: მეცნიერება.
ქორიძე, დ. 1955. თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, ნაწილი I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
ღამბაშიძე, ო. 1974. “გვიანბრინჯაოს ხანის ძეგლები სოფ. დოღლაურიდან”, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, VI: 150–167.
ჩუბინიშვილი, ტ. 1957. მცხეთის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი: ტექნიკა და შრომა.
Асланов, Г.; Ваидов, Р.; Йоне, Г. 1959. Древний Мингечаур. Баку: АН АзССР.
Гамбашидзе, О.; Квижинадзе, К. 1982. “Работы Месхет-Джавахетской археологической экспедиции в 1976–1979 гг.” В: А. Каландадзе (ред.), Археологические исследования на новостройках Грузинской ССР, 47–53.
Есаян, С.; Калантарян, А. 1988. Ошакан I. Ереван: Издательство АН АрмССР.
Жоржикашвили, Л. Г., Гогадзе. Э. М. 1974. Памятники Триалети эпохи ранней и средней бронзы. Тбилиси, ”Метсниереба”.
Кесаманлы, Г. 1966. “Погребение с бронзовым поясом из Хачбулага”, Советская археология, 3: 221–227.
Куфтин, Б. 1941. Археологические раскопки в Триалети. Тбилиси: АН Грузинской ССР.
Куфтин, Б. 1948. Археологические раскопки в Цалкинском районе в 1947 г. Тбилиси: АН Груз. ССР.
Куфтин, Б. 1949. Археологическая маршрутная экспедиция 1945 года в Юго-Осетию и Имеретию. Тбилиси: Издательство АН Грузинской ССР.
Куфтин, Б. 1950. Материалы к археологии Колхиды, II. Тбилиси: Техника да шрома.
Кушнарёва, К. 1959. “Археологические работы 1954 г. в окрестностях сел. Ходжалы”, МИА СССР, 67: 370–387.
Крупнов, Е. 1960. Древняя история северного Кавказа. Москва: Издательство АН СССР.
Мартиросян, А. 1954. Раскопки в Головино. Ереван: Издательство АН АрмССР.
Мартиросян, А. 1964. Армения в эпоху бронзы и раннего железа. Ереван: Издательство АН АрмССР.
Нариманов, И.; Халилов, Дж. 1962. “Археологические раскопки на холме Сары-Тепе”, Материальная культура Азербайджана, IV: 6–67.
Нариманов, И. 1960. “Разрушенный курган села Касум-Исмаилова Кировобадского района”, Доклады АН АзССР, 7: 711–714.
Пасек, Т.; Латынин, Б. 1926. “Ходжалинский курган”, Известия общества обследования и изучения Азербайджана, 2: 58–66.
Пиотровский, Б. 1955. Кармир-Блур, III. Ереван: Издательство АН АрмССР.
Уварова, П. 1900. “Могильники Северного Кавказа”, Материалы по археологии Кавказа, VIII. Москва.
Abramishvili, R. 1995. “Neue Angaben über die Existenz des thrako-kimmerischen ethnischen Elements und des sog. Skythischen Reiches im Osten Transkaukasiens”, Archäologischer Anzeiger, 1: 23–39.
Abramishvili, R.; Abramishvili, M. 1995. “Archäologische Denkmäler in Tbilisi unterwegs zum Goldenen Vlies”, in A. Minor & W. Orthmann (eds.), Archäologische Funde aus Georgien, 187–205, Saarbrücken.
Avetisyan, P.; Bobokhyan, A. 2012. “The pottery traditions in Armenia from the eighth to the seventh centuries BC”, in S. Kroll et al. (eds.), Biainili-Urartu, 373–378.
Ghirshman, R. 1939. Fouilles de Sialk, près de Kashan (1933, 1934, 1937), Vol. II. Paris: Paul Geuthner.
Ghirshman, R. 1963. Perse, Proto-Iraniens, Mèdes, Achéménides. Paris.
Lloyd, S.; Mellaart, J. 1956. “Beycesultan Excavations, Second Preliminary Report”, Anatolian Studies, 6: 101–135.
Morgan, J. 1889. Mission scientifique au Caucase, Vol. I. Paris: Ernest Leroux.
Morgan, J. 1896. Mission scientifique en Perse, Tome IV/1. Paris: Ernest Leroux.
Morgan, J. 1925. La Préhistoire orientale. Paris: Payot.
Negahban, E. 1962. “Further Finds from Marlik”, The Illustrated London News, May 5, 699-701.
Porada, E. 1963. L’Iran ancien: l’art à l’époque préislamique. Paris: Gallimard.
Schaeffer, Cl. 1948. Stratigraphie comparée et chronologie de l’Asie occidentale. Oxford: Oxford University Press.
Vanden Berghe, L. 1959. Archéologie de l’Iran ancien. Leiden: E. J. Brill.
Vanden Berghe, L. 1964. La nécropole de Khurvin. Istanbul: Institut Français d’Archéologie.
Vanden Berghe, L. 1968. À la découverte des civilisations de l’Iran ancien. Bruxelles: Éditions Complexe.
