საქართველოში არქეოლოგიური კვლევა – ძიების ჩამოყალიბების და განვითარების ტენდენციები

თინა აბულაშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი X (55-B), გვ. 16-26

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2024

საკვანძო სიტყვები: არქეოლოგიის ისტორიოგრაფია, პირველი არქეოლოგები


Abstract

In the 18th and 19th centuries, Georgian and foreign scholars—including members of various academic missions—made significant contributions to the study of Georgian antiquities. These scholars recorded existing data and conducted detailed studies of temples, churches, fortresses, inscriptions, and individual artifacts. Through drawings, descriptions, and photographs, they documented these items with exceptional precision. In many cases, their records are the only surviving evidence of monuments or artifacts now lost. The expeditions uncovered previously unknown or little-understood sites, many of which were either undocumented or had been inaccurately described in earlier scholarship. Thanks to the extensive efforts of the scholars in question, numerous archaeological sites were properly named, dated, and introduced into academic discourse. The documentation they produced remains essential to the study of Georgia’s antiquities across various historical periods. This paper aims to highlight the efforts of both renowned and lesser-known scholars, archaeologists, and even amateur enthusiasts who discovered, excavated, recorded, and analyzed archaeological remains across Georgia. Their dedication played a vital role in preserving and promoting the country’s cultural heritage. In many cases, they managed to rescue and document even the most fragmentary or endangered traces of the past, laying the foundation for the emergence of archaeology as a discipline in Georgia.

***

სიტყვის „სიძველე“ მნიშვნელობის გაგება შედარებითია. ის ეპოქა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ ორი ასეული წლის შემდეგ საკმაოდ შორეული და ძველი გახდება. წარსულზე თითქმის გაფერმკრთალებული მოგონებები დანგრეული შენობა-ნაგებობების, კლიმატის ცვლილების, ხალხის გულგრილობის ფონზე საბოლოოდ გახუნდება და შესაძლოა გაქრეს კიდეც. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წარსულის მიერ დატოვებული ძეგლები და მათ შესახებ არსებული ინფორმაცია შენარჩუნდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს.
ქართული არქეოლოგიის განვითარების გზა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. საქართველოს ისტორიის მეცნიერულად შესწავლის სათავეებთან იდგა ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც ძლიერ იყო დაინტერესებული საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლებით. მან აღწერა და სისტემაში მოიყვანა ნანახი ყველა უძველესი ძეგლი და ამით საფუძველი დაუდო მათ მეცნიერულ შესწავლას. ქართული სიძველეების აღმოჩენა-შესწავლის და დაცვისადმი მეცნიერული ინტერესი მომდევნო ხანებში კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა ძირითადად მაინც მიწისზედა ძეგლების კვლევა-ძიება და შესწავლა ხდებოდა. გათხრითი არქეოლოგიის საწყის ეტაპად 1852 წელს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მიერ ჩატარებული უფლისციხის არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩაითვალოს (გამყრელიძე 1999).
მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს სამეფო, რის გამოც ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მრავალი ძვრა მოხდა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები (აჯანყებები მთიულეთში, კახეთში, იმერეთში, ქართლში, გურიაში), რაც რუსეთის იმპერიამ სასტიკად ჩაახშო. ამ წარუმატებლობას ქართველთა მხრიდან მოჰყვა მცდელობა იდენტობის შენარჩუნება მოეხდინათ განათლებით, საკუთარი ისტორიის და კულტურის კვლევით. აკად. სიმონ ჯანაშია აღნიშნავდა: „ისტორიული მუშაობა უფრო ფართოდ გაიშალა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, პროცესი დაკავშირებული იყო პირველ რიგში და განსაკუთრებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან“-ო (ჯანაშია 1937: IX-X).
ამ პერიოდში სამეცნიერო ასპარეზზე გამოვიდნენ თემურაზ ბაგრატიონი, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, პლატონ იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და ბევრი სხვა ცნობილი ქართველი მკვლევარი და მეცნიერი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სიძველეთა და ისტორიის საკითხების კვლევის და შესწავლის საქმეში. ორმაგი, განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა პრესას, სადაც იბეჭდებოდა წერილები ისტორიისა და არქეოლოგიის როლზე და მნიშვნელობაზე, ეროვნულ-კულტურული ღირებულებების მოვლა-პატრონობის და მეცნიერული შესწავლის აუცილებლობაზე. ქვეყნდებოდა როგორც მეცნიერულ-შემეცნებითი ასევე პოლემიკური ხასიათის სტატიები. დიდი ყურადღება ეთმობოდა არქეოლოგიის, როგორც დამოუკიდებელ, საზოგადოებრივ-ისტორიულ მეცნიერებად ჩამოყალიბებას, მისი კვლევის ობიექტის განსაზღვრას და სხვა საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკურ მეცნიერებებთან დამოკიდებულებას.
ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი აღმავლობა, მისი ახალ საფეხურზე აყვანა გარკვეულ წილად უცხოელი მეცნიერების, მკვლევარების თუ სიძველეებით დაინტერესებული ცალკეული პირების მოღვაწეობასთან და მათი ნაშრომების გამოქვეყნებასთანაც იყო დაკავშირებული. ყოველივე ეს კი საფუძველი გახდა საქართველოს არქეოლოგიისა და ისტორიის უკეთ შესწავლისთვის. ამას ხელს უწყობდა თბილისში შექმნილი კავკასიის არქეოლოგიური კომიტეტი, რომელიც კავკასიაში ისტორიულ-არქეოლოგიური სამუშაოების კოორდინაციას ახდენდა. იმ დროს სიტყვაში „არქეოლოგია“ იგულისხმებოდა ყოველგვარი სიწმინდეების: ეკლესია-მონასტრების, ეპიგრაფიკული ძეგლების, წიგნების, ხატების, არტეფაქტების აღწერა-შესწავლა. იზრდებოდა უცხოელი მკვლევარების და მოგზაურების ინტერესი საქართველოს მიმართ. ყველაზე მეტად ფრანგები აქტიურობდნენ. გაზეთი ივერია წერდა: „იმთავითვე ფრანგებსა ხვდათ წილათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი წარსული გაეცნოთ ევროპისათვის და დღესაც უმეტესწილად იგივე ფრანგები მოდიან საქართველოს სიძველეთა შესასწავლად და გამოსაკვლევად“ (ჭავჭავაძე 1901:1).
საფრანგეთში გაჩენილი გამძაფრებული ინტერესი აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების შესწავლისადმი სისტემატური ხასიათის კვლევების საფუძველი გახდა. აღმოსავლეთი თუ აქამდე მხოლოდ მოგზაურთა და დიპლომატიური მისიით აღჭურვილი მოხელეების შთაბეჭდილებების აღწერის საგანს წარმოადგენდა, ახლა უკვე მეცნიერული კვლევის ობიექტად იქცა. 1822 წელს პარიზში დაარსდა „აზიური საზოგადოება“, რომელმაც მთელი ევროპის ორიენტალისტები გააერთიანა. ამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველოს სიძველეების კვლევაც მოექცა (ხანთაძე 1966:193).
აზიური საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო პეტერბურგის აზიურ მუზეუმთან, ასევე ქართველ მეცნიერებთან და მკვლევარებთან. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, რეგულარულად ინფორმაციის მისაღებად აზიური საზოგადოება თბილისში გახსნილ საფრანგეთის საკონსულოს იყენებდა. 1820-1824 წლებში საფრანგეთის კონსულმა ჟ. გამბამ ჟურნალ „ანალებში“ (Nouvelles Annales des Voyages), პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში თავისი მოგზაურობის შესახებ, „მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, უმთავრესად ამიერკავკასიის პროვინციებში“. საქართველოს შესახებ ცნობებს, სტატიებს თუ შთაბეჭდილებებს ბეჭდავდა აზიური საზოგადოების პერიოდული გამოცემა Le Journal Asiatique, რისთვისაც სპეციალურად დამზადდა ქართული შრიფტი. ჟურნალში დაიბეჭდა გერმანელი მეცნიერის ჰაინრიხ იულიუს კლაპროთის ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. ასევე რეცენზია მის წიგნზე „მოგზაურობა კავკასიასა და სა-ქართველოში“ (Буачидзе 1983:21), პ. პალასის „მოგზაურობა იმერეთში“, ჟ. პოტოსკის „მოგზაურობა კავკასიაში“. საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის და ხელოვნების საკითხებზე მრავალი ნაშრომი გამოაქვეყნა ფრანგმა ორიენტალისტმა ადოლფ ბერჟემ. პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრმა რაფაელ ბერნოვილმა 1875 წელს პარიზში გამოსცა ნაშრომი „თავისუფალი სვანეთი“. მნიშნელოვანია ფრანგი ანთროპოლოგის და არქეოლოგის ერნესტ შანტრის „ანთროპოლოგიური კვლევა-ძიება კავკასიაში“. ყურადღებას იმსახურებს ჟან მურიეს მოღვაწეობა, რომელიც არქეოლოგიისა და ხელოვნების საკითხებს აღწერს თავის წიგნებში „სამეგრელოში“, „ბათუმი და ჭოროხის აუზი“, „საეკლესიო ხელოვნება კავკასიაში“ და სხვა. ქართული სიძველეებით მეტად იყო დაინტერესებული ფრანგი არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ბარონ დე ბაი, რომელმაც რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. მის სამეცნიერო მივლინების შედეგებს, რომელიც ცალკე წიგნებად გამოდიოდა, თან ერთვოდა დიდძალი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და არქიტექტორული ძეგლების ფოტო-საილუსტრაციო მასალა. ცნობილმა ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა თავის თხზულებაში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975). 1701 წელს საქართველოში იმოგზაურა ფრანგმა მოგზაურმა და ბუნებისმეტყველმა ჟოზეფ პიტონ დე ტურნფორმა, იგი გაეცნო ქართულ სიძველეებს და ორ ტომად გამოსცა ნაშრომი „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“ (ტურნეფორი 1988).
ამ ყველაფერმა დიდად შეუწყო ხელი ევროპელებისათვის საქართველოს ისტორიის და კულტურის გაცნობას და დაინტერესებას. საქართველოში ქართველოლოგიის ჩამოყალიბებასა და ქართული სიძველების კვლევის საქმეში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და ღრმა კვალი დატოვა აზიური საზოგადოების აქტიურმა წევრმა მარი ბროსემ.
როგორც ვხედავთ საქართველოს სიძველეთა კვლევის საქმეში დიდია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მკვლევარების და „მისიების“ როლი. მათმა საქმიანობამ, თუნდაც მოკრძალებულმა, უდიდესი კვალი დატოვა ქართული არქეოლოგიის, ისტორიის, ისტორიოგრაფიის განვითარების საქმეში. მათ უზარმაზარი მეცნიერული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, მრავალმხრივი და მრავლისმომცველი. წარმოაჩინეს მატერიალური კულტურის ძეგლების იმდროინდელი მდგომარეობა, შემოგვინახა ცნობა და გამოკვლევები უნიკალურ და შესანიშნავ ძეგლებზე. მათი ჩანაწერებისა თუ აღწერილობებში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა დაცული, მითუმეტეს, რომ ზოგიერთ ძეგლს, ნივთსა თუ წარწერას დღემდე არ მოუღწევია.
ჩატარებული კვლევების და მოწყობილი ექსპედიციების წყალობით დაადგინეს ტაძრების, ეკლესიების, ციხეების ადგილმდებარეობა და სახელწოდებები, ქრონიკონი-თარიღის აღმ-ნიშვნელი ასოები, შეისწავლეს ძველი წარწერები, ჩახატეს და ფოტოები გადაუღეს ყველა მათგანს, რის შედეგადაც დღეს გვაქვს იმ მრავალი უნიკალური ძეგლის ყოვლისმომცველი აღწერილობა და ზუსტი დათარიღება, რომლებიც ამ მოგზაურობებამდე შეუმოწმებელი და უცნობი იყო მეცნიერული ლიტერატურისათვის. ეს ცნობები მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა იმ პერიოდის საქართველოს სიძველეების შესახებ. ეს კოლოსა-ლური შრომა საფუძველი გახდა საქართველოში არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებისა და გათხრითი არქეოლოგიური კვლევა-ძიების დაწყებისთვის. მათ მიერ გამოაქვეყნებული ნაშრომების ნიადაგზე ქართული ისტორიოგრაფია ახალ საფეხურზე გადავიდა.
გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე მოუწოდებდა: „აღწერეთ ნანგრევები, შემოუნახეთ შთამომავლობას წმინდა ხსოვნა მათზე და უკვდავჰყავით მათი არსებობა“ (Археологический путеводитель по Тифлису 1881:74). ეს აღწერილობით-ფიქსაციური ხასიათის ცნობები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ძეგლი შემდგომში განადგურდა, დაზიანდა ან სახე იცვალა.
ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ მეცნიერების, მკვლევარების თუ არქეოლოგიით დაინტერესებული პირების ის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებმაც აღმოაჩინეს, შეაგროვეს, აღწერეს, ჩახაზეს, ახსნა-განმარტებები დაურთეს, მეცნიერულად შეისწავლეს, დაათარიღეს, პოპულარიზაცია გაუწიეს, შეინარჩუნეს საქართველოში არქეოლოგიური ძეგლები, მათი ცალკეული ნაშთები და არტეფაქტები.


ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1757)

ვახუშტი ბაგრატიონი – მეცნიერი, მკვლევარი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, წყაროთმცოდნე. იგი იყო ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ვაჟი. ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ, სომხურ ენებს. იგი მიეკუთვნებოდა მე-17-18 საუკუნეებში მოღვაწე სწავლულთა პლეადას. მის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გადმოცემულია საქართველოს გაბმული ისტორია უძველესი დროიდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე. აღწერილია ქვეყნის ყველა კუთხე გეოგრაფიულად და ისტორიულად, დართული აქვს ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები. შრომის პირველი ნაწილი ძირითადად „ქართლის ცხოვრების“ ქრონოლოგიური შევსებაა, მეორე ნაწილი კი მან თავად დაწერა, რისთვისაც გამოიყენა ქრონიკები, სიგელ-გუჯრები, ხელნაწერები, „ქუათა, ხატთა და ჯუართა ზედწერილები“, ზეპირი გადმოცემები. დამოწმებული აქვს პლინიას (პლინია-სტოიკა), იოანე დამასკელის, ციცერონის, სოკრატეს და სხვა ავტორების ცნობები, შეჯერებული აქვს ქართული, ბიზანტიური, სპარსული წყაროები. ვახუშტი ნაშრომში აღწერს მატერიალური კულტურის ყველა მნიშვნელოვან ძეგლს: ფეოდალთა ციხე-სიმაგრეებს, ეკლესია-მონასტრებს, მეფის სასახლეებს, ეპისკოპოსთა რეზიდენციებს, ხიდებს, არხებს, სამეურნეო ობიექტებს, დანგრეულ თუ დაზიანებულ ნაგებობებს. იგი გვთავაზობს რეგიონის, ქალაქისა თუ სოფლის სრულ აღწერას, ხაზს უსვამს ადგილის მნიშვნელობას და მის თვითმყოფადობას, მიმოიხილავს ცნობებს თუ ვის მოღვაწეობას უკავშირდება ცალკეული ნაგებობა და ვინ იყო მფლობელი, მიუთითებს მშენებლების ვინაობასაც. თუ რომელიმე ძეგლის შესახებ არ იძლევა ინფორმაციას ესე იგი ის ძველ საქმედ მიაჩნია და მისი შემოქმედის შესახებ არაფერი გაუგია ან სარწმუნო ცნობა არ მოეპოვება. ასეთია მისი წერის მანერა. ვახუშტი მიიჩნევდა, რომ აუცლებელი იყო ისტორულ-გეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინება, აცნობიერებდა კავშირს ევროპულ და ქართულ საუკუნოვან კულტურას შორის. საქართველოს პრობლემებს უკავშირებდა მსოფლიოს ისტორიას. ისტორიის და ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით წარმოდგენილი მისი ორიგინალური ნაშრომი იმ პერიოდისათვის დიდ სიახლეს წარმოადგენდა. ის ეცადა მოეცა საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია (ძველი ისტორია 1469 წლამდე და 1469 წლიდან ვახუშტის დრომდე). მისი ტექსტები წარმოადგენს სრულფასოვან მეცნიერულ ნაშრომებს. მათში ვლინდება ძალაუფლება იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც ამ მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლების უკან დგანან (მონარქი, ბიუროკრატია, ეკლესია). საგნის შემეცნებას იგი გამოცდილებით და დაკვირვებით ახდენდა, მან პირველმა დაურთო ნაშრომს ქრონოლოგიური ტაბულა, რითაც საფუძველი დაუდო მეცნიერულ კვლევას.
ვახუშტი ბაგრატიონი იყო ბრწყინვალე წარმომადგენელი ქართველ „ენციკლოპედისტთა“ იმ თაობისა, რომელთაც საქართველოში მეცნიერული ცოდნის დანერგვას დაუდეს სათავე. მისმა შრომამ ახალი ეტაპი შექმნა ქართული შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიულ აზროვნებაში. მან პირველმა თავისი ეპოქის მეცნიერული აზრის დონეზე გაიაზრა ისტორიოგრაფიის საგანი და მეთოდი. დაამკვიდრა ისტორიულ წყაროებზე კრიტიკული მიდგომის პრინციპი. ის იმ საზოგადო მოღვაწეთა შორის იყო რომლებიც საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო რუსეთში გადასახლდნენ და უცხოეთიდან აგრძელებდნენ ქართული კულტურის სამსახურს. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.
Description

თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1846)

თეიმურაზ ბაგრატიონი – საზოგადო მოღვაწე, პირველი აკადემიკოსი, ქართველოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ის იყო მეფე გიორგი XII-ის შვილი, სწავლობდა კათალიკოს ანტონ I-ის თელავის სემინარიაში, რომელსაც ცნობილი დავით რექტორი ხელმძღვანელობდა. მისი ინტერესის სფეროში შედიოდა ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ენათმეცნიერება, ნუმიზმატიკა, გეოგრაფია, ბიბლიოგრაფია. იცოდა ბევრი ენა. დიდ დროს უთმობდა საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებას და დამუშავებას. ის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ იძლეოდა ცნობას: „სხვათადა სხვათა ჟამთა შინა იპოვნნეს მკვდარნი … დაფლულნი სხვათა და სხვათა ადგილთა შინა ივერიისათა … არა თუ მხოლოდ ძველთა ჟამთა, ახალთაცა ამათ საუკუნეთა იპოვნნეს კერპთ მსახურებისა ჟამსა შინა დაფლულნი მკვდარნი და ფულნი პირთა შინა დებულნი მათნი“ (ბაგრატიონი 1848:52). ეს ფული და იარაღი თბილისში ერეკლეს სასახლეში ყოფილა დაცული და 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევების შედეგად განადგურებულა. 1810 წელს თეიმურაზ ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდა და თანამშრომლობა დაიწყო მარი ბროსესთან. საერთო ინტერესებმა დააახლოვა ეს ორი ადამიანი. იგი უდიდეს დახმარებას უწევდა მას რჩევებით, უგზავნიდა განმარტებებს. მარი ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. თეიმურაზს ჰქონდა იდეა და გეგმა საქართველოს ისტორიული ძეგლებით დაიენტერესებინა ევროპელები, უნდოდა მოწყობილიყო ექსპედიციები, რომლის შედეგადაც საქართველოში უამრავ უძველესს და უნიკალურ ნივთს აღმოაჩენდნენ „რომლის შესახებაც ევროპას არასოდეს გაუგონია, და არასოდეს არ უნახავს“ (Буачидзе 1983:64). 1848 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა მისი მონოგრაფია „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“. ნაშრომში საქართველოს ისტორია განხილული იყო ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ფონზე და მოიცავდა პერიოდს ადამიანის გაჩენიდან ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. ავტორს გამოყენებული ჰქონდა ანტიკური (ბერძნულ-რომაული), სომხური წყაროები. ის იყო პირველთაგანი რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სიძველეების ენციკლოპედიურ შესწავლას და საფუძველი ჩაუყარა ქართულ ისტორიოგრაფიას. ის იყო ქართველოლოგთა ახალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი. შეგროვებული ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა. 1814 წელს აირჩიეს რუსული ბიბლიოგრაფიული საზოგადოების წევრად, 1831 წელს მარი ბროსეს რეკომენდაციით პარიზის აზიური საზოგადოების წევრად (ხანთიძე 1966:27). იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოებისა და საფრანგეთის თავისუფალი ხელოვნების აკადემიის წევრი. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ჰენრიხ-იულიუს კლაპროტი

გენრიხ-იულიუს კლაპროტი (1783-1835)

გენრიხ-იულიუს კლაპროტი – გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტ-ორიენტალისტი, ერუდიტი. იყო აზიური საზოგადოების წევრი, რომლის კვლევების პროგრამაში შეიტანა კავკასიის ისტორიის და გეოგრაფიის საკითხების შესწავლა. ამ მიზნით თანამშრომლობდა ჟურნალ „ანალებთან“ (Буачидзе 1983:23). 1804 წელს რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ მიიწვია პეტერბურგში, სადაც აირჩიეს აკადემიკოსად. 1807-1809 წლებში იმოგზაურა კავკასიაში ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური და ისტორიული კვლევების ჩასატარებლად. 1808 წელს საქართველოში მოიარა მდ. არაგვის, თერგის, ლიახვის, მტკვრის და იორის ხეობები, სამხედრო გზა. ჩავიდა რაჭაში, ონამდე, სადაც დეტალურად აღწერა ბუნება, მატერიალური კულტურის ძეგლები, ქალაქები, ტრადიციები, ლეგენდები, მატერიალური რესურსები (Буачидзе 1983:62). აგროვებდა ქართულ ხელნაწერებს. კლაპროტი, როგორც ევროპელი მოგზაურებისთვის იყო დამახასიათებელი, მრავალმხრივი მკვლევარი გახლდათ და თავის ჩანაწერებში სხვადასხვა სფეროს – ისტორიას, არქეოლოგიას, გეოლოგიას, ბოტანიკას, ზოოლოგიასა და ეთნოგრაფიას, უთმობდა ყურადღებას. მან ევროპელებს გააცნო ვახტანგ VI-ის ქრონიკები, ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფია, საქართველოს ძველი ეპიგრაფიკული ძეგლები. გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოსცა წიგნი „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში“, სადაც დეტალურად აღწერა თბილისი. შეადგინა ფრანგულ-ქართული ლექსიკონი. დაკრძალულია პარიზში.

