სასულიერო პირების სამარხები ნეკრესის ნაქალაქარის დურუჯისპირა სატაძრო კომპლექსში

ვაჟა მამიაშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი XI (56-B), გვ. 1-17

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2023 წელი

საკვანძო სიტყვები: ნეკრესი, ბაზილიკა, სასულიერო პირი, დასაკრძალავი რიტუალი


Abstract

In the historic region of Hereti (now Kakheti), in the eastern part of the antique and medieval-period town of Nekresi, the Durujispira temple complex was discovered. The main building of this temple, which dates to the 4th–5th centuries, consists of a three-nave basilica, measuring 44 meters by 28 meters, including its galleries and narthexes. During archaeological excavations beneath the floor of the basilica’s central hall, two graves were unearthed. Based on stratigraphic analysis and radiocarbon dating, graves №58 and №97 were constructed during the period from the first half of the 6th century to the 5th century. The special location of these graves within the temple, as well as the position of the skeletons and the grave goods found alongside them, supports the proposal that they belonged to individuals who were high in the ecclesiastical hierarchy. These two graves exemplify the Christian funeral tradition, which has been little studied in this region, and reflect Christian doctrine.

შესავალი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელი არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ექსპედიციის ხელმძღვანელი ნ. ბახტაძე) 2006 წელს ქ. ყვარლის შემოგარენში, მდ. დურუჯის მარჯვენა ნაპირზე არქეოლოგიურად შეისწავლა ტყით დაფარული ხელოვნური ბორცვი, რომლის ზედაპირზეც, დაზიანებული ქვითკირის კედლების ნაშთები იყო ამოზიდული (ბახტაძე, მამიაშვილი, გაბეხაძე, ჩხვიმიანი 2020:89-91) GPS მონაცემებით: N 410 58’ 25.4; E 0450 48’ 36.7 (სურათი 1).

Nekresi burial ______________________________სურათი 1. ნაქალაქარ ნეკრესის გეგმა

Nekresi burial ______სურათი 2. დურუჯისპირა დიდი ბაზილიკის ფუნქციონირების დროს მოწყობილი №58 და №97 სამარხები.

გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბორცვი დიდი სატაძრო კომპლექსის ნაშთებს ფარავდა. ცენტრალური ნაგებობა გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის სიგრძე-სიგანეც ჩრდილოეთის და სამხრეთის გალერეებიდან 36 x 18.5 მეტრზეა. ის მნიშვნელოვნად აღემატება აღმოსავლეთ საქართველოში აქამდე ცნობილ ყველა ბაზილიკურ ტაძრის ზომებს. ბაზილიკის დარბაზი ნავებად ხუთი წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტით არის დაყოფილი (სურათი 2).

არქეოლოგიური კვლევის შედეგად დურუჯისპირა ბაზილიკის ნანგრევი მასებისგან, „ჩაშვებული“ სამარხებისგან და გვიანდელი „სახატისგან“ ეტაპობრივი განთავისუფლების შემდეგ, სრულად გამოვლინდა ტაძრისა და სხვადასხვა პერიოდის მომიჯნავე ნაგებობების გეგმარება. მულტიდისციპლინური კვლევებით დადგინდა, რომ კომპლექსის შემადგენელი პირველი ტაძარი – 25 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის სამეკლესიიანი ბაზილიკა ჯერ კიდევ მე-4 საუკუნის შუა ხანებში აუგიათ. მისი დანგრევის შემდეგ კი ნანგრევებზე, მე-4 – მე-5 საუკუნეთა მიჯნაზე ჩვენ მიერ დეტალურად წარმოჩენილი დიდი ბაზილიკა დაუშენებიათ.

