ჭურჭლის ერთი ჯგუფი თრელის სამაროვნიდან (ძვ.წ. მე-11 – მე-6 საუკუნეები)
ნინო ახვლედიანი, ირინე სულთანიშვილისაქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი XI (57-B), გვ. 1-17
გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2024 წელი
საკვანძო სიტყვები: თრელი, კერამიკა, საქართველო ადრერკინის ხანა
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე, თრელის სამაროვანზე, აღმოჩენილი და ძვ.წ. მე-11 – მე-6 საუკუნეებით დათარიღებული ჭურჭლის ერთი ჯგუფი. კერამიკული მასალის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სამთავრული არქეოლოგიური კულტურისთვის დამახასიათებელ თიხის ჭურჭელს, რომელზეც რიგ შემთხვევებში ისახება წინა აზიიდან მომდინარე კულტურული ნაკადების გავლენები. გვხვდება ასევე იმპორტი (აგალმატოლიტის ფიალა) და ადგილზე დამზადებული, მაგრამ ადგილობრივი კულტურისთვის სრულიად უცხო ფორმები (ზოომორფული ჭურჭელი).
* * *
თრელის სამაროვანზე1 აღმოჩენილი ინვენტარის ძირითად ნაწილს თიხის ჭურჭელი წარმოადგენს. გამონაკლისის სახით გვხვდება ქვის ჭურჭელი – აგალმატოლიტის ფიალა №16 სამარხიდან.
თიხის ჭურჭელი, როგორც წესი, დამზადებულია ჩარხზე წვრილმინარევებიანი თიხისგან, გამომწვარია მოშავო-მონაცრისფროდ და მონაცრისფრო-მორუხოდ, ზედაპირი გაპრიალებული ან მოგლუვებულია. გვხვდება ხაოიანზედაპირიანი ჭურჭელიც. კერამიკული ნაწარმი უმეტესად შემკულია გეომეტრიული სახეებით. ორნამენტი დატანილია ამოღარვის, ჭდევის და გაპრიალების საშუალებით. დანიშნულების და ფორმის მიხედვით ჭურჭელი მრავალგვარია. ქვემოთ, განვიხილავთ რამდენიმე სახეობას.
დოქები და ხელადები
თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-11 – მე-6 საუკუნეებით დათარიღებულ სამარხებში აღმოჩენილი დოქები და ხელადები განსხვავდება წინამორბედი, ძვ.წ. მე-13 – მე-12 საუკუნეებით დათარიღებული ამავე სახეობის ჭურჭლისგან2, რომელიც ძირითადად ერთი ფორმისა იყო – ოდნავ წაგრძელებული ტანი, საშუალო ზომის, შუაში შევიწროვებული ყელი და პირს ქვემოთ და მხარზე მიძერწილი ზოომორფული ყური. რკინის ფართო ათვისების ხანიდან ამ ჭურჭლის ფორმები მრავალფეროვანი ხდება. ძვ.წ. მე-13 – მე-9 საუკუნეებში აღნიშნული ჭურჭლის ყურები ზოომორფულია, ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან კი ზოომორფული ყურების სიხშირე იკლებს და იშვიათად გვხვდება3. ამავე პერიოდიდან დოქებისა და ხელადების ტანი ხშირად სფერული ფორმისა და დიდი ზომისაა, ყელი შედარებით დაბალი და ვიწროა. თრელის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის დოქებისა და ხელადების უმრავლესობა ბრტყელძირიანია ან რიგ შემთხვევებში აქვთ ოდნავ გამოყოფილი დაბალი ქუსლი (სურათი 1: 1-4, 7-8, 10, 11, 14; სურათი 2: 3, 4, 6, 7, 12, 14, 15-19; სურათი 3: 1,4,9). როგორც ფორმით, ასევე ორნამენტით სხვებისგან გამოირჩევა №7 სამარხის დოქი, რომელსაც ელიფსისებური ტანი, ძაბრისებური ყელი და გამოყოფილი, ოდნავ გაშლილი ქუსლი აქვს (სურათი 2: 7). თრელის დოქები და ხელადები ორ ჯგუფად იყოფა: I ჯგუფში ვაერთიანებთ ზოომორფულყურიან დოქებსა და ხელადებს (სურათი 2: 1-6). II ჯგუფში გაერთიანებულია ის ერთეულები, რომელთაც ზოომორფული ყური არა აქვთ. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ზოომორფულყურიანი დოქები და ხელადები გვხვდება: თრელის ნასახლარსა და სამაროვანზე (აბრამიშვილი 1978: ნახ. 48520,521, 50533, 58594,596,600, 60612,613, 64651, 66664,665,666, 73 709), სამარხები №№7 (სურათი 2: 6), 66 (სურათი 2: 1), 67 (სურათი 2: 2), 109 (სურათი 2: 3), 133 (სურათი 2: 5), 134 (სურათი 2: 4) და სხვა, სამთავროს (ჩუბინიშვილი 1957: ტაბ.15455,585,626), ნარეკვავის (აფაქიძე 1999: ტაბ.I1, III38, IV56, XI129, XX247, XXII272, XXIII299, XXVII328, XXXI398, XXXVI508, აფაქიძე 2000: ტაბ.XI585,584; XXIV696; ნიკოლაიშვილი, გავაშელი 2007: ტაბ.XV944, XXV1038, XXXIX1162, LV1317, LXII1386, LXVIII1432, LXXII1471,1469, LXXIII1489), საფურცლის (სამარხები №№1, 2, 3, 4), ნავთლუღის (ქორიძე 1955:158-ინვ.3-50:18, ტაბ.XXX1), მადნისჭალის (თუშიშვილი 1972: ნახ.19,31,ტაბ.XXI), საყდრისხევის (სამარხები №№2,7), განთიადის (ავალიშვილი 1974: ტაბ.IX) და ღრმახევისთავის (აბრამიშვილი და სხვა 1980: ნახ.92147, 94152, 9615,105,187,188,189, 168423, 192518) სამაროვნებზე, დოღლაურის (ღამბაშიძე 1974: 137,ტაბ.I,4-5) და ხოვლეგორას (მუსხელიშვილი 1978: ტაბ.XVI) ნასახლარებზე, მეღვრეკისში (Куфтин 1949: ტაბ.XIII) და სხვა (შიდა და ქვემო ქართლი). გვხვდება კახეთში, მელი-ღელეს სამლოცველოზე (ფიცხელაური 1973: ტაბ.XXVIII-XXIX), სამცხეში – ზველის №2 ყორღანში (Гамбашидзе, Квижинадзе 1982: ტაბ.XXIV18) და ჩითახევის სამაროვანზე (გამოუქვეყნებელია). ზოომორფულყურიანი დოქები და ხელადები გვხვდება ძვ.წ. მე-16 საუკუნიდან ძვ.წ. მე-6 საუკუნის ჩათვლით. ყველაზე ადრეული ხელადა აღმოჩენილია ზველის №2 ყორღანში. ხელადა ხელით არის ნაძერწი და ფორმითაც შედარებით განსხვავდება. აღნიშნული ჭურჭელი გვიანბრინჯაოს ხანის ხელადების პროტოტიპს უნდა წარმოადგენდეს. ამ ტიპის დოქები და ხელადები აღმოჩენილია სამთავროს გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით დათარიღებულ სამარხებში (№№12, 26, 228, 294) და მადნისჭალის სამაროვანზე (თუშიშვილი 1972: ტაბ. XXI116). აღსანიშნავია, რომ სამთავროს სამაროვნის ამ ხანის ზოომორფულყურიან დოქებსა და ხელადებს დახვეწილი ფორმები აქვთ. ზოომორფულყურიანი დოქები და ხელადები ფართოდ ვრცელდება ძვ.