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (1798-1850)

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე – შვეიცარიელი ფრანგი მოგზაური, სიძველეთა მკვლე-ვარი, გეოლოგი, ისტორიკოსი, ნატურალისტი. ნეშატელის აკადემიის პროფესორი. 1831-1834 წლებში იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ამიერკავკასიაში, ყირიმში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს და მათი თავისებურებე-ბის და ისტორიის შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამდა (აბაშიძე 1978: 578). 1833 წელს იმოგზაური საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მოიარა იმერეთი, იმყოფებოდა გელათის მონასტერში, იმოგზაურა რაჭაში, მოინახულა ეწერის ეკლესია, რის შესახებაც წერდა: „ეწერის ეკლესია საკმაოდ ძველია, ის აგებულია ტუფის ქვით, ორნამენტის გარეშე და განთქმულია მთელს იმერეთში“. იყო ახალციხეში, ზემო თმოგვში, ვარძიაში, ბორჯომის ხეობაში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, სვანეთსა და გურიაში. ქ. ფოთთან მოინახულა ციხე „ნაჯიხურუ“, რომლის გეგმა თავის ალბომში გამოაქვეყნა. მას მიაჩნდა, რომ ეს იყო არიანეს დროის ციხის ნაშთები (აფაქიძე და სხვ. 1959:230; Dubois du Montpereux 1839a). ეწვია ნოქალაქევს, რომლის ნანგრევები ბიზანტიელი ავტორების არქეოპოლისთან გააიგივა. აღწერა ქუთაისი და მის გარშემო არსებილი ძეგლები (Dubois du Montpereux 1839:51-62). გამოაქვეყნა ცნობები უფლისციხის შესახებ, მან პირველმა შექმნა უფლისციხის გეგმა. დააფიქსირა ბევრი ხელოვნური და ბუნებრივი გამოქვაბული, აღწერა, აზომა და ჩახატა. მიაკვლია და გადმოხატა ხერთვისის ციხე-სიმაგრეზე და აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმსობლის ეკლესიის შესასვლელ კარზე არსებული ძველი ქართული წარწერები (მაღრაძე 2001:108). ის იყო საქართველოს ისტორიით და კულტურით დაინტერესებული მკვლევარი და მისი მხარეების ისტორიული, არქეოლოგიური, გეოლოგიური და ეთნოგრაფიული შესწავლა დაიწყო. მოგზაურობისას დღიურებში შეჰქონდა შთაბეჭდილებები, იხატავდა ხუროთმოძღვრულ ძეგლებს და წარწერებს, სწავლობდა კავკასიის ძველ რუკებს. იძლეოდა ისტორიულ სიძველეთა მიმოხილვას და საინტერესო ცნობებს. ეხებოდა არქეოლოგიას, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ეთნიკურ და დემოგრაფიულ საკითხებს. აღწერა და ჩახატა ბევრი მატერიალური კულტურის ძეგლი. სცადა გაეკეთებინა ნივთიერი მასალის მეცნიერული ანალიზი. ამ კვლევების საფუძველზე პარიზში გამოსცა ექვსტომიანი ნაშრომი „მოგზაურობა კავკასიის გარშემო, ჩერქეზებთან და აფხაზებთან, კოლხეთში, საქართველოში, სომხეთში და ყირიმში.“ ნაშრომს თან დაურთო სპეციალურად შედგენილი ატლასი. ეს იყო იმ პერიოდისათვის სრულიად ახალი მასალა, რომელიც შეჯერებული იყო კავკასიაზე და კეძოდ საქართველოზე ცნობილ ყველა ადრინდელ მონაცემებთან. ამ ნაშრომმა შემდგომში წყაროს ხასიათი მიიღო. ე. შანტრი მის შესახებ წერდა: „მან შეძლო თავი მოეყარა ყველაფერ იმისათვის, რაც კი მანამდე ყოფილა გამოქვეყნებული ამ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მხარის შესახებ, თითქმის ყველა მოსაზრება, რომელიც შემდგომში იქნა გამოთქმული კავკასიის უძველეს ეთნოლოგიასა და ისტორიაზე სათავეს მის ამ ნაშრომში იღებს“ … იგი უნდა მივიჩნიოთ კავკასიის გაბედულ მკვლევარად“ (მაღრაძე 2001:110). მარი ბროსე მის წიგნებს კავკასიის ენციკლოპედიად მიიჩნევდა. დაკრძალულია შვეიცარიაში, ადგილ პესოში, ქალაქ ნეიშატელთან ახლოს.
მარი ფელისიტე ქსავიე ბროსე

მარი ფელისიტე ქსავიე ბროსე (1802-1880)

მარი ფელისიტე ქსავიე ბროსე – ფილოლოგი, არქეოლოგი, ორიენტალისტი, ქართველოლოგი, მთარგმნელი. დაიბადა პარიზში, ნეგოციანტის ოჯახში. იყო აზიური საზოგადოების წევრი. საქართველოს სიძველეებით მარი ბროსე თავისი მასწავლებლების ანტუან ჟან სენ-მარტენის და აბლ-რემიუზას რჩევით დაინტერესდა. შეისწავლა ქართული ენა და გაეცნო ქართულ ხელნაწერებს, რის შემდეგაც გაუჩნდა სურვილი მოპოვებული ცნობები დაეკავშირებინა საქართველოს კულტურისათვის და აღედგინა საერთო სურათი. იგი ეძებდა ადამიანს, რომელთანაც რეგულარულად გაივლიდა კონსლტაციებს. ამ მიზნით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ფრანსუა შარმუამ გააცნო თეიმურაზ ბაგრატიონი, რომელიც რეგულარულად ეხმარებოდა მას ქართული ლიტერატურის, ენისა და ისტორიის მასალების გაცნობაში. იგი თეიმურაზ ბატონიშვილს თავის მასწავლებლად და მოძღვრად მიიჩნევდა (მაღრაძე 2007:23-24). 1834 წელს მარი ბროსემ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. შეადგინა გეგმა და ინსტრუქცია, მაგრამ რუსეთის მაღალ წრეებში ეჭვისთვალით უყურებდნენ მის ურთიერთობას თეიმურაზ ბატონიშვილთან და ამიტომ უარი უთხრეს. თუცა შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ა. უვაროვის ინიციატივით შესთავაზეს დაეკავებინა აკადემიკოსის ვაკანსია და ემუშავა ქართული და სომხური ფილოლოგიის ხაზით. მარი ბროსეს პეტერბურგში ჩასვლამ გარკვეულწილად განაპირობა ევროპული ქართველოლოგიის ცენტრის რუსეთში გადანაცვლება. 1847 წელს მან მოამზადა პროექტი საქართველოში არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად და ერთწლიანი სამეცნიერო მივლინებით ქვეყანას ეწვია. იგი წერდა: „მე სიამოვნებით მივუძღვნიდი ოთხ წელს საქართველოს უმდიდრესი სიძველეების გამოკვლევას … რადგანაც უეჭველად შეუძლებელი იქნება ამ მოკლე დროში აღქმა ყველაფერ იმისა, რასაც მოიცავს მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა“ (Brosset 1849:VII). მარი ბროსემ თითქოს შეცვალა თეიმურაზი და თავად გახდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი და შემსწავლელი. სიძველეთა კვლევისას, ძეგლების იდენტიფიკაციისას იგი ვახუშტი ბაგრატიონის „ქართლის ცხოვრებას“, როგორც გზამკვლევს ისე იყენებდა. ამ ნაშრომის კვალს მიჰყვებოდა და თავისი მარშრუტის ყველა პუნქტს მასთან აჯერებდა. მისი მიზანი იყო თავად ენახა და შეემოწმებინა ვახუშტის მიერ აღწერილი ძეგლები, შეესწავლა წარწერები, მონეტები, ხელოვნების ნიმუშები, ხატები, გუჯარ-სიგელები და ლეგენდები, როგორც ფილოლოგი ის დიდ ყურადღებას აქცევდა ეპიგრაფიკულ ძეგლებს და აღნიშნავდა: „საქართველოს ისტორია წყაროების არ ქონის გარეშეც ჩაწერილია მისი ძეგლების ქვებზე … როდესაც ევროპის თვალწინ წარსდგება წარწერები ქუთაისიდან და გელათიდან, ხოფიდან და ატენიდან, ისინი მიხვდებიან, რომ ქართველებისათვის არც ერთი მათი სამეცნიერო საქმიანობა უცხო არ არის“ (Brosset 1849:XI). მარი ბროსემ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე შემოიარა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, სამურზაყანო, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, კახეთი, ახალციხის და ცხინვალის მხარე. თბილისში მოინახულა ყველა ეკლესია, ქოროღლის ციხის ციტადელის ნანგრევები, კოჯორის სასახლე. მცხეთაში სამთავრო, ანტიოქიის საყდრის ნანგრევები, შიომღვიმის მონასტერი, ძეგვის ციხე-სიმაგრე, არმაზის ციტადელი. იყო თელეთში, ნახა უჯარმის ციხე, შუამთა, ალავერდი, იყალთო, საფარა, უფლისციხე, პეტრეს ციხე, აწყურის ციხე, ზარზმა, ოცხის ციხე-სიმაგრე, ხერთვისის ციხე, ვარძია, წუნდა, კუმუდო, ვანის ქვაბები, სამთავისის ეკლესია, რუისის და ურბნისის ტაძრები, ატენის სიონი, გორიჯვარი, მარტვილის ტაძარი. ქუთაისში მოინახულა ბაგრატი, გელათი. დაათვალიერა ჟინვალის ციტადელი, ცაიშის მონასტერი, ხეთა, კოცხერი, ნოქალაქევი, ოყურეშის ეკლესია, ნიკორწმინდა, კაცხის მონასტერი, ოქონა, ოქუმი, რუხი, ბედია, მოქვი, დრანდა, ბიჭვინთის ეკლესია და სხვა. გადმოიწერა და შეისწავლა წარწერები. მის მიერ მოძიებულმა, შეგროვილმა და შესწავლილმა ისტორიულმა, არქეოლოგიურმა და ეპიგრაფიკულმა მასალებმა ევროპას გააცნო ქართული სიძველეები, შეავსო და გააფართოვა ქართული წყაროები. მან ფრანგულად თარგმნა ვახუშტი ბაგრატიონის შრომის გეოგრაფიული ნაწილი (Буачидзе 1983:145-146), თარგმნა და შვიდ ტომად გამოსცა „ქართლის ცხოვრება“ (Brosset 1849-1858), დაწერა ნარკვევები საქართველოს არქეოლოგიასა და ნუმიზმატიკაზე, გამოაქვეყნა წერილი „საქართველოს ძეგლთა შესწავლის აუცილებლობა და საშუალებანი“ (Броссе 1847:12-144), ანგარიშის სახით სამ წიგნად გამოაქვეყნა თხზულებანი „არქეოლოგიური მოგზაურობა საქართველოში“, ატლასის თანხლებით (მაღრაძე 2007:27). მარი ბროსემ ახალ დონეზე აიყვანა საქართველოს ისტორიოგრაფია, შექმნა ეტაპი ევროპულ ქართველოლოგიაში. მისი სამეცნიერო ნაშრომებიდან 36 საქართველოს ეძღვნება. ივ. ჯავახიშვილი მის შესახებ წერდა „საქართველოს მეთოდური მეცნიერული შესწავლის მეთაურად აუცილებლად მარი ბროსე უნდა იქმნეს ცნობილიო“ (ჯავახიშვილი 1937:6). იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. არქეოლოგიური ძიებისათვის დაჯილდოვეული იყო რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის სიგელით. დაკრძალულია შატერლოში.

პლატონ იოსელიანი

პლატონ იოსელიანი (1809-1875)

პლატონ იოსელიანი – ისტორიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1844 წლიდან სამეცნიერო მიზნით მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შეაგროვა დიდძალი არქეოლოგიური და ისტორიული მასალა, შეისწავლა ქართული ეკლესია-მონასტრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 1849 წელს ჩავიდა სტამბულში, იმოგზაურა საბერძნეთში ათონის და სინას მთაზე. ათონის მთის ივერიის მონასტრის წიგნთსაცავში გაეცნო ქართულ ხელნაწერებს და წიგნებს, შეადგინა კატალოგი და თან წამოიღო XI საუკუნის ხელნაწერის „ძველი დაბადების“ სრული თარგმანი. ტრაპიზონში, ერთ-ერთ ეკლესიაზე დააფიქსირა ქართული წარწერიანი ქვა. მისი მოგზაურობის შედეგები გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1850 წლიდან დაიწყო ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების: ეკლესია-მონასტრების, სასახლეების, ციხე-სიმაგრეების, ნაქალაქარების აღწერა და შესწავლა, მოკრიბა შემორჩენილი ხელნაწერები, მოიარა ბიბლიოთეკები. მცირე მასშტაბის გათხრები ჩაატარა სოფ. ჟინვალთან, ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე. გამოავლინა რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები ოთხიარუსიანი კოშკი, მარნის ნანგრევები ქვევრებით, შვიდი ეკლესია, ცისტერნის ნაშთები, მიწისქვეშა ჩასასვლელი. აღმოჩნდა კერამიკის და ლითონის ნივთების ფრაგმენტები. მისი აზრით იქ უნდა ყოფილიყო გიორგი ბრწყინვალეს სასახლე (Иоселиани 1875:185; ზარნაძე-დორეული 2007:121). მან უფლისციხე ტროგლოდიტურ (მღვიმურ) არქიტექტურულ ძეგლად მიიჩნია და წინაქრისტიანულ ხანას მიაკუთვნა. იგი ჯერ კიდევ 1844 წელს წერდა, რომ მცხეთაში ბევრი ნანგრევია, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლიაო. პლატონ იოსელიანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა თეიმურაზ ბაგრატიონთან და თანამშრომლობდა მარი ბროსესთან. ქართული სიძველეების შესწავლის ინტერესი მათ შორის მყარი მეცნიერული ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. იგი სისტემატურად აწვდიდა მარი ბროსეს ისტორიულ-არქეოლოგიურ მასალებს (ზარნაძე 2004:40-47). იზიარებდა ვახუშტი ბაგრატიონის კვლევის მეთოდებს და მთავარ ამოცანად ძეგლების გეოგრაფული და ისტორიული კუთხით აღწერა მიაჩნდა. რედაქტორობდა ჟურნალებს, სადაც ქართულ სიძველეთა შესახებ აქვეყნებდა სტატიებს. რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომები „თბილისის სიძველეთა აღწერილობა“, „კაცხის ტაძარი იმერეთში“, „მატყოფის მონასტერი“, „მცხეთის ტაძარი“, „შიომღვიმე“, „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, „საქართველოს ძველი და ახალი ქალაქები“ „ქალაქ დუშეთის აღწერა“, „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „გელათის მონასტერი“ და სხვა. გამოაქვეყნა კრებული „საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები“ (ზარნაძე-დორეული 2007:111). ის იყო „კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, იყო ათენის სამეფო არქეოლოგიური საზოგადოებისსა და პარიზის აზიური საზოგადოების წევრი. თავისი გამოკვლევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის ძეგლებისა და ისტორიული წყაროების მეცნიერული კვლევის საქმეში. დაკრძალულია თბილისში მის მიერ აგებულ ამაღლების მონასტერში, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი
(1815-1878)

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი – ისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი. აწარმოებდა სხვადასხვა ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების კვლევა-ძიებას და აღწერას, იღვწოდა მათ გადასარჩენად. 1848-1849, 1850 და 1952 წლებში მარი ბროსესთან ერთად იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მოიარეს გორის და ცხინვალის რაიონები, აღწერეს იქ არსებული არქეოლოგიური ძეგლები. გორიჯვარში წაიკითხეს და გადმოწერეს კანკელის ბათქაშზე და სამლოცველოს კედელზე არსებული წარწერა. მარი ბროსეს გამგზავრების შემდეგ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილმა დამოუკიდებლად დაზვერა და შეისწავლა მრავალი საყურადრებო ძეგლი (Brosset 1850:27-32, 1850a). მოიარა დაახლოებით 21 დასახლებული პუნქტი ქართლში, იმერეთში, გურიაში, მესხეთში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, რაჭასა და სვანეთში, ნახა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები. ჩაატარა ზედაპირული დაზვერვები, აგეგმა ნაგებობები, აღწერა ციხე-სიმაგრეები, აღმოაჩინა და გადმოწერა წარწერები. სამთავისის ეკლესიაზე შეკრიბა 51 დიდი წარწერა. წარწერების მიხედვით დაათარიღა აშურიანის და იკორთის მონასტრები. მოიპოვა „პერგამენტზე ნაწერი ხელნაწერი“, რომლის შემორჩენილ ფურცლებზე ლარგვისის მონასტრის და ქსნის ერისთავთა ისტორია იყო გადმოცემული. ერთ-ერთ წერილში იგი მარი ბროსეს წერდა: „მე მსურს, რაც საქართველოში ძველი ეკლესიაა, თუ მონასტერი, ჯვარი თუ ხატი და რაზედაც ძველი წარწერილობაა, ყველა აღვწერო თითოეულად და ნაწერიც ეგრეთ გარდმოვიღო“ (ხანთაძე 1952:9; გამყრელიძე 2008:8). 1852 წელს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილს დაევალა უფლისციხეზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. ძეგლის გათხრა-ფიქსაციისათვის მან მოიწვია მხატვარი და შეიძინა სათანადო აღჭურვილობა. ზედაპირულად შემოწმების შემდეგ გათხარა დიდი დარბაზი. გაჭრა ორი მეტრის სიგრძის თხრილი, სადაც გამოვლინდა სვეტის ფრაგმენტები და კერამიკის ნატეხები, გვერდით ოთახში კი ქვევრები. აქვე გათხარა სამარხებიც. მისი აზრით უფლისციხის დიდი დარბაზი და მიმდებარე ნაგებობები წარჩინებული პირის სასახლეს წარმოადგენდა (გამყრელიძე 2021:6). გათხრების დროს აწარმოებდა დღიურს, ხოლო გათხრების ანგარიში კი გაზეთ „კავკაზში“ გამოაქვეყნა. უფლისციხის გათხრები მ. ვორონცოვს მოუნახულებია და ნანახით აღფრთოვანებულს განუცხადებია „არსად ევროპაში მე მსგავსი არაფერი მინახავს“. სამწუხაროდ, საბოლოოდ გათხრების დასრულება და შედეგების გამოქვეყნება ვერ მოხერხდა. თუმცა, უფლისციხეში ჩატარებული გათხრებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში არქეოლოგიური კვლევა-ძიების დაწყებას. დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი კი ამ პროცესის ფუძემდებლად შეიძლება ჩაითვალოს. (გამყრელიძე 1999:91). მოგზაურობის და კვლევების შედეგები დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილმა გადმოსცა ანგარიშებსა და ნაშრომებში: „აღწერა გორის უეზდსა შინა ეკლესიებთა და მონასტერთა ზედა ღირსახსოვარ წარწერათა სრულიად“, ,,მოგზაურობა გორის უეზდის, ხიდისთავის უჩასტკასა შინა 1849-სა წელსა“, „მოგზაურობა და მოხილვა იმერეთისა 1850 წელსა“ და სხვა. მისი მოგზაურობის შედეგები, მასალა და თითოეული პუნქტის დაწვრილებითი აღწერილობა მარი ბროსემ თარგმნა და შეიტანა თავისი რაპორტის ტომებში. დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი იყო სხვადახვა სამეცნიერო, საისტორიო და ,,საარხეოლოგიო“ საზოგადოების წევრი (გამყრელიძე 1999:91). არქეოლოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვებლი იყო სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საგანგებო სიგელით. დაკრძალულია გორთან სოფ. ხიდისთავში.
ფრიდრიხ ბაიერნი

ფრიდრიხ ბაიერნი (1817-1886)