სამარხი №58 და №97

დურუჯისპირა დიდი ბაზილიკის, როგორც მე-4 საუკუნის საქართველოს ამ მხარის წამყვანი რელიგიური ცენტრის მნიშვნელობაზე, კარგად მეტყველებს ამ ტაძრის ფუნქციონირების პერიოდში, მის ინტერიერში, იატაკის ქვეშ, 80 სმ-ის და 50 სმ-ის სიღრმეზე მოწყობილი ინდივიდუალური სამარხების კვლევის შედეგებიც. განსაკუთრებით საინტერესოა ტაძრის შუა ნავში, ზუსტად ნაოსის ცენტრში, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელების შემაერთებელ ღერძზე მდებარე დიდი ზომის, ქვა-ყუთის ტიპის №58 სამარხი (კვ. F – 8). მისი სიგრძე – 207 სმ-ია; სიგანე (თავთან) – 70 სმ; სიგანე (ფეხებთან) – 50 სმ; სიღრმე – 48 სმ. დამხრობა: აღმოსავლეთ -დასავლეთ ღერძზე. სამარხი გადახურული იყო ოთხი დიდი ზომის ფიქალის ქვის ნათალი ფილით. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლები თითო-თითო ფილისგან შედგებოდა. სამარხის დასავლეთ (თავთან) და აღმოსავლეთ (ფეხებთან) მხარეს, თითო ფილა იყო ჩადგმული. სამარხში ერთი მიცვალებული ესვენა. ნეშტის თავის ქალის უკან აღმოჩნდა ერთი რიყის ქვა (ზომები: 15 x 19 სმ). სამარხის იატაკი ზუსტად ტაძრის სახურავისთვის გამოყენებული, მსგავსი ბრტყელი კრამიტებით იყო მოგებული (სურათი 3). სამარხის იატაკის კრამიტით მოგების ტრადიცია ადრექრისტიანული პერიოდისთვის არის დამახასიათებელი (კალანდაძე 1950:247, ტაბ. X-26). ჩონჩხი გარკვეულ ადგილებში დაზიანებული იყო. დიდი ალბათობით, დაზიანება გამოიწვია ოთხი ფილისგან შემდგარი სამარხის სახურავის ღრიჭოებიდან საუკუნეების მანძილზე ნაჟურ წყალთან ერთად ჩატანილმა მიწის მასამ (Mamiashvili 2019:188).

ქვა-ყუთში ჩასვენებული იყო ზრდასრული, უფრო შუახნის მამაკაცის ნეშტი, რომელსაც მარცხენა ხელი გულზე ჰქონდა დაკრეფილი. მარჯვენა მკლავი კი მაღლა ჰქონდა აღმართული, მაკურთხებელ პოზაში. ამ აღნაგობის მამაკაცს ცხოვრების განმავლობაში, ბრძოლებში ან ყოველდღიურ ყოფაში დასახიჩრებაც ჰქონია მიღებული – მისი მარჯვენა ქვედა კიდურს ჭრილობისა და შეხორცების კვალი ემჩნეოდა. ასეთ გამორჩეულ ადგილზე, განსხვავებული პატივით მოწყობილ ქვის სამარხში, მაკურთხებელი მარჯვენით, დიდი ალბათობით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა იყოს დაკრძალული.

Nekresi burial ____________________________სურათი 3. დურუჯისპირა ბაზილიკა, მაღალი სასულიერო იერარქის № 58

დურუჯისპირა სატაძრო კომპლექსის ინტერიერში, ზუსტად №58 სამარხის ინდივიდის მსგავსად აღმართული მარჯვენით დაკრძალული კიდევ ერთი მამაკაცის ნეშტი, №97 ქვის სამარხში (კვ. C – 12, 13). გამოვლინდა. სტრატიგრაფიული ნიშნებით ეს სამარხით იმავე პერიოდის ეკუთვნის. სამარხი გადახურული იყო ერთი მასიური მთლიანი ფილით (სურათი 4). ფილის ზომებია: სიგრძე სამხრეთიდან – 261 სმ, სიგრძე ჩრდილოეთიდან – 231 სმ, სიგრძე დასავლეთიდან (თავთან) – 83 სმ, სიგრძე აღმოსავლეთიდან (ფეხებთან) – 86 სმ. ფილის სისქე ცვალებადია და მერყეობს 3-დან 5 სმ-მდე. ქვის სამარხი ყუთი შედგებოდა ოთხი მასიური ფილისგან, რომლის ზომებია: აღმოსავლეთით (თავთან) – 57 სმ, სისქე 3-4 სმ; დასავლეთიდან – (ფეხებთან) – 60 სმ, სისქე 5-6 სმ; ჩრდილოეთიდან – 230 სმ, სისქე 6 – 11 სმ-ი; სამხრეთიდან – 240 სმ, სისქე 6-9 სმ. სამარხის სიმაღლეა 55 სმ (სურათი 5). სამარხში ერთი ინდივიდი დაკრძალული იყო თავით დასავლეთისაკენ (სახით აღმოსავლეთისაკენ იყურებოდა). ინდივიდი გულაღმა, გაშოტილ პოზაში იყო დამარხული. მას მარცხენა ხელი მენჯზე ჰქონდა დადებული, ხოლო მარჯვენა ხელი, მოხრილი, სახის პარალელურად აღმართული. ნეშტის თავის ქალის უკან (ჩასვენებისას თავის ქვეშ) აღმოჩნდა რიყის ქვა ( ზომები: 8 x 12 სმ.) თავის ქალის მდგომარეობის მიხედვით აშკარაა, რომ მიცვალებულს თავი ქვაზე ჰქონდა დადებული და რბილი ქსოვილიდან გამოთავისუფლების შემდეგ თავის ქალა აღმოჩნდა არა გაშოტილ პოზისთვის დამახასიათებელ მდგომარეობაში, სახით მაღლა, არამედ პირდაპირ, სახით აღმოსავლეთისაკენ.

მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ სამარხი მიწით არ შეუვსიათ. ქვასამარხი საუკუნეების მანძილზე შევსებული იყო ნაჟური წყლის დინებისგან ჩატანილი კარგად განლექილი 25 სმ-ის სისქის მიწის მასით. რომელიც მოსწორებული იყო ჰორიზონტალურად ერთ დონეზე.

Nekresi burial 4.დურუჯისპირა ბაზილიკა, სამარხი №97 _______________________სურათი 5. დურუჯისპირა ბაზილიკა, სამარხი №97,
__________________________________________________________მაღალი სასულიერო იერარქის ნეშტი

Nekresi burial ______________სურათი 6. დურუჯისპირა ბაზილიკა, სამარხი №97. თავქვეშ დაფიქსირებული ქვა

Nekresi burial
სურათი 7. დურუჯისპირა ბაზილიკა, სამარხი №97. თავქვეშ დაფიქსირებული ქვა და ე.წ. აღმართული მაკურთხებელი მარჯვენა.

გასათვალისწინებელია, რომ ეს ორივე სამარხი ტაძრის იდეოლოგიურ-ლიტურგიული თვალსაზრისით გამორჩეულ, მეტად საპატიო ადგილებშია მოწყობილი. № 58 სამარხი დიდი ბაზილიკის შუა ნავში, ზუსტად ცენტრში, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელების შემაერთებელ ღერძთა ჯვრულად გადაკვეთის ადგილზეა მოწყობილი; ამდენად, მასში დაკრძალული მიცვალებული, თითქოს პირდაპირ შესცქეროდა საკურთხევლის საკრალურ სივრცეს, რომელიც ზეციურ სასუფეველს განასახიერებდა. № 97 სამარხი კი ზუსტად წინარე, მე-4 საუკუნის შუა ხანების ეკლესიის მართკუთხა საკურთხევლის ცენტრში, საკურთხევლის იატაკის ქვეშ მდებარეობს და ამ ტაძრის ფუნქციონირებისას (ან, აგების ეპოქაში) მოწყობილი ჩანს. ამდენად, თუ ორივე ამ სამარხის განსაკუთრებულ, კერამიკული იატაკებით გამართულობასაც გავითვალისწინებთ, მათში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უნდა დაეკრძალათ. ასეთი ვარაუდი სავსებით შეესაბამება ორივე ინდივიდისთვის მაკურთხებელ პოზაში შემართულად დატოვებული მარჯვენა მკლავები. მართალია, ჯერჯერობით ასეთი პოზით მიცვალებულთა დაკრძალვას საქართველოსა და ქრისტიანული სამყაროს სხვა ქვეყნებში პირდაპირი ანალოგი ვერ მოეძებნა (შესაძლოა, ზოგადად გვიანი ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების პირველი ფაზების სამაროვნების სათანადო რაოდენობით შეუსწავლელობის გამო), მაგრამ ლოგიკურად, ვინ, თუ არა სასულიერო წოდების პირები უნდა დაეკრძალათ მაკურთხებელ პოზაში შემართული მარჯვენით? სამაგიეროდ, ორივე ამ სამარხში დაფიქსირებული კიდევ ერთი რიტუალი – მიცვალებულთა თავქვეშ ბალიშად ამოდებული რიყის ქვა, საკმაოდ დამაჯერებლად მიგვანიშნებს ქრისტიანული მოძღვრების წესზე და ამ მიცვალებულთა სასულიერო წრესთან კავშირზე. იმის დასტურად, რომ შუა საუკუნეების სხვადასხვა ეტაპზე, ასეთი წესით ქრისტიან ბერებს, მათ შორის წმინდანად შერაცხილ ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ როგორც ქრისტიანული სამყაროს სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მრავალი დოკუმენტური საბუთი არსებობს. ბუნებრივია, საინტერესოა გაირკვეს, თუ რა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია ასეთი წესი. მკვლევართა ნაწილი, ამ ტრადიციას უკავშირებს ძველ აღთქმაში (დაბ. 28:12-15) იაკობის სიზმარში აღწერილი სცენას, სადაც იაკობი თავის ქვეშ ბალიშად ქვის ლოდს იყენებს. გამოღვიძების შემდეგ იღებს ქვის ლოდს და სვეტად დგამს, ზედ ზეთს ასხამს და ადგილს ,,ბეთელ“ – ს უწოდებს, რომელიც ღვთის სახლს ნიშნავს (ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით კი, ღვთის სახლად ყოველთვის მიჩნეულია ეკლესია). ზოგიერთი თეოლოგი მეცნიერის აზრით კი, სასულიერო წოდების მიცვალებულთათვის თავქვეშ ამოდებული ქვა, ქრისტეს სამარხში, იუდეური ტრადიციის თანახმად მის თავქვეშ დადებული იმ ქვის სიმბოლოა, რომელიც, შუა საუკუნეების მოგზაურთა აღწერებით, დიდხანს ინახებოდა რელიკვიად იერუსალიმში (პილიგრიმთა მონათხრობის წყარო).