წ. მე-15 ს-ის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. მე-9 საუკუნის ჩათვლით. იშვიათად გვხვდება ძვ.წ. მე-8 – მე-6 საუკუნეებში. აღნიშნული ჭურჭელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად, დამახასიათებელია ე.წ. სამთავრული არქეოლოგიური კულტურისთვის (Abramishvili und Abramishvili 1995: 191-193). შედარებით მცირე რაოდენობით არის აღმოჩენილი კახეთში, რომელიც სხვა კულტურის წრეში ერთიანდება. თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-9 – მე-8 საუკუნეებიდან გვხვდება გრეხილყურიანი დოქებიც – სამარხები №№16 (სურათი 1: 1,9, სურათი 3: 7, 9, 10), 24 (სურათი 1:13, სურათი 2: 16). გრეხილყურიანი ჭურჭელი სამთავროს სამაროვანზე უფრო ადრე, ძვ.წ. მე-14 საუკუნიდან ჩნდება – სამარხები №26 (1938 წ.), 175 (ახვლედიანი, სულთანიშვილი 2010: ტაბ.I4) და არსებობას აგრძელებს ძვ.წ. მე-7 საუკუნემდე – სამარხები №№26 (1940 წ.), 72, 168, 301. თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან გვხვდება ასევე დოქები ყურებზე შვერილებით – სამარხები №№24 (სურათი 1: 14), №119 (სურათი 2: 10). ამავე პერიოდიდან, როგორც თრელზე – სამარხები №№16 (სურათი 3: 6); 46 (სურათი 1: 6), ისე სამთავროზე – სამარხი №292 – ჩნდება გატოტვილყურიანი დოქებიც. II ჯგუფს ქმნის მრავალრიცხოვანი დოქები და ხელადები, რომელთაც I ჯგუფისგან განსხვავებით ზოომორფული ყური არა აქვთ. I ჯგუფის ჭურჭელს ყური ძირითადად პირს ქვემოთ ეწყება. II ჯგუფის დოქებისა და ხელადებისთვის დამახასიათებელია პირიდან გადმოსული ყური, რომელიც მხრისა და ტანის გადაკვეთაზე ერთდება (გამონაკლისია თრელის №16 სამარხის ერთი ხელადა, რომელსაც ყური პირს ქვემოთ ეწყება). ამ ჯგუფის დოქებსა და ხელადებს აქვთ სფერული, ელიფსური, ბიკონუსური ან მსხლისებური ფორმის ტანი და მრავალფეროვანი ორნამენტი. ამასთან ერთად, №№7 და 119 სამარხების დოქებს ტანზე დაძერწილი აქვთ გველის რელიეფური გამოსახულება (სურათი 2: 7, 9). ასეთივე რელიეფური დანაძერწი აქვს თრელის №79 სამარხის ორყურა ქილას და №242 სამარხში აღმოჩენილ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტს. ჭურჭლის ტანზე რელიეფურად დაძერწილი გველის გამოსახულება თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-14 – მე-13 სს-დან ჩნდება – სამარხები №№41,138 (აბრამიშვილი 1978: ტაბ.XL627) და იშვიათად გვხვდება მთელი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მანძილზე. როგორც I, ისე II ჯგუფში გაერთიანებული ჭურჭელი სპეციფიკური ნიშნებით ცალკეულ ქვეჯგუფებადაც იყოფა. მიუხედავად ცალკეული სხვაობებისა, მათი არეალი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიით, ძირითადად კი, შიდა და ქვემო ქართლით შემოიფარგლება. ამასთან ერთად, II ჯგუფის ერთ-ერთი სახეობა მსგავსებას პოულობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ძეგლებთან. ამ დოქებს ახასიათებს ძალიან განიერი, სფეროსებური ტანი და ტანთან შედარებით დაბალი ყელი – თრელის №24 (სურათი 1: 10, 11, 14), 247, 252 სამარხები. ამ ჭურჭელთან მსგავსებას პოულობს ხრტანოცის, გოლოვინოს, ახტალის სამაროვნების დოქები (Morgan 1889: 58, ტაბ.17, Мартиросян 1954: ტაბ.XX,б,в). საერთოდ, ასეთი ტიპის დოქები სომხეთის ტერიტორიისთვის არის დამახასიათებელი. დოქებისა და ხელადების II ჯგუფის ქრონოლოგიური არეალი ძირითადად ძვ.წ. მე-8 – მე-6 საუკუნეებს მოიცავს. ჩვენ მიერ გამოყოფილ ჯგუფებს სრულყოფილების პრეტენზია არა აქვთ, რადგან ისინი ძირითადად თრელზე აღმოჩენილ მასალაზე დაყრდნობით არის შედგენილი.ბიკონუსური ჭურჭელი
თრელის №№16 და 24 სამარხებში აღმოჩნდა 18 ბიკონუსური ჭურჭელი (სურათი 4: 5-12, სურათი 5 – 10 – სამარხი №16, სურათი 11 – სამარხი №24). ყველა მათგანი ფორმით ერთმანეთის მსგავსია – აქვთ ბიკონუსური ფორმა, გამჭოლი ხვრელი და კარგად მოგლუვებული ზედაპირი. ჭურჭელი სხვადასხვა სიდიდისაა. ზომისა და ორნამენტის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: I ჯგუფში გაერთიანებულია უორნამენტო ჭურჭელი (სურათი 4: 5-8) და ჭურჭელი ერთი ან ორი ამოღარული კონცენტრული ხაზით (სურათი 4: 9-12). ეს ჯგუფი, თავის მხრივ, დაყოფილია ორ ქვეჯგუფად: ა) პირველ ქვეჯგუფში გაერთიანებულია ოთხი ჭურჭელი შავი მოგლუვებული ზედაპირით, ნაცრისფერი შიდაპირით და მოწითალო-მოვარდისფრო მქისე კეცით. აქვს ბრტყელი წიბო და ორივე მხარეს თითო ან ორი ამოღარული კონცენტრული ხაზი (სურათი 4: 9-12). ამ ქვეჯგუფში გაერთიანებული ჭურჭელი უმეტესად დაშლილია. ბ) მეორე ქვეჯგუფის ჭურჭელი სადაზედაპირიანია (სურათი 4: 5-8). ოთხივე ერთი ზომისაა და აქვს მორუხო-მონაცრისფრო მოგლუვებული ზედაპირი. II ჯგუფის ჭურჭელი უფრო დიდია და შემკულია გეომეტრიული ორნამენტით (სურათი 5-11). ყველა მათგანს განსხვავებული ორნამენტი აქვს. II ჯგუფში გაერთიანებული ჭურჭელი მოშავო-მონაცრისფროა. ზედაპირი კარგად აქვს მოგლუვებული და შემკულია ორნამენტით, რომელიც შესრულებულია ამოღარვისა და ჭდევის ტექნიკით. თითოეული ჭურჭლის ორივე გვერდი სხვადასხვა გეომეტრიული სახეებით არის შემკობილი. ამ ჭურჭლის პირდაპირ დანიშნულებაზე ვერაფერს ვიტყვით. ვფიქრობთ, მას ძირითადად საკულტო-სარიტუალო დანიშნულება უნდა ჰქონოდა, რაზეც მეტყველებს ჭურჭლის ფორმა და ორნამენტი. ზოგიერთი ჭურჭლის ორნამენტი პიქტოგრამადაც შეიძლება ჩაითვალოს. თრელის ბიკონუსური ჭურჭლის ანალოგები არსად არ გვხვდება, რაც მის ადგილობრივ წარმოშობაზე მიუთითებს.