ფრიდრიხ ბაიერნი – ავსტრიელი ნატურალისტი, არქეოლოგი, ენტომოლოგი, კავკასიის მუზეუმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1849 წლიდან მოღვაწეობდა კავკასიაში. 1855 წელს დასახლდა თბილისში და გახსნა „ნატურალისტ ბაიერნის მუზეუმი“. არქეოლოგიით 1859 წლიდან დაინტერესდა, როცა სოფ. იგდირთან, არარატის ფერდობზე აღმოჩნდა ურარტულ-ლურსმული წარწერები. არქეოლოგიით იგი სიცოცხლის ბოლომდე იყო დაკავებული. მან თითქმის მთელი საქართველო შემოიარა. აფხაზეთში ნახა დოლმენები, სართიჭალასთან და დუშეთთან შეისწავლა ადრეშუასაუკუნეების სამაროვნები, არქეოლოგიური ძიება ჩაატარა ყაზბეგში, ურბნისში, ნიჩბისში, მდ. სნოს ხეობაში, სოფ. ჯუთაში. შემოიარა ახალციხის, რაჭის, ფშავ-ხევსურეთის, შიდა ქართლის მიდამოები, მოინახულა ბევრი გამოქვაბული, ფარავნის ტბასთან დააფიქსირა ხიმინჯებიანი ნაგებობები, გათხრები აწარმოა შავი ზღვის სანაპიროზე. 1867 წლიდან არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა მცხეთის მიდამოებში. 1872 წელს სამთავროს სამაროვანზე გათხარა ქვის ფილებისაგან შედგენილი სამარხები და მინის საწარმოს ნაშთი. სამარხებში აღმოჩნდა კერამიკის ჭურჭელი, ლითონის იარაღები და სამკაული (გამყრელიძე 2008:11-12). სამთავროს გათხრები არ იყო სათანადო დონეზე ჩატარებული და არც განათხარი მასალის სათანადო ინტერპრეტაცია მომხდარა. მიუხედავად ამისა, არქეოლოგიურმა მასალამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 1865-1870 წლებში ბაიერნმა დაზვერვები ჩაატარა სნოს ხეობაში და სოფ. ართხმოში. სოფ. ჯუთაში გათხარა სამი სამარხი (აბულაშვილი 2012:18). შეისწავლა გელენჯიკსა და სოფ. ფშადას შორის ტყიან ფერდობზე მდებარე დოლმენი. ასევე გამოიკვლია სოფლების ფშადას და ჯუბგას შორის მდევბარე ოთხი დოლმენი. მართალია ჯუბგას დოლმენები არქეოლოგიურ მასალას არ შეიცავდა, მაგრამ დიდი ზომების გამო (ერთ-ერთი 10 კვ.მ.) ბაიერნის ყურადღება მიიპყრო. 1875 წელს ბაიერმან არქეოლოგიური გათხრები გააგრძელა, დუშეთში, სადაც გათხარა ქვაყუთები. მასში რამოდენიმე ჩონჩხი და ბრინჯაოს სამკაული აღმოჩნდა. მან ასევე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა მდ. მტკვრის და დიღმისწყლის შესართავთან, გამოვლენილი ნივთები სამთავროს მასალის თანადროულად ჩათვალა. კახეთში, სოფ. ჭერემში, ფრიდრიხ ბაიერმან დ. ფურცელაძესთან ერთად გამოავლინა ორი წარმართული და ორი ქრისტიანული სამაროვანი. წარმართულ სამაროვანზე გათხარა სამი ქვის სამარხი, სადაც დაფიქსირდა ოთხ-ოთხი მიცვალებულის ჩონჩხი მჯდომარე პოზაში, ასევე ბრინჯაოს, რკინის და ძვლის სამკაული და ობსიდიანის ნატეხები (Пурцеладзе 1880:2; მუმლაძე 2007:140). სოფ. სართიჭალაში ე. შანტრთან ბაიერმა შეისწავლა შვიდი სამარხი. 1878 წელს სტეფანწმინდაში მან ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, სადაც აღმოჩნდა ოქროს და ვერცხლის ნივთები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები და რკინის შუბისპირები. მისი აზრით ეს ადგილი სალოცავი იყო, სადაც სხვადასხვა ნივთებს სწირავდნენ. ფრიდრიხ ბაიერნი გათხრების ანგარიშებს აქვეყნებდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე (ახვლედიანი, ხარაბაძე 2023:98). 1885 წელს ბერლინში გამოქვეყნებულ ნაშრომში, სხვა მასალებთან ერთად განხილული ჰქონდა სამთავროს სამარხებიც. ბაიერნის საქმიანობამ ხელი შეუწყო მსოფლიოს გაეცნო საქართველოს სიძველეები. მის მიერ მოპოვებული არქეოლოგიური კოლექციები კავკასიის მუზეუმს გადაეცა. დასაფლავებულია თბილისში. ზუსტი ადგილი უცნობია.
რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი (1824-1901)

რაფიელ ერისთავი – მწერალი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი სიძველეთა მკვლევარი, ლექსიკოგრაფი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამმაარსებელთა შორის. მის სახელს უკავშირდება მუზეუმის, ბიბლიოთეკის დაარსება. ინტენსიურად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. აღწერილი აქვს ეკლესია-მონასტრები, უძველესი წარწერები, რელიგიური და ისტორიული ნივთები. მარი ბროსესთან ერთად მოიარა ივრის ხეობა, თიანეთი, ბოჭორმა. ერთად წაიკითხეს ეკლესიების კედლებზე ქართული წარწერები. მის მიერ სპეციალურად შედგენილი რუკის მიხედვით მარი ბროსემ ბევრი შესწორება შეიტანა ვახუშტისეულ აღწერილობაში. რაფიელ ერისთავმა ზუგდიდის რაიონის სოფ. განმუხურში გრაფ რაზმონდიუკთან ერთად გათხარა ყორღანი, სადაც აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, სპილენძის ჯვარი და სხვა ნივთები (ჯიბლაძე 2007:150). დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ფონდების შეჯერება-მოწესრიგებაში, დაადგინა და დააზუსტა ეთნოგრაფიული ექსპონატების ადგილობრივი ტერმინოლოგია, პირველმა დააყენა საკითხი სამუზეუმო კოლექციების კატალოგიზაციის შესახებ, შეიმუშავა მეთოდური ინსტრუქცია და შეადგინა მუზეუმის პირველი კატალოგი. ფონდებში დაცული მასალების შეჯერების შედეგად წარადგინა მუზეუმის რეესტრიდან ამოსარიცხი ნივთების სია, რომლებიც არ ასახავდნენ არც ეთნოგრაფიულ და არც ისტორიულ მონაცემებს (აბულაშვილი 2021:30-31). მან შეისწავლა და აღწერა ქართველთა ეთნოგრაფიული ყოფა, წეს-ჩვეულებები. აღწერა სამეგრელო, გარკვეული მონაკვეთების მიხედვით: ანაკლიიდან ზუგდიდამდე; ზუგდიდიდან კვაშიხორამდე; კვაშიხორიდან მარტვილამდე; მარტვილიდან ხონამდე. რაფიელ ერისთავის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია იყო. იგი კვლევის შედეგებს პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა. იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები და ნარკვევები: „წერილები კახეთიდან“, „შენიშვნები სვანეთზე“, „მოგზაურობა სამეგრელოს ირგვლივ“, „ნარკვევები ფშავ-ხევსურეთის შესახებ“, „წერილები იმერეთიდან“ და სხვა (Бобылев 1857:V). რაფიელ ერისთავი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი. 1900 წელს იგი აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრად. რაფიელ ერისთავი დაკრძალულია თელავში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში.

Description

დიმიტრი ბაქრაძე (1826-1890)

დიმიტრი ბაქრაძე – ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი. მისი მიზანი საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების, ისტორიის წყაროების შესწავლა, ძველი ნაგებობების და საერთოდ სიძველეთა დანგრევა-განადგურებისაგან გადარჩენა იყო. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ გზად იგი ისტორიულ-არქეოლოგიური მოგზაურობებს მიიჩნევდა (გამყრელიძე 2008:14). მან იმოგზაურა და კვლევები ჩაატარა გურიაში, აჭარაში, შავშეთში, არტაანში, კლარჯეთში, სამცხე-ჯავახეთში, საინგილოში, სამეგრელოში, სვანეთში, სამურზაყანოსა და აფხაზეთში. აღწერა და შეისწავლა ეკლესია-მონასტრები, სასახლეების ნაშთები, ციხე-სიმაგრეები, კოშკები, ტაძრების კედლებზე ამოიკითხა შემორჩენილი წარწერები. 1859 წელს გაემგზავრა აფხაზეთსა და სამეგრელოში. აღწერა: ბედიის, ილორის, მოქვის, დრანდის, სებასტოპოლისის, მარტვილის, ნოქალაქევის, ცაიშის, ხობის, ზუგდიდის, ნიკოფსიის, ბიჭვინთის, გაგრის, წებელდის ტაძრები (Бакрадзе 1860:298). მისი აზრით დრანდა და ნოქალაქევი სტილით ბიჭვინთის ტაძრის მშენებლობის დროის იყო, ანუ ბერძნულ ეპოქას მიეკუთვნებოდა, ხოლო დანარჩენი ტაძრები აფხაზურ-ქართული დინასტიის დროინდელი იყო და მე-10-13 საუკუნეებში იყო აგებული (Бакрадзе 1860:293-294). ცალკე გამოყო ბედიის და მოქვის ტაძრები, რომლებიც სტილით არქიტექტურული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდნენ. გარედან მოქვის ტაძარი დიდი და სიმეტრიული იყო, ორმაგი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, თლილი ქვებით ნაშენი. იატაკი მრავალფეროვანი მარმარილოს ფილებით ჰქონდა დაფარული. მდ. მაჭარის სათავეებთან ეკლესიები მოინახულა, განსაზღვრა მათი მშენებლობის თარიღები. სოფ. პოლტავსკოედან 7კმ-ში ერთ-ერთი ეკლესიის შიგნით ორნამენტირებულ კირქვის ორ ფილას მიაკვლია, ერთ-ერთზე წარწერით. ეკლესიის შიგნით ჩაატარა გათხრები, სადაც აღმოჩნდა ძვლები და ცხე-ნის ორი კბილი (Бобринский 1891:CXXXIV). 1874 წელს არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა სოფ ვაშნარში. გათხრების შედეგად აღმოჩნდა კერამიკის, მინის, რკინის და ბრინჯაოს ნივთების ნატეხები. ასევე გამოვლინდა ნაგებობის ნაშთები, კერძოდ მარმარილოს სვეტის ნაწილები, აგური, კრამიტი. დიმიტრი ბაქრაძემ არქეოლოგიური გათხრები აწარმოა სვანეთ-ში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და საინგილოში. 1886 წელს სოფ. წებელდაში შეისწავლა მე-11 საუკუნის ეკლესია, სადაც აღმოჩნდა მონეტები, სპილენძის სინის ფრაგმენტები, თითბერის შანდლები, ჯვრები და სხვა (აბულაშვილი 2012:17-18,21). იგი უყურადღებოდ არ ტოვებდა შემთხვევით აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალასაც. მისი ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება, საეკლესიო მუზეუმი. იყო თბილისში ჩატარებული V არქეოლოგიური ყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. პერიოდულ პრესაში ქართულ და რუსულ ენაზე ბეჭდავდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ წერილებს: „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, „ნარკვევევბი სამეგრელოს, სამურზაყანოს და აფხაზეთის შესახებ“, „გორის ციხე“, „სვანეთი“ და სხვა. გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი, მათ შორის „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“, „ისტორია საქართველოსი“, რომელიც მოიცავდა პერიოდს უძველესი დროიდან X საუკუნემდე. რუსულ ენაზე ლექსიკონის სახით შეადგნა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“, რომელიც შეიცავდა ცნობებს საქართველოს და სომხეთის ხუროთ მოძღვრული ძეგლების შესახებ, ბიბლიოგრაფიის დართვით. იყო სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დიმიტრი ბაქრაძე დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.