№58 და № 97 სამარხები, განლაგებითა და ტაძრის კონსტრუქციებთან სტრატიგრაფიული მიმართებით, უდავოდ დიდი ტაძრის სრული, თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახით ფუნქციონირების დროს არის მოწყობილი, ანუ, სტრატიგრაფიული ანალიზისა და №97 სამარხის რადიოკარბონული კვლევების მიხედვით, მე-5 საუკუნის პირველი ნახევრიდან მე-6 საუკუნის დაახლოებით 50-იან წლებამდე (სურათი 8).

დასკვნა

ნებისმიერ შემთხვევაში, დურუჯისპირა კომპლექსში დაკრძალული აღნიშნული მიცვალებულების ანატომიური პოზები და ატრიბუცია, სამარხთა ხაზგასმულად საპატიო ადგილებში და გამორჩეულად მოწყობასთან ერთად, ამ მიცვალებულთა მაღალ სასულიერო იერარქიისადმი კუთვნილებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

Nekresi burial ___________ სურათი 7. სამარხი №97-ის რადიოკარბონული (C14) კვლევის შედეგი

შენიშვნა

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წლის, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსებული კონკურსის ,,დურუჯისპირა სატაძრო კომპლექსის სამარხი, მემორიალური და რელიქვიური ძეგლების კვლევა სოციალურ, რელიგიურ და კულტურულ კონტექსტში“ – (YS-22-219) ფარგლებში.

გამოყენებული ლიტერატურა


ბახტაძე, ნ., მამიაშვილი, ვ., გაბაეხაძე, ბ., ჩხვიმიანი, ჯ. 2020 . ნაქალაქარ ნეკრესის უძველესი ქრისტიანული ტაძრები. თბილისი: გამომცემლობა სეზანი.

კალანდაძე, ა. 1949 . ახლად აღმოჩენილი სამაროვანი მცხეთაში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის მიმომხილველი, ტ. I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

სხირტლაძე, ზ. 2006 . წმ. „დავით გარეჯელის განსასვენებელი“, გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები, ტ. III. თბილისი:გარეჯის კვლევის ცენტრი.

Mamiashvili, V. 2019 . Archaeological Research upon the Earliest Christian Settlement in Nekresi (ადრეული ქრისტიანობის არქეოლოგიური კვლევა ნაქალაქარ ნეკრესში). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე, ტ. 13, №4. თბილისი.

Беляев, Л. 2011. Камень под головой и лестница в небо. археология, иконография, источник, Вестник Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета / Вопросы истории и теории христианского искусства, V. 2 (5).