ზიარი ჭურჭელი
თრელის ძვ.წ. მე-8 – მე-7 საუკუნეებით დათარიღებულ №16 სამარხში აღმოჩენილია ოთხი ზიარი ჭურჭელი (სურათი 4: 1-4). ოთხივეს აქვს ნაცრისფერი, მოგლუვებული ზედაპირი და შიდაპირი. ასეთივე ფერის კეცი აქვს სამ ჭურჭელს. გამონაკლისს წარმოადენს №4 ჭურჭელი, რომლის კეციც ოდნავ მოვარდისფროა. ზიარი ჭურჭელი წარმოადგენს ერთმანეთთან გამდინარე ხვრელებით დაკავშირებულ კოჭობებს. თრელის ზიარი ჭურჭლიდან ერთს გამდინარე ხვრელი არა აქვს (№1). №2 ჭურჭელი ნაკლულია, რის გამოც ამ ერთეულის გამდინარე ხვრელის თაობაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. თრელის ჭურჭლების ყურის განივკვეთი განსხვავებულია – №4 ჭურჭელს აქვს მართკუთხაგანივკვეთიანი ყური, №3-ს მრგვალგანივკვეთიანი, №№1-ს და 2-ს ოვალურგანივკვეთიანი. საქართველოს ტერიტორიაზე ზიარი ჭურჭელი ცნობილია თრიალეთში – ბეშთაშენის მტკვარ-არაქსული ფენიდან (Куфтин 1941: ტაბ.CXXIV) და წალკის რაიონში (Куфтин 1948: 7-9, ტაბ.3). ზიარი ჭურჭლის ანალოგები გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში – ყობანისა და ზემო რუთხის სამაროვნებზე (Уварова 1900: 242, ნახ. 97, ტაბ.XIII11) და ადრერკინის ხანით დათარიღებულ ნესტეროვოს №21 სამარხში (Крупнов 1960: ტაბ.XIII1). დაახლოებით თრელის ზიარი ჭურჭლის თანადროული უნდა იყოს სარითეფეში (Нариманов, Халилов 1962: 34, ნახ.9), მინგეჩაურში (Асланов, Ваидов, Йоне 1959: ტაბ.XII2), თეიშებაინსა (Мартиросян 1964: 142, ტაბ.66) და ჰასანლუში (Ghirshman 1963: 24, ნახ.2) აღმოჩენილი ზიარი ჭურჭელი.
ზოომორფული ჭურჭელი
თრელის №№16 და 24 სამარხებში აღმოჩენილია ზოომორფული ჭურჭელი ხარის, ვერძების და ფრინველის ფორმით (სურათი 12-18)4. №16 სამარხში აღმოჩენილი 12 ჭურჭლიდან ერთი წარმოდგენილია ფრინველის გამოსახულებით, დანარჩენს კი ვერძის ფორმა აქვს. 12 ერთეულიდან ოთხი იმდენად ფრაგმენტულია, რომ მათი აღდგენა ვერ მოხერხდა. ასევე ძლიერ ფრაგმენტულია ჭურჭელი ფრინველის გამოსახულებით, რის გამოც მისი ფორმა ვერ დადგინდა. ამ სასმისის თავი ფრინველს ჰგავს. თვალები წერტილებით არის გადმოცემული, ცხვირი (ნისკარტი) ჩამოსასხმელი ხვრელით, მოტეხილია. სხეულის შემორჩენილი ფრაგმენტები დაფარულია წერტილოვანი ორნამენტით (სურათი 17: 3). ჭურჭელს აქვს შავი ზედაპირი და ნაცრისფერი კეცი. ვერძის ფორმის ჭურჭელს აქვს მეტ-ნაკლებად წაგრძელებული ცხვირი, რომელშიც დატანილია სითხის ჩამოსასხმელი ხვრელი. ზურგზე მოთავსებულია ოდნავ პირგადაშლილი სითხის ჩასასხმელი ყელი, რომელიც ტანთან შეერთებულია მრგვალგანივკვეთიანი ყურით. ორ ჭურჭელს აქვს მოშავო-მონაცრისფრო ნაპრიალები ზედაპირი, ასეთივე ფერის შიდაპირი და კეცი, დახვეული რქები და მოკლე წაკვეთილი ცხვირი (სურათი 12, სურათი 13). ცალკე ჯგუფში ერთიანდება ხუთი ჭურჭელი (სურათი14, სურათი 15, სურათი17:2). ამ „ვერძებს“ აქვთ შავი ნაპრიალები ზედაპირი, მონაცრისფრო-მოშავო კეცი და განივღარებიანი გრეხილი რქები. ცხვირი ჩამოსასხმელი ხვრელით წაგრძელებული და ვიწროა, თვალების ადგილზე კოპისებური წანაზარდებია. „ვერძების“ მთელი სხეული დაფარულია სხვადასხვა მიმართულებით დახრილი ამოღარული ხაზებით. დამზადების ტექნიკით და სტილიზებული ფორმით ცალკე დგას არათანაბრად გამომწვარი ვერძის ფორმის ჭურჭელი დახვეული და ჭდეული ორნამენტით შემკული რქებით (სურათი16: 1). ჭდეული რელიეფური ორნამენტით არის შემკული ვერძის მოკლე კუდიც. ვერძის ოვალური და დაბრტყელებული ფორმის ტანი სტილიზებულია. მთელ სხეულს შემოუყვება ამოღარული ხაზებით შედგენილი სამი არშია, რომელიც შევსებულია ასეთივე ტექნიკით შესრულებული ირიბი ხაზების ორნამენტით. შემორჩენილია „ვერძის“ წინა მარჯვენა ფეხი გამჭოლი ნახვრეტით. სავარაუდოდ, ასეთი ხვრელები ჭურჭელს ოთხივე