პრასკოვია უვაროვა

პრასკოვია უვაროვა (1840-1924)

პრასკოვია უვაროვა – რუსი მეცნიერი, არქეოლოგი, ისტორიკოსი. 1881 წელს იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მოინახულა და აღწერა იქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები. ნახა, კობი, მლეთა, ფასანაური, ანანურის ციხე, ჟინვალი, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე ნანგრევები, დარიალის ხეობაში წმინდა სამების ეკლესია, დუშეთი, წილკანი, ბორჯომი, სურამის ციხე, უფლისციხე, გორი, არმაზი, ჯვრის მონასტერი, ზედაზენი, სამთავროს მონასტერი. კახეთში აღწერა თელავი, გრემი, ალავერდი, იყალთო, შუამთა, სიღნაღი, მეფისწყარო, თიანეთის გზაზე ყველა პატარა ეკლესია, ფშავში თამარ მეფის სალოცავი, ლაშარის ჯვარი, ხევსურეთში გუდანი, ხახმატი, შატილი (Уварова 1887:168, 180-185; Уварова 1904:198-200, 223-227). აღწერა ურბნისი, რუისი, იკორთა, ატენი, უფლისციხე, გორიჯვარი, საბაწმინდა, მეჯვრისხევი (Уварова 1904:141-190), თბილისში ანჩისხატი და სიონის ეკლესია, რომელიც მისი აზრით მე-5 საუკუნეში უნდა ყოფილიყო აგებული და შემდეგ მე-19 საუკუნის დასაწყისში აღდგენილი. მან მცირე გათხრები ჩაატარა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის ეზოში გამოვლენილ სამაროვანზე. სა-მარხებში აღმოჩნდა პასტის და სარდიონის მძივები, ვერცხლის ხვია, ოქროს ბეჭდები, ბრინჯაოს სამაჯურები, ფიბულები, ვერცხლის და ოქროს ფირფიტები (აბულშავილი 2012:20). მცირე გათხრები ჩაატარა ბებრის (ფრ. ბაიერნის მიხედვით), იგივე ბელტის ციხეზე (მ. ბროსეს მიხედვით). არქეოლოგიური გათხრები აწარმოა ჟინვალში სადაც გზის გაყვანის დროს აღმოჩნდა სამაროვანი. გათხარა რამდენიმე სამარხი (Уварова 1895:2). 1889 წელს მოიარა დასავლეთ საქართველო და აღწერა ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეები. მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წინაშე ბაგრატის ტაძრის შესახებ გააკეთა მოხსენება და აღნიშნა, რომ ეს ტაძარი კიევის სოფიის ტაძარზე უფრო ძველი იყო. ის 1003 წლით თარიღდებოდა და მასზე ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი წარწერა არაბული ციფრებით, თუმცა დიუბუა დე მონპერეს მიერ აღწერილი დანარჩენი წარწერები უკვე წაშლილი იყო. მოინახულა წყალწითელას ნაპირზე მდებარე იასონის მღვიმე. ვრცლად აღწერა აფხაზეთის სოფლებში პატარა ეკლესიები. ახალ ათონში სვიმონ კანანელის მონასტერში ნახა ქვა წარწერით „ქრისტე შეიწყალე“ (Уварова 1891:77-164). აღწერა და შეისწავლა წებელდის ტაძარი, იყო ბათუმში. მან აღძრა საკითხი სვეტიცხოვლის რესტავრაციის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა (Натроев 1900: 308-309). მისი აზრით აუცილებელი იყო ტაძრისათვის გალავნის შემორტყმა, ხოლო კაპიტელების და სხვა ორნამენტიანი ფრაგმენტების შესანახად ქუთაისის გიმნაზიისათვის გადაცემა (Уварова 1910:391-392). 1904 წელს სვანეთში მოაწყო არქეოლოგიური ექსპედიცია (Чубинашвили 1941:1). თავისი მოგზაურობის შესახებ ცნობები გამოაქვეყნა ნაშრომში „Путевые заметки“. მისი ინიციატივით გამოიცა ტომები „Материалы по археологии Кавказа“. 1891 წელს გამოაქვეყნა წიგნი „Кавказ, Абхазия, Аджария, Шавшетия, Посховский участок“. პრასკოვია უვაროვა დასაფლავებულია ბელგრადში, ახალ სასაფლაოზე.

გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი (1842-1900)

გიორგი წერეთელი – ფილოლოგი, იტორიკოსი, არქეოლოგი, კრიტიკოსი, მწერალი, ბუნებისმეტყველი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არქეოლოგიური მიზნებით მოგზაურობდა. მან მოიარა, აჭარა იმერეთი, სვანეთი და მდ. ყვირილას ხეობა. აღწერა ტაძრების, ციხეების, სამლოცველოების ნაშთები. 1878-1880 წლებში არქეოლოგიური დაზ-ვერვები ჩაატარა მღვიმევის გამოქვაბულში (საჩხერესა და ჭიათურას შორის), შორაპნის ციხესთან აღმოაჩინა წინაქრისტიანული ხანის თიხის წყალსადენის ნაშთები, სოფ. შორაპანში კი სამარხები (გაძარცული). მოდინახეს ციხის ფერდობზე მიაკვლია სამარხების ნაშთებს, იპოვა კერამიკის და ლითონის ნივთების ფრაგმენტები (გამყრელიძე 1991 :26; გამყრელიძე 1996:14). ეს ძეგლი მან პროკოფი კესარიელის მიერ მოხსენიებულ მოხირისის ციხედ მიიჩნია (წერეთელი 1893:12). არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა გელათის მონასტრის ეზოში. გამოავლინა ქვიტკირის ნაგებობების კედლები, კაპიტელის ნაწილები, წყლის მილები, ქვიტკირის საწნახელი, თიხის და მინის ჭურჭელი (წყლის თუ ღვინის), სარკოფაგი, სამარხები. ქვიტკირის სასახლის ნანგრევებში აღმოჩნდა რამდენიმე რომაული ვერცხლის მონეტა. სამარხები ორიენტაციის მიხედვით (S-N) წინაქრისტიანულ ხანას მიაკუთვნა (წერეთელი: 1894). იგი წერდა „გელათის მონასტერი აშენებულია ფრიად ძველ ნანგრევთა ნატამალზე, რომელიც ცხადად გვიმტკიცებს, რომ აქ ჯერ კიდევ საუკუნეთა სიღრმეში ყოფილა რაღაც ქალაქი, რომლის კვალი დღესაც ჩანს გელათის მიდამოებში“ (წერეთელი 1894:12). მან პირველმა შეისწავლა წარწერები გელათის მონასტრის ფრესკებსა და ქვებზე. აღწერა კაცხის და მღვიმევის მონასტრები, სავანის ბაზილიკა. შეისწავლა წარწერები, ფრესკები, დაათარიღა და გამოაქვეყნა ისინი. იგი ეთანხმებოდა სტრაბონის ცნობას, რომ ყვირილის ხეობაში გადიოდა უძველესი გზა პონტოდან ბაქტრიამდე (Церетели 1898:82). მას ქუთაისში წითელ ხიდთან უნახავს ძველი აბანო, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს კი სამახების ნაშთები. მისი ყურადღება მიიქცია სოფ საჩინოში (ვანი), ახვლედიანების გორაზე 1876 წელს გამოვლენილმა სამარხებმა და ოქროს სხვადასხვა ნივთმა, რომლის შესახებაც 1880 წელს ინფორმაცია მიაწოდა არქეოლოგიური ყრილობის მოსამზადებელ კომიტეტს. მასვე ჰქონდა ცნობა, რომ სოფ. ციხისძირთან, კვირიკეს გორაზე, ახალი ნაგებობის მშენებლობის დროს ნაპოვნი იყო მარმარილოს სარკოფაგი. იგი ქართულ და რუსულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს და გამოკვლევებს საქართველოს ისტორიაზე და მატერიალური კულტურის ძეგლებზე. „დროებაში“ გამოაქვეყნა ინფორმაცია სოფ. ხუცუბანსა და ქობულეთს შორის სამხედრო ხიდის მშენებლობისას აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების შესახებ. მდ. ყვირილის ხეობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების შრომებში, ჟურნალ „ალში“ დაიბეჭდა გამოკვლევა მოდინახეს ციხეზე, გელათის მონასტრის სიძველეთა შესახებ გამოკვლევა წარადგინა 1881 წელს გამართულ V არქეოლოგიური ყრლობაზე. იგი 1891 წლიდან გახდა მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი. გიორგი წერეთელი დასაფლავებულია თბლისში, დიდუბის პანთეონში.

ერნესტ შანტრი

ერნესტ შანტრი (1843-1924)

ერნესტ შანტრი – ფრანგი არქეოლოგი, ბუნებისმეტყველი, ანთროპოლოგი, პროფესორი. დაიბადა ლიონში. 1881 წელს დააარსა ანთროპოლოგიური საზოგადოება. საქართველოს სიძველეებით 1879 წელს დაინტერესდა, როცა მოსკოვში, ანთროპოლოგიურ და არქეოლოგიურ კონგრესზე მოწყობილ გამოფენაზე ნახა აფხაზეთის დოლმენების, ყაზბეგის და სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი მასალები (აბულაშვილი 2021:77). იმავე წელს ჩავიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა. მოიარა აფხაზეთი, ნახა. ეწვია ხევსურეთს, ლაზიკას და ოსეთს. გზად მრავალი ისტორიული ძეგლი შეისწავლა. მდ. თერგის ხეობაში ჩაატარა დაზვერვები, ლარსსა და ბართას შორის მოინახულა მეგალითური ძეგლი ე.წ. „მწყემსების ქვა“. მცხეთა-თბილისის სამხედრო გზის მონაკვეთზე ნახა „დევის ნაფეხური“, რომელსაც ეშმაკის ქვასაც უწოდებდნენ. კახეთში გათხარა სამაროვანი. გაეცნო ინფორმაციას რგანის გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამიანის ნაკვალევის შესახებ და 1884 წელს თავადაც ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები (ხუციშვილი 2007:84). (ეს გამოქვაბული ათი წლით ადრე მარგანეცის ძიებისას აღმოჩნდა, სადაც დაზვერვითი სამუშაოები ადგილობრივი თავადის მოსაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა). ე. შანტრის აღწერით გამოქვაბული წარმოადგენდა სტალაგმიტებიან კლდოვან ღიობს, რომელსაც ზევიდან დამუშავებული ფილა ეხურა. შესასვლელს 12 მ. სიგრძის კამაროვანი დერეფანი წარმოადგენდა. პირველი დარბაზის სიმაღლე 3-4 მ-ს შეადგენდა, მეორე დარბაზი კი შედარებით უფრო დიდი იყო. გათხრების შედეგად აღმოჩნდა კერამიკის ნატეხები და პალეონტოლოგიური მასალა, სხვადასხვა ხერხემლიანთა ძვლები (ირემი, ხარი, შველი და სხვა), თუმცა არანაირი კაჟის იარაღი არ დაფიქსირებულა. ამას გარდა, არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა სამთავროს სამაროვანის დაზიანებულ უბანზე და რამდენიმე სამარხი გათხარა. სადაც აღმოაჩინა სხვადასხვა პერიოდის ერთმანეთში არეული მასალა. იგი აღნიშნავდა, რომ ეძებდა სამარხების განლაგებას და დააზუსტა ფრ. ბაიერნის მიერ ჩატარებული კვლევები (Andre-Leicknam 1978:316). ფრ. ბაიერნთან ერთად მცირე მასშტაბის გათხრები აწარმოა სართიჭალაში და სოფ. დიღომთან. სართიჭალაში გათხარა რვა სამარხი, თუმცა მათგან მხოლოდ ორი აღწერა. პირველ სამარხში მხოლოდ ჩონჩხი აღმოჩნდა, მეორეში რამდენიმე ბავშვის ჩონჩხი და უწესრიგოდ მიგროვებული ბრინჯაოს სამკაული (რგოლები, ბეჭდები, სამაჯურები, ქინძისთავები, სარდიონის მძივები) (Chantre 1885:XXX; ჭილაშვილი 1980:113). ე. შანტრი დაინტერესებული იყო ხიმინჯებიანი ნაგებობებით. იგი დაწვრილებით გაეცნო ფოთში არსებულ ამ ტიპის არქიტექტურულ ძეგლებს და ყველა მათგანი თავის მიერ შედგენილ კავკასიის რუკაზე დაიტანა. მანვე, დაზვერვები ჩაატარა ფარავნის და პალიასტომის ტბასთან (Chantre 1885:69), მინგეჩაურში, მტკვრის შესართავთან, კახეთში, ახტალაში, წებელდაში. მდ. ჭოროხის ხეობაში მიაკვლია ბრინჯაოს ხანის სადგომ-სახელოსნოებს. იგი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს სპილენძის საბადოების სიმრავლეს (Chantre 1885:80-81), თუმცა საქართველოში მეტალურგიის წარმოშობის საკითხს მცდარი შეფასება მისცა და სწორი მიმართულება ვერ მოუნახა. საქართველოში ნანახი გამოქვაბულებიდან გამოარჩევდა მდ. რიონის აუზში: გელათის, რგანის, შარაულას, ონსა და შქმერს შორის არსებულ გამოქვაბულებს. მდ. ყვირილას, ძირულას, ცხენისწყლის ხეობების, ციდისის, წონას გამოქვაბულებს. თერგის სათავებთან, კობის და ლარსის მონაკვეთში, მდ. არაგვის ხეობაში ანანურიდან მცხეთამდე და მდ. მტკვრის ხეობაში გორიდან შმაკამდე გამოქვაბულებს. მნიშვნელოვნად მიიჩნევდა იორის, ალაზნის, ალგეთის ხეობების გამოქვაბულებს, ხოლო ყველაზე საინტერესოდ უფლისციხეს თვლიდა. ე. შანტრის არქეოლოგიური მისია საქართველოში ძირითადად პრეისტორიული ძეგლების პრევენციულ გათხრებს მოიცავდა. მან უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური კოლექციები წაიღო საფრანგეთში, სენჟერმენის და ლიონის მუზეუმებში (Лорр 2000:174). ე. შანტრს მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, იყო საპატიო ლეგიონის წევრი. დასაფლავებულია ქალაქ ლიონში.