ფეხზე უნდა ჰქონოდა. ყველა დანარჩენისგან განსხვავებით ამ ჭურჭლის ყურს აქვს ზოომორფული დანაძერწი. ეს არის სამთავრული კულტურის წრის ძეგლების განმსაზღვრელი ზოომორფული ყური, მაგრამ სამთავრული კულტურის წრისთვის სრულიად უცხოა თავად ზოომორფული ჭურჭელი. როგორც ჩანს, თრელის ზოომორფული ჭურჭელი დიღმის ველზე სამხრეთიდან მოსული უცხო ეთნიკური ჯგუფის დაკვეთით მზადდება ადგილობრივი ხელოსნის მიერ (თრელის №№16 და 24 სამარხების კულტურული კუთვნილების საკითხისთვის იხ. Abramishvili 1995). ამით აიხსნება ადგილობრივი კულტურისთვის უცხო ფორმის ჭურჭლის ყურზე ადგილობრივი კულტურის განმსაზღვრელი ე. წ. ზოომორფული დანაძერწი. თრელის №24 სამარხში აღმოჩნდა დიდი ზოომორფული ჭურჭელი ხარის გამოსახულებით (სურათი 18). ჭურჭელს აქვს შავი ნაპრიალები ზედაპირი და ნაცრისფერი კეცი. წაგრძელებულ ცხვირში დატანილია ჩამოსასხმელი ხვრელი. ნესტოები ორი ჭდეული, ირიბად განლაგებული ხაზებით არის გადმოცემული, თვალები – კოპების სახით. შემორჩენილია ერთი რქა, რომლის ძირს შემოუყვება სამი ღარი. რქის ქვემოთ გამოძერწილია პატარა ზომის ყური. შუბლზე გამოსახულია წვერით პირისკენ მიქცეული სამი ერთმანეთში ჩასმული სამკუთხედი, რომელთაც წიწვოვანი ორნამენტით შევსებული რომბი ებმის. ზურგზე სითხის ჩასასხმელ პირგადაშლილ ყელთან მიძერწილია დაწახნაგებული ყური. ჭურჭლის ყელს ირგვლივ შემოუყვება ამოღარული ზოლები. ხარის კუდი რელიეფურად არის გადმოცემული. გულმკერდს სიგრძეზე რელიეფური წიბო დაუყვება. ტანის წინა ნაწილი გავაზე გაცილებით განიერია, უკანა ფეხებთან მუცელი მკვეთრადაა შეზნექილი. ეს ყველაფერი ხარის სიძლიერის შთაბეჭდილებას ქმნის. ამავე №24 სამარხში აღმოჩენილია ასევე ორი სხვადასხვა ზოომორფული ჭურჭლის ფრაგმენტები (სურათი 17: 1, 4). სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით დათარიღებული ზოომორფული ჭურჭელი ცნობილია მინგეჩაურის მესამე ყორღანიდან და მეორე ფენის ორმოსამარხებიდან (Асланов, Ваидов, Йоне 1959: ტაბ. XXXVII, XLII), მუსი-იერიდან (Morgan 1889: 155, ტაბ.169), ვერიშენიდან (Avetisyan, Bobokhyan 2012: ტაბ.VII5). ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ძეგლებზე ზოომორფული ჭურჭელი აღმოჩენილია ირანში – ამლაშის სამაროვანზე – ძვ.წ. მე-10 და მე-9 – მე-8 სს. (Porada 1963: 92, Ghirshman 1963: 32, 35, 38, ნახ.34, 47), მარლიკში – ძვ.წ. მე-10 ს. (Negahban 1962: ნახ.9, 11), ხურვინში – ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს (Vanden Berghe 1964: ტაბ. XXXII, ნახ.221, 222, Ghirshman 1963: 19, ნახ.17), თალიშში (Morgan 1925: 280, 281, ნახ. 267-279), კალარდაშში – ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს (Ghirshman 1963: 97, ნახ.128), მაკუდასა და სუზაში (Ghirshman 1963: 287, 289, ნახ.345, 347), ზივიეში – ძვ.წ. მე-7 ს. (Ghirshman 1963: 322, ნახ.394) და სხვა. ჩრდილოეთ კავკასიაში ზოომორფული ჭურჭელი აღმოჩენილია ზემო რუთხის (Уварова 1900: 243, 244, ნახ.190, 200) და ფასკაუს სამაროვნებზე (იქვე, ტაბ.XI1) და კუმბულტას №4 სამარხში (იქვე: 213, ნახ.184). თრელის ჭურჭელთან ყველაზე ახლოს დგას ლურისტანში, ძვ.წ. მე-8 – მე-7 საუკუნეებით დათარიღებულ, ვარ-ქაბუდის სამაროვანზე აღმოჩენილი ჭურჭელი (Vanden Berghe 1968:61), რომელიც ძალიან უახლოვდება №24 სამარხში აღმოჩენილ ჭურჭელს (სურათი 18). თრელის სამაროვანზე აღმოჩენილი ზოომორფული ჭურჭელი ეკუთვნის რკინის ფართო ათვისების პერიოდს და ის ადგილობრივ ნაწარმს წარმოადგენს. ასეთი დასკვნის საშუალებას გვაძლევს შავპრიალა ზედაპირი, მონაცრისფრო კეცი და ერთ-ერთ მათგანზე დატანილი ზოომორფული ყური (სურათი 16: 1), რაც საქართველოს თიხის ჭურჭლისთვის არის დამახასიათებელი.
მოჭიქული ჭურჭელი
ორი ერთეულის სახით აღმოჩენილია თრელის ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს-ით დათარიღებულ №16 სამარხში (სურათი 19). ერთი მათგანი ღრუქუსლიანი ცალყურა სასმისია (სურათი 19: 2), მეორე – მცირე ზომის ხელადა (სურათი 19:1). ორივეს მომწვანო ფერის ზედაპირი და რუხი-მონაცრისფრო კეცი აქვს. ორივეს ზედაპირზე სიგრძივ დაუყვება ხუთ-ხუთი ზოლი. სამხრეთ კავკასიის მოჭიქული ჭურჭლის წარმომავლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მკვლევართა ნაწილი მოჭიქულ ჭურჭელს ადგილობრივ ნაწარმად მიიჩნევს (Morgan 1896: 105, Куфтин 1941: 52-53, ბარამიძე 1965: 38), ნაწილი – წინა აზიიდან შემოტანილად (Кушнарёва 1959: 383-385, Пасек, Латинин 1926: 63, Асланов, Ваидов, Йоне 1959: 98,112,113, მამაიაშვილი 1970: 11, ფიცხელაური 1973: 103). საქართველოში ყველაზე ადრეული ჭიქური ჩნდება შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის XV ყორღანში მძივის სახით (Жоржикашвили, Гогадзе 1974: 90). გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავროს №№77, 96ბ,119, 168, 208, 216, 289, 591 სამარხებში, მარალინ-დერესის (სანთა) №12 სამარხში (Куфтин 1941: ტაბ.XX), მელი-ღელეს II სამლოცველოზე (ფიცხელაური 1973: 101) და თრელის №16 სამარხში. აზერბაიჯანში მოჭიქული ჭურჭელი გვხვდება მინგეჩაურის №2 და №4 ყორღანებში (Асланов, Ваидов, Йоне 1959: 112) და თალიშში-ჯონის სამაროვანზე (Кушнарёва 1959: 383-385). სომხეთში აღნიშნული პერიოდის მოჭიქული კერამიკა აღმოჩენილია: კარმირ-ბლურზე (Пиотровский 1955: 21) და ოშაკანში (Есаян, Калантарян 1988: ფერადი ტაბ.2)5. სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ადრეული მოჭიქული ჭურჭელი გვხვდება სამთავროს სამაროვნის №77 და №96b სამარხებში, რომლებიც ძვ.წ. მე-12 ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება (აბრამიშვილი 1961: 328-330). ქრონოლოგიურად, მოჭიქული ჭურჭლის შემცველი სამარხებიდან მომდევნოა სამთავროს №208 და №591 სამარხები, რომელთა თარიღიც ზოგადად ძვ.წ. მე-11 ს-ით განისაზღვრება (იქვე: 330). ძვ.წ. მე-10 ს-ის მეორე ნახევრითა და მე-9 საუკუნით არის დათარიღებული სამთავროს №№119,168, 289 სამარხები (იქვე: 334). ყველაზე გვიანია №216 სამარხი, რომელიც ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს-ით უნდა დათარიღდეს. ამ სამარხში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩენილია: ღრუქუსლიანი ჭურჭელი, ასეთივე ფორმის მოჭიქული ჭურჭელი, რკინის დანა, ბრინჯაოს ორი საკინძი, სარდიონისა და მინის მძივები და სხვა. აქ დადასტურებული მასალა, ზოგადად, მე-8 – მე-6 სს-ის ფარგლებში ექცევა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძვ.წ. მე-7 ს-ის მეორე ნახევრითა და მე-6 ს-ით დათარიღებული და რკინის აკინაკის შემცველი №212 სამარხი სტრატიგრაფიულად ზემოდან ადევს №216 სამარხს (იხ. აბრამიშვილი 1957: ტაბ.II), ეს უკანასკნელი სკვითური ნივთების შემცველი ფენის წინამორბედ ქრონოლოგიურ ჯგუფში ექცევა (ძვ.წ. მე-8 ს – მე-7 ს-ის პირველი ნახევარი). ამ ძეგლების თანადროული უნდა იყოს მარალინ-დერესის (სანთა), თრელის სამაროვნისა და მინგეჩაურის მოჭიქული ჭურჭლის შემცველი სამარხები. სომხეთში აღმოჩენილი ჭურჭელიც, ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, რკინის ფართო ათვისების ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს. აქედან გამომდინარე, მოჭიქული ჭურჭელი სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. მე-12 ს-ის მეორე ნახევრიდან ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე უწყვეტად არსებობს. საქართველოში მოჭიქული ჭურჭელი ძირითადად ერთგვაროვანი ფორმისაა -ღრუქუსლიანი ცალყურა სასმისები. გვხვდება ასევე მცირე ზომის ხელადა (თრელის №16 სამარხი) და წელში გამოყვანილი სასმისი (სამთავროს №77 სამარხი). სომხეთსა და აზერბაიჯანში მოჭიქული ჭურჭელი ძირითადად ფიალების სახით არის წარმოდგენილი. ზოგი მათგანი სამფეხაა, ზოგს ყური აქვს (ოშაკანი), გვხვდება ფინჯანი (მინგეჩაურის №4 ყორღანი) და სამყურა ქილა (მინგეჩაურის №2 ყორღანი). თრელის სამაროვანზე ღრუქუსლიანი მოუჭიქავი ფორმები გვხვდება ძვ.წ. მე-13 – მე-7 სს-ის ძეგლებზე (აბრამიშვილი 1978: 138-139). კერამიკული ნაწარმის ამ ტიპში ერთიანდება №16 სამარხის მოჭიქული ჭურჭელიც (სურათი 19: 2). თრელის ღრუქუსლიანი მოუჭიქავი ჭურჭელი გამომწვარია მორუხო-მონაცრისფროდ, აქვს მოგლუვებული ზედაპირი, დაბალი ან შემაღლებული ყელი, მხრებიდან ძირისკენ შევიწროებული ტანი, ფუღურო ქუსლი და ერთი ყური. თრელის სამაროვანზე ძვ.წ. მე-11 – მე-6 სს-ით დათარიღებულ 15 სამარხში 26 ღრუქუსლიანი ჭურჭელია აღმოჩენილი – სამარხები №№16 (4ც.), 28 (2ც.), 30, 49(2ც.), 73, 79, 113, 119, 121, 123 (3ც.), 124 (2ც.), 133, 134, 137 (2ც.), 144, 247 (2ც.). მათი უმრავლესობა ორნამენტირებულია გეომეტრიული სახეებით. გვხვდება სრულიად სადა ერთეულებიც – სამარხები №137, 247. რამდენიმე ღრუქუსლიანი ჭურჭლის ძირში ჩასმულია ობსიდიანი – სამარხები №№16, 123. ობსიდიანიანი სხვა ტიპის ჭურჭელი თანადროულ ძეგლებზე აღმოჩენილი არ არის (აბრამიშვილი 1978:138). ღრუქუსლიანი ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავროს და დოღლაურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებზე (ღამბაშიძე 1974: 155, ტაბ.I,3), მრავლად არის აღმოჩენილი ამავე პერიოდის ნარეკვავის სამაროვნის სამარხებში (აფაქიძე 2000: ტაბ.XIII595,596, XXI672, XX678, XXVII701,702, აფაქიძე 1999: ტაბ.XXIII410, XXXIV450, ნიკოლაიშვილი, გავაშელი 2007: ტაბ.XIII920,921,922; XV,945,950; XXI999; XXXIII1105; XXXIV1122; LVI1328, LXXVI1502, LXXXVI15377). სამხრეთ კავკასიის მოჭიქული ჭურჭელი მომწვანო-მოფირუზისფროა. მათ ხშირად დაუყვებათ ყვითელი ზოლები, რომლებიც ზოგჯერ მოყავისფრო განივი ხაზებითაა გადაკვეთილი. კეცი ძირითადად მონაცრისფრო (სამთავროს №77, თრელის №16 სამარხები) ან რუხი ფერისაა (სამთავროს №№ 96ბ, 119, 208, 289, მარალინ-დერესის №2 სამარხები), სომხეთსა და აზერბაიჯანში კი კეცი ძირითადად თეთრი ფერისაა (მინგეჩაურის ყორღანი №4, ოშაკანის ხელადა). ასევე თეთრკეციანია მელი-ღელე II-ში აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები, თრელის №96 სამარხის და სამთავროს მოჭიქული მძივები. ჩვენთვის უდაოა, რომ მოჭიქვის ხელოვნება სამხრეთ კავკასიაში წინა აზიიდან შემოდის. სავარაუდოდ, თეთრი თიხისგან დამზადებული მოჭიქული ჭურჭელიც წინა აზიური იმპორტია. ამ მხრივ, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თრელის ძვ.