ნიკო მარი

ნიკო მარი (1864-1934)

ნიკო მარი – ენათმეცნიერი, ფილოლოგი, არქეოლოგი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, კავკასიოლოგი, ორიენტალისტი ფოლკლორისტი. მან შექმნა ეტაპი ისტორიულ მეცნიერებაში და ბიძგი მისცა მის განვითარებას. ფლობდა 50 ენაზე მეტს. მის სამეცნიერო ინტერესის სფეროს საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების და წერილობითი წყაროების შესწავლა წარმოადგენდა. 1888 წელს საქართველოში აღმოაჩინა ე.წ. „ვეშაპები“, თევზის ანუ ვეშაპის სახის საკულტო მონოლითები, „ვეშაპოიდ-მენჰირები“ (მელიქსეთ-ბეგი 1940:114-115). მისი აზრით თევზ-ვეშაპებში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ღმერთები. იგი აღნიშნავდა „ვეშაპთა ეპოქის წარმართული კულტურული ატმოსფეროთი გარემოცვას სვანეთში ვგრძნობდიო“ (Марр 1913:6). მას მენჰირები უფრო ადრეულად მიაჩნდა ვიდრე წარმართული დამწერლობის ძეგლები (ვანის ლურსმული წარწერები) და ძველი სამარხები (Марр 1912:77). 1893 წელს მდ. დებედას ხეობაში, სოფ. ვორნაკში ( იმ დროისთვის ეს კუთხე „ლორე-ბამბაკი“ თბილისის გუბერნიას ეკუთვოდა) გათხარა წინარექრისტიანული სამარხები. აღმოჩნდა ქვის ყუთები მდიდარი ინვენტარით (აბულაშვილი 2007:251). 1902 წელს ნიკო მარი ივ. ჯავახიშვილთან ერთად გაემგზავრა სინას მთაზე (აბულაშვილი 2007:253), სადაც ბევრ უცნობ ქართულ ხელნაწერს მიაკვლიეს, მათ შორის ნუსხურად დაწერილ „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“. ეს ხელნაწერი ტაო-კლარჯეთის ისტორიის გაშუქების საშუალებას იძლეოდა. საქართველოს ეს კულტურულ-ისტორიული მხარე მაშინ ქართული სინას სახელით იყო ცნობილი, „კლარჯეთის ათორმეტთა უდაბნოთა მონასტრები“. 1904 წელს ნიკო მარი შავშეთსა და კლარჯეთში გაემგზავრა. მოინახულა შატბერდი, ხანძთა, ჯმერკი, ბერთა, დაბა, დოლისყანა, ოპიზა, მიჯნაბორი, წყაროსთავი, პარეხთა, ბერეთელთა, ტბეთის ტაძრის ნანგრევები, არტანუჯი, ენირაბადი. ლაზეთში დაათვალიერა სიმაგრე ჯიხა, იმერხევში აღწერა ძეგლები, თანძოთსა და ლენგეთხევში. მოიარა ნუკას-საყდრის მიდამოები, კალმახის მონასტერი სოფელ ტანზოტში. არტანუჯში მეჩეთზე ამოიკითხა ქართული წარწერა, ნახა ანჩის საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევები. მოიძია არქეოლოგიური მასალა, შემორჩენილი წარწერები, დაადგინა გეოგრაფიული პუნქტები, აღმოაჩინა ძველი გზები, ხიდები, ტერასები. 1917 წელს სამცხეში გამოიკვლია ზარზმა, საფარა, კუმუდო, თმოგვი (Орбели 1935:54). საქართველოს „სინაიზე“ მოგზაურობის შესახებ გამოაქვეყნა დღიური, სადაც ეთნოგრაფიული და ისტორიული კვლევა იყო მოცემული (Миханкова 1949:100). 1912 წლიდან იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა მატერიალური კულტურის ისტორიის სახელმწიფო აკადემია. იყო რიგი სამეცნიერო დაწესებულებების დამაარსებელი, რედაქტორობდა სამეცნიერო სერიას არქეოლოგიაში, იყო ლენინგრადის (პეტერბურგის) საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მეცნიერული შრომებისათვის დაჯილდოვებული იყო ორდენით. დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგიში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ახლანდელ კაზაჩემის სასაფლაოზე).

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი (1862-1953)

ექვთიმე თაყაიშვილი – ცნობილი მეცნიერი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს საგანძურის მცველი. მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (ქართლი, კახეთი, გურია, იმერეთი, ლეჩხუმ-სვანეთი, სამეგრელო, რაჭა ახალციხის, ახალქალაქის, ყოფილ ბორჩალოს მაზრებში), აწყობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებს. 1889 წელს მისი ხელმძღვანელობით დ. ქუთათელაძესთან ერთად მოეწყო პირველი არქეოლოგიური გათხრები ბაგინეთში. აღმოჩნდა ქვათლილები, ალიზის აგური, მარმარილოს ნატეხები, მინის და თიხის ჭურჭლი, სპილენძის ცული, ნაგებობის შემორჩენილ კედელზე გამოხატული იყო ქალის გამოსახულება (თაყაიშვილი 1968:381). ამავე წელს არმაზისხევის მახლობლად გათხარა სამაროვანი სადაც ახ. წ. პირველი საუკუნით დათარიღებული ქვაყუთები აღმოჩნდა. (გამყრელიძე 1991:31). დ. ბაქრაძესთან ერთად სვეტიცხოველში მოიძია 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი. 1894 წელს დმანისში გათხარა სამაროვანი, 21 ქვაყუთი. სამარხები ორ-სამ იარუსად იყო განლაგებული. გამოვლინდა მიცვალებულის ძვლები, ბრინჯაოს ბალთა, ბეჭდები, მინის სამაჯურები, თიხის ნაწარმი (Отчеть 1896:14-16). რუსეთის არქეოლოგიური კომისიის დავალებით გათხრები ჩაატარა იმერეთში და ბორჩალოს მაზრაში, სადაც ბრინჯაოსა და რკინის ნივთები და კერამიკა გამოვლინდა. 1896 წელს არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა მდ. კინტრიშის ხეობაში. აღმოჩნდა კრემაციის კვალი, ნახშირის ნარჩენები და ბრინჯაოს ნივთები. გათხრები ჩაატარა გორთან სოფ. სკრაში (ჩარკვიანი მ., 2007:186), მდ. სულორის ხეობაში, საჯავახოში, სადაც აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კერამიკა, რის გამოც აქ კერამიკული სახელოსნოს არსებობა ივარაუდა. წალკის სოფლებში (ხაჩკოვი, კარიაკი, ბაიბურთი, სარვანა, საფარ-ხარაბა, ბეშთაშენი), გათხარა ქვაყუთები და ორმოსამარხები (Такаишвили 1896:109-112). დაზვერვები და გათხრები ჩაატარა ვანში ახვლედიანების გორაზე. გამოავლინა თლილი ქვის კედლის და თაღიანი ნაგებობების ნაშთები. აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, სამკაული, ლითონის სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ვერცხლის კოლხური მონეტა (ხოშტარია 1947:303). ამავე წელს დაზვერვითი სამუშაოები აწარმოა სამტრედიის რ-ნის სოფ. საჯავახოსთან და ქობულეთის რ-ნის სოფ. ხუცუბანში. გამოავლინა კულტურული ფენა, დიდი რაოდენობით კერამიკის ნატეხები და ლითონის რამდენიმე ნივთი (გამყრელიძე 1996: 19-20). 1902 წელს იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში, ტაოში, არტაანიდან მოყოლებული კოლამდე და აღწერა იქ არსებული ისტორიული ძეგლები, მათ შორის ბანას დიდებული ტაძარი ახლომდებარე ეკლესიებით. 1907 წელს ინჟინერ ანატოლი კალზინთან და ფრანგ ფოტოგრაფ ედუარდ ლიოზენთან ერთად მოიარა ოლთისის მიდამოები, ტაოსკარი, დადაშენი, ჯიჯორი, მოინახულა მრავალი ძეგლი. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მოაწყო სამეცნიერო ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში, სადაც პირველად აღწერა იქ არსებული ისტორიული ძეგლები (თაყაიშვილი 1938:143). ამავე წელს შეისწავლა საჩხერის ყორღანული სამარხები. 1911 წელს ვ. ვინოგრადოვ-ნიკიტინთან ერთად არქეოლოგიური გათხრები ჩაატა-რა ბორჯომის ხეობაში, სოფ. რველში, ბანისხევის ბრინჯაოს ხანის სამაროვანზე და შუასაუკუნეების ნამოსახლარზე (კვირკვაია 2009:4; კვირკვაია 2023:7). იმავე წელს დაზვერვები ჩაატარა საჩხერეში, მიკვლეულ იქნა სპილენძის რამდენიმე ცული, სამაჯურები, საკინძები და თიხის ჭურჭელი. 1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ყარსის და ოლთისის გავლით თორთუმის ხეობას ეწვია. აღწერა ხახული, ოშკი, იშხანი. იგი წერდა „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყების და ხშირად დაღუპვისათვისაც. ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ რაც შეიძლება მეტი მომესწროო“. შეისწავლა ექექის, სოხთოროთის, ისის, სესბეჩის, ოთხთა-ეკლესიის, მუხლაჯიღილის, პარხალის მონასტრები, თორთუმის ციხე და სხვა. თავის კვლევებს აქვეყნებდა პერიოდულ პრესაში. სამ ტომად გამოსცა „საქართველოს სიძველენი“. რუსულ ენაზე გამოიცა „არქეოლოგიური ექსკურსიები ძიებანი და შენიშვნები“ (5 წიგნი), „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შეიშვნები (2 წიგნი); „კავკასიის არქეოლოგიური მასალები“, „სამი ისტორიული ქრონიკა“, „ქართული ხუროთმოძღვრების ალბომი“, „ქართული დამწერლობის (პალეოგრაფიის) ნიმუშები“ და სხვა. დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა საეკლესიო მუზეუმი, დააფუძნა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, რომლის მიზანს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთების, ხელნაწერების, ფრესკების შეგროვება, შესწავლა და შენახვა წარმოადგენდა. იგი იყო მოსკოვის, პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოებების და პარიზის აზიური საზოგადოების წევრი. დაჯილდოვებული იყო ოქროს მედლით. ექვთიმე თაყაიშვილი არქეოლოგიის დარგში თბილისის უნივერსიტეტის პირველი ლექტორი გახლდათ. ი. ჯავახიშვილის წინადადებით, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მას „ჰონორის კაუზა“ – ქართული არქეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.