წ. მე-13 ს-ით დათარიღებულ №96 სამარხში აღმოჩენილი თეთრი თიხისგან დამზადებული მოჭიქული მძივები ქრონოლოგიურად წინ უსწრებს სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილ მოჭიქულ ჭურჭელს. მელი-ღელე II-ში აღმოჩენილი თეთრკეციანი ჭურჭლის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელი ადგილობრივად მიგვაჩნია. ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ მოჭიქულ ჭურჭელს ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მისი ანალოგიური ფორმის მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი. მაგალითად, წელში გამოყვანილი ჭურჭელი, ძირითადად, დამახასიათებელია ძვ.წ. მე-14 ს-ის ძეგლებისთვის (სამთავროს №153, კარსნის №64-67 და თრელის №90 სამარხები). გარდა ამისა, მოჭიქულ ჭურჭელს შორის ყველაზე გავრცელებული ფორმის ანალოგიური მოუჭიქავი ჭურჭელი (ღრუქუსლიანი სასმისები) გვხვდება უფრო ადრეულ სამარხებში, რომლებიც ძვ.წ. მე-13ს – მე-12 ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება (აბრამიშვილი 1978:138-139). აღნიშნული თიხის ჭურჭლის ადგილობრიობაზე მიუთითებს ისიც, რომ ეს ფორმები დამახასიათებელია შიდა და ქვემო ქართლისთვის და აღმოჩენილია: სამთავროს (№№1,41, 44, 51, 89, 91, 137, 186, 211, 222, 225, 236, 276, 281), თრელის (№№11, 12, 23, 28, 38, 39, 41, 45, 49, 73, 79, 100, 102, 119, 121, 123), კასპის (ბარამიძე 1965:38), ფლავისმანის (მაკალათია 1930: 233), დვანის (მაკალათია 1948: 36), ნულის, დმანისის (ნიორაძე 1947: 52, 53, ტაბ.36) სამარხებში და დოღლაურის ნასახლარზე (ღამბაშიძე 1974:137, ტაბ.I, 4-5). მსგავსი მოჭიქული თუ მოუჭიქავი ფორმები არ გვხვდება არათუ წინა აზიაში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამხრეთ კავკასიაშიც კი (აბრამიშვილი 1978:139). გამონაკლისია თიხის ჭურჭელი რედკინ-ლაგერიდან (Мартиросян 1964:7814) და ერევნის მუზეუმში დაცული, ლენინაკანში აღმოჩენილი შავად გამომწვარი ღრუქუსლიანი სასმისი. მოჭიქული ჭურჭლის ადგილობრიობის დამამტკიცებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში აღმოჩენილ მოჭიქულ ჭურჭელს აქვს რუხი კეცი. ანალოგიური კეცი საერთოდ დამახასიათებელია ჩვენთვის საინტერესო პერიოდის სამხრეთ კავკასიის თიხის ჭურჭლისთვის. ამავე პერიოდში წინა აზიაში გვხვდება კარგად განლექილი, წითელკეციანი თიხის ჭურჭელი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არა გვაქვს არავითარი საფუძველი, საქართველოში დღემდე აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელი, მელი-ღელეს გარდა, არაადგილობრივად მივიჩნიოთ.
აგალმატოლიტის ფიალა
თრელის №24 სამარხში აღმოჩნდა შინდისფერი ქვის (აგალმატოლიტის) ფიალა, რომლის სახელურიც ვერძის თავის გამოსახულებით სრულდება (სურათი 20). ჭურჭლის ძირი დაზიანებულია, თუმცა აზერბაიჯანული და ირანული ანალოგების მიხედვით, თრელის ჭურჭელს ძირზე ქუსლი უნდა ჰქონოდა. ვერძის თავის სახელურიანი ფიალები აღმოჩენილია ჩრდილო-დასავლეთ ირანში: სუზაში (Porada 1963: ტაბ.91), თეფე – სიალკის A და B ნეკროპოლებზე (Ghirshman 1939: ტაბ.I2,3), თეფე გიანის I სამაროვანზე (Shaeffer 1948: ტაბ. 242, 246), სავაჰის მიდამოებში (Vanden Berghe 1959: 125), ჰასანლუს სამაროვანზე (Vanden Berghe 1959: ტაბ.139) და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში: მინგეჩაურში (Асланов, Ваидов, Йоне 1959: 96-98, 151, ტაბ.XLVI, 14), ხოჯალიში (Кушнарева 1959: ნახ.3), ხანლარში (Нариманов 1960: 713), სოფ. ყასუმ-ისმაილოვში (Нариманов 1960:711,714, ნახ.1), ხაჩბულაგში (Кесаманлы 1966: ნახ.2). აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვერძის თავის სახელურიანი აგალმატოლიტის ფიალის შემცველი ძეგლები ძვ.წ. მე-8 – მე-7 სს-ით თარიღდება (Abramishvili 1995:32-33). სამხრეთკავკასიური ფიალები თრელის ფიალის მსგავსად დამზადებულია შინდისფერი შეფერილობის ქვისგან. ზოგი მათგანი ინკრუსტირებულია თეთრი მასით (მინგეჩაური, ხოჯალი). სამხრეთკავკასიური ჭურჭლისგან განსხვავებით, ირანული ერთეულები დამზადებულია ბითუმისა და თიხისგან. თრელის ფიალა უფრო მეტ მსგავსებას პოულობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოპოვებულ ჭურჭელთან, ვიდრე მის ირანულ ანალოგებთან და მისი წარმომავლობაც აზერბაიჯანული უნდა იყოს.
შენიშვნები:
1. თრელის სამაროვანი განლაგებულია მცხეთასა და თბილისს შორის, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე დიღმის ველის ბუნებრივი ბორცვების აღმოსავლეთი ფერდობის ძირში. 2. თრელის სამაროვანზე აღმოჩენილი და ძვ.წ. მე-13 – მე-12 საუკუნეებით დათარიღებული ძეგლები გამოქვეყნებულია რ. აბრამიშვილის მიერ (აბრამიშვილი 1978). მომდევნო პერიოდის და წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი მასალის ტაბულები შედგენილია ასევე როსტომ აბრამიშვილის ჩანახატების მიხედვით. 3. ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის მატარებელი არქეოლოგიური კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე თავის წინამორბედ, ადგილობრივ არქეოლოგიურ კულტურასთან გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება, რასაც უკვე ამ პერიოდის ძეგლების პირველი შემსწავლელი ბორის კუფტინი აღნიშნავდა (Куфтин 1950:152). ამ თვალსაზრისს სხვა მკვლევარებიც იზიარებენ (იხ. მიქელაძე 1974). როსტომ აბრამიშვილის თვალსაზრისით, სავარაუდოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია უნდა იყოს ის ტერიტორია, საიდანაც იჭრება კერამიკა ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლით (აბრამიშვილი 1981). აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭელი აღმოჩენილია ბეიჯესულთანის მეხუთე ფენაში, რომელიც ძვ.წ. 1900-1750 წლებით თარიღდება (Lloyd, Melaart 1956:125, ნახ. 3). თუ როსტომ აბრამიშვილის აზრს გავყვებით, ეს რეგიონი არ არის ზოომორფულყურიანი თიხის ჭურჭლის გავრცელების ძირითადი ტერიტორია. ის აქაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიიდან უნდა გავრცელებულიყო. ჭურჭლის ყურზე ზოომორფული დანაძერწით შემკული კერამიკის მიხედვით იქნა გამოყოფილი ზოომორფულყურიანი კერამიკის მატარებელი საზოგადოების არქეოლოგიური ოლქი, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანდება კოლხური არქეოლოგიური კულტურა (დასავლეთ საქართველო) და სამთავრული არქეოლოგიური კულტურა (აღმოს ავლეთ საქართველოს ნაწილი) (Abramishvili und Abramishvili 1995: 193). 4. თრელის ზოომორფული ჭურჭლის აღწერა მოცემულია რ. აბრამიშვილისა და ალ. რამიშვილის მიხედვით (აბრამიშვილი, რამიშვილი 1971). 5. როსტომ აბრამიშვილის საარქივო მონაცემებით სომხეთის ტერიტორიაზე მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილია ასევე კიროვაკანში, აიგევანსა და დვინში.
გამოყენებული ტიტერატურა:
_________________________სურათი 1. ნაქულბაქევი, სამარხი 14 (აბრამიშვილი 2010)
_________________________სურათი 2. ნაქულბაქევი, სამარხი 22 (აბრამიშვილი 2010)
_________________________სურათი 3. ნაქულბაქევი, სამარხი 28 (აბრამიშვილი 2010)
შენიშვნები
1. აღნიშნული თვალსაზრისი ეკუთვნის ი. კლაპროტს, რომელიც მითითებულია ნაშრომებში (Меликишвили1959:35; Ковалевская 1975:62).
2. როსტოვცევის მიერ გამოთქმული ეს თვალსაზრისი გაზიარებულია მკვლევართა მიერ.
3. ლეონტი მროველი ეყრდნობა მასზე ადრეულ არაერთ წყაროს. ამის შესახებ იხ. (Меликишвили 1959:35-37; ანდრონიკაშვილი 1966:499,505,507,543; Ковалевская1975:63, 66, 72-73).
4. ბერძნული წყაროს (სტრაბონი „გეოგრაფია“) რუსულ თარგმანში, სახელი „Κώβου“ გადასულია, როგორც “Коб” (Страбон. Геграфия, перевод Г. А. Стратановского), ინგლისურ თარგმანში – „Cobus” (The Geography of Strabo, with an English translation by Horace Leonard Jones).
5. მადლობას ვუხდი მარინე ფირცხალავას, რომელმაც გამაცნო მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.
6. ზოგ შემთხვევაში ფრაორტესის მეფობის ზედა ქრონოლოგიურ თარიღად მითითებულია ძვ.წ. 653 წელი.
7. გ. მელიქიშვილის მიხედვით, ლეონტი მროველთან მოხსენიებული რიგი ეთნონიმებისა და მოვლენების წყაროს წარმოადგენს ირანული ეპოსი (Меликишвили 1959:35-36).
8. აქ ვახდენ არა დეიოკესისა და ქეკაპოსის იდენტიფიცირებას, არამედ ხაზგასმას იმისა, რომ წყაროს მიხედვით ქართლის ტერიტორიაზე ხაზარების და მიდიის ტერიტორიაზე თურქების გამოჩენა ფრაორტეს-ფარაბოროტის წინამორბედს ან წინამორბედებს უკავშირდება.
9. თრელის №16 და №24 ყორღანების ანალოგიური კონსტრუქციისა და დაკრძალვის წესის შესახებ სამხრეთ რუსეთის სტეპებში იხ. (Погребова 1977:131-136, Abramishvili 1995:32).
10. ე.წ. სკვითური კულტურის ელემენტების სამხრეთში ფორმირებასა და მათი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მოძრაობას დამაჯერებლად ასაბუთებენ მ. არტამონოვი და ვ. ლუკონინი (Артамонов 1974:37-55; Луконин 1977:8-36).
11. ძეგლი მზადდება გამოსაცემად. თრელის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლი გათხრილია ახალმშენებლობის ფართობზე.
12. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, იქვე, ამ კომპლექსის მახლობლად აღმოჩენილი ცხენის თავის ქალა განეკუთვნებოდა თუ არა ამავე სამარხს. ძეგლი მზადდება გამოსაცემად.
13. დაკრძალვის ამ რიტუალის შესახებ იხ. – ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (Дараган, Полин 2022:ნახ.1-6, 8-10), ჩრდილოეთ კავკასიაში (Эрлих, Вальчак, Маслов 2010:სურ. 3-5).
14. სამთავროს სამაროვანზე სკვითური ნივთების შემცველი ყველა სამარხი გათხრილია ჩრდილოეთ უბანზე: № 20-1938 წელი; №№ 27 ,50, 71, 99, 104, 106-1939 წელი; №№194, 196, 212 – 1940 წ; №№ 291, 293 – 1947წელი; №№ 295, 319 – 1948 წელი. და ბაიერნისეული №592 სამარხი. ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელ სხვა ნივთებთან ერთად ე.წ. სკვითური კულტურის წრის განმსაზღვრელი ნივთები აღმოჩნდა: №20 სამარხში – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი; №27 სამარხში – აკინაკი (რკინა), ბრინჯაოს 20 ისრისპირი, ძვლის ბუნიკი; №50 სამარხში – აკინაკი (რკინა), კაპარჭის ორი ცალი ძვლის შესაკრავი; №71 სამარხში – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი; №99 სამარხში – აკინაკი (რკინა) და აღვირის თასმის ბრინჯაოს გამანაწილებელი; №104 სამარხში – ბრინჯაოს ორი ისრისპირი, სამკლაური; №106 სამარხში – ბრინჯაოს ექვსი ისრისპირი, ძვლის ორნამენტირებული რვა ნატეხი, რომელთაგან ორი ცხენის ჩლიქის დაბოლოებით სრულდება, კაპარჭის ორი ცალი ძვლის შესაკრავი; №194 სამარხში-ბრინჯაოს ორი ისრისპირი; №196 სამარხში – რკინის საბრძოლო ცული კონუსისებური თავით; №212 სამარხში -აკინაკი (რკინა); №291 სამარხში – აკინაკი (რკინა), კაპარჭის რვა ცალი ძვლის შესაკრავი; №293 სამარხში – ოთხი ისრისპირი, (აქედან ერთი რკინის, დანარჩენი ბრინჯაო); №295 სამარხში – აკინაკი (რკინა), კაპარჭის ძვლის შესაკრავები; №319 სამარხში – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი; №592 სამარხი (ბაიერნისეული) – ბრინჯაოს ერთი ისრისპირი.