გამოყენებული ლიტერატურა:


აბაშიძე, ი. (რედ.) 1978. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.3, თბილისი: საქართველოს სსრ მეციერებთა აკადემია.

აბაშიძე, ი. (რედ.) 1979. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.4, თბილისი: საქართველოს სსრ მეციერებათა აკადემია.

აბულაშვილი, თ. 2007. „ნიკო მარი და კავკასიის არქეოლოგია“, საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები (რედ. ა. ჭყონია), გვ. 250–263. თბილისი: ოთ. ლორთქიფანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი.

აბულაშვილი, თ. 2012. საქართველოს არქეოლოგიის ისტორია 1920–1960 წლებში, თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

აბულაშვილი, თ. 2021. ნარკვევები მუზეუმის დაარსების და განვითარების ისტორიის შესახებ საქართველოში, თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

აფაქიძე, ა., ბერძენიშვილი, ზ., გობეჯიშვილი, გ., კალანდაძე, ა., ლომთათიძე, გ., ჯაფარიძე, ო., ხოშტარია, ნ. 1959. საქართველოს არქეოლოგია. თბილისი: სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ახვლედიანი, დ., ხარაბაძე, ს. 2023. „საქართველოს არქეოლოგიის სათავეებთან“, მატიანე 23: 94–98.

ბაგრატიონი, თ. 1848. „ისტორია დაწყებითგან ივერიისა…“ საკტ-პეტერბურგი.

გამყრელიძე, გ. 1991. „საქართველოს არქეოლოგიის განვითარების მოკლე ისტორია“, საქართველოს არქეოლოგია (რედ. ოთ. ლორთქიფანიძე), ტ. I. თბილისი: მეცნიერება.

გამყრელიძე, გ. 1996. ქართული არქეოლოგიის ისტორიიდან, თბილისი.

გამყრელიძე, გ. 1999. „დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (1815–1878)“, ძიებანი 4: 91–93.

გამყრელიძე, გ. 2008. ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ, თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გაყრელიძე, გ. 2021. საქართველოს არქეოლოგიის ნარკვევები (ძვ.წ. V – ახ.წ. V სს.), თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ზარნაძე, თ. 2004. „მარი ბროსეს სამეცნიერო კონტაქტები ქართველ მოღვაწეებთან…“, ამირანი X: 40–47.

ზარნაძე-დორეული, თ. 2007. „პალეოურბანისტური კვლევის დასაწყისი ეტაპი საქართველოში“, საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები (რედ. ა. ჭყონია), გვ. 110–132. თბილისი: ოთ. ლორთქიფანის ინსტიტუტი.

თაყაიშვილი, ექ. 1938. ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში, 1910 წელს. პარიზი.

თაყაიშვილი, ექ. 1968. რჩეული შრომები, ტ. I. თბილისი: მეცნიერება.

კვირკვაია, რ. 2009. ბორჯომოს ხეობა რკინის ფართო ათვისების ხანაში. დისერტაცია. თბილისი: ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი.

კვირკვაია, რ. 2023. ბორჯომის ხეობა ქ.წ. VII–VIII საუკუნეებში, თბილისი: ACADIA.

მელიქსეთ-ბეგი, ლ. 1940. „ნ. მარი და მატერიალური კულტურის ისტორია“, თსუ შრომები 16: 41–129.

მაღრაძე, ლ. 2001. „ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე“, ძიებანი 8: 108–110.

მაღრაძე, ლ. 2007. „მარი ბროსეს არქეოლოგიური მოგზაურობა საქართველოში“, საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები (რედ. ა. ჭყონია), 27–63. თბილისი.

მუმლაძე, მ. 2007. „კახეთის არქეოლოგიური კვლევა-ძიების ისტორიისათვის“, საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები (რედ. ა. ჭყონია), გვ. 13–156. თბილისი.

ტურნეფორი, ჟ. პ. 1988. მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში (თარგმანი და კომენტარები: მ. მგალობლიშვილი). თბილისი: მეცნიერება.

შარდენი, ჟან. 1975. სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (რედ. ს. ყაუფჩიშვილი). თბილისი: მეცნიერება.

ჩარკვიანი, მ. 2007. „ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოღვაწეობა 1894 და 1896 წლებში“, საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები (რედ. ა. ჭყონია), 178–201. თბილისი.

წერეთელი, გ. 1893. „მოდინახე“, კვალი 3:4.

წერეთელი, გ. 1894. „როგორ აშენდა გელათი“, კვალი 12:2.

ჭილაშვილი, ლ. 1980. კახეთის ქალაქები. თბილისი: მეცნიერება.

ხანთაძე, შ. 1952. „დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილები მარი ბროსესადმი“, საისტორიო მოამბე 6: 1–32.

ხანთაძე, შ. 1966. მარი ბროსე (ისტორიოგრაფიული ნარკვევი). თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ხოშტარია, ნ. 1949. „არქეოლოგიური გათხრები სოფ. ვანში 1947 წელს“, მიმომხილველი I: 297–308.

ხუციშვილი, მ. 2007. „საქართველოს პრეისტორიული არქეოლოგიის საწყისი ეტაპი“, საქართველოს არქეოლოგიის ისტორიის საკითხები (რედ. ა. ჭყონია), 74–105.

ჯავახიშვილი, ივ. 1937. ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა. თბილისი.

ჯანაშია, ს. 1937. „საზოგადოებრივი მეცნიერებანი საქართველოს დიდი ოქტომბრის…“, ენიმკის მოამბე 1: 11–15.

ჯიბლაძე, ლ. 2007. კოლხეთის დაბლობის ძვ.წ. III–II ათასწლეულების სამაროვნები. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ჭავჭავაძე, ილ. 1901. გაზეთი ივერია 166:2.

Археологический путеводитель по Тифлису 1881. Москва: Гл. упр. Наместника Кавказа.

Бакрадзе, Д. 1860. «Очеркъ Мингрелии, Самурзакани и Абхазии…» Кавказ 48-49: 293–299.

Бобылев, Ф. (Ред.) 1857. Газета Кавка, 17: V.

Бобринский, А. 1891. «Доклад о действиях Императорской археологической комиссии за 1886 г.» Отчет Императорской археологической комиссии, XCVII–CLXV.

Броссе, М. 1847. «О необходимости и пособах изучать памятники старины Грузии.» Кавказский календарь на 1848 год, 12–144.

Буачидзе, Г. 1983. Мари Броссе. Тбилиси: Мерани.

Иоселиани, Пл. 1844. «Города существовавшие и существующие в Грузии.» Закавказский вестник №№ 1, 3, 5, 10, 12.

Иоселиани, Пл. 1875. «Описание развалин древнего города Жинвали.» Записки общества любителей Кавказской археологии, 185–186.

Лорр, К. 2000. “О происхождении археологической коллекции Э. Шантра”. Российская Археология 2:173–179.

Марр, Н. 1912. “Кавказ и памятники духовной культуры.” Петроград: Известия Академии Наук.

Марр, Н. 1913. “Из поездок в Сванетию”. Христианский Восток II: 4–10.

Миханкова, В. 1949. Николай Яковлевич Марр. Петрозаводск-Москва: Соцэкгиз.

Натроев, М. 1900. Мцхета и его собор Свети-Цховели. Тифлис: Ком. по реставрации Мцхетск. Собора.

Орбели, И. 1935. “Н.Я. Марр как археолог”. Проблемы истории докапиталистических обществ, 3-4: 50–61.

Пурцеладзе, Д. 1880. “Старый город Череми”. Кавказ 324: 2.

Чубинашвили, Г. 1941. «Сирийская чаша в Ушгуле.» საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XII-B: 1–19.

Уварова, П. 1887. Путевые заметки, ч. I. Москва: А.И. Мамонтова и К.

Уварова, П. 1891. Путевые заметки т. II: 77–164. Москва: А.И. Мамонтова и К.

Уварова, П. 1895. Поездка в Пшавию, Хевсуретию и Сванетию. Материалы археологии Кавказа, вып. X.

Уварова, П. 1904. Путевые заметки, ч. III. Москва: А.И. Мамонтова и К.

Уварова, П. 1910. “Незабвенной памяти графа А. Уварова”. Сборник мелких трудов.

Такаишвили, Э. 1896. “Отчет Императорской Археологической Комиссии за 1896 год”, Санкт-Петербург, 109–112.

Andre-Leicknam, B. 1978. Voyages archéologiques au Caucase à la fin du XIX siècle. La revue Louvre et des musées de France #516: 313–332.

Brosset, M. 1842. “Description de quelques antiquités géorgiennes”, Bulletin scientifique IX: 153–156.

Brosset, M. 1849. Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans l’Arménie, exécuté en 1847-1848, 1ère livraison. Saint-Pétersbourg.

Brosset, M. 1849–1858. Histoire de la Géorgie depuis l’antiquité jusqu’au XIXe siècle, Vols. 1–7. Saint-Pétersbourg.

Brosset, M. 1850. Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans l’Arménie, exécuté en 1847-1848, 2e livraison. Saint-Pétersbourg.

Brosset, M. 1850a. “Instruction et itinéraire pour le voyage archéologique de M. Dimitri Megwinetkhouthesischvili”. Bulletin historique-philologique VII.

Brosset, M. 1953. «Rapports sur les voyages exécutés sous les auspices du prince Vorontroff par M. Dimitri Megwinetkhouthesischvili.» Bulletin historique-philologique X: 91–94, 117–128.

Dubois du Montpereux, F. 1839. Voyage du Caucase, Vol. 3: 51–62. Paris.

Dubois du Montpereux, F. 1839a. Voyage du Caucase, Vol. 3: 63; Atlas, 1843. Paris.

Chantre, E. 1885. Recherches anthropologiques dans le Caucase, V, I. Paris-Lyon.