15. კიმერიელებისა და სკვითების წინააზიური ლაშქრობების დროს, ამ ხალხებსა და სამხრეთ კავკასიის ადგილობრივ მოსახლეობას შორის პოლიტიკურ ალიანსს ვარაუდობს გ. მელიქიშვილი (Меликишвили 1959:224-225). სამთავროსა და თრელის მასალებზე დაყრდნობით, ასეთივე ურთიერთობას ვარაუდობს რ. აბრამიშვილი, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსულებსა და ადგილობრივებს შორის (Abramishvili 1995:38).
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
წყაროები:
ქართლის ცხოვრება , 1955, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვითს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ.I, თბილისი: სახელგამი.
Страбон „Геграфия“ ,1954, перевод Г. А. Стратановского. Под общей редакцией С. Л. Утченко. Редактор перевода О.О. Крюгер, Лениград: Наука.
ჰეროდოტე, „ისტორია“, 1975 , თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი, რადაქტორი ბ. ბრეგვაძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცელობა, თბილისი.
Strabo (1917-1932) , The geography of Strabo. London: New York: W. Heinemann; G.P. Putnam’s Sons.
ლიტერატურა:
აბრამიშვილი, რ. 1957 , “სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოსა და რკინის ფართო ათვისების ხანის ძეგლების დათარიღებისთვის”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XIXA-XXIB:115-139. Google Scholar
აბრამიშვილი, მ. 2008 , 2008 წელს დიღმის ველზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა – ძიების ანგარიში“. საქართველოსკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
აბრამიშვილი, მ. 2010 , 2009-2010 წწ. დიღმის ველზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა – ძიების ანგარიში. საქართველოსკულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
ალასანია, გ. 2008 , ქართველები და ისლამამდელი თურქები, თბილისი: საქართველოს მაცნე.
ალასანია, გ. 2000 , “ქართული წერილობითი წყაროების ბუნთურქები (საკითხის ისტორიოგრაფია)”, ქართული წყაროთმცოდნეობა, IX:19-29.
ანდრონიკაშვილი, მ. 1966 , ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან, ტ. I, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
მუსხელიშვილი, დ. 1978 , ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, თბილისი: მეცნიერება.
ფირცხალავა, მ. 2001 , “საქართველოს ე.წ. სკვითურინვენტარიანი არქეოლოგიური კომპლექსების დათარიღების საკითხისათვის”, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალი, დამატებანი , IV:77- 86.
ფირცხალავა, მ. 1989 , „კიმერიულ – სკვითური კულტურის გავლენის ხასიათი დასავლეთ ამიერკავკასიაში“, გამოუქვეყნებელი სტატია.
ფიცხელაური, კ. 1965 , იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბილისი: მეცნიერება.
ფიცხელაური, კ. 1973 , აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები, თბილისი: მეცნიერება.
ქავთარია, გ. 1999 , ფარნავაზი, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ჯავახიშვილი, ივ. 1950 , ქართველი ერის ისტორიის შესავალი, ნაწილი პირველი. საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბილისი: საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
Артамонов, М.И.1974 , Киммерийцы и Скифы, Ленинград: Издательство Ленинградского университета.
Дьяконов, И. М.1956 , История Мидии, Москва: Издательство Академии наук.
Дьяконов,М. М.1961 , Очерки Истории Древнего Ирана, Москва: Восточная литература.
Дараган, М.Н., Полин С.В. 2022 , „Сопровождающие захоронения коней во входных ямах катакомб и подбоев степной скифии второй половины 5-4 вв. До н.э.,“Археология Евразийских Степей,6:.42-85.
Иванчик, А. И.2001 , “Киммерийцы и Скифы”, Степные Народы Евразии, Т. II. Под редакцией А. Иванчика и Г. Парцингера, Москва: Палеограф.
Ковалевская, В. Б.1975. , “Скифы, Мидия, Иран во взаимоотношениях с Закавказьем по данным Леонти Мровели”, Мацне, Серия истрии, археодогии, этнографии и истории искусства,3:62-73.
Ковалевская, В. Б. 1985 , „Роль скифов в этногенезе местных северокавказских племён“, Мацне, Серия истрии, археодогии, этнографии и истории искусства, 3:45-59.
Луконин, В.Г. 1977 , “Искусство Древнего Ирана”, Москва: Искусство
Меликишвили, Г.А.1959 , “К истории древней Грузии”, Тбилиси: Академия наук Грузинской ССР.
Манандян, Я.А. 1944 , О некоторых проблемах истории древней Армении и Закавказья, Ереван:Издательство Ереванского Университета.
Медведская, И. Н. 2004 , “Дейок, Фраорт и Хронология Мидийской Династии”, Вестник Древней Истории, 2:94-100
Погребова, М. Н. 1977 , Иран и Закавказье в раннем железном веке, Москва: Наука.
Пирцхалава, М.С. 2016 , “Бутероль из погребения Трелигореби”, Кавказ и степь на рубеже эпохи поздней бронзы и раннего железа, А.С. Балахванцев, С.В. Кулланда (Редактор). Материалы международной научной конференции, посвященной памяти Марии Николаевны Погребовой. Москва:Институт востоковедения РАН.
Ростовцев М. 1918 , “Эллинство и Иранство на юге России”, Петроград
Эрлих, В.Р., Вальчак С.Б. , Маслов В.Е. 2010.’’Протомеотские погребения из кургана 2 могильника Уашхиту I“, Проблемы охраны и изучения памятников археологии степной зоны Восточной Европы, Луганск: Глобус.
Abramishvili, R. 1995. , “Neue Angaben über die Existenz des thrako-kimmerischen ethnischen Elements und des sog. Skythischen Reiches im Osten Transkaukasiens”, Archäologischer Anzeiger (Heft 1), 23–39. Berlin.
Abramishvili, R. 1997. , “Cronological ordering at archaeological finds of Transcaucasia”, Bulletin of Tbilisi Archeological museum, N1.
Amandry P. 1965 , ’’Un Motif “Scythe” en Iran et en Greece“. Journal of Near Eastern Studies, XXIV (3):65-66.
Gomelauri, N. 2008 , “The Cultural Attribution of the Barrow 1 at Tsitelgorebi”, in Abramishvili, M. and Sagona, A. Archaeology in Southern Caucasus: Perspectives from Georgia. Ancient Near Eastern Studies, Supplement 19: 365-378, Leuven-Paris-Dudley:Peeters.
Gomelauri, N. 2009. , “Georgia and Eurasia in the 2 nd and 1st Millennia BC, Evidence of Bronze Plastics”, in Skinner, D. and Tumanishvili, D. Georgian Art in the Context of European and Asian Cultures, Vakhtang Beridze 1st International Symposium of Georgian Culture, Tbilisi, pp. 39-43.
Kossak, G. 1987. , “Vonden Anfangend es skytho-iranischen Tierstils, Skythika“ in Byer, A.D. (ed.), Bayerische Akademie der Wissenschaften, Philosophisch-istorische Klasse. Heft 98. München, pp.24–86.
Maisuradze, B. & Pirtskhalava M. 2004. , “The so-called Scythian Presence in Georgia”. Ancient Near Eastern Studies, 41:192 